Facebook Twitter

საქმე №ას-960-2022 25 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი)

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ იუსტიციის სახლი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. ლ.ა–ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ იუსტიციის სახლის მიმართ და მოითხოვა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 23 დეკემბრის №1094/ს ბრძანება ლ.ა–ძისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 7 თებერვლის №87/კ ბრძანება ლ.ა–ძის გათავისუფლების შესახებ;

1.3. ლ.ა–ძე აღდგეს სსიპ იუსტიციის სახლში ქუთაისის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ან მოპასუხეს დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 100'000 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით);

1.4. მოპასუხე სსიპ იუსტიციის სახლს ლ.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან - 2020 წლის 10 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ყოველთვიურად 2500 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი ოდენობით).

2. ლ.ა–ძე ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებას, რომლითაც სსიპ იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ა–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის მითითებით, ის სრულად ეთანხმება სასამართლოს მიერ მოყვანილ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ სტანდარტებს. სწორედ ამ სტანდარტებს იშველიებდა მოსარჩელე პირველ და მეორე ინსტანციაში როცა ამტკიცებდა, დამსაქმებლის - 2020 წლის 7 თებრვლის №87/კ ბრძანების უკანონობას, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწროად დაადგინა ის გარემოება, რომ 2019 წლის 23 დეკემბრის №1094/ს ბრძანებით მოსარჩელეზე დაკისრებული დისციპლინური სახდელის ზომის გათვალისწინებით და მასზე მითითებით, გამართლებული იყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. არასწორია, რომ სამსახურებრივი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ფაქტები ეწინააღმდეგებოდა სსიპ იუსტიციის სახლის შინაგანაწესს, ასევე იუსტიციის სახლის ფილიალებში არსებულ თანამდებობაზე სამუშაო აღწერილობასა და მომსახურების ხარისხის სტანდარტს.

3.1. სსიპ იუსტიციის სახლში სამუშაოს დაწყების დღიდან მის გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე პერიოდამდე, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ღონისძიება. უფრო მეტიც, მის მიმართ მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არცერთი საჩივრის წერილიც კი. მოსარჩელის მიმართ ორივე შემთხვევაში გამოყენებული დისციპლინარული სახდელები, 2019 წლის 23 დეკემბრის №1094/ს ბრძანების საფუძველზე - "სასტიკი საყვედური" და 2020 წლის 7 თებერვლის №87/კ ბრძანების საფუძველზე "დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება" არ უკავშირდებოდა მის რაიმე კონკრეტულ ქმედებას, არამედ ორივე შემთხვევაში ეს განპირობებული იყო მისი თანამშრომლების მხრიდან დისციპლინარული გადაცდომების ჩადენით. თანამშრომლების მიცემული ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ მათი მხრიდან განხორციელებული ქმდებები, რომლებიც შეიცავდა დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს გამოწვეული იყო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ან სამუშო ადგილზე ტექნიკური ხასიათის ხარვეზების არსებობის მიზეზით. კასატორის მტკიცებით, საქმეში აღნიშნული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები აშკარად მიუთითებენ, რომ სახეზეა მოსარჩელის მიმართ განხორცილებეული დისკრიმინაციის ფაქტი, პირადი ანგარიშწორების ნიშნები.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

6.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

7.1. ლ.ა–ძე 2013 წლის 1 თებერვლიდან დასაქმებული იყო სსიპ იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალში, სხვადასხვა თანამდებობებზე, ბოლოს კი 2013 წლის 5 ნოემბრიდან გათავისუფლებამდე იკავებდა სსიპ იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალის მენეჯერის თანამდებობას უვადოდ. მისი თანამდებობრივი სარგო 2019 წლის 1 თებერვლიდან შეადგენდა 2500 ლარს.

7.2. 2019 წლის დეკემბერში სსიპ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელდა სსიპ იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალის 18, 19 და 20 ნოემბრის ჩანაწერების მონიტორინგი, რა დროსაც გამოვლინდა სსიპ ქუთაისის იუსტიციის სახლის თანამშრომლების, წამყვანი სპეციალისტებისა და სპეციალისტების მხრიდან სამუშაო პროცესის განმავლობაში მობილური ტელეფონით სარგებლობის, რიგის მართვის პროგრამის ჩართულ მდგომარეობაში დატოვების ან/და დაყოვნების, თანამშრომლებთან საუბრისა და მომსახურების სივრცის ტერიტორიაზე გადაადგილების ან/და სხვა ოპერატორის კუთვნილი კომპიუტერის გამოყენების ან/და მათ სამუშაო სივრცეში უცხო პირის გადაადგილების ფაქტები. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, 2019 წლის 23 დეკემბერს შედგა №012909დ დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ შიდა აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა სსიპ იუსტიციის სახლის ქუთაისის იუსტიციის სახლის მენეჯერის ლ.ა–ძის, ამავე ფილიალის სივრცის კოორდინატორის ა.ს–ძის, უფროსი სპეციალისტების: დ.ა–ძის, ე.ა–ძის, თ.გ–ის, თ.ხ–ის, ი.ო–ძის, მ.ა–ის და სპეციალისტების: ა.ს–ძის, თ.ბ–ძის, თ.ც–ის, მ.ლ–ის, ც.მ–ძისა და ნ.გ–ძის მიერ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის №875/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 41-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ამასთან, აღნიშნული დასკვნა შემდეგი რეაგირებისთვის წარედგინა სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორს.

7.3. სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 23 დეკემბრის №1094/ს ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ და „მ“ ქვეპუნქტების, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 29 დეკემბრის №875/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 41-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადასტურებულად ჩაითვალა სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, ქუთაისის იუსტიციის სახლის მენეჯერის - ლ.ა–ძის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი და დასაქმებულის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის, შინაგანაწესის, ინსტრუქციის დარღვევის, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისა და დამსაქმებლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გამო, შეეფარდა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური. აღნიშნული ბრძანება კანონით დადგენილ ვადაში და წესით დასაქმებულის მხრიდან არ გასაჩივრებულა.

7.4. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ კვლავ განხორციელდა სსიპ იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალის თანამშრომელთა მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენების და სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი. ამ მიზნით შიდა აუდიტის სამსახურმა დაამუშავა 2019 წლის 18 დეკემბრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით პერიოდის რიგის მართვის სისტემაში არსებული მონაცემები და შედგენილი იქნა 2020 წლის 5 თებერვლის №01231დ დასკვნა, რომლის მიხედვით, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილმა და დადგენილმა გარემოებებმა ცხადყვეს, რომ სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალში, ქუთაისის იუსტიციის სახლში არ იყო უზრუნველყოფილი გამართული სამუშაო პროცესი და სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობდა სსიპ იუსტიციის სახლში მოქმედი რეგულაციებისა და პროცედურების დაცვით. ამასთან, ქუთაისის იუსტიციის სახლის მენეჯერის - ლ.ა–ძის მიერ არ იყო უზრუნველყოფილი ფილიალის გამართული და ეფექტური მუშაობა, მის მერ ეფექტურად არ ხდებოდა დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა ლ.ა–ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობას/არაჯეროვან შესრულებას. 2019 წლის 23 დეკემბერს მომზადებული №012909 დასკვნის საფუძველზე დაკისრებული დისციპლინური სახდელების მიუხედავად, მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების დროს კვლავ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტები.

7.5. 2020 წლის 7 თებერვლის №87/კ ბრძანებით სსიპ იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალის მენეჯერს ლ.ა–ძეს დისციპლინური გადაცდომის მოქმედების პერიოდში განმეორებით, დამსაქმებლის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, 2020 წლის 10 თებერვლიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

7.6. ლ.ა–ძე 2019 წლის 19, 27 და 28 დეკემბერს, ასევე 2020 წლის 3 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით არ იმყოფებოდა სამსახურში და შესაბამისად, ამ დღეებში ვერ ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას სხვადასხვა მიზეზებით - საპატიო დღე, მივლინებაში, შვებულებასა და საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლიანობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივრით სადავოდ იყო გამხდარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 7 თებერვლის №87/კ ბრძანების ბათილად ცნობის, ლ.ა–ძის სამსახურში აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო ლ.ა–ძისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 23 დეკემბრის №1094/ს ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეს სააპელაციო პრეტენზია წარდგენილი არ ჰქონდა, რის გამოც ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

9. საქართველოს შრომის კოდექსის სშკ-ს 37.1 მუხლის ,,ზ“ და ,,თ’’ ქვეპუნქტების (ამჟამად მოქმედი რედაქციის 47.1 მუხლი) საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ერთ შემთხვევაში დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, ხოლო მეორე შემთხვევაში დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომისსამართლებრივი ვალდებულების დარღვევის „უხეშად“ მიჩნევისთვის შეფასებულ უნდა იქნას ჩადენილი დარღვევის ხასიათი, სიმძიმე, შედეგი, დასაქმებულის პიროვნება და შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურებები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავის განხილვისას, აუცილებელია „Ultima Ratio“-ს („უკიდურესი საშუალება“) პრინციპის გათვალისწინება. „Ultima Ratio“-ს პრინციპის მიხედვით, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა მისი კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების „უხეში“ დარღვევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის ანდა ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-949-2021 განჩინება).

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. „თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-891-2015 განჩინება).

11. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას - ადმინისტრაციული ორგანოს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დასაქმებულის მიმართ მოკვლეულ ინფორმაციას და გაცემულ დასკვნებს, ასევე მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის და თანამშრომლების მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებს და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ.ა–ძემ უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული შრომისსამართლებრივი ვალდებულებები. კერძოდ, დადასტურებულია, რომ შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნით, სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალების თანამშრომელთა მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენების და სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მონიტორინგის მიზნით შიდა აუდიტის სამსახურმა 2020 წლის თებერვალში დაამუშავა 2019 წლის 18 დეკემბრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით პერიოდის სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის, ქუთაისის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა რიგის მართვის სისტემაში არსებული მონაცემები. მონაცემების დამუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო ელექტრონულ ტაბელში არსებული ინფორმაცია/მონაცემები. ასევე, გათვალისწინებული იყო რიგის მართვის სისტემის გათიშვის ან/და დაგვიანებით ჩართვის თაობაზე შესაბამისი წესით დაფიქსირებული ინციდენტები. რიგის მართვის სისტემიდან ამოღებული მონაცემების დამუშავების შედეგად გამოირკვა, რომ ფილიალში დასაქმებული თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაო საათებში რიგის მართვის სისტემის ხშირი, რიგ შემთხვევებში ხანგრძლივი დროით გათიშვის და სამუშაო დროის არარაციონალურად გამოყენების ფაქტებს, კერძოდ, სამუშაო დღის განმავლობაში 45 წუთიანი შესვენების გარდა რიგის მართვის სისტემა გათიშული ჰქონდათ არაერთხელ და რიგ შემთხვევაში ხანგრძლივი დროით, რა დროსაც არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს. შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახურმა გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება და განახორციელა ქუთაისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის, მათ შორის მენეჯერისათვის, გამოვლენილი ფაქტების ინდივიდუალური გაცნობა, მათი გამოკითხვა და განმარტებითი ბარათის ჩამორთმევა, რა დროსაც რიგ შემთხვევაში მიზეზად მითითებული იქნა ფილიალში დაბალი ტემპერატურის არსებობა, მომსახურების დროს კომპიუტერული ტექნიკის ხარვეზი, რიგ შემთხვევებში მიეთითა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ აღნიშნული დრო გამოყენებული იყო პირადი საჭიროებისათვის. რაც შეეხება რიგის მართვის სისტემის გარეშე ახლობლის მომსახურებას, აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თავად თანამშრომელმა. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები განმარტებითი ბარათით დაადასტურა თავად მოსარჩელემაც.

12. კასატორი სადავოდ არ ხდის დასკვნაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დარღვევების ჩადენის პერიოდში არ იმყოფებოდა სამსახურში. საქმეში წარმოდგენილი შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ მონიტორინგის პერიოდი მოიცავდა 2019 წლის 18 დეკემბრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით პერიოდს, მათ შორის, დარღვევები გამოვლენილია თითქმის ყველა სამუშაო დღეს, ხოლო მენეჯერი სამსახურებრივ უფლებამოსილებას სხვადასხვა მოტივით არ ახორციელებდა, კასატორი როგორც მიუთითებს, სამსახურში არ იმყოფებოდა თითქმის ნახევარი თვის განმავლობაში, ჯამში 14 დღე (ლ.ა–ძე 2019 წლის 19, 27 და 28 დეკემბერს, ასევე 2020 წლის 3 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით არ იმყოფებოდა სამსახურში). ქუთაისის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მხრიდან შრომის დისციპლინის დარღვევას ადგილი ჰქონდა იმ დღეებშიც, როდესაც მენეჯერი ლ.ა–ძე სამსახურში იმყოფებოდა.

13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ იუსტიციის სახლის დებულების 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, იუსტიციის სახლის ფილიალს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია ფილიალის ფუნქციების შესრულებაზე და ფილიალის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 12 ივლისის №504/ს ბრძანებით დამტკიცებული სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალებში არსებულ თანამდებობებზე სამუშაოს აღწერილობების თანახმად, ფილიალის მენეჯერის ფუნქციას წარმოადგენს სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის გამართულად და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა. ამასთან, მის მოვალეობებში შედის სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის ხელმძღვანელობა და საქმიანობის წარმართვა ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად; დავალებების განაწილება გუნდის წევრებს შორის მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი; მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინისა და წესრიგის მონიტორინგი; სსიპ იუსტიციის სახლის მომხმარებელთა უზრუნველყოფა მომსახურების მაღალი ხარისხით.

14. სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 29 დეკემბრის №875/ს ბრძანებით დამტკიცებული სსიპ იუსტიციის სახლის შინაგანაწესის 32-ე მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა ან/და დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებული არღვევდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №875/ს ბრძანებით დამტკიცებული სსიპ იუსტიციის სახლის შინაგანაწესით დადგენილ ნორმებს. საკასაციო პალატა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზანშეუწონლობის შეფასების თვალსაზრისით, ასევე, ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდში გამოყენებულ დისციპლინურ სახდელს, კერძოდ, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 23 დეკემბრის №1094/ს ბრძანებით ლ.ა–ძის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა სასტიკი საყვედური. მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სასტიკი საყვედურის დაკისრების თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად იქნა მიჩნეული, რაც არ გასაჩივრებულა მოსარჩელე მხარის მიერ.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოქმედი დისციპლინური სახდელის პირობებში, დასაქმებულის მიერ შრომითი საქმიანობის ფარგლებში იმავე დარღვევების განმეორებით დაშვება, უნდა შეფასდეს იმგვარ სამსახურებრივ გადაცდომად, რომელიც აუცილებელს ხდიდა მოსარჩელის მიმართ უკიდურესი ზომის - დაუყოვნებლივ გათავისუფლების გამოყენებას. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 7 თებერვლის N87/კ ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ლ.ა–ძის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

17. რაც შეეხება საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი 38.8. მუხლი), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამასთან, ამავე კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი 32 მუხლი), თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს განაცდურის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი მოცდენა გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალით.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

19. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ნება კანონიერად იქნა მიჩნეული, პალატა გამორიცხავს თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის თაობაზე და განმარტავს, რომ აღარ არსებობს მოცემული მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმების აუცილებლობა, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში ასევე არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

20. ამრიგად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ლ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.ა–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 10/08/2022წ. (საბუთის ნომერი .....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი