Facebook Twitter

საქმე №ას-442-2022 5 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვარის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს ,,ფ–ის“ მიმართ და პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2016 წლის 1 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და შპს „ფ–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების საბოლოო ვადა. კერძოდ, ნაცვლად 10 ნოემბრისა, შპს „ფ–თან“ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 9 დეკემბერს - 29 დღის დაგვიანებით. მხარეების მიერ გაფორმებული ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად ობიექტი მიწოდებულად ითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესაბამისად, მიწოდების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევისათვის ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ს ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებლის დავალიანების თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 35 176,26 ლარი.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხეს სარჩელის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. სასამართლოსთვის მხარის პოზიცია უცნობია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხე შპს „ფ“-ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 2040 ლარის გადახდა;

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2040 ლარის ანაზღაურება. ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 33 136.26 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოტივით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.01.2022წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარჩელი მოპასუხე შპს „ფ–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ფ–ს“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სასარგებლოდ დამატებით, პირგასამტეხლოს სახით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს „ფ“-სათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სასარგებლოდ უკვე დაკისრებული პირგასამტეხლოსთან - 2040 ლართან ერთად) დაეკისრა - 2 139,35 ლარის გადახდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარჩელი მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 30 996,91 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

6.1. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია აპელანტის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.2. 2016 წლის 1 მარტს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2.9.11/30/026 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიის მოწყობის სამუშაოები, რომლის პირობებიც განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართით.

6.3. 01.03.2016წ. ხელშეკრულების - 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 351 762,56 ლარით; - 3.1. პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში; - 6.1. პუნქტის თანახმად, ობიექტი მიწოდებულად ითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; - 9.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ორჯერ დარღვევის, ან შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომსახურების საბოლოო ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების, ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.

6.4. შპს „ფ–თან“ მიღება-ჩაბარების აქტი, ნაცვლად 10 ნოემბრისა, გაფორმდა 9 დეკემბერს - 29 დღის დაგვიანებით. აღნიშნული აქტიდან დგინდება, რომ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 41793,48 ლარი.

6.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას, ხელშეკრულების სრული ღირებულების 351 762,56 ლარის 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 35 176,26 ლარს. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს „ფ–ს“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 2040 ლარის გადახდა.

6.5. შპს „ფ–ის“ მიერ დარღვეულ იქნა მხარეთა შორის 2016 წლის 1 მარტს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული, შესრულებული სამუშაოების ჩაბარების ვადა და ვადაგადაცილებამ შეადგინა 29 დღე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზეა 01.03.2016წ. ხელშეკრულების 9.3. პუნქტის საფუძველზე მენარდისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დასაკისრებელი (35 176,26 ლარ) პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებასთან მიმართებაში, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

6.6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეულ იქნა 29 დღით, რაც შესასრულებელი სამუშაოს ხასიათისა და წელიწადის სეზონის გათვალისწინებით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უკიდურესად მძიმე დარღვევად. ამასთან, აპელანტი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო ინსტანციაში უთითებდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული რაიმე ზიანის არსებობის თაობაზე. ასევე პრეტენზია არ განუცხადებია შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებაში. შესაბამისად, დგინდება, რომ სამუშაოების შესრულება მენარდემ განახორციელა შეთანხმებული ხარისხით და 29 დღიანი ვადაგადაცილების შედეგაც შემკვეთს რაიმე ზიანი არ წარმოშობია. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირგასამტეხლოზე მსჯელობისას საგულისხმოა ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. ასეთ პირობებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

6.7. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ პირგასამტეხლო დარიცხული იქნა არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. პალატამ აღნიშნა, რომ სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაწესება არ უნდა გასცდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რასაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პოზიციით, კერძოდ 2016 წლის 9 დეკმებრის მიღება-ჩაბარების აქტიდან დგინდება, ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულება შეადგენდა 41793,48 ლარს, ვინაიდან შესრულებათა მიღება ხორციელდებოდა ეტაპობრივად, ამასთან სხვა შესრულებების მიმართ მოსარჩელეს პრეტენზია არ დაუფიქსირებია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მენარდისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება იმ თანხიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც შესასრულებელი ვალდებულების მიმართ შემკვეთს პრეტენზია არ ჰქონია, ეწინააღმდეგება ყველა კერძოსამართლებრივ პრინციპს, კანონის დანაწესს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.

6.8. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (35 176,26 ლარი, რომელსაც მოსარჩელე ანგარიშობს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან - 351 762,56 ლარიდან, 10%-ის სახით) კვალიფიცირდება როგორც შეუსაბამოდ მაღალი და სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე ექვემდებარება სასამართლოს მხრიდან შემცირებას. პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელით და მასზე თანდართული მტკიცებულებებით, დადასტურებულია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების 29 დღიანი ვადაგადაცილება, მოიცავს არა მთლიანად 351 762,56 ლარის ღირებულების სამუშაოების, არამედ, მხოლოდ 41 793,48 ლარის ღირებულების სამუშაოებს, პირაგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან 351 762,56 ლარიდან, არაგონივრულია და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 41 793,48 ლარის, 10%-ით, რაც შეადგენს 4 179,35 ლარს.

6.9. გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღევისათვის მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა 4179,35 ლარი, ამასთან გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარჩელი 2040 ლარის ნაწილში უკვე დაკმაყოფილებულია, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს დარჩენილი ნაწილის - 2 139,35 ლარის, მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო დანარჩენ (35 176,26 - 4179,35 = 30 996,91 ლარი) 30 996,91 ლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება სრულად, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 420-ე მუხლი. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, ვინაიდან არასწორად შეამცირა დარიცხული პირგასამტეხლო, რომელიც წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან და რომელიც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ დაკისრებული თანხის ოდენობა ძალიან მცირე და არაგონივრულად შემცირებულია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10.2. მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული/შესყიდული სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიის მოწყობის სამუშაოების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაა. ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - ნაცვლად 10 ნოემბრისა, შპს ,,ფ–თან" მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 9 დეკემბერს - 29 დღის დაგვიანებით. აქტიდან ასევე დგინდება, რომ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 41 793.48 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა. სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში - ხელშეკრულებით შეათანხმეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

13. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014); საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, მისი გაზრდის საფუძველი აღარ არსებობს.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

17. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი