Facebook Twitter

25 ივლისი, 2024 წელი,

საქმე №ას-588-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „მ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უვადო ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ნ.ს–ი (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) შპს „მ–აში“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, საწარმო) მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობდა. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე იყო დამოკიდებული, რაც სხვადასხვა თვეში სხვადასხვა ოდენობის თანხას შეადგენდა. მოსარჩელის ბოლო სამი თვის შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით, მისი საშუალო ხელფასი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისთვის იყო 1 283 ლარი (დარიცხული 1 637 ლარი).

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, თუმცა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი სადავოა.

3. 2023 წლის 27 ივნისს, დამფუძნებელმა პარტნიორმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად ეკონომიკურ მოგებას საწარმო ვეღარ იღებდა, რაც სამომავლოდ არსებული სახით საწარმოო პროცესის გაგრძელებას არსებითად შეუძლებელს ხდიდა. აქედან გამომდინარე, მოპასუხემ, სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის პროცედურები, მათ შორის რეორგანიზაციის პროცედურა, დაიწყო (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში - სშკ-ის 47.1. მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი), რასაც თანამშრომლების მასობრივად დათხოვნა მოჰყვა შედეგად.

4. საწარმოს დირექტორის 2023 წლის 13 ივლისის ბრძანებით, წერილობით გამოვლენილი ნებისა და სშკ-ის 47.1. მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2023 წლის 14 აგვისტოდან დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა. დასახელებული ბრძანება მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.

5. მოპასუხე საწარმო ამჟამად აღარ ფუნქციონირებს და ყველა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულებები შეწყვეტილი აქვს.

6. 2023 წლის 2 ივნისს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მისი განმარტებით, გაყიდვების მენეჯერმა ლ.ლ–მა 2023 წლის 2 ივნისს საწარმოს საერთო კრება ჩაატარა, სადაც სხვა დასაქმებულებთან ერთად მოსარჩელეს ზეპირსიტყვიერად განუცხადა, რომ მათთან შორმითი ურთიერთობა წყდებოდა და სამსახურში აღარ უნდა გამოცხადებულიყვნენ. შესაბამისად, მითითებულ დღეს, გაყიდვების მენეჯერმა, მოსარჩელეს, დამსაქმებელი საწარმოს დირექტორის ნება გააცნო, ისე, რომ არც დირექტორის ბრძანება არ უნახავს და არც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მისთვის არ განუმარტავთ.

ამდენად, 2023 წლის 2 ივნისს, სრულიად დაუსაბუთებლად, ზეპირი მითითებით, მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლეს. 2023 წლის 22 ივნისს მოსარჩელემ და სხვა დასაქმებულებმა მოპასუხე კომპანიის ოფიციალურ მეილზე მოთხოვნა გააგზავნეს, რაზეც პასუხი არ მიუღიათ. 2023 წლის 22 ივნისს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთების მოთხოვნით დასაქმებულმა დამსაქმებელს წერილობითაც მიმართა.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სშკ-ის 47.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა 2023 წლის 14 აგვისტოდან შეწყდა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 2023 წლის 2 ივნისიდან 2023 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით დარიცხული 2 597.31 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათი გათვალისწინებით მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ 2023 წლის 2 ივნისს ზეპირსიტყვიერად გამოვლენილი ნების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

გარდა ამისა, მოცემული დასკვნის ჩამოყალიბებისას, სააპელაციო სასამართლომ შემდეგი გარემობები მიიღო მხედველობაში:

- მოსარჩელის განმარტებით, 2023 წლის 2 ივნისს, გაყიდვების მენეჯერმა ლ.ლ–მა, მასთან ზეპირსიტყვიერად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საწარმოს დირექტორის ნება გააცნო, ისე, რომ დირექტორის ბრძანება არ უნახავს და არც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ განუმარტავთ.

საქმეში წარმოდგენილი იყო წერილობითი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების მიღების მიზნით მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს, ხოლო, მოპასუხე საწარმოს უფლებამოსილმა პირმა (დირექტორი) მის წარმომადგენელს წერილობით განუმარტა, რომ შრომითი ურთიერთობა მხარეებს შორის არ შეწყვეტილა და შრომითი მოვალეობების შესასრულებლად მოსარჩელე სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო. მართალია, მოსარჩელე მხარეთა შორის სატელეფონო კომუნიკაციის არსებობაზე მიუთითებდა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეზე არ არსებობდა.

- გაყიდვების მენეჯერი ლ.ლ–ი მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე არაუფლებამოსილ პირი იყო.

საწარმოს კონტროლს, დასაქმებულთან ხელშეკრულების დადებას და შეწყვეტას, საწარმოს სახელით მოქმედი დირექტორი ახორციელებდა, რომლის ზეპირი მითითებით დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლებაც საქმის მასალებით არ დადასტურდა, ხოლო, წერილობით, ასეთი ბრძანება 2023 წლის 14 აგვისტოს გამოიცა, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

- 2023 წლის 27 ივნისს, დამფუძნებელმა და 100%-ან წილის მფლობელმა პარტნიორმა საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად საწარმო ეკონომიკურ მოგებას ვეღარ იღებდა, რაც არსებითად შეუძლებელს ხდიდა სამომავლოდ არსებული სახით საწარმოო პროცესის გაგრძელებას. შესაბამისად, მოპასუხემ დაიწყო სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის პროცედურები, მათ შორის, რეორგანიზაცია, რასაც დასაქმებულების სამუშაოდან მასობრივად დათხოვნა მოჰყვა შედეგად.

- საწარმოს დირექტორის 2023 წლის 13 ივლისის ბრძანებით, წერილობით გამოვლენილი ნების საფუძველზე, 2023 წლის 14 აგვისტოდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა (საფუძველი - სშკ-ის 47.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი).

დასახელებული ბრძანება მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, რის გამოც იგი კანონიერად მიიჩნეოდა და 2023 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით რეორგანიზაციის მოტივით სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებაზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა.

- ამჟამად, მოპასუხე კომპანია აღარ ფუნქციონირებდა და შრომითი ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულთან შეწყვეტილი ჰქონდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2023 წლის 2 ივნისს ზეპირსიტყვიერად გამოვლენილი ნების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები წარუმატებელი იყო და ვერ დაკმაყოფილდებოდა.

10.2. რაც შეეხებოდა იძულებით განაცდურს, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სშკ-ის 42.1 და 58-ე მუხლების სადუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მოთხოვნა 2023 წლის 2 ივნისიდან - 2023 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, რაც 2 თვესა და 7 დღეზე გაანგარიშებით შეადგენდა დარიცხულ 2 597.31 ლარს.

ზემომითითებული დასკვნის ჩამოყალიბებისას, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმის მასალებით დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ დამსაქმებელს 2023 წლის 22 ივნისს მიმართა და სშკ-ით დადგენილი პროცედურების განხორციელება დაიწყო. 2023 წლის 23 ივნისს, მოსარჩელისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ დამსაქმებელი/უფლებამოსილი პირი მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას უარყოფდა/არ ადასტურებდა.

შესაბამისად, დასაქმებულს ვალდებულება წარმოეშვა, რომ სამსახურში შრომითი მოვალეობის შესასრულებლად გამოცხადებულიყო, ხოლო შრომითი ურთიერთობის პერიოდში, დამსაქმებელს შრომითი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება აკისრია. ამასთან, ის უფლებამოსილია დასაქმებულზე კონტროლი აწარმოოს და, დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებები გამოიყენოს.

მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელს ასეთი ღონისძიება არ გამოუყენებია, მით უფრო, რომ დასაქმებულს მცდარი წარმოდგენა ჰქონდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე.

2023 წლის 23 ივნისს დირექტორმა წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ სამსახურში შრომითი მოვალეობის შესასრულებლად გამოცხადებულიყო, თუმცა 2023 წლის 27 ივნისს, პარტნიორმა საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე იძულებითი მოცდენის დრო დასაქმებულს უნდა ანაზღაურებოდა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, ხსენებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სშკ-ის 42.1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იძულებითი მოცდენა დამსაქმებლის ბრალით უნდა იყოს გამოწვეული, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. თუკი სამუშაოს შეუსრულებლობა არცერთი მხარის ბრალით არ არის გამოწვული, დასაქმებული კარგავს შემხვედრი მოთხოვნის უფლებას. ასეთ დროს, დასაქმებულს არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ გააჩნია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი, სარჩელის დაკმაყოფილებულ (იძულებითი განაცდურის) ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებაა, რადგან სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილება მოსარჩელეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია (სსსკ-ის 264-ე მუხლი).

16. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2023 წლის 2 ივნისის ზეპირი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნათა წარუმატებლობის საფუძველი საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომლებთან მიმართებითაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს საკასაციო პალატა სრულად იზიარებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, გადაწყვეტილების ეს ნაწილი მოსარჩელეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რის გამოც იგი კანონიერ ძალაშია შესული.

17. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილ დასაბუთებას. მოცემული დასკვნის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ მხადველობაში მართებულად მიიღო საქმეზე გამოვლენილი შემდეგი გარემოებები:

- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების მიღების მიზნით მოსარჩელემ 2023 წლის 22 ივნისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს;

- 2023 წლის 23 ივნისს, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ დამსაქმებელი/უფლებამოსილი პირი მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას უარყოფდა/არ ადასტურებდა.

შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა დასაქმებულის ვალდებულებაზე - სამსახურში შრომითი მოვალეობის შესასრულებლად გამოცხადებულიყო.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის პერიოდში, დამსაქმებელს შრომითი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება აკისრია. ამასთან, ის უფლებამოსილია დასაქმებულზე კონტროლი აწარმოოს და, დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებები გამოიყენოს.

მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელს ასეთი ღონისძიება არ გამოუყენებია, მით უფრო, რომ დასაქმებულს მცდარი წარმოდგენა ჰქონდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე. 2023 წლის 23 ივნისს დირექტორმა წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ სამსახურში შრომითი მოვალეობის შესასრულებლად გამოცხადებულიყო, თუმცა 2023 წლის 27 ივნისს, პარტნიორმა საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საბოლოოდ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება 2023 წლის 13 ივლისის ბრძანებით, წერილობით გამოვლენილი ნების საფუძველზე, 2023 წლის 14 აგვისტოდან განხორციელდა.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე პერიოდის სახელფასო დავალიანება დასაქმებულს სწორად ანუაზღაურდა (სშკ-ის 42.1, 58-ე მუხლები).

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „მ–ას“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #369, გადახდის თარიღი - 23.04.2024) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე