Facebook Twitter

საქმე №ას-872-2024

26 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.თ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ლ–ნი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.თ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ლ–ნის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, მოპასუხეს დავალებოდა ქ. თბილისში, ......., E1 კორპუსში მდებარე №122 ბინაში არსებული ხმაურის დონე მიესადაგებინა სანიტარული ნორმებით გათვალისწინებულ ნორმატივებისათვის, კერძოდ, მძიმე ნივთების დაგდებით, გადაადგილებითა და კარის ჭრიალით გამოწვეული ხმაურის დონე ღამის საათებში (22:00 საათიდან 07:00 საათამდე) დასაშვებ ნორმებში ყოფილიყო ისე, რომ ამგვარ ქმედებებს არ გამოეწვიათ მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე - ქ. თბილისი, ........., კორპუსი E1, ბინა №111) შეღწევა.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელე ცხოვრობს ქ. თბილისში, ....., E1 კორპუსში, №111 ბინაში, მე-11 სართულზე;

6.2. მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს მისი შვილი - ჟ.ჯ–ვა, რომელიც დაავადებულია მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობით ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით;

6.3. 2019 წლიდან 2022 წლამდე მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე მის საცხოვრებელ მისამართზე რამდენჯერმე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და შეადგინეს შესაბამისი რეაგირების ოქმები.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებების მიუხედავად, სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მას უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხე თავისი ქმედებით საკუთრებით სარგებლობაში ხელს უშლიდა.

8. სააპელაცი სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის გასამართლებლად შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა და საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმები წარადგინა.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით:

9.1. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ №200 ცნობით დგინდება, რომ ჟ.ჯ–ვა ამბულატორიაში მიმართვის აღრიცხვაზე 2015 წლის 1 თებერვალს დადგა; №104 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ბინა, რომელშიც მოსარჩელე ამჟამად ცხოვრობს, 2016 წლის 17 დეკემბერს გადაეცა. შესაბამისად, 2016 წლის 17 დეკემბრის შემდეგ მომხდარი მოვლენები 2015 წელს აპელანტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბუთები საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს არც ადასტურებს და არც უარყოფს;

9.2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2022 წლის 4 აპრილის ცნობას წინამდებარე საქმესთან კავშირი არ აქვს, რამდენადაც დგინდება, რომ 2022 წლის 28 მარტს 17:49 საათზე უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში მოსარჩელის კუთვნილი სატელეფონო ნომრიდან შევიდა შეტყობინება - ინციდენტის ტიპი - ფსიქიური აშლილობა. ამ შეტყობინების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, სასწრაფო ბრიგადასთან ერთად, ჟ.ჯ–ვა გადაიყვანეს მცხეთაში, საიდანაც იგი უნდა გადაეყვანათ შპს „ი–ი“ - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში (თერჯოლამედი);

9.3. 2022 წლის 28 მარტით დათარიღებული რეაგირების ოქმიდან დგინდება, რომ აპელანტმა უსაფრთხოების მართვის ცენტრს 17:49 საათზე მიმართა. ამრიგად, ცნობაში აღწერილი ინციდენტი ღამის საათებში მოპასუხის ხმაურს არ ადასტურებს;

9.4. საქმეში არსებულ ყველა რეაგირების ოქმში ასახულია მხოლოდ აპელანტის მონათხრობი და არც ერთი მათგანი მითითებას იმის თაობაზე, რომ სარჩელში აღწერილი ფაქტები მართლაც მოხდა, არ შეიცავს. პირიქით, 2019 წლის 2 ნოემბრის რეაგირების ოქმში აღნიშნულია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე ყოფნისას არანაირი ხმაური არ დაფიქსირებულა;

9.5. 2020 წლის 6 დეკემბრის რეაგირების ოქმი შეეხება არა ხმაურს, არამედ აივნიდან წყლის გადაღვრას, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ №122 ბინაში ასულ პოლიციელებს სახლში არავინ დახვდათ.

9.6. აპელანტის პოზიციას არც 2021 წლის 24 ივლისის რეაგირების ოქმი ადასტურებს, რამდენადაც მასში მითითებულია, რომ მოპასუხის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლიდან არანაირი ხმა არ ისმის და, შესაძლოა, ჭრიალის ხმა სხვა მეზობლის საცხოვრებელი ბინიდან ყოფილიყო;

9.7. 2022 წლის 20 მარტის რეაგირების ოქმის თანახმად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოიძახეს მერიის შესაბამისი სამსახური მოსარჩელისათვის კონსულტაციის გასაწევად;

9.8. 2022 წლის 14 მარტის რეაგირების ოქმი ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელიც ირიბად ადასტურებს მოსარჩელის პოზიციას, თუმცა ოქმიდან არ დგინდება მისი შედგენის დრო, ხმაურის სახე, ინტენსივობა და მისი გამოწვევის მიზეზი. მხოლოდ ამ ოქმის საფუძველზე იმის დადგენა, რომ მოპასუხე ღამის საათებში იატაკზე მძიმე ნივთებს ყრის, აადგილებს და კარებს აჭრიალებს, შეუძლებელია.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და მართებულად არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

12. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

12.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა შშმ პირის უფლებები და უპირატესობა არ მიანიჭა მას, პირიქით მიუთითა სამეზობლო თმენის ვალდებულებაზე;

12.2. კასატორს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში, რამდენადაც ბინაში ცხოვრება გაუსაძლისია და საფრთხეს უქმნის მისი შვილის ჯანმრთელობას. მოპასუხე არ წყვეტს ღამის საათებში ხმაურს;

12.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის №297/ნ ბრძანებით სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში, საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიებზე ინფრაბგერის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ სანიტარული ნორმების ცხრილი 3-ით განსაზღვრულია ბინების საცხოვრებელ ოთახებში, საცხოვრებელ სათავსებსა და საძინებელ სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე (LA-MAX) 07:00-23:00 საათამდე - 55 დბ, ხოლო 23:00-07:00 სთ-მდე - 45 დბ. უახლესი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედებისგან ადამიანების დასაცავად იქნა მიღებული 2017 წლის 15 აგვისტოს ტექნიკური რეგლამენტია, რომლითაც დადგინდა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებსა და განაშენიანების ტერიტორიაზე. რეგლამენტის მიხედვით, საცხოვრებელ და საძილე სათავსებში ხმაურის დასაშვები დონე საცხოვრებელ და საძილე ოთახებში დღისით 35 დბ-ს, საღამოს 30 დბ-ს და ღამით 30 დბ-ს შეადგენს;

12.4. მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის არათანაბრად გადანაწილდა, კასატორს არ მიეცა მოწმეთა ამორიცხვის საშუალება. მოწმეებთან მოსარჩელე კონფლიქტურ ურთიერთობაშია. შესაბამისად, დაუშვებელია სასამართლო დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებებს. მოპასუხეს კი მოწმეთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია;

12.5. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ არ დასტურდება ხელშეშლის ფაქტი. საქმეში წარდგენილია საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმები.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა უკანონო ხელშეშლას.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - „სსკ“) 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამდენად, საკუთრების უფლების შინაარსი განისაზღვრება პოზიტიური და ნეგატიური უფლებამოსილებებით (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, მუხ. 147-315, 170-ე მუხლის კომენტარი, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2018, გვ. 75).

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აღძრული ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1250-2018, 21.12.2018 წ; №ას-826-2021, 17.11.2021).

21. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მეზობლები არიან, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნით ხმაურის აკრძალვაა მოთხოვნილი, შესაბამისად, წინამდებარე დავა სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენებით უნდა შეფასდეს.

22. სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

23. სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, ეხება თითოეული მესაკუთრის ვალდებულებას ქონებით სარგებლობისას პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება. სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას (იხ. სუსგ №ას- 413-396-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას - ვინც უარყოფს.

25. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რასაც კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ ბედს. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელის ზეპირი განმარტება და სადავო ურთიერთობის მისეული შეფასება საკმარისი არ არის, არამედ აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, იქნება ეს წერილობითი დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები თუ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მტკიცებულება (იხ. სუსგ საქმე №ას-1320-2019, 14.01.2020).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს წინამდებარე განჩინების 12.4 პუნქტში აღნიშნულ კასატორის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით. სასამართლო მოპასუხეს ვერ დააკისრებდა უკანონო ხელშეშლის არ არსებობის დამტკიცების ვალდებულებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს თავად არ დაუდასტურებია ამგვარი გარემოების არსებობის ფაქტი. სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მოპასუხე თავისი ქმედებით საკუთრებით სარგებლობაში ხელს უშლიდა. ამავე პუნქტში აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მოწმეთა ჩვენებებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს, არამედ სააპელაციო პალატას შეფასებული აქვს საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმები.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-839-805-2016, 06.03.2017).

28. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა მასზე ან მის ქონებაზე მოპასუხის მხრიდან ზემოქმედების ფაქტი, თუმცა მან საკუთარი განმარტებების გარდა სხვა მტკიცებულებებზე ვერ მიუთითა, რაც შეეხება საქმეში არსებულ საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმებს აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ისინი მოპასუხის მხრიდან ღამის საათებში ხმაურის ფაქტს არ ადასტურებს (იხ. წინამდებარე განჩინების 9.1-9.8 პუნქტები). შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიუღებლობის შემთხვევაშიც კი, ვერ დასტურდება მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის არსებობა.

29. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 12.3 პუნქტში მითითებულ პრეტენზიას, საქმის მასალებით არ დასტურდება ხმაურის გაზომვის და განსაკუთრებით მითითებული ბგერითი წნევის დონის (დბ) გადაჭარბების ფაქტი.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, მართლზომიერად დაადგინა უკანონო ხელშეშლის არ არსებობის ფაქტი.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1320-2019, 14.01.2020; ას-1519-2019, 24.01.2020).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე