Facebook Twitter

11 ივნისი, 2024 წელი,

საქმე № ას-420-2024

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ს.გ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - შ.გ–ია

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.გ–იამ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შ.გ–იას (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების, სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს განმარტებით, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გაშვება განპირობებული უნდა იყოს არა სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით, არამედ ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ისეთი საპატიო მიზეზის არსებობა, რომლის გამოც ის ვერც პირადად და ვერც წარმომადგენლის მეშვეობით ვერ შეძლებდა სამკვიდროს მიღებას მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან არა მხოლოდ პირველი ექვსი თვის, არამედ მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაშიც, 2012 წლამდე.

3.გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით – აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების თანახმად, აპელანტმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, რომ სულ მცირე, ცხრა წლის განმავლობაში მაინც კანონით დადგენილი არცერთი ფორმით სამკვიდროს მიღება ობიექტურად არ შეეძლო. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის აზრი, რომ 2004 წლის 9 იანვრის ჩათვლით, მან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა საპატიოდ გაუშვა, (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი) თუმცა ამის შემდეგ, მისთვის სამკვიდროს მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები აღარ არსებობდა. 2004 წლის 9 იანვრიდან სამკვიდროს მიუღებლობის ერთადერთ საპატიო მიზეზად აპელანტმა მეუღლის ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობა დაასახელა. აღნიშნული პოზიციის დასამტკიცებლად, აპელანტს სასამართლოსათვის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია არ წარუდგინია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით, კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე", "ვ" ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის, 2 000 (ორი ათასი) ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

6.1. კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

7.3. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:

7.4.1. სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის I ნაწილი (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336-ე მუხლის I ნაწილი (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები...), 1421-ე მუხლის II ნაწილი (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო), 1421-ე მუხლის III ნაწილი (თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი), 1424-ე მუხლი (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე მუხლი (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან), 170-ე მუხლის I ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 54-ე მუხლი (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს - სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, აუცილებელია, მემკვიდრემ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (სსკ-ის 1424-ე მუხლი), (შდრ. იხ. სუსგ. #ას-283-268-2017, 07.07.2017; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ;

7.4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „სსკ-ის 1426-ე მუხლის I ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დაადგენს ვადის გაშვების საპატიოობას. გაშვებული ვადის საპატიოდ ან არასაპატიოდ მიჩნევა სასამართლოს შეხედულებით წყდება და იგი უნდა ემყარებოდეს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსთვის (სსსკ-ის 105-ე და 102-ე მუხლები). ამ უკანასკნელის განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველი შემთხვევის თავისებურებითა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს“ (სუსგ: №ას-13 1101-1021-2017). საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „საპატიოობას ორი მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გააჩნდეს: ა) თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება ცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე და ბ) თუ მემკვიდრემ ვადა გაუშვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც მას ობიექტურად არ აძლევდა საშუალებას, მიეღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში და მხოლოდ ამ დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ შეძლო მან სასამართლოსათვის მიმართვა“ (სუსგ. №ას-655-621-2015)

7.4.3. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მამკვიდრებელი 2003 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა და ამის თაობაზე აპელანტი იმთავითვე ინფორმირებული იყო, სსკ-ის 1424-ე მუხლის თანახმად, მას სამკვიდრო 2003 წლის 5 ივნისიდან ექვსი თვის ვადაში, ე.ი. 2003 წლის 5 დეკემბრამდე უნდა მიეღო, მაგრამ საამისოდ არაფერი მოუმოქმედებია. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო 1423-ე მუხლის შესაბამისად კი, სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. ამ ნორმათა საფუძველზე, კასატორს უნდა დაემტკიცებინა, სულ მცირე, ცხრა წლის განმავლობაში მაინც კანონით დადგენილი არცერთი ფორმით სამკვიდროს მიღება ობიექტურად არ შეეძლო. პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ 2004 წლის 9 იანვრის ჩათვლით, მან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა საპატიოდ გაუშვა, თუმცა ამის შემდეგ, მისთვის სამკვიდროს მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები აღარ არსებობდა. რაც შეეხება 2004 წლის 9 იანვრიდან სამკვიდროს მიუღებლობის ერთადერთ საპატიო მიზეზად მეუღლის ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის დასახელებას, იმის დასადასტურებლად, რომ 2004 წლიდან სამკვიდროს მიღებაში ხელს ყოფილი მეუღლის ავადმყოფობა უშლიდა, აპელანტს სასამართლოსათვის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია არ წარუდგენია.

7.4.4. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პოზიციას მის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება, მოწმის ჩვენებაც კი არ ადასტურებს. საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს, უნდა ეფუძნებოდეს შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებას წარმოადგენს მისი ავადმყოფობისა და მკურნალობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია, ერთი მოწმის - დამხმარე/მომვლელის ჩვენება კი საკმარის მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება.

7.5. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

7.6. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. (სსსკ-ის 407-ე მუხლი).

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი არ აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 2 000 (ორი ათასი) ლარი, მას უნდა დაევალოს ხსენებული თანხის 30%-ის 600 (ექვსასი) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 399-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.გ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ს.გ–იას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 2 000 (ორი ათასი) ლარის 30%-ის 600 (ექვსასი) ლარის გადახდა.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია