საქმე №ას-918-2023 11 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ.მ–ძე, მ.შ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.მ–ძისა და მ.შ–ძის (შემდგომში ერთად - „მოსარჩელეები“, „განმცხადებლები“, „კერძო საჩივრის ავტორები“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა მოპასუხეს მოსარჩელეთათვის ......... მდებარე რეაბილიტირებულ შენობა-ნაგებობა №2-ში (რომელიც განთავსებულია 211 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მდებარეობს ......... ქუჩის მხარეს) პირველ სართულზე 96.00 კვ.მ. ფართის გადაცემა (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი). მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟების, ჯამში 8 000 ლარის ანაზღაურება (სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი).
2. 2021 წლის 7 აპრილს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების აღსრულების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი.
3. 2022 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განცხადებით მიმათა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენა მოითხოვა, რამდენადაც სააღსრულებო ბიუროს, საჯარო რეესტრისა და მოპასუხის მიერ არ ხდება გადაწყვეტილების არც იძულებითი და არც ნებაყოფლობითი აღსრულება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით, განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მისი გაუქმებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის და ნივთის საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს, წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:
1) საჯარო რეესტრის 2021 წლის 30 აგვისტოს N882021597049–10 გადაწყვეტილებით აზომვით ნახაზზე დატანილი ფართის კონფიგურაციის განსხვავება საკადასტრო გეგმაზე დატანილი შენობის კონფიგურაციისაგან, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის ელექტრონული და ქაღალდის ვერსიების წარდგენის საჭიროება, რომელიც შესაბამისობაში იქნება სარეგისტრაციო მონაცემებთან; 2) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.10.2021 N882021820017-05 და 01.11.2021 N882021597049–14 გადაწყვეტილებებით - ბ.მ. ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული კრების ოქმი (100%–იანი კრების ოქმი) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 3) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით N882022088595-09 (15.03.2022) მომატებული ფართით საზღვრების დადგენისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტების, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100 %-იანი კრების ოქმის წარუდგენლობა, ზედდება მომიჯნავე ნაკვეთებზე: ...... - ა.ი.პ. „თბილისის განვითარების ფონდი", ID ნომერი:..... - ა.ი.პ. „თბილისის განვითარების ფონდი", ID ნომერი:...... თანასაკუთრება ........ გამზირის 100/102.“ ნაკვეთის საზღვრების დადგენისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) შესახებ ბრძანების წარდგენის, ასევე, ცალკე ზედდებაში მყოფ ნაკვეთებზე კონფიგურაციის ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების საჭიროება; 4) მარეგისტრირებელი ორგანოს N882022041409–12 გადაწყვტილებით - რეკონსტრუქციის საფუძვლის სრული ფასადის (როგორ უნდა ყოფილიყო დასრულებული შენობის ფასადი და მომატებული ფართი), ასევე, განვითარების ფონდის მიერ N2-ის ფართის საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით (თანასაკუთრებით) შეთანხმების წარდგენის საჭიროება. ამდენად, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს აღსრულების წესი იმგვარად, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისა და უძრავ ნივთზე განმცხადებელთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, მოპასუხეს უნდა დაევალოს ქ. თბილისში, კ. ......... ქ. N16-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს.კ. .......) პროექტის ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის აღება და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის, მომიჯნავე ნაკვეთებზე: ....... ა.ი.პ. „თბილისის განვითარების ფონდი", ID ნომერი:..... ....... ა.ი.პ. „თბილისის განვითარების ფონდი", ID ნომერი:......... თანასაკუთრება .........გამზირის 100/102.“ ნაკვეთის საზღვრების დადგენისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) შესახებ ბრძანების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
5.2. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და დაკმაყოფილდეს თ.მ–ძისა და მ.შ–ძის საჩივარი და დადგინდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქმეზე N2ბ/3880-18 აღსრულების წესი იმგვარად, რომ 1) ა(ა)იპ თბილისის „განვითარების ფონდს“ დაევალოს ქ. თბილისში,......... ქ. N16-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს.კ. ..........) არქიტექტურული პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის აღება და შეთანხმებული პროექტის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. 2) ა(ა)იპ თბილისის „განვითარების ფონდს“ დაევალოს ქ. თბილისში, ......... ქ. N16-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. .......) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა, ნაკვეთის საზღვრების დადგენისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) შესახებ ბრძანების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ის საკითხი, გასაჩივრებულ განჩინებით სწორად ეთქვა თუ არა მოსარჩელეებს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს და მიუთითებს სსსკ-ის 251-ე მუხლზე რომლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. მითითებული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით (სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკში მოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს მასზე დაკისრებული თანხა (სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს გამოყენებული ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად (სსსკ-ის 271-ე მუხლი) და ა.შ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის საქმე Nას-711-711-2018 განჩინება).
12. ზემოხსენებული საპროცესო ღონისძიებების დადგენა, როგორც წესი, ხდება გადაწყვეტილების გამოტანისას და აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამასთან, შესაძლებელია, ასეთი საპროცესო მოქმედებების განხორციელების საჭიროება წარმოიშვას გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ცხადია, ასეთ დროსაც, შესაძლებელია, რომ მსგავსი საკითხები მოწესრიგდეს, სსსკ-ის 251-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების გზით.
13. გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის დადგენის მიზანია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად აღსრულება. დაუშვებელია გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენაზე უარი იმ საფუძვლით, რომ მსგავსი საკითხები უნდა გადაწყდეს სასარჩელო წარმოების წესით. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება საპროცესო ეკონომიის პრინციპს, საპროცესო საკითხების გადასაწყვეტად სასარჩელო წარმოება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც დაუშვებელია.
14. ამდენად, მოცემული ნორმა ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული აღსრულების წესის შეცვლის შესაძლებლობას. განმცხადებელი კი ითხოვს გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულებას _ (1) ა(ა)იპ თბილისის „განვითარების ფონდს“ დაევალოს ქ. თბილისში, ......... ქ. N16-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს.კ. .......) არქიტექტურული პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის აღება და შეთანხმებული პროექტის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია.2) ა(ა)იპ თბილისის „განვითარების ფონდს“ დაევალოს ქ. თბილისში, ......... ქ. N16-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. ........) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა, ნაკვეთის საზღვრების დადგენისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) შესახებ ბრძანების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია), რაზედაც გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი. სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია და მისი შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა გარანტირებულია კანონის სხვადასხვა ნორმებით, რომლებიც ავალდებულებს სასამართლოს, გამოიტანოს აღსრულებადი გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში საეჭვო არ არის _ სასამართლომ მხარეს დააკისრა ფართის გადაცემა. ამავდროულად, მხარეს უფლება აქვს, კანონის ფარგლებში ხელი შეუწყოს და უფრო მეტად გარანტირებული გახადოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, რადგან კონკრეტულ დავაზე მიღწეული სამართლებრივი შედეგი, მისი რეალურად აღსრულების გარეშე, ვერ ქმნის მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საფუძველს, აღნიშნული კი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ზრუნვის საგანია და სამართლებრივი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, რათა თითოეულმა მხარემ მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი არა ფორმალურად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით, არამედ - მისი აღსრულების გზით (სუსგ Nას- 964-899-2017, 23.02.2018წ.). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.) (შდრ. სუსგ Nას-138-2022, 04.03.2022წ., სუსგ Nას-842-1056-08 , 16.06.2020წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 251-ე მუხლით და მართებულად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის შესახებ.
19. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, საჭიროებს აღსრულების წესის დადგენას. გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტით კონკრეტულად არის განსაზღვრული, რომ ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდი" ვალდებულია თ.მ–ძესა და მ.შ–ძეს საკუთრებაში გადასცეს ......... ქუჩა N16-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობა-ნაგებობა N2-ში (რომელიც განთავსებულია 211 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მდებარეობს ......... ქუჩის მხარეს) პირველ სართულზე 96.00 კვ.მ. ფართი; შესაბამისად, აღსრულების წესის დადგენის საჭიროება სახეზე არ არის.
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.მ–ძისა და მ.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 8.06.2023 წლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი