Facebook Twitter

საქმე №ას-762-2022 5 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. 23.12.2021წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ტექნიკური მომსახურების ვადის გადაცილებისთვის ჯამში 8350 ლარის ოდენობით. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 250 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

2.1. კასატორის განმარტებით, პირგსამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია. სასამართლოს უფლებამოსილება შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა უმთავრესად ობიექტური გარემოებების შესწავლას გულისხმობს, კერძოდ შეფასდეს დარღვევის ხასიათი, ხანგრძლივობა, მხარის ინტერესი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. პირგასამტეხლო მოვალის წახალისების საშუალებას წარმოადგენს, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. კასატორის შეფასებით აღნიშნული მიზანი უგულებელყოფილია სასამართლოს მიერ როდესაც ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლება და დაუსაბუთებლად ანახევრებს პირგასამტეხლოს ოდენობას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

6. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

8. მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევის ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაა. ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) სსკ-ს 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - სადაზღვევო კომპანიამ 23.06.2020 წელს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ნაწილში ავტომობილის შეკეთება განახორციელა 49 დღიანი დაგვიანებით, 24.09.2020 წლის სადაზღვევო შემთხვევის ნაწილში - 207 დღიანი ვადაგადაცილებით, ხოლო 12.12.2020 წლის სადაზღვევო შემთხვევის ნაწილში - 78 დღიანი ვადაგადაცილებით. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა (მიმწოდებელს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია). სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. პალატა განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, რაც ეფუძნება სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებულ მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპს, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 .01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 06 .05.2015).

11. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია ისაა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, ამიტომ სასამართლოს ის არ უნდა შეემცირებინა. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრული სტანდარტით შეფასებისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში, პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 49 დღიანი ვადაგადაცილებით შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 940 ლარს, 207 დღიანი ვადაგადაცილებით შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 9668 ლარს, ხოლო 78 დღიანი ვადაგადაცილებით შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 10 350 ლარს. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 16 700 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია. კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო დარიცხული იქნა არა ვადაგადაცილებით შესრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, არამედ ფიქსირებული 50 ლარის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე სამივე შემთხვევასთან მიმართებით. (რაც ეწინააღმდეგება მსგავს დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, იხ. სუსგ: Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ამასთან, 23.06.2020 წლის სადაზღვევო შემთხვევასთან მიმართებით, შესასრულებელი ვალდებულების ღირებულება შეადგენდა 940 ლარს და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხაა 2450 ლარი, 49 დღიანი ვადაგადაცილებისთვის, ის ორნახევარჯერ აღემატება ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. 24.09.2020 წლის სადაზღვევო შემთხვევასთან მიმართებით, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 9668 ლარს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 10 350 ლარს, რაც ისევე როგორც წინა შემთხვევაში, აღემატება შესასრულებელი ვალდებულების მოცულობას. 12.12.2020 წლის სადაზღვევო შემთხვევასთან მიმართებით, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 13 256 ლარს, ხოლო მოთხოვნილი პირგსამტეხლო 3900 ლარს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, მისი გაზრდის საფუძველი არ არსებობს.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი