Facebook Twitter

საქმე №ას-1361-2022 29 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „გ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ზ–ძე, მ.რ–ძე, თ.კ–ძე, მ.დ–ძე, ჯ.შ–ი, თ.ღ–ი, ი.კ–ძე, მ.ყ–ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ზ–ძემ, მ.რ–ძემ, თ.კ–ძემ, მ.დ–ძემ, ჯ.შ–მა, თ.ღ–მა, ი.კ–ძემ და მყ–ამ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სს „გ.ჰ–ის“ მიმართ და მოითხოვეს:

1.1. მოპასუხე სს ,,გ.ჰ–ს“, მოსარჩელეების: თ.ზ–ძის, მ.რ–ძის, თ.კ–ძის, მ.დ–ძის, ჯ.შ–ის, თ.ღ–ის, ი.კ–ძისა და მყ–ას სასარგებლოდ, დაეკისროს 2020 წლის პირველი სექტემბრიდან - 2021 წლის 16 თებერვლამდე დაგროვებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, თითოეულის მიმართ 2400 ლარი; 1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელეების - თ.ზ–ძის, მ.რ–ძის, თ.კ–ძის, მ.დ–ძის, ჯ.შ–ის, თ.ღ–ის, ი.კ–ძისა და მყ–ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხე სს ,,გ.ჰ–ის“ ბრძანება; 1.3. მოსარჩელეები - თ.ზ–ძე, მ.რ–ძე, თ.კ–ძე, მ.დ–ძე, ჯ.შ–ი, თ.ღ–ი, ი.კ–ძე და მყ–ა აღდგნენ გათავისუფლებამდე დაკავებულ ქოლცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე; 1.4. სს ,,გ.ჰ–ს“, მოსარჩელეების: თ.ზ–ძის, მ.რ–ძის, თ.კ–ძის, მ.დ–ძის, ჯ.შ–ის, თ.ღ–ის, ი.კ–ძისა და მყ–ას სასარგებლოდ, დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, თითოეულის მიმართ ყოველთვიურად 438 ლარი, 2021 წლის 16 თებერვლიდან - მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენამდე; 1.5. სს ,,გ.ჰ–ს“, მოსარჩელეების; თ.ზ–ძის, მ.რ–ძის, თ.კ–ძის, მ.დ–ძის, ჯ.შ–ის, თ.ღ–ის, ი.კ–ძისა და მყ–ას სასარგებლოდ დაეკისროს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება თითოეულის მიმართ 438 ლარი; 1.6. სს ,,გ.ჰ–ს“, მოსარჩელეების: თ.ზ–ძის, მ.რ–ძის, თ.კ–ძის, მ.დ–ძის, ჯ.შ–ის, თ.ღ–ის, ი.კ–ძისა და მყ–ას სასარგებლოდ, დაეკისროს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების გამო 2 თვის შრომითი ანაზღაურების გადახდა თითოეული მოსარჩელის მიმართ 876 ლარი (იხ. სასარჩელო მოთხოვნა, დაზუსტებული სარჩელი, ტომი II, ს.ფ. 5-33; სასამართლოს 16.09.2021.წ სხდომის ოქმი მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება 12:20:13 სთ).

2. სს ,,გ.ჰ–ი" ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც სს ,,გ.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4. ქვეპუნქტი, რომლითაც სს ,,გ.ჰ–ს“ მოსარჩელეების - თ.ზ–ძის, მ.რ–ძის, თ.კ–ძის, მ.დ–ძის, ჯ.შ–ის, ი.კ–ძის, თ.ღ–ისა და მყ–ას სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება, ორი თვის შრომის ანაზღაურება, კერძოდ, თითოეულის მიმართ 700 ლარი (ხელზე მისაღები) და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; 4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებული ურთიერთწინააღმდეგობრივი დასკვნებით სარწმუნოდ და შესაბამისი მტკიცებულებებით არ დადგენილა საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი, როგორიცაა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, კომპენსაციის საფუძვლის, მისი სახეობისა და ოდენობის შესახებ ფაქტობრივი გარემოებანი; საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლად მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგანაც შეუძლებელი ხდება მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ”ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის მიიჩნევა კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ არის დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებანი, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება ჰქონდა, დასაბუთებული არ არის.

3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლებული იქნენ ორგანიზაციული ცვლილებების, კერძოდ, ქოლცენტრის სამსახურის გაუქმების საფუძველზე. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ გამოიყენა ნორმა (შრომის კოდექსის 37.1. მუხლის ქვეპუნქტი), რაც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი (შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 130.1. მუხლი), რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული კანონები (ასევე მთავრობის 286-ე დადგენილება) და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით შეაფასა მტკიცებულებები და გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, კასატორს დააკისრა შეუსაბამოდ მაღალი და დაუსაბუთებელი, თან ორი სახის კომპენსაცია, რაც არაკანონიერი და უსამართლოა.

3.2. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა შეწყდა არა საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, არამედ ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გამორიცხავდა როგორც წინასწარ გაფრთხილებას, ასევე – კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას. ამასთან, დასაქმებულებმა იცოდნენ, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ასევე, ქოლცენტრის გაუქმების შესახებ მინიმუმ 2020 წლის 31 ივლისიდან, მათივე განცხადებით, 2020 წლის 01-14 სექტემბერს, როდესაც არ დაუშვეს „სამუშაო ადგილზე“, მათი ხელმძღვანელის მიერ სოცქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან და დაზუსტებულ სარჩელში აღნიშნული აღიარებით კი - მაქსიმუმ 2021 წლის 16 თებერვალს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130.1. მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მომენტიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ. სამივე თარიღიდან, სარჩელის აღძვრის (2021 წლის 23 მარტამდე) თარიღამდე, მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლით დადგენილი გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

6.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

7.1. თ.ზ–ძესთან, მ.რ–ძესთან, თ.კ–ძესთან, მ.დ–ძესთან, ი.კ–ძესთან, ჯ.შ–სა და მყ–ასთან გაფორმებული 2020 წლის 1-ლი ივლისის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ისინი შრომით საქმიანობას ახორციელებდნენ სს ,,გ.ჰ–ის’’ ქოლცენტრის დეპარტამენტის ოპერატორების სამუშაო ადგილზე. მათი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 437.5 ლარით საშემოსავლოს ჩათვლით. რაც შეეხება თ.ღ–ს, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

7.2. მ.რ–ძის ანგარიშზე სს ,,გ.ჰ–მა’’ თანხა ბოლოს ჩარიცხა 2020 წლის 17 აგვისტოს; დანიშნულებაში მითითებულია ივლისის ხელფასი.

7.3. მყ–ას ანგარიშზე სს ,,გ.ჰ–მა’’ თანხა ბოლოს ჩარიცხა 2020 წლის 18 აგვისტოს ორ ეტაპად; დანიშნულებაში პირველ შემთხვევაში მითითებულია ივლისის ხელფასი - 360 ლარი, ხოლო მეორე გადარიცხვის შემთხვევაში - ხელფასი, დახმარება - 400 ლარი.

7.4. თ.კ–ძის ანგარიშზე სს ,,გ.ჰ–ის’’ მიერ თანხა ბოლოს ჩაირიცხა 2020 წლის 18 აგვისტოს ორ ეტაპად: დანიშნულებაში პირველ შემთხვევაში მითითებულია ივლისის ხელფასი - 336.09 ლარი, ხოლო მეორე გადარიცხვის შემთხვევაში - ხელფასი, დახმარება - 400 ლარი.

7.5. თ.ღ–ის ანგარიშზე სს ,,გ.ჰ–ის’’ მიერ თანხა ბოლოს ჩაირიცხა 2020 წლის 18 აგვისტოს ორ ეტაპად: დანიშნულებაში პირველ შემთხვევაში მითითებულია ივლისის ხელფასი - 273.65 ლარი, ხოლო მეორე გადარიცხვის შემთხვევაში – ხელფასი, დახმარება – 400 ლარი.

7.6. თ.ზ–ძის ანგარიშზე სს ,,გ.ჰ–მა’’ თანხა ჩარიცხა 2020 წლის 18 აგვისტოს - 400 ლარი; დანიშნულებაში მითითებულია – ხელფასი, დახმარება.

7.7. ი.კ–ძის ანგარიშზე სს ,,გ.ჰ–ის’’ მიერ თანხა ბოლოს ჩაირიცხა 2020 წლის 18 აგვისტოს ორ ეტაპად; დანიშნულებაში პირველ შემთხვევაში მითითებულია ივლისის ხელფასი - 336.09 ლარი, ხოლო მეორე გადარიცხვის შემთხვევაში - ხელფასი დახმარება - 400 ლარი.

7.8. ჯ.შ–ის ანგარიშზე სს ,,გ. ჰ–მა’’ თანხა ჩარიცხა 2020 წლის 18 აგვისტოს - 400 ლარი. დანიშნულებაში მითითებულია - ხელფასი, დახმარება.

7.9. თ.ზ–ძე, თ.კ–ძე, მყ–ა, თ.ღ–ი, მ.რ–ძე, მ.დ–ძე, ჯ.შ–ი და ი.კ–ძე 2020 წლის 12 მარტიდან - 2020 წლის 1-ლ ივნისამდე იმყოფებოდნენ ანაზღაურების გარეშე შვებულებაში.

7.10. სს ,,გ.ჰ–ის“ გენერალური დირექტორის – გ.ჰ–ას 2020 წლის 31 ივლისის ბრძანების თანახმად, შეწყდა სს ,,გ.ჰ–ის“ ქოლცენტრის განყოფილების ფუნქციონირება გაურკვეველი ვადით; თანამშრომლებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე - შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ქოლცენტრში დასაქმებულ თანამშრომლებს, მათ შორის, თ.ზ–ძეს, თ.კ–ძეს, მყ–ას, თ.ღ–ს, ჯ.შ–ს, ი.კ–ძეს, მ.რ–ძესა და მ.დ–ძეს.

7.11. სს ,,გ.ჰ–ის’’ 2021 წლის 6 აპრილის ცნობის თანახმად, ამჟამად სს ,,გ.ჰ–ში’’ ქოლცენტრი აღარ მუშაობს, გაუქმებულია.

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა დადგენილი და სადავო არ არის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი - შრომითი ურთიერთობა. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების კანონიერება და შესაბამისად, მოსარჩელეებისთვის კომპენსაციის, მიკუთვნების საკითხი. დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 37.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი ორგანული კანონის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) უკანონოდ იქნა ცნობილი და, დასაქმებულთა სასარგებლოდ, მოპასუხეს კომპენსაცია დაეკისრა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან უდავოდ ორგანიზაციული ცვლილებების, კერძოდ, ქოლ ცენტრის სამსახურის გაუქმების საფუძველზე გათავისუფლდნენ, რასაც ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი სს ,,გ.ჰ–ის’’ გენერალურ დირექტორ გ.ჰ–ას 2020 წლის 31 ივლისის ბრძანება, რომლითაც შეწყდა სს ,,გ.ჰ–ის“ ქოლცენტრის განყოფილების ფუნქციონირება გაურკვეველი ვადით და ასევე სს ,,გ.ჰ–ის“ 2021 წლის 6 აპრილის ცნობა, რომლის თანახმად, ამჟამად სს ,,გ.ჰ–ში“ ქოლცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტა, გაუქმებულია. ამდენად, პალატა სადავო საკითხის შეფასებისას რეორგანიზაციის ფარგლებში მოსარჩელეთა გათავისუფლების კანონიერების თაობაზე იმსჯელებს.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე უხლზე, რომლის მე-4 ნაწილის (სადავო პერიოდში მოქმედი 38-ე მუხლი) მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, დასაქმებულს უფლება აქვს, დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი, 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის) თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია 1) პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან 2) უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან 3) გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამრიგად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილია სპეციალური - 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის №ას-11-11-2018 გადაწყვეტილება და 2019 წლის 13 დეკემბრის №ას-1418-2018 განჩინება).

10. საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადასა და ამ თვალსაზრისით წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ანალოგიურ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება (იხ. სუსგ N ას-1210-2018, 15.02.2019წ), რომლის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით (იხ. სუსგ Nას-1227-2021, 09.02.2022წ.).

11. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30-დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან. სხვა სამოქალაქო საქმეზე განიმარტა, რომ „კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს“ (შდრ: სუსგ №ას-11-11-2018, 4.03.2019 წ. პ-34). შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 31 ივლისის ბრძანების მათთვის გადაცემისა და გამოვლენილი ნების მათი მხრიდან მიღების ფაქტი, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებისთვის აუცილებელი გარემოებაა. აღნიშნული ბრძანება დამსაქმებელმა წარმოადგინა სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ განჩინების საფუძველზე.

12. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შესაბამის რეგულაციებს, საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში შეიცავს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე მუხლი). ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი ლეგალური საფუძველი არის ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. დადგენილია, რომ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა შპს ,,გ.ჰ–ში“ განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებები. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ დამსაქმებლის მიერ მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები შინაარსობრივად არ გულისხმობდა რეორგანიზაციას და დამსაქმებელი არ დამდგარა შტატების შემცირებისა და თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად, არ დასტურდებოდა მოსარჩელეთა საშტატო ერთეულის შემცირებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერი საფუძველი. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის დასაქმებულთა თანამდებობისთვის შეუფერებლობას, არასაკმარის კვალიფიკაციას, ფუნქციების განახლების ან კომპანიის მოთხოვნილებების გაზრდის ფაქტს, რის გამოც, ისინი ვერ დააკმაყოფილებდნენ დაწესებულ მოთხოვნებს (არაკომპეტენტურობა), რაც არც საქმის მასალებითაც არ დასტურდება. პანდემიიდან გამომდინარე შტატების ოპტიმიზაციის თაობაზე კასატორის წარმომადგენლის ზოგადი განმარტება, არ ქმნის საკმარის საფუძველს მოსარჩელეებთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის მართლზომიერად დასრულებისთვის. დამსაქმებელმა ვერ მიუთითა რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების კრიტერიუმებისა და მოსარჩელეთა გათავისუფლების აუცილებლობაზე, რის გამოც მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

13. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას, ამასთან, დამსაქმებელს მტკიცების უფრო მეტი ტვირთი მოეთხოვება, ვიდრე დასაქმებულს (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები). სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-1535-2022, 5.04.2023წ; N ას-106-2023, 6.04.2023წ; N ას-146-2023, 11.04.2023წ.).

14. რაც შეეხება დამსაქმებლის არამართლზომიერი გადაწყვეტილების გამო განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის მოცულობას, სააპელაციო სასამართლომ სწორედ დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა და შრომითსამართლებრივ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურების გათვალისწინებით გამოიკვლია კომპენსაციის მოცულობა, შესაბამისად, მართებულად იხელმძღვანელა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის საქმე Nას-145-2019 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში კომპენსაციის განსაზღვრის ფაქტობრივი წინაპირობა-უკანონო გათავისუფლება - დადგენილია, ხოლო კომპენსაციის ოდენობა სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებმა საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისა და შრომის სამართალში მოქმედი საუკეთესო, სამართლიანი სტანდარტებით განსაზღვრა, რის გამოც არ არსებობს დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დაშვების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,გ.ჰ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს ,,გ.ჰ–ს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 08.11.2022წ. №746 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2078.13 ლარის 70% – 1454.69 შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი