საქმე №ას-100-2024 04 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა (შემდეგში "მოსარჩელე", "კასატორი") სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იის“ (შემდეგში "მოპასუხე", "მოწინააღმდეგე მხარე") წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით - 8 450 ლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მხარეთა შორის, 2019 წლის 31 მაისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, მოსარჩელისთვის გაეწია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება. ხელშეკრულების დანართი №1-ის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადა განისაზღვრა, ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან - არაუგვიანეს 20 კალენდარული დღით, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღით.
2.2. 2019 წლის 21 ოქტომბერს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „SKODA RAPID“, სახ. ნომერი: ...... (გამოშვების წელი - 2018). 2019 წლის 20 ნოემბერს, მხარეებმა ხელი მოაწერეს დარეგულირების აქტს, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად, 2019 წლის 10 დეკემბრისა, 2020 წლის 27 მაისს - ანუ 169 კალენდარული დღის დაგვიანებით დასრულდა.
2.3. დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარი, სულ – 8 450 ლარი).
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიმწოდებელმა (მზღვეველი) დროულად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2019 წლის 21 ოქტომბერს, ხოლო ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული და ხელმოწერილია 2019 წლის 19 და 20 ნოემბერს, რის შესაბამისადაც, ასანაზღაურებელი თანხა შესაბამის პროვაიდერთან გადაირიცხა 2019 წლის 21 ნოემბერს.
3.2. მოპასუხის მტკიცებით, ავტომანქანის დაგვიანებით შეკეთება გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალეულობით, რადგან შემსყიდველმა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება შესაკეთებლად ცენტრში მიიყვანა 2020 წლის 23 მაისს, თითქმის 6 თვის დაგვიანებით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „ს.კ.ე.ჯ–იის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო პალატამ, სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილით, შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოპასუხის ვალდებულება შემსყიდველის მიმართ შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ავტომანქანის სერვისცენტრში აღსადგენად მიყვანა კი წარმოადგენდა არა სადაზღვევო კომპანიის ნებაზე, არამედ შემსყიდველის ნებაზე დამოკიდებულ ქმედებას, ვინაიდან მოსარჩელემ (აპელანტმა) სადაზღვევო შემთხვევის (2019 წლის 20 ოქტომბრის) შემდეგ განაგრძო სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია და სერვისცენტრში შესაკეთებლად მიიყვანა მხოლოდ 2019 წლის 23 მაისს.
5.3. სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აპელირებდა, რომ სამინისტროს მხრიდან სადაზღვევო კომპანია წერილობით იქნა გაფრთხილებული დაზიანებული ავტომობილის შეკეთების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, თუმცა პალატამ ეს მტკიცება გაქარწყლებულად მიიჩნია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იყო თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულება - მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, სადავო გარემოების არსებობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება (2020 წლის 26 მარტის წერილის ადრესატისათვის ჩაბარების დასტური) საქმეში წარმოდგენილი არ იყო.
5.4. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ დაზღვეული ავტომანქანის სერვისცენტრში 2019 წლის 23 მაისამდე წარუდგენლობა, ვერ შეფასდებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად (ავტომანქანის შეკეთების/აღდგენის ვადაგადაცილებად), რაც პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისცენტრში მიყვანის ვალდებულება სამინისტროს პასუხისმგებლობად შეფასდა. კასატორის მტკიცებით, სამინისტრო არ უნდა მიჩნეულიყო ვადაგადაცილებაზე პასუხისმგებელ პირად, ვინაიდან დამზღვევი არ არის რაიმე სახის სამართლებრივ ურთიერთობაში სერვისცენტრთან, პირიქით, ხელშეკრულების საფუძველზე სწორედ მზღვეველია პასუხისმგებელი სერვისცენტრის მიერ ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე.
6.2. კასატორი აცხადებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება შემდგომ გამოიყენებოდა სადაზღვევო კომპანიასთან შეთანხმებით, რომელმაც ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სამინისტროს კანონით დადგენილი წესით ეცნობა თუ კონკრეტულად როდის და რომელ ფილიალში უნდა მიეყვანა ავტომანქანა შესაკეთებლად.
6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებად არ უნდა განხილულიყო მხოლოდ სადაზღვევო ანაზღაურების შეთანხმებულ ვადაში გაცემა, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიას ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისცენტრში დროული წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ შორის, 2019 წლის 31 მაისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების - დანართი №1-ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის დანართი №2-ის შესაბამისად) მომსახურება, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული CON 190000322 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით. ხელშეკრულების დანართი №1-ის „დაზღვევის პირობების“ II ნაწილის, მე-2 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადა განისაზღვრა ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღით, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღით;
- 2019 წლის 21 ოქტომბერს, დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „SKODA RAPID“, სახ. ნომერი: ..... (გამოშვების წელი - 2018), ხოლო, 2019 წლის 20 ნოემბერს, მხარეებმა ხელი მოაწერეს 2019 წლის 19 ნოემბრის დარეგულირების აქტს. ავტომანქანა სერვისცენტრში აღსადგენად მივიდა 2020 წლის 23 მაისს, ხოლო აღდგენა დასრულდა 2020 წლის 27 მაისს.
- დაზიანებულ ავტომანქანას (მარკა/მოდელი: SKODA RAPID, სახ. ნომერი: ......, გამოშვების წელი - 2018) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფლობდა;
- დაზიანებული ავტომობილის შეკეთების მოთხოვნის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 26 მარტის წერილი MIA 4 20 00760671, ჩაბარდა სს „ს.კ.ე.ჯ–იას“.
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხედ დასახელებული კომპანიის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადგენა, ხოლო ამ გარემოების გადაწყვეტის შემდეგ, იმის შეფასება, სწორად ეთქვა თუ არა უარი მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი კი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი) 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას).
13. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. არსებობს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებაც. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
14. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა და ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. შესაბამისად, მისი მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კერძოდ, ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
16. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ, ხაზგასასმელია, რომ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურსამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებს მხარეთა მოთხოვნებსა და შესაგებელს, მხარეთა მოვალეობაა.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი) აღნიშნავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებები მიიღება და გროვდება განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა.
18. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობად მხარეებმა გაითვალისწინეს მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად ან/და ნაწილობრივ არაჯეროვნად შესრულება. მოსარჩელე ვალდებულების დარღვევას უკავშირებს დაზღვეული ავტომანქანის 169 დღის დაგვიანებით შეკეთებას, თუმცა, მეორე მხრივ, უდავოა, რომ დაზიანებული ავტომანქანა სერვისცენტრში აღსადგენად მიიყვანეს 2020 წლის 23 მაისს ხოლო აღდგენა დასრულდა 2020 წლის 27 მაისს ანუ სულ - 5 დღეში. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს დავის საგანი, კერძოდ, დავის გადაწყვეტა სწორად დაუკავშირეს იმ ფაქტის დადგენას, თუ რომელი მხარის ვალდებულება იყო დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისცენტრში მიყვანა.
19. პალატა ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სადაზვევო პირობების მე-2 ნაწილს (ს.ფ. 38), სადაც მითითებულია, რომ სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს სერვისცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხი და ვადები, ვადების დარღვევის ან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კი, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. საკასაციო პალატის განსჯით, სერვისცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ვადების კონტროლის შესახებ ნება წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას, შესაბამისად, ექვემდებარება განმარტებას სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან). კანონმდებლის მიერ დათქმული ეს „გონივრული განსჯა“ კი „უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენა განიმარტება ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს“ (იხ. სუსგ. №ას-836-2019წ, 14.06.2019 წ). ნება განიმარტება იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება გაუგებარი არ იყოს (იხ. სუსგ. №ას-224-2019, 24.09.2019წ.), ამავდროულად, ნების განმარტების მიზანი არა ხელშეკრულების რომელიმე დებულებისათვის არსის გამოცლაა, არამედ, პირიქით, სადავო ნორმებში იმგვარი შინაარსის პოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პირობის შენარჩუნებას, თანაარსებობასა და მოქმედებას. პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება მასზე, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არა მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. კერესელიძე დ, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251-256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ნების მიმღების მდგომარეობაში ჩაყენებით.
20. ზემოაღნიშნული თეორიული მსჯელობის შესაბამისად, ვინაიდან საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დაზიანებულ ავტომანქანას (მარკა/მოდელი: SKODA RAPID, სახ. ნომერი: CF-167-FC, გამოშვების წელი - 2018) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფლობდა, პალატის შეფასებით, ხელშეკრულების სადავო დათქმის როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე – გონივრული განმარტებაც არ ქმნის მისი იმგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისცენტრში მიყვანა მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა, ვინაიდან ამგვარი დათქმა ფაქტობრივად აღუსრულებელ პირობადაც კი, შეიძლება იქნეს მიჩნეული, რადგან მისი განხორციელება მოსარჩელის ნებელობის გარეშე (ქმდების განხორციელების გარეშე), შეუძლებელია. შესაბამისად, პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულებს პირობა ითვალისწინებდა სერვისცენტრის მიერ განხორციელებული სამუშაოების ჯეროვან შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღებას, რაც დავის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა. პალატის განსჯით, კასატორის არც იმ შედავებას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს არ უცნობებია დაზღვეულისთვის სად და რომელ ფილიალში უნდა მიეყვანა დაზიანებული ავტომობილი. არგუმენტის უსაფუძვლობას იწვევს საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 20 ნოემბერს, მხარეებმა ხელი მოაწერეს დარეგულირების აქტს, ხოლო ასანაზღაურებელი თანხა - 260 ლარი შესაბამის პროვაიდერთან (შპს „ი.ა–ათვის“) გადაირიცხა 2019 წლის 21 ნოემბერს, ამ თარიღის შემდეგ, სერვისცენტრის მოძიებისა და ავტომობილის დროული მიყვანის ვალდებულება სწორედ მოსარჩელის ვალდებულება იყო.
21. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების (სახელმწიფო შესყიდვების N419 ხელშეკრულება; მისი დანართები, მხარეთა შორის გაცვლილი კორესპონდენცია, მიღება-ჩაბარების აქტი და სადაზღვევო პირობები) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად შეფასების საფუძველზე, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, საფუძველს მოკლებულია.
22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. კასატორი, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი