საქმე №ას-546-2022 29 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს..“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ს.."-ს შორის 2019 წლის 23 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N213, რომლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის ადმინისტრაციული ერთეულში, სოფელ ზედუბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებას. საქონლის ერთეულის ღირებულება - 241 803.61 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა საბოლოოდ 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა.
2. 2019 წლის 25 სექტემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ს ''-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N214 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებას. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 243 408 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების დადებიდან 119 კალენდარული დღის განმავლობაში, 2020 წლის 22 იანვრის ჩათვლით, რამაც 2020 წლის 25 თებერვლის N2 და 2020 წლის 25 მაისის N4 შეთანხმებით, გადაიწია და საბოლოოდ განისაზღვრა 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
3. 2019 წლის 23 სექტემბრის N213 ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარმოდგენილი სს ,,ა.დ–ის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით 12 090.18 ლარზე.
4. 2019 წლის 25 სექტემბრის N214 ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარმოდგენილი სს ,,ა.დ–ის'' მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით 12 170 ლარზე.
5. 2019 წლის 23 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N213 და 2019 წლის 25 სექტემბრის N214 ხელშეკრულებების მე-12 მუხლით განისაზღვრა ფორს-მაჟორი კერძოდ, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი, კარანტინი, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში ა.შ) ზეგავლენით, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატება. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენა ეწოდება მოვლენებს, რომელთა წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარე, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანად შესრულების მიზეზად ფორს-მაჟორი მოჰყავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ფორს-მაჟორის მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ასეთი მოვლენის დადგომისა და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ თავისუფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული პასუხისმგბელობისაგან. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისმა მხარემ უნდა წარადგინოს ფორს-მაჟორის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაასაბუთოს, რომ ფორს-მაჟორმა არსებითად ხელი შეუშალა მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში.
6. შპს ,,ს..’’-მა 2021 წლის 18 მაისს წერილობით აცნობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას პანდემიის მიზეზით სამუშაოების შეუსრულებლობის თაობაზე.
7. 2019 წლის 23 სექტემბრის N213 და 2019 წლის 25 სექტემბრის N214 ხელშეკრულებების მე-13 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო საჯარიმო სანქციები (პასუხისმგებლობა) კერძოდ: 13.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხევევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით; 13.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 13.2 პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
8. შპს ,,ს..’’-მა არ შეასრულა 2019 წლის 23 სექტემბრის N213 ხელშეკრულებითა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სამუშაოები კერძოდ, სამშენებლო ობიექტზე ნაწილობრივ და არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და 2020 წლის 14 იანვრიდან დაარღვია სამუშაოების გეგმა - გრაფიკი. მან შეასრულა მხოლოდ 85 000 ლარის სამუშაოები.
9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წლის 8 სექტემბრის N49 1267 ბრძანებით, 2020 წლის 8 სექტემბერს შეწყვიტა N213 ხელშეკრულება, ვადის გასვლის გამო. მერიის დაანგარიშებით, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 210 კალენდარული დღე. მოსარჩელემ, ხელშეკრულების 13.2. პუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს დაარიცხა პირაგასამტეხლო, 2020 წლის 14 იანვრიდან 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, (ხელშეკრულების მოქმედების ვადა), ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების - 0,1 %-ის ოდენობით, თითოეულ დღეზე 241.80 ლარი. ჯამში, 210 კალენდარულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 50 778.75 ლარი.
10. შპს ,,ს..’’-მა არ შეასრულა 2019 წლის 25 სექტემბრის N214 ხელშეკრულებითა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სამუშაოები კერძოდ, სამშენებლო ობიექტზე ნაწილობრივ და არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და 2020 წლის 14 იანვრიდან დაარღვია სამუშაოების გეგმა - გრაფიკი. მან შეასრულა, მხოლოდ 15'000 ლარის სამუშაოები.
11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წლის 8 სექტემბრის N49 1266 ბრძანებით, 2020 წლის 8 სექტემბერს შეწყვიტა N214 ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო. მერიის დაანგარიშებით, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 210 კალენდარული დღე. მოსარჩელემ, ხელშეკრულების 13.2. პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს დაარიცხა პირაგასამტეხლო, 2020 წლის 14 იანვრიდან-2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით (ხელშეკრულების მოქმედების ვადა), ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით, თითოეულ დღეზე 243.41 ლარი. ჯამში 210 კალენდარულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 51 116.10 ლარი.
12. იმის გამო, რომ დაირღვა N213 და N214 ხელშეკრულების პირობები და შპს ,,ს..’’-მა (მიმწოდებელი) არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ამავე ხელშეკრულებების მე-4 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის გამო, მასვე ჩაერიცხა უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა N213-ე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 090.18 ლარი და N214-ე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 170 ლარი.
13. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ ეკომიკური საქმიანობის თავისუფლების შეზღუდვამ ხელი შეუშალა ,,ს..“-ს საქმიანობის განხორციელებაში და 2019 წლის 23 და 25 სექტემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებაში. შესაბამისად, 2020 წლის 21 მარტიდან - 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით, საგანგებო მდგომარების ვადით დადგენილი 63 კალენდარული დღე, შპს ,,ს..’’-ს უნდა ჩაეთვალოს საპატიოდ და გამოაკლდეს ვადაგადაცილების 210 დღეს, ხოლო ვადაგადაცილებული უნდა დარჩეს 147 კალენდარული დღე (210-63 =147).
14. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
15. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს ,,ს..“-ს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით, 2019 წლის 23 სექტემბრის N213 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7108,92 ლარის გადახდა, ხოლო ხოლო 2019 წლის 25 სექტემბრის N214 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7155,96 ლარის გადახდა დაეკისრა. სულ - 14 264,88 ლარი;
18. განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
18.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა ნორმა, რომლიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან ვერც სააპელაციო სასამართლომ და ვერც პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაასაბუთა რაში გამოიხატებოდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კასატორს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო შემცირდა დაუსაბუთებლად და არასწორად განიმარტა სასამართლო პრაქტიკა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგი ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებებს და, განსახილველ შემთხვევაში, მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
21. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
22. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
23. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 420-ე მუხლთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება სასამართლოს კომპეტენციაა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებისა (N213 ხელშეკრულება - 241 803.61 ლარი და N214 ხელშეკრულება 243 408 ლარი) და მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს (ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% ანუ N213 ხელშეკრულების შემთხვევაში, ჯამში 50 778.75 ლარი და N214 ხელშეკრულების შემთხვევაში, ჯამში 51 116.1 ლარი) გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 101 894.85 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა, აქვე აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო არ არის, ხელშეკრულების საერთო ღირებულებისა და ვადაგადაცილების დღეების მიხედვით, დაწესებული ადეკვატური ჯარიმა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას. მიითებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 147 ვადაგადაცილებულ N213 ხელშეკრულების შემთხვევაში 50 778.75 ლარის და 147 ვადაგადაცილებულ დღეზე N214 ხელშეკრულების შემთვევაში, 51 116.1 ლარის, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება მიმწოდებლისათვის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული იქნება. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კასატორის სასარგებლოდ, მიმწოდებელს დაეკისროს 2019 წლის 23 სექტემბრის N213 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 17'772.3 (241 803.61-0.05%X147) ლარის, ხოლო 2019 წლის 25 სექტემბრის N214 ხელშეკრულებიდან გამომდინარე -17'889.9 (243 408- 0.05%X147) ლარის გადახდა. სულ - 35 662.2 ლარი ლარის გადახდა, რაც შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის ის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოა, რომელიც გამომდინარეობს მხარეთა შეთანხმებიდან და შეესაბამება დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დადგენილ საზღაურს.
24. "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "უ" ქვეპუნქტის თანახმად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, შპს "ს.."-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს ,,ს..“-სს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, 2019 წლის 23 სექტემბრის N213 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 17 772.3 ლარის გადახდა, ხოლო ხოლო 2019 წლის 25 სექტემბრის N214 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 17 889.9 ლარის გადახდა. სულ - 35 662.2 ლარი;
5. შპს „ს..“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 4279,45 (1069,86+1426,48+1783,11) ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი