საქმე №ა-3760-შ-92-2024
26 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ლ–ვა (სახელის შეცვლამდე) (ვ.)
განკარგულება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის სტემფორდის რაიონის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის №PC-960 REV. 8/02 განკარგულება
დავის საგანი – გვარის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის სტემფორდის რაიონის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის №PC-960 REV. 8/02 განკარგულებით გადაწყდა და დადგინდა, რომ სახელი ი.ლ–დან ი. ვ–ზე უნდა შეიცვალოს.
2. 2024 წლის 11 ივლისს ი.ლ–ვამ (ვ.) (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“, „განმცხადებელი“) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის სტემფორდის რაიონის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის №PC-960 REV. 8/02 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. განმცხადებლის მითითებით, მან მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, თუმცა მოთხოვნა განუხილველად დარჩა, რამდენადაც სახელმწიფო ორგანომ მოსთხოვა გვარის შეცვლის შესახებ განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის სტემფორდის რაიონის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის №PC-960 REV. 8/02 განკარგულება კანონიერ ძალაშია შესული, რამდენადაც დედანი განკარგულების ასლი 2023 წლის 19 ოქტომბერს გაიცა იმ სახით, როგორითაც ის ინახება სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოში. ამასთან, განცხადებას ერთვის შუამდგომლობის ავტორის 2031 წლამდე მოქმედი და სათანადო წესით დამოწმებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტი, რომელშიც შუამდგომლობის ავტორი მოხსენიებულია ი.ვ–ად. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობის ტექსტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოები სახელის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ცნობას ცალკე დოკუმენტად არ გასცემენ.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 23 სექტემბრის №1000755413 გადაწყვეტილებაში შუამდგომლობის ავტორი მოხსენიებულია საქართველოს მოქალაქედ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით ი.ლ–ვას (ვ.) შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის სტემფორდის რაიონის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის №PC-960 REV. 8/02 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის სტემფორდის რაიონის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის №PC-960 REV. 8/02 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის სტემფორდის რაიონის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის №PC-960 REV. 8/02 განკარგულება, რომლითაც სახელი ი.ლ–ვადან ი.ვ–აზე შეიცვალა ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი.ლ–ვას (ვ.) შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის სტემფორდის რაიონის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის №PC-960 REV. 8/02 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების კონექტიკუტის შტატის სტემფორდის რაიონის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის №PC-960 REV. 8/02 განკარგულება, რომლითაც სახელი ი.ლ–ვადან შეიცვალა ი.ვ–აზე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე