Facebook Twitter

7 ივნისი, 2024 წელი,

საქმე №ას-1279-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ია

არასრულწლოვანი - ი.მ–ია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - შვილად აყვანის გაუქმება (სარჩელში)/შვილად აყვანის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

პალატამ გამოარკვია :

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გურიის რეგიონულმა ცენტრმა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“, „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო“) სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ლ.მ–იას (შემდგომში - „მშვილებელი“, „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, მშობლის მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, არასრულწლოვან ი.მ–იას (შემდგომში - „არასრულწლოვანი“, „ბავშვი“) შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნით შეგებებული სარჩელით მიმართა მოპასუხემ.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. მშვილებლის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

3.გაუქმდა 2018 წლის 15 აგვისტოს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მშვილებლის მიერ ბავშვის შვილად აყვანა; ბათილად იქნა ცნობილი მოწმობა N42186002188, აქტის ჩანაწერი N44201011585. შესაბამისად, ცვლილება შევიდა არასრულწლოვნის სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, დედისა და ბავშვის გვარის გრაფებში. ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემები დარჩა უცვლელად.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე პუნქტები) და მოითხოვა: გაუქმდეს შვილად აყვანა ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; გაუქმდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.3, ს.ფ. 11-23). ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სააპელაციო საჩივარი წარდგენილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტებზე, რომლითაც ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, იმ მოტივით, რომ დაუშვებელია გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლოს განმარტებით, აპელანტი, რომლის სასარჩელო მოთხოვნაც დაკმაყოფილდა, სააპელაციო წესით ასაჩივრებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, რაც დაუშვებელია და მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, სადავო გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. პალატის განსჯით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით აღმოიფხვრა მოსარჩელის პრეტენზიაც და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება, საქმის განსახილველად დაბრუნება:

6.1. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრების შესახებ სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, მშვილებლის მიმართ დაკისრებული მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობის მითითების გარეშე, რაც სარჩელის ერთ-ერთ მთავარ იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს.

6.2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ შვილად აყვანა მშვილებლისთვის (მშვილებლებისთვის) დაკისრებული მშობლის მოვალეობების შეუსრულებლობის გამო გაუქმდა, ბავშვს მშვილებლისგან (მშვილებლებისგან) ალიმენტის მიღების უფლება უნარჩუნდება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის მართლზომიერება.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) იმ დანაწესზე, რომლითაც მოწესრიგებულია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, კერძოდ, სსსკ-ის 364-ე მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

11. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, სახელდობრ, სსსკ-ის 364-ე მუხლის შინაარსობრივი და ლოგიკური განმარტების შედეგად გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ინსტიტუტი წარმოადგენს იმგვარ პროცესუალურ შესაძლებლობას, რომ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით, დაინტერესებულ მხარეს მიეცეს უფლება იდავოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე (სუსგ Nას-545-517-2015, 01.07.2015წ.).

12. გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი (შდრ. სუსგ Nას-545-517-2015, 01.07.2015წ.; Nას-248-2023 10.05.2023წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სსსკ-ის 364-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და საპროცესო კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და მათი ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება (სუსგ Nას-286-274-2015, 06.04.2015წ.).

13. სსსკ-ის 249-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველია, მასში უნდა აისახოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, სასამართლოს დასკვნები – გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძვლად დადებული ფაქტების არსებობა-არარსებობისა და მათი სამართლებრივი შეფასების შესახებ. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ.

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარდგენილი ძირითადი სარჩელი, ისე მშვილებლის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი და სააპელაციო საჩივარიც წარდგენილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტებზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და შეგებებული სარჩელი (სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მეორე პუნქტები). შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებს მისი წარდგენის ფორმალურ მოთხოვნებს, კერძოდ, წარდგენილია გადაწყვეტილებაზე, რომლითაც, ერთი მხრივ, ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული სარჩელი და, მეორე მხრივ, - შეგებებული სარჩელი. ზემოაღნიშნული პროცესუალური საკითხის განსხვავებულად განმარტება საჭიროებს დამატებით კვლევას და შესაბამის ობიექტურ, გონივრულ დასაბუთებას, რასაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს (სსსკ-ის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ეტაპზე. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების, დაკმაყოფილებაზე უარის ფარგლები, განსაზღვროს სააპელაციო გასაჩივრების ობიექტი და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გადაწყვიტოს არსებობს თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

16. აქვე საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლო კერძო საჩივარს აკმაყოფილებს და გასაჩივრებულ განჩინებას აუქმებს საპროცესოსამართლებრივი საფუძვლით და არ მსჯელობს სარჩელის/შეგებებული სარჩელის მართებულობასა თუ დასაბუთებულობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმავე ეტაპზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია