Facebook Twitter

საქმე №ას-683-2022 7 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–მა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,ე–მას" შორის 2018 წლის 28 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №362 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: უბნის ინსპექტორის პულოვერების შესყიდვა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №1035 ბრძანების შესაბამისად. ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების შესახებ მოცემულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ფასთა ცხრილში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი №1, 1 ფურცელი).

2. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 136'800 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ არა უადრეს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე; შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეს.

3. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა ხელშეკრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

4. ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა, მათ შორის: ა) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში.

5. მოსარჩელის 2018 წლის 20 დეკემბრის მიმართვით მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ დაირღვა ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, უბნის ინსპექტორის პულოვერები ნაცვლად 2018 წლის 25 სექტემბრისა, მიწოდებულ იქნა 2018 წლის 19 დეკემბერს - 85 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამავე მიმართვით მოპასუხეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის (85 დღე), მას ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო 17'442 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 0.15%).

6. 2018 წლის 24 დეკემბრის №1 შეთანხმების თანახმად, 2018 წლის 28 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №362 ხელშეკრულების 2.5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ნაცვლად 2018 წლის 25 დეკემბრისა, განისაზღვრა 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადის გადაცილების გამო, მიმწოდებელს პირგასამტეხლო დაეკისრებოდა ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად.

7. 2019 წლის 21 იანვრის №3 შეთანხმებით შეიცვალა 2018 წლის 28 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №362 ხელშეკრულების 2.5 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე“. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადის გადაცილების გამო, მიმწოდებელს პირგასამტეხლო დაეკისრებოდა ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად.

8. მოსარჩელის 2019 წლის 19 თებერვლის მიმართვით მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ დაირღვა ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, უბნის ინსპექტორის პულოვერები, ნაცვლად 2018 წლის 25 სექტემბრისა, მიწოდებულ იქნა ნაწილობრივ, 2019 წლის 18 თებერვალს - 146 კალენდარული დღის დაგვიანებით (აქედან 85 კალენდარული დღის დაგვიანებით საქონლის მოწოდებისათვის დარიცხული ჯარიმის შესახებ მოპასუხეს ეცნობა 2018 წლის 20 დეკემბრის №3070189 წერილით).

9. ამავე მიმართვით მოპასუხეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის (61 დღე), მას ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო 12'517.20 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 0.15%).

10. მოსარჩელის 2019 წლის 19 თებერვლის მიმართვით მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, შემსყიდველმა ხელშეკრულების 10.5 პუნქტის შესაბამისად შეწყვიტა 2018 წლის 28 მაისის ხელშეკრულება.

11. მოსარჩელის 2021 წლის 30 მარტის მიმართვით მოპასუხეს ეცნობა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ამავე ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო 1 368 ლარის ოდენობით.

12. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 28 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების საგნის (უბნის ინსპექტორის პულოვერები) განსაზღვრულ ვადაში მიწოდების შესახებ. ხელშეკრულების საგნის მიწოდება მოსარჩელისთვის განხორციელდა ნაწილ-ნაწილ და აღნიშნული ვალდებულება ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა (არაუგვიანეს 2018 წლის 25 სექტემბრისა), შესრულდა 2019 წლის 18 თებერვალს - 146 კალენდარული დღის დაგვიანებით.

13. მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების მტკიცების მიზნით წარმოდგენილი მიმართვების (ს.ფ. 31-33), ასევე, 2018 წლის 14, 17, 18 და 19 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტების (შესაბამის საგადასახადო ანგარიშფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებთან ერთად) დასტურდება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების საგნის ნაწილობრივი მიღება განახორციელა 2018 წლის დეკემბერში - მითითებულ თარიღებში. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია 2019 წლის 11, 12, 13, 14, 15 და 18 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ 49-60), შესაბამის შემოსავლის ზედდებულებთან, საგადსახადო ანგარიშფაქტურებთან და სასაქონლო ზედნადებებთან ერთად (ს.ფ. 61-90), რომელთა თანახმადაც, მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანის ნაწილი, ასევე მიწოდებული აქვს მოსარჩელისთვის 2019 წლის თებერვლის თვის შესაბამის რიცხვებში.

14. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

15. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 6265.44 ლარის ანაზღაურება;

17. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება.

19. განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

19.1. კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის 25 სექტემბრისა, წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით კი ცალსახად დგინდება, რომ მიწოდება განხორციელდა ეტაპრობრივად 2018 წლის დეკემბრის თვეში და შემდგომ 2019 წლის თებერვალში, შესაბამისად, თითქმის 5 თვის დაგვიანებით. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშებისას ყურადღება უნდა მიექცეს დარღვევის სიმძიმესაც, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების საქონლის რამდენიმე თვის დაგვიანებით მიწოდების ფაქტი მიუთითებს დარღვევის სიმძიმეზე, ნაკისრი ვალდებულების მიმართ მოპასუხე მხარის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და კეთილსინდისიერებაზე. კასატორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგი ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებებს და, განსახილველ შემთხვევაში, მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

22. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).

23. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს სსკ-ის 420-ე მუხლთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება სასამართლოს კომპეტენციაა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო N362 ხელშეკრულების საერთო ღირებულებისა (136'800 ლარი) და მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15% ანუ 31'327.20 ლარი) გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 31'327.20 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა, აქვე აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო არ არის, ხელშეკრულების საერთო ღირებულებისა და ვადაგადაცილების დღეების მიხედვით, დაწესებული ადეკვატური ჯარიმა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 146 ვადაგადაცილებულ დღეზე N362 ხელშეკრულების შემთხვევაში, 31'327.20 ლარის, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება მიმწოდებლისათვის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული იქნება. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კასატორის სასარგებლოდ, მიმწოდებელს დაეკისროს 2018 წლის 28 მაისის N362 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 15'663.6 ლარის გადახდა, რაც შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის ის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოა, რომელიც გამომდინარეობს მხარეთა შეთანხმებიდან და შეესაბამება დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დადგენილ საზღაურს.

25. "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "უ" ქვეპუნქტის თანახმად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, შპს "ე–მას" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს ,,ე–მას’’ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 15 663.6 ლარის ოდენობით;

5. შპს ,,ე–მას’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1879.62 (469.90+626.54+783.18) ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი