Facebook Twitter

საქმე №ას-1524-2022 6 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ძ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.ძ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ტ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბანკი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე დაკისრებოდა 27 800 აშშ დოლარის გადახდა.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. 2015 წელს მოსარჩელემ მშენებარე კორპუსში შეიძნა ბინა 70 000 აშშ დოლარად. ნასყიდობის საგნის საფასურიდან 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა თავად, ხოლო დარჩენილი 50 000 აშშ დოლარის მისაღებად მოპასუხესთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

2.2. მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობით, მოგვიანებით კი გააკეთა მაღალი ხარისხის რემონტი, რომლის ღირებულებამ ჯამში შეადგინა 27 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

2.3. ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ქონების მესაკუთრე საჯარო აუქციონის შედეგების საფუძველზე ბანკი გახდა, თუმცა უძრავი ქონება უკვე გარემონტებული იყო.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2015 წლის 26 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა №33.0034194.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 26 მარტს მოპასუხესა და მ.გ–ოს შორის დაიდო ნასყიდობა-იპოთეკის №33.0034194.001/01 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მ.გ–ოს საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...... და ...... ქუჩის მიმდებარე ფერდობზე მდებარე შენობა/ნაგებობა №1, სართული №2, ბინა №2 (საკადასტრო კოდი: .........) (შემდგომში - „უძრავი ქონება“);

7.2. 2015 წლის 26 თებერვლის №33.0034194.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 27 მარტს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №33.0034194.001-001, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეზე გაიცა სესხი - 50 000 აშშ დოლარი;

7.3. 2015 წლის 26 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა NEXT საკრედიტო ბარათით №33.0034194.001-004 ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 3 500 ლარი, ხოლო 2017 წლის 29 დეკემბერს ასევე გაფორმდა საბანკო კრედიტის №33.0034194.001-005 ხელშეკრულება, კრედიტის მთლიან თანხად განისაზღვრა 39 935.00 აშშ დოლარი;

7.4. 2016 წლის 5 ივლისს მოსარჩელე, ზემოაღნიშნული ნასყიდობა-იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ; აღნიშნული უძრავი ქონების 1/10 ნაწილის თანამესაკუთრეს კვლავ წარმოადგენდა მ.გ–ო.

7.5. 2016 წლის 29 ივლისს მოპასუხეს და შპს ,,გ.ტ.ს.გ–ს’’ შორის გაფორმდა №TB.0298594.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება.

7.6. 2016 წლის 1 აგვისტოს აღნიშნული გენერალური ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე გაფორმებული/გასაფორმებელი სხვა შემადგენელი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და მ.გ–ოს და მეორე მხრივ, მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის №TB.0298594.001/01 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელისა და მ.გ–ოს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

7.7. 2017 წლის 29 დეკემბერს მოპასუხესა და შპს ,,გ.ტ.ს.გ–ს’’ შორის №TB.0298594.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 22 965 აშშ დოლარი;

7.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 18 აგვისტოს №A19069372-014/003 განკარგულების თანახმად, მოვალე დ.ძ–იასა და მ.გ–ოს თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შემძენი 2019 წლის 29 ივლისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს ,,ტ–ი’’;

7.9. აღნიშნული განკარგულების თანახმად, სს ,,ტ–მა’’ უძრავი ქონება შეიძინა 172 800 ლარად და მან თანხა გადაიხადა სრულად;

7.10. განკარგულების თანახმად, აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის - სს ,,ტ–ის’’ სასარგებლოდ (საფუძველი: ნასყიდობა/იპოთეკის ხელშეკრულება №33.0034194.001/01, დამოწმების თარიღი: 26/03/2015 და იპოთეკის ხელშეკრულება №TB.0298594.001/01, დამოწმების თარიღი 01/08/2016);

7.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 18 აგვისტოს №A19069372-014/003 განკარგულების საფუძველზე, 2019 წლის 23 აგვისტოდან უძრავი ქონების მესაკუთრე ბანკია.

8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე და 308-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ თავად იპოთეკის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების ბუნება განაპირობებს იმას, რომ მისი რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მოხმარდეს კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იპოთეკის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, მოპასუხე არ გამდიდრებულა იმით, რომ მან აუქციონზე შეიძინა გარემონტებული უძრავი ქონება - იპოთეკის საგნიდან ამონაგები თანხით კრედიტორმა დაფარა შესაბამისი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები/ვალდებულების ნაწილი. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე, არ ქმნის მოპასუხისთვის თანხის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.

10. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხე არ გამდიდრებულა აუქციონზე შეძენილი გარემონტებული ბინით, საქმეში წარდგენილია სხვადასხვა მტკიცებულებები [სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 174-175); წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 176-179) და განაცხადი სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ (ს.ფ. 181-182)]. სწორედ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. ასევე წარდგენილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 183) აუქციონის შედეგად ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ, რომლის თანახმად, უძრავ ქონებაში გადახდილი 172 800 ლარი (კურსით 1 აშშ დოლარი - 2.9346 ლარი) განაწილებულია შემდეგნაირად: სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე გადარიცხული საფასური - 690.10 ლარი, 1 331.99 ლარი; კრედიტორისთვის გადარიცხული თანხა - 144 060.60 ლარი, 20 588.45 ლარი და კერძო აღმასრულებლისათვის გადარიცხული თანხა - 7 131.72 ლარი და 1 019.23 ლარი. აღნიშნული განკარგულების თანახმად, კრედიტორის მოთხოვნის გათვალისწინებით, მოვალისთვის რაიმე ოდენობის თანხა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. შესაბამისად, უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მოპასუხემ მიმართა მოსარჩელისვე ნაკისრი ვალდებულებების გადასახდელად. შესაბამისად, კრედიტორი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა.

11. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება იქნებოდა შავ კარკასულ მდგომარეობაში, შესაბამისი იქნებოდა მისი რეალიზაციის ფასიც და მისგან ამონაგები თანხიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებაც. ის ფაქტი, რომ მოპასუხემ გარემონტებული უძრავი ქონება გაიტანა აუქციონზე სარეალიზაციოდ, არ მიუთითებს მის უსაფუძვლო გამდიდრებაზე. შესაბამისად, სახეზე არ არის უსაფუძვლო გამდიდრებისათვის აუცილებელი ელემენტების ერთობლიობა - უპირველესად არ დასტურდება მოპასუხის გამდიდრების ფაქტი. მოპასუხემ, როგორც კრედიტორმა კანონით და ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულების დასაფარად მოახდინა უძრავი ქონების რეალიზაცია.

12. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

13. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

13.1. გაუგებარია რომელი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლით იხელმძღვანელეს სასამართლოებმა, როდესაც დაადგინეს კონდიქციური ვალდებულების არარსებობის ფაქტი, მოპასუხის მხრიდან სათანადო და ამომწურავი დასაბუთებული შედავების გარეშე;

13.2. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის განმარტებით, კასატორმა მიუთითა, რომ სახეზეა მოპასუხის კონდიქციური ვალდებულება. მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულება არსებობდა, რომელიც ბანკის ინიციატივით შეწყდა;

13.3. სსკ-ის 979-ე მუხლის შესაბამისად, უკან დაბრუნებას ექვემდებარება კასატორის მიერ სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხები - სრული მოცულობით, რამდენადაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია (რემონტი უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს), ხოლო თავად რემონტის „სუროგატი“ (სანაცვლო შემოთავაზება) ბუნებაში არ არსებობს;

13.4. მოსარჩელემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ბინა შავ კარკასულ მდგომარეობაში შეიძინა, ხოლო შემდგომ თავისივე სახსრებით გაარემონტა, რითაც გააუმჯობესა იპოთეკით დატვირთული ნივთის მდგომარეობა. უსაფუძვლო გამდიდრება, მათ შორის, გულისხმობს ქონების დაზოგვას, რასაც წინამდებარე საქმის ფარგლებში აქვს ადგილი, კერძოდ, მოსარჩელის ხარჯზე, მოპასუხემ დაზოგა ქონება;

13.5. მოსარჩელემ გასწია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რამდენადაც სარჩელს ერთვოდა მოთხოვნის არსებობის/გაანგარიშების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას. მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი დაუსაბუთებელი იყო, რამდენადაც არ მიუთითებია სსსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დაბრუნების კონდიქციის გამომრიცხველ არცერთ გარემოებებზე;

13.6. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტებებზე (იხ. სუსგ საქმე №ას-456-805-07; №ას-565-540-2016; №ას-303-285-2014) (იხ. საკასაციო საჩივარი);

13.7. კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ მხოლოდ კანონით ან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს თანხის ის ნამატი მოცულობა, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, შესაბამისად, გარემონტებული უძრავი ქონების შეძენით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა;

13.8. საკასაციო საჩივარი დასაშვებია, რამდენადაც სახეზეა სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, „სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან“ და „სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე“;

13.9. რამდენადაც უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოები კასატორმა საკუთარი ფინანსური სახსრებით შეასრულა და ამჟამად მას არ აქვს ამ სახსრებით სარგებლობის უფლება, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ხელყოფილია კასატორის საკუთრების უფლება, რაც ზემოთ ციტირებული საკანონმდებლო ნორმის „ვ“ პუნქტით განსაზღვრულ გარემოებას ქმნის (იხილეთ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 20.03.1952 წლის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი წინადადება: „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება“);

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე.

20. კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, რამდენადაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო უძრავი ქონება (რომელიც შემდგომში ბანკმა მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკუთრებაში აღირიცხა) არ იყო გარემონტებული, ხოლო შემდგომში ქონების გაუმჯობესება და, შესაბამისად, სარემონტო სამუშაოების შესრულება მოსარჩელემ უზრუნველყო. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ქონების აუქციონზე შეძენით მოპასუხე გამდიდრდა, რამდენადაც გაზრდილი იყო იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება.

21. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, კონდიქციური ვალდებულების გამომრიცხველი გარემოებების არსებობის საკითხი.

22. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

23. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე №ას-360-342-2015, 03 ივნისი, 2015 წელი).

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე, მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ №ას-653-621-2013, 2015 წლის 27 აპრილი). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 2012 წლის 4 აპრილი).

25. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე განჩინების 23-ე-24-ე პუნქტებში მითითებული პირობები, რომელიც საჭიროა სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად კუმულატიურად უნდა არსებობდეს, შესაბამისად, თუ ერთ-ერთი პირობა მინც არ დაკმაყოფიკლდება გამოირიცხება იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რაც წინამდებარე საქმის ფარგლებში, მოსარჩელეს სურს.

26. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

27. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

28. ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების ინსტიტუტიც, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს ზემოთ მითითებული სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის საფუძვლისა, წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. როგორც წესი, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეები მხედველობაში იღებენ კონტრაჰენტის პიროვნებას. კრედიტორი ვარაუდობს, რომ მოვალე ვალდებულებას შეასრულებს ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად (იხ. სუსგ საქმე №570-541-2015, 11.11.15წ.).

29. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სსკ-ის 286-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

30. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ, როგორც მოვალემ ვერ შეასრულა ბანკის წინაშე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო, თავის მხრივ, ბანკმა საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება აუქციონზე გაიტანა სარეალიზაციოდ.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე არ გამდიდრებულა აუქციონზე შეძენილი გარემონტებული ბინით, რამდენადაც საქმეში წარდგენილია სხვადასხვა მტკიცებულებებით [სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 174-175); წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 176-179) და განაცხადი სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ (ს.ფ. 181-182); სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 183)], უძრავ ქონებაში გადახდილი 172 800 ლარი (კურსით 1 აშშ დოლარი - 2.9346 ლარი) განაწილებულია შემდეგნაირად: სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე გადარიცხული საფასური - 690.10 ლარი, 1 331.99 ლარი; კრედიტორისთვის გადარიცხული თანხა - 144 060.60 ლარი, 20 588.45 ლარი და კერძო აღმასრულებლისათვის გადარიცხული თანხა - 7 131.72 ლარი და 1 019.23 ლარი. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მოპასუხემ მიმართა მოსარჩელისვე ნაკისრი ვალდებულებების გადასახდელად. აღნიშნული დოკუმენტაციისა და თანხის სხვაგვარად განაწილების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კრედიტორი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა.

32. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმისწარმოების ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად შეაფასა და ამის შემდგომ მიიჩნია, რომ არსებობდა კონდიქციური ვალდებულების გამომრიცხველი გარემოება. საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მისი განმარტებები არ იძლევა საკმარის საფუძველს, რომ განსახილველ სამართალურთიერთობას სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

33. წინამდებარე განჩინების 13.7 პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანკის მიერ წარდგენილ შესაგებელს ერთვის მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის 9.4 პუნქტის მიხედვით, "თუ იპოთეკის საგნის ღირებულება ან მისი რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მთლიანად დასაფარად, ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება და მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. ასეთ შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდევინების მიქცევა (აღსრულება) მსესხებლის სხვა ქონებასა და აქტივებზე" (იხ. ს.ფ 95-99). შესაბამისად, კვლავ დასტურდება, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, რამდენადაც თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ/ვერ დააკმაყოფილებდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნას, მას კვლავ რჩებოდა თანხის სრულად ამოღების საფუძველი.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ მითითებულ სასამართლო პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია წინამდებარე დავის ფაქტობრივი გარემოებებისგან, თუმცა კასატორის მიერ მითითებული ერთ-ერთი საქმეში განმარტებულია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეძენილი ქონების ამოღება ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა. გაუმართლებლად შეძენილ ქონებაში იგულისხმება შეღავათის, უპირატესობის, უფლების ამოღება, ე.ი. ქონებრივი ნამატის ამოღება იმ პირის სასარგებლოდ, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა და არა ქონებრივი დანაკლისის შევსება ანუ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს ქონების გადაცემის ფაქტი, რასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე ას-456-805-07, 05.10.07). სწორედ მსგავს განმარტებებს ეფუძნება წინამდებარე განჩინებაც. განსახილველ საქმეში არ დასტურდება უსაფუძვლოდ/უსამართლოდ მიღებული ქონების ფაქტი, რამდენადაც დადგენილია, რომ ბანკმა იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მიმართა.

35. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

დ.ძ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი