4 ივლისი, 2024 წელი,
საქმე №ას-230-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი (მოპასუხე) – შპს ,,ე.პ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ც–ი“
II კასატორი – შპს „ც–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ე.პ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ც–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან გამყიდველი) და შპს ,,ე.პ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე ან მყიდველი) შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რომლის ფარგლებში, შემდგომი გადახდის პირობით, მოსარჩელე მოპასუხეს საქონელს აწვდიდა.
2. მხარეებს შორის ანგარიშსწორებები პერიოდული დაგვიანებებით სრულდებოდა, თუმცა საბოლოოდ, მიწოდებული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილის ღირებულება მოპასუხემ აანაზღაურა.
3. დავის გადაწყვეტის დროისთვის დავალიანებამ 8 780.56 ლარი შეადგინა.
4. მყიდველის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გამყიდველმა, რომელმაც მოითხოვა:
4.1. მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი დავალიანების - 8 780.56 ლარის დაკისრება;
4.2. ზიანის ასანაზღაურებლად, მოპასუხისთვის, 2018 წლის 24 იანვრიდან ვადის გადაცილებით გადახდილი თანხის - 165 361.7 ლარის 0.034 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრება, რაც წლიურ 12.5 %-ს შეადგენდა;
4.3. ზიანის ასანაზღაურებლად, მოპასუხისთვის, 2018 წლის 24 იანვრიდან 8 780.56 ლარის სრულად გადახდამდე ყოველწლიური 12.5% სარგებლის დაკისრება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით:
5.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
5.2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 8 780.56 ლარის გადახდა დაეკისრა;
5.3. 2018 წლის 24 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 780.56 ლარის წლიური 8%-ის გადახდა;
5.4. ზიანის ასანაზღაურებლად 2018 წლის 24 იანვრიდან ვადის გადაცილებით გადახდილი თანხის (165 361.7 ლარის) 0.034%-ის (წლიური 12.5%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათი გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისად მიიჩნია.
7.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისთვის 2018 წლის 24 იანვრიდან ვადის გადაცილებით გადახდილი თანხის - 165 361.7 ლარის 0.034 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (რაც წლიურ 12.5 %-ს შეადგენდა) დაკისრების საფუძვლის არსებობის თაობაზე, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს საქმეზე არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად არ მიიღო, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით.
აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია დასაშვები, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 380-ე მუხლი). ასეთ გარემოებაზე კი, მოსარჩელემ ვერ მიუთითა.
7.3. სააპელაციო სასამართლომ არც მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითება გაიზიარა, რომ არასწორად დადგინდა 8 780.56 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტი, ვინაიდან სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება; მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი მითითებული ვალდებულების შესრულებას: მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც მის მიერ ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა.
ფულადი ვალდებულების ნაწილის შესრულების დასადასტურებლად მოპასუხემ გადარიცხვების შესახებ საბანკო დოკუმენტები წარმოადგინა, ხოლო 8 780.56 ლარის ოდენობით დავალიანებასთან მიმართებით, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
რაც შეეხებოდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ შემხვედრი მოთხოვნების, არალიკვიდური და უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ღირებულების მხედველობაში მიღებით, არასწორად მოხდა მისთვის 8 780.56 ლარის დაკისრება, ასევე ვერ იქნა გაზიარებული, რადგან მხარეთა შორის ურთიერთგაქვითვის, ასევე არალიკვიდური და უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ღირებულებაზე მხარეთა შეთანხმება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
7.4. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ფულს ყველა შემთხვევაში ანიჭებს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ საბანკო პროცენტის სახით გარკვეული პერიოდული შემოსავალი.
ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ წარმოადგინა.
8.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლად მოსარჩელე შემდეგზე მიუთითებს:
- სასამართლო სხდომაზე წარმოთქმული განმარტებებისა და არსებული მტკიცებულებების მიუხედავად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია მოპასუხეს 2018 წლის იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში მიეწოდა, რაც საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებებს არ შეესაბამება. პროდუქციის ბოლო ნაწილი მოპასუხეს 2017 წლი 29 დეკემბერს მიეწოდა. ვინაიდან დასტურდება როგორც დაგვიანებით მიწოდებული პროდუქციის მოცულობა ისე ღირებულება სასამართლოს წლიური საპროცენტო სარგებელი დაგვიანებით ანაზღაურებული საქონლის სრულ მოცულობაზე უნდა დაეკისრებინა.
8.2. მოპასუხის საკასაციო საჩივარი ასეა დასაბუთებული:
- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელე შემოსავალს მიიღებდა, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თანხებს იგი დეპოზიტზე განათავსებდა. მიუღებელ შემოსავლად არ შეიძლება განხილულ იქნეს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაუხდელობით გამოწვეული ზიანი. მიუღებელი შემოსავალი, თავისი ბუნებით, წმინდა ეკონომიკური დანაკარგია, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების პირობებში ადგილი არ ექნებოდა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტისა და 17 აპრილის განჩინებებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს "ე.პ–ის" და შპს "ც–ის" საკასაციო საჩივრები ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც 2018 წლის 24 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხის მხრიდან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რასაც შემდეგი არგუმენტაციით ასაბუთებს:
ზემომითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა, სადაც განმარტებულია, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან მიმართებით მიდგომა განსხვავებულია, რაც ფულის განსაკუთრებული თვისებით, კერძოდ, სყიდვითუნარიანობით არის გამოწვეული და, ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს.
ფული ყოველვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება შესძინოს, არამედ, საბანკო პროცენტის სახით გარკვეული პერიოდული შემოსავალიც მიაღებინოს. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა, კერძოდ, მოსარჩელეს ზიანი იმ ოდენობით აუნაზღაურა, რასაც იგი საბანკო სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების შემთხვევაში მიიღებდა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილი განმარტება განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ვერ იქნება გამოყენებული, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითვე დადგენილია, შემდეგი:
თუკი დავა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების არადროული შესრულების გამო გასესხებული თანხის მოცდენით (სარგებლის მიუღებლობა) კრედიტორის მიერ განცდილ ზიანს არ შეეხება, მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედის სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. სუსგ.-ები: №ას-884-2022, 27.04.2022; №ას-964-2018, 01.04.2020; №ას-81-2020, 02.03.2020; №ას-1178-1098-2017, 26.03.2019; №ას-771-720-2017, 03.11.2017წ; №ას-459-438-2015, 07.07.2015).
მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის გამო მიყენებული ზიანის მოპასუხეთათვის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველს სსკის 411-ე მუხლის წინაპირობების არარსებობა ქმნის. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება შეეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.
იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15).
აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 411-ე მუხლი როგორც სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმა, თანაბრად გამოიყენება როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით, აგრეთვე კანონისმიერი ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას (იხ. გიორგი რუსიაშვილი/გიორგი ბათლიძე, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის კომენტარი, წიგნის სამი, გვ. 724) მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
411-ე მუხლის მიზნებისათვის სავალდებულოა, მოსარჩელე მიუთითებდეს, რომ თანხის დეპოზიტზე განთავსება მის ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარი ქმედების ნეგატიური შედეგები სავარაუდოა მეორე მხარისათვის. ამ ფაქტების მითითების გარეშე მიუღებელი შემოსავლის მხოლოდ თანხის დაყოვნების მოტივით მოვალისათვის დაკისრება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის პრინციპს (იხ. სუსგ. №ას-884-2022, 27.04.2022).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი სამოქალაქო საქმე სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი უზენაესი სასამართლოს განჩინებებსა თუ გადაწყვეტილებებში განხილული შემთხვევებისგან არსებითად განსხვავდება, რადგან მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და თანხის დეპოზიტზე (თუნდაც ერთეულ შემთხვევაში) განთავსების მტკიცებულების წარმოდგენით შემოსავლის დაკარგვის რეალურობის დადასტურება. ამასთან, მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც ფულადი მასის სესხის სახით გაცემასთან ასევე საბანკო დეპოზიტზე განთავსებასთან დაკავშირებული არაა, სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივი მონაწილისთვის სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების არგუმენტირებულ ვარაუდს არ ქმნის.
ამდენად, 2018 წლის 24 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით 8 780.56 ლარის წლიური 8%-ის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
12. რაც შეეხება გადაწყვეტილების დანარჩენს ნაწილებს, მათში წარმოდგენილი მსჯელობა სრულადაა გასაზიარებელი, სახელდობრ:
12.1. სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და სწორად აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი მითითებული ვალდებულების შესრულებას: მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც მის მიერ ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა.
ფულადი ვალდებულების ნაწილის შესრულების დასადასტურებლად მოპასუხემ გადარიცხვების შესახებ საბანკო დოკუმენტები წარმოადგინა, ხოლო 8 780.56 ლარის ოდენობით დავალიანებასთან მიმართებით, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთგაქვითვის, ასევე, არალიკვიდური და უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ღირებულებაზე მხარეთა შეთანხმება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოება იმის შესახებ, რომ შემხვედრი მოთხოვნების, არალიკვიდური და უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ღირებულების მხედველობაში მიღებით, არასწორად მოხდა მისთვის 8 780.56 ლარის დაკისრება.
12.2. საკასაციო პალატის შეფასებით, წარუმატებელი იყო ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისთვის 2018 წლის 24 იანვრიდან ვადის გადაცილებით გადახდილი თანხის - 165 361.7 ლარის 0.034%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (რაც წლიურ 12.5 %-ს შეადგენდა) დაკისრების საფუძვლის არსებობის თაობაზე მოსარჩელის პოზიციაც, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს საქმეზე არ წარმოუდგენია. ასეთად ვერ გამოდგებოდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია დასაშვები, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, ასეთ გარემოებაზე კი, მოსარჩელეს არ მიუთითებია (სსსკ-ის 380-ე მუხლი).
13. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადების შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, 2014 წლის თებერვლიდან 2018 წლის 4 აპრილამდე პერიოდისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ სარჩელის უარყოფის ნაწილში მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, საპროცესო ხარჯის ასანაზღაურებლად მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს 300 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ც–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ე.პ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და აღნიშნულ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული;
4. 2018 წლის 24 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით შპს ,,ე.პ–ისთვის“ შპს „ც–ის“ სასარგებლოდ 8 780.56 ლარის წლიური 8%-ის გადახდის დაკისრების შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს;
6. შპს „ც–ს“, შპს ,,ე.პ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის ლარის ანაზღაურება.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე