№ას-963-2024 23 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ს.მ–ძე, დ.ა–ძე, გ.გ–ძე, თ.მ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,მ’’ (მოპასუხე)
თავდაპირველი მოსარჩელეები - დ.ც–ი, რ.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დაუშვებელი ხელყოფის აღკვეთა, აუცილებელი გზის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ.მ–მა, დ.ც–მა, დ.ა–ძემ, ს.მ–ძემ, გ.გ–ძემ და რ.მ–ძემ სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე შპს ,,მ“-ს მიმართ, დაუშვებელი ხელყოფის აღკვეთისა და აუცილებელი გზის გამოყოფის მოთხოვნით.
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით თ.მ–ის, დ.ც–ის, დ.ა–ძის, ს.მ–ძის, გ.გ–ძის და რ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა ს.მ–ძემ, დ.ა–ძემ, გ.გ–ძემ და თ.მ–მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დანაწესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში, არსებული მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, 2023 წლის 11 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ აპელანტები - დ.ა–ძე, ს.მ–ძე, გ.გ–ძე და მათი ადვოკატი ზ.ჯ–ია (რომელიც ასევე არის აპელანტ დ.ც–ის და რ.მ–ძის წარმომადგენელი), სხდომას ასევე ესწრებოდა აპელანტი თ.მ–ი. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2023 წლის 20 დეკემბერს (ტომი 3, გვ. 265-273).
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2023 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომას, რომელზედაც გამოცხადებულ იქნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა აპელანტები - ს.მ–ძე და გ.გ–ძე. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორების მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები;
შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2024 წლის 09 (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-ე დღე) იანვრიდან არაუგვიანეს 22 იანვრის (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) დროის მონაკვეთში გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება; აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე 2024 წლის 23 იანვარი, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2024 წლის 12 თებერვალი.
დადგენილია, რომ ს.მ–ძის, დ.ა–ძის, გ.გ–ძის და თ.მ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2024 წლის 10 ივლისს, გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს ს.მ–ძის, დ.ა–ძის, გ.გ–ძის და თ.მ–ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
სასაკასიო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილ 18.07.2024 წლის აქტზე, რომლის თანახმად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება მომზადდა და ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში აიტვირთა 2024 წლის 15 მაისს, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2024 წლის 09 (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-ე დღე) იანვრიდან არაუგვიანეს 22 იანვრის (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) დროის მონაკვეთში გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება, აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1354-2019, 21.02.2020წ; №ას-1395-2020, 7.12.2020წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ს.მ–ძის, დ.ა–ძის, გ.გ–ძის და თ.მ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო საჩივარს ერთვის კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საგადახდო დავალება N22778657406), შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე, 374-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.მ–ძის, დ.ა–ძის, გ.გ–ძის და თ.მ–ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ს.მ–ძეს, დ.ა–ძეს, გ.გ–ძეს და თ.მ–ეს დაუბრუნდეს ზ.ჯ–იას მიერ 10.07.2024 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150 (საგადახდო დავალება N22778657406).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე