Facebook Twitter

საქმე №ას-1092-2023 14 ივნისი, 2024 წელი

ქ . თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ჯ–ძე, ქ.ქ–ძე, რ.ჯ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებები

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.ჯ–ძემ, ქ.ქ–ძემ და რ.ჯ–ძემ სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სს „ხ.ბ–ის“ წინააღმდეგ და მოითხოვეს:

- ბათილად იქნეს ცნობილი, 2017 წლის 21 დეკემბრის N20.6337/1 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, დადებული ლ.ჯ–ძესა და სს „ხ.ბ.ს–ოს“ შორის და სს „ხ.ბ. ს–ოს“ დაევალოს, ლ.ჯ–ძესა და თანამსესხებელ ქ.ქ–ძესთან დადოს ახალი საბანკო სესხის ხელშეკრულება დისკრიმანაციის გარეშე, შეამციროს სესხის პროცენტი და პირგასამტეხლო;

- გაუქმდეს (ბათილად იქნეს ცნობილი) 2017 წლის 14 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულება, დადებული სს „ხ.ბ.ს–სა“ და რ.ჯ–ძეს შორის, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა რ.ჯ–ძის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმში, ......., ს/კ N .........

- გაუქმდეს სს „ხ.ბ–ი საქართველოს“ მიერ, 2016-2017 წლებში, ლ.ჯ–ძეზე დარიცხული ჯარიმა 4106,69 აშშ დოლარი და ეს თანხა მოპასუხე სს „ხ.ბ–ი საქართველომ“ დაუბრუნოს ლ.ჯ–ძეს.

- სს „ხ.ბ–ი საქართველოს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს, საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ლ.ჯ–ძესა და სს „ხ.ბ.ს–ოს“ შორის, 2014 წლის 31 ოქტომბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის სახით გაიცა 20'500 აშშ დოლარი. მსესხებელმა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც განახორციელა ვალის რესტრუქტურიზაცია.

2.2. 2016 წლის 28 იანვარს, სს „ხ.ბ.ს–სა“ და ლ.ჯ–ძეს შორის დაიდო ახალი (მეორე) სესხის ხელშეკრულება 19'800 აშშ დოლარზე. მოსარჩელემ ვერც ამ ხელშეკრულების პირობა ვერ შეასრულა, ამიტომ განხორციელდა ვალის ახალი რესტრუქტურიზაცია.

2.3. 2017 წლის 21 დეკემბერს, სს „ხ.ბ. ს–სა“ და ლ.ჯ–ძეს შორის დაიდო ახალი (მესამე) სესხის ხელშეკრულება 24'370 აშშ დოლარზე.

2.4. სამივე ხელშეკრულებაში თანამსესხებელია ქ.ქ–ძე, თავდები - რ.ჯ–ძე, რომელმაც გარანტიის სახით, ბანკის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ...... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქალაქი ბათუმი, ..........

2.5. 2017 წლის 21 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებას მოსარჩელე მიიჩნევს კაბალურად და კანონსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან მასთან შეუთანხმებლად ბანკმა ჩამოაწერა, თითქოს ძველი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული ჯარიმა - 1797,42 აშშ დოლარი. ასევე, მიუხედავად მოსარჩელის მიერ ბანკში თანხის შეტანისა, მისი ინფორმირების გარეშე, შეტანილი თანხები მიემართებოდა მხოლოდ დარიცხული ჯარიმების დაფარვისკენ და არ იფარებოდა ძირითადი ვალდებულება.

2.6. 2016 წლის 28 იანვრის მეორე სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის დასაფარად მოსარჩელემ ბანკში სალაროს შემოსავლის ორდერებით შეიტანა 5021 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის დაფარვის ანგარიშში ჩაირიცხა 569.64 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმებში უკანონოდ ჩაირიცხა 4106,69 აშშ დოლარი, იმის მაგივრად, რომ თანხა ძირითადი სესხისა და პროცენტის დაფარვას მოხმარებოდა.

2.7. ძირითადი სესხის ხელშეკრულების კაბალური შინაარსის გამო, მოსარჩელემ მოითხოვა სესხის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაც.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო კანონის სრული დაცვით, მოსარჩელის მიერ შეტანილი თანხები ნაწილდებოდა კრედიტის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად.

3.2. მოპასუხის მტკიცებით, ჯარიმის ჩამოწერაც მოსარჩელემ თავად მოითხოვა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით. ამასთან, 2017 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის #201.6337/1 ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა მსესხებლების ვადაგადაცილებული მთლიანი დავალიანების (რომელშიც შედიოდა საკრედიტო გადასახდელების გადახდის ვადის გადაცილების გამო ბანკის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოც) რესტრუქტურიზაცია (გადაფარვა) 780 აშშ დოლარის გამოკლებით, რის გამოც არ არსებობს სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, ლ.ჯ–ძის, ქ.ქ–ძისა და რ.ჯ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

4.2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება (საქმე N2-2607/18), რომლითაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, აღმასრულებელს აეკრძალა, 2019 წლის 2 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო საქმის - №191461004 წარმოების შედეგად მიღებული თანხიდან, სს „ხ.ბ.ს–თვის“ 4106,69 აშშ დოლარის გადაცემა.

4.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლ.ჯ–ძემ, ქ.ქ–ძემ და რ.ჯ–ძემ წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. ქუთაისის სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების რიგითობაზე. ამასთან, მოვალის მიერ თანხის დაფარვისას, სალაროს შემოსავლის ორდერებში, მითითებულია მხოლოდ „თანხის შემოტანა სესხის დასაფარად“, „შემოსავლები სესხის დასაფარად“ და გადახდილი თანხის ოდენობა, თუმცა მასში არ არის შეტანილი თანხის დანიშნულებისა და მიზნობრიობის შესახებ რაიმე მითითება, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ სესხს, კრედიტის გადახდის გრაფიკის შესაბამისად ფარავდა.

5.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სამოქალაქო კოდექსი თავის არსით არ უშვებს კონტრაჰენტისთვის ხელშეკრულების დადების ასეთ ფორმას (მოპასუხემ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება „დისკრიმინაციის“ გარეშე, რომლითაც შემცირებული იქნება სესხის პროცენტი და პირგასამტეხლოც).

5.4. სააპელაციო პალატამ, ასევე, არ გაიზიარა აპელანტის შედავება დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც მოპასუხის შესაგებელის წარუდგენლობას უკავშირდებოდა და განმარტა, რომ მოპასუხეს წარდგენილი ჰქონდა შეპასუხება დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით, რაც გამორიცხავდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, სააპელაციო პალატამ მხარეს განუმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა დაზუსტებულ სარჩელზე დაზუსტებული შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2023 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის, როგორც არაუფლებამოსილი პირის საქმისწარმოებაში მონაწილეობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისთვის საპროცესო უფლებების შეზღუდვის თაობაზე აპელანტის მოთხოვნა. სააპელაციო პალატამ მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის დისპოზიციაში მითითებულ „ორგანიზაციების თანამშრომლად“, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ იყო ადვოკატთა ასოციაციაციის წევრი.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ლ.ჯ–ძემ, ქ.ქ–ძემ და რ.ჯ–ძემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორების მტკიცებით, სააპელაციო პალატამ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების უგულებელყოფით, არასწორად განმარტა საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობა, ამასთან, მათი აზრით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება აქამდე საკასაციო პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქმე ასN664-635-2016, N1532-1435-2012, N3კ/321-02).

6.2. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებსაც და აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს, რომელსაც არ ჰქონდა ჩაბარებული ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა და არ იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის უგულებელყოფით მიეცა პროცესზე წარმომადგენლობის განხორციელების უფლება, კერძოდ, კასატორები მიიჩნევენ, რომ მოწინააღმდეგე კომპანიის ცნება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საწინააღმდეგოდ, გაუთანაბრდა სამოქალაქო პროცესის 440-ე მუხლის დისპოზიციაში მითითებულ „ორგანიზაციების“ ცნებას. კასატორთა მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოში, არაუფლებამოსილი წარმომადგენლის გამოცხადება მხარის გამოუცხადებლობასთან უნდა გაიგივებულიყო, რაც, თავის მხრივ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდებოდა.

6.3. კასატორები აცხადებენ, რომ სადავო ხელშეკრულება მოტყუებითაა დადებული, რადგან მოვალის ინფორმირების გარეშე, ბანკმა ხელშეკრულებაში გაითვალისწინა, რომ კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხით, პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, შემდეგ საკომისიო, საპროცენტო სარგებელი და მხოლოდ ამის შემდგომ გადაიხდება ძირითადი დავალიანება. კასატორის მტკიცებით, ვალდებულების შესრულებისას მსესხებელი ლ.ჯ–ძე ყველა შემთხვევაში მიუთითებდა, რომ თანხა ბანკში შეჰქონდა ვალის, ანუ ძირი თანხის დასაფარად, რასაც ადასტურებს საგადასახადო დავალებები, თუმცა ბანკმა მოსარჩელის მიერ ძირითადი თანხის დასაფარავად შეტანილი თანხიდან მსესხებლის ნებართვის გარეშე, თვითნებურად მიმართა ჯარიმებისა და სხვა გაურკვეველი ვალდებულებების დასაფარავად.

6.4. კასატორების განმარტებით, 2017 წლის 10 აპრილს მოვალემ სალაროს შემოსავლის N734 ორდერით ბანკში ძირითადი ვალის დასაფარად შეიტანა 315 აშშ დოლარი, მაგრამ ამონაწერში მხოლოდ 114,59 აშშ დოლარია დაფიქსირებული, რომელიც პირდაპირ ვადაგადაცილების ჯარიმის დაფარვას მოხმარდა. კასატორი მიიჩნევს, რომ ბანკმა დანარჩენი 200 აშშ დოლარი უკანონოდ მიითვისა.

6.5. კასატორთა მტკიცებით, ბანკმა მსესხებლის თანხმობის გარეშე, სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის დანაწესის დარღვევით, კლიენტის ანგარიშიდან ფულადი თანხები ჩამოწერა.

6.6. კასატორთა აზრით, სადავო ხელშეკრულებით უგულებელყოფილ იქნა რ.ჯ–ძის უფლებები, რომელიც წარმოადგენდა იპოთეკის საგნის მესაკუთრეს (თავდებს). ბანკს მისთვის არცერთ ეტაპზე უცნობებია, რომ ძირითადი მოვალე არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების პირობებში მესაკუთრე შეძლებდა, თავად შეესრულებინა ვალდებულება და იპოთეკის საგნის რეალიზაციას თავიდან აირიდებდა.

6.7. კასატორები უთითებენ, რომ 2017 წლის 14 და 21 დეკემბრის ხელშეკრულებებში არ არის მითითებული ხელშეკრულებების შეწყვეტის ვადები და საფუძვლები. მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება ან გაფრთხილება არ მიუღია, ამ პირობებში გაურკვეველია, ბანკმა რატომ დააკმაყოფილა უფლებები იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით.

6.8. კასატორები ძირითად განჩინებასთან ერთად ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებებს. მათ მიაჩნიათ, რომ დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლისთვის საპროცესო უფლებების შეზღუდვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რადგან იგი არ იყო უფლებამოსილი, მონაწილეობა მიეღო საქმის წარმოებაში და მის მიერ წარდგენილი შესაგებელი იყო ფორმადაუცველი. შესაგებელი არასწორად იყო შევსებული, მხარის პოზიცია, როგორც სამართლებრივ, ასევე, ფაქტებთან დაკავშირებით შევსებული იყო არასწორ გრაფაში და სარჩელის საფუძვლებთან დაკავშირებით არასწორადაა ან საერთოდ არ არის პასუხი გაცემული (200 აშშ დოლარის მითვისებასთან დაკავშირებით). კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს განმარტებები გასაჩივრებულ საოქმო განჩინებაში განვითარებული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ Nას-664-635-2016 საქმეზე დადგენილ პრაქტიკას.

6.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2014 წლის 31 ოქტომბერს, მსესხებელ ლ.ჯ–ძეს, თანამსესხებელ ქ.ქ–ძესა და სს „ხ.ბ.ს–ოს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N201.2332 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 20'500 აშშ დოლარი; კრედიტის ვადა 84 თვე; კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14,50%; კრედიტის ეფექტური საპროცენტო სარგებელი - 16,2%; ყოველთვიური შენატანი (ძირითადი თანხა+პროენტი) - 344,04 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ით;

- მსესხებლისა და თანამსესხებლის მიერ სისტემატურად ირღვეოდა 2016 წლის 28 იანვრის N201.4336 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის დაფარვის პირობები, რისთვისაც მსესხებლის მიმდინარე ვადაგადაცილებულ დავალიანებას ერიცხებოდა პირგასამტეხლო. აღნიშნულის თაობაზე მსესხებელსა და თანამსესხებელს ეცნობათ 2017 წლის 23 მარტს გაგზავნილი გაფრთხილების წერილებით (ტომი I. ს.ფ.171-174);

- 2016 წლის 28 იანვრის N201.4336 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მსესხებელ ლ.ჯ–ძის მოთხოვნით, 2017 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა ახალი საბანკო კრედიტის N201.6337/1 ხელშეკრულება და განხორციელდა ბანკის წინაშე არსებული მოსარჩელის ვალის რესტრუქტურიზაცია. სესხის თანხა განისაზღვრა 24'370 აშშ დოლარით; კრედიტის ვადა 120 თვით; კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14,50%-ით; კრედიტის ეფექტური საპროცენტო სარგებელი - 15,63%-ით; ყოველთვიური შენატანი (ძირითადი თანხა+პროცენტი) - 387,75 აშშ დოლარით. აღნიშნული ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0,4%-ით;

- 2017 წლის 14 დეკემბერს, სს „ხ.ბ.ს–სა“ და რ.ჯ–ძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ლ.ჯ–ძის სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა, რ.ჯ–ძის საკუთრებაში არსებული ...... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ........;

- 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრამდე (2016 წლის 28 იანვრის N201.4336 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში), ლ.ჯ–ძის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის მიზნობრიობად მითითებულია: „თანხის შემოტანა სესხის დასაფარად“, „შემოსავლები სესხის დასაფარად“ (ტომი I, ს.ფ.115-126);

- სს „ხ.ბ–ი“ საქართველოში ლ.ჯ–ძის ანგარიშზე ჩარიცხული თანხებით თავდაპირველად იფარებოდა დარიცხული პირგასამტეხლო, შემდეგ საპროცენტო სარგებელი, და ბოლოს, სესხის ძირი თანხა.

12. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეებს სურთ, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხთან დაკავშირებით შეტანილი თანხების კანონსაწინააღმდეგოდ მიმართვის მოტივით (დაფარვის რიგითობა), მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს), 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) და ამავე კოდექსის 319-ე მუხლები (კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარში ვრცელი მსჯელობა, მოპასუხის მიერ სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით დადგენილი მოწესრიგების დარღვევისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი კანონისგან განსხვავებული წესით განკარგვის თაობაზე, უადგილოა და განსახილველი დავის მიმართ, რაიმე სამართლებრივ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან კანონის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ აკისრია რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება (იხ. სუსგ. საქმე Nას-1381-2018, 2019-06-28). მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც საქმეზე უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი), საუბარია არა რამდენიმე ვალდებულების შესრულებაზე, არამედ ერთი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, დამატებით ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ეს არგუმენტი სამართლებრივად დაასაბუთოს.

14. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორების ვერც ის მსჯელობა, რომ მხარეთა შორის მოტყუების გამო არ არსებობდა შეთანხება ბანკის სასარგებლოდ გადახდილი თანხის, სარგებლის ნაცვლად ძირითად ვალდებულებაში ჩათვლასთან დაკავშირებით (კასატორი უთითებს, რომ სხვაგვარ შემთხვევაში არცერთი გონიერი ადამიანი ამ ხელშეკრულებას არ გააფორმებდა), რადგანაც ამგვარი შეთანხმების არსებობა და, აქედან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება, საქმის მასალებით არ დგინდება. უფრო მეტიც, ხელშეკრულების 2.14 მუხლის თანახმად, კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული სარგებლის დაფარვის ნაწილში ვადაგადაცილებული დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში ბანკის მიერ მსესხებლის და ან თანამსესხებლის ანგარიშებიდან ჩამოჭრილი ან მსესხებლის (თანამსესხებლის) მიერ ბანკში გადახდილი თანხები ბანკის მიერ მიემართება დავალიანების დაფარვისთვის შემდეგი თანმიმდევრობით: კრედიტის საურავის, ჯარიმების დაფარვის მიზნით ბანკის მიერ გაწეული ხარჯი, პირგასამტეხლოს თანხა, დარიცხული სარგებლის თანხა, კრედიტის თანხა. ამასთან, ბანკი უფლებას იტოვებდა, დამოუკიდებლად განესაზღვრა წინამდებარე სახელშეკრულებო დანაწესისგან განსხვავებული დაფარვის რიგითობა (იხ. ტომი I, 22-30). აღნიშნული დანაწესისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორებმა სადავო გარიგების მოტყუებით დადების დადასტურება ვერ მოახერხეს სამოქალაქო პროცესში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობდა. ამასთან, დადგენილია, რომ მხარემ, რომელიც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის (იხ. სუსგ. საქმე Nას-1117-1051-2015, 20.01.2016 წ; Nას-1382-2018, 25.01.2019; Nას-1126-2021, 29.05.2023, №ას-1215-2018, 29 მარტი, 2019 წელი, №ას-212-201-2017, 15.05.2017; №ას-15-15-2016, 1.03.2016).

15. კასატორთა მითითებების საწინააღმდეგოდ, რომელიც თავდებისა და თანამსესხებლისთვის სათანადო ინფორმაციის მიუწოდებლობას მიემართება, საქმის მასალებში წარმოდგენილია ბანკის მიერ მათთვის (მსესხებლისა და თანამსესხებლისთვის) გაგზავნილი შეტყობინებები (ტომი I, ს.ფ. 171-174), საიდანაც ირკვევა, რომ მსესხებელსა და თანამსესხებელს ეცნობათ ვალდებულების შეუსრულებლობისა და მასთან დაკავშირებული შედეგების თაობაზე. რაც შეეხება რ.ჯ–ძის, როგორც თავდების ინფორმირებულობის დარღვევის თაობაზე შედავება უსაფუძვლოა, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილია მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულება, რის გამოც რ.ჯ–ძეზე ვერ გავრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა თავდების ინფორმირებულობის დარღვევის დროს მისი პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრის შესახებ (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-829-2023 9 თებერვალი, 2024 წელი). ასევე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ რ.ჯ–ძეს, როგორც იპოთეკარს, შეეზღუდა მისთვის კანონით მინიჭებული რაიმე უფლების გამოყენების შესაძლებლობა, რაც საკასაციო საჩივარს ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელს ხდის.

16. საკასაციო პალატის განსჯით წარმატების პერსპექტივა არ აქვს კასატორთა არც იმ შედავებას, რომ ბანკი თანხმობის გარეშე ახორციელებდა მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერას და ბანკმა მიითვისა მსესხებლის 200 აშშ დოლარი. მეტიც, კასატორების ზეპირი ახსნა-განმარტების საწინააღმდეგოდ საქმის მასალებში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით ცალსახად დასტურდება, რომ მსესხებელს თანხა ანგარიშზე შეჰქონდა - სესხის დასაფარად (დანიშნულება), რაც ბანკის თვითნებობას გამორიცხავს.

17. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებებში ასახულ სამართლებრივ მსჯელობას და დასძენს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს, ხოლო ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლად შეიძლება იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

18. ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ორგანიზაციის თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, ჩაბარებული აქვს თუ არა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არის თუ არა ადვოკატთა ასოციაციის წევრი, უფლება აქვს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელოს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში ამავე ორგანიზაციის საქმეებზე. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2018 წლის ივლისში მოპასუხე კომპანიის მიერ გ.გ–ძის სახელზე განუსაზღვრელი ვადით გაცემულ რწმუნებულებას (იხ. ტომი I, ს.ფ. 175), რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი არის ორგანიზაციის თანამშრომელი. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც საკასაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ვინაიდან გ.გ–ძე არის მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომელი, მას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არის თუ არა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, უფლება აქვს, მოპასუხის ინტერესები წარმოადგინოს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას გამორიცხავდა (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-501-2021 30 ივლისი, 2021 წელი).

18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა შედავებას დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და განმარტავს, რომ თავდაპირველ სარჩელზე მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს შესაგებელი, დაზუსტებული სარჩელთან დაკავშირებით შესაგებლის წარუდგენლობისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლი), რაც ადასტურებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან ამ საკითხის გადაწყვეტისას საპროცესო მოთხოვნები არ დარღვეულა.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია იურიდიული ხარჯის სახით გადახდილი თანხის დაკისრების შესახებ კასატორების შუამდგომლობაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, რის გამოც დაუსაბუთებელია იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი მსჯელობს მხოლოდ საკასაციო საჩივარში მოყვანილ იმ არგუმეტებსა და პოზიციებზე, რომელთაც მნიშვნელობა გააჩნიათ საქმის არსებითად გადაწყვეტის მიმართ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ლ.ჯ–ძის, ქ.ქ–ძისა და რ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ლ.ჯ–ძის, ქ.ქ–ძისა და რ.ჯ–ძის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს; ლ.ჯ–ძეს (პ/ნ .......), ქ.ქ–ძესა (პ/ნ ........) და რ.ჯ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ კ. რ–ძის (პ/ნ .....) მიერ 21.08.2023წ. №31855978 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 539 ლარის 70% – 377.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი