Facebook Twitter

საქმე №ას-646-2024 12 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.ა-ს.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ოლ-ა ს–ოს“ სარჩელი შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) შპს „ო-ა ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 178 692,77 ევროს, პროცენტის 116 363,46 ევროსა და პირგასამტეხლოს 9 648.33 ევროს გადახდა; შპს „ო-ა ს–ოს“ სარჩელი შპს „გ–ის“ (ს/ნ ........), შპს „გ–ისა“ (ს/ნ ........) და გ.მ–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) და შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) შორის, 2016 წლის 19 აპრილს, დადებული და შპს „გ–სა“ (ს/ნ ........) და გ.მ–ს შორის 2019 წლის 6 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე, მდებარე: - თეთრიწყარო, დაბა ...., ბლოკი N.., ნაკვეთი N.. (ს.კ.........); - თეთრიწყარო, დაბა ..........., ბლოკი N.., ნაკვეთი N.. (ს.კ.........); - თეთრიწყარო, დაბა ..........., ბლოკი N.. (ს.კ. ........); - გარდაბანი, სოფელი ........... (ს.კ.........).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........), შპს „გ–ისა“ (ს/ნ ........) და გ.მ–ის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

4. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 2023 წლის 13 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენელმა გ.გ–ძემ და მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება თოთხმეტი დღით. გ.გ–ძის განმარტებით, შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირად დანიშნულია ე.ლ–კი, რომელიც იმავდროულად არის წილის მმართველი მოსარჩელე კომპანიის (შპს „ო-ა ს–ოს“) დირექტორი, ანუ სახეზეა იმგვარი მდგომარეობა, როდესაც მინდობილობის გაცემა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა ევალება დაინტერესებულ პირს, რაც საკმაოდ ართულებს აღნიშნულ საპროცესო ვალდებულების შესრულებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენლის გ.გ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 7 დღით გაუგრძელდა.

6. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 2024 წლის 8 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენელმა გ.გ–ძემ და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძლება ერთი თვით. განმცხადებლის განმარტებით 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გაგრძელებული ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი ხარვეზის შესავსებად, ვინაიდან დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) პარტნიორის უფლებამოსილების აღდგენა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენლის გ.გ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 14 დღით გაუგრძელდა (განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია აპელანტი შპს „გ–ი“ (ს/ნომრით ........)).

8. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 2024 წლის 29 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენელმა გ.გ–ძემ და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძლება ერთი თვით, ვინაიდან დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) პარტნიორის უფლებამოსილების აღდგენა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენლის გ.გ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 14 დღით გაუგრძელდა (განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია აპელანტი შპს „გ–ი“ ს/ნომრით ........).

10. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 2024 წლის 13 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენელმა გ.გ–ძემ და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ერთი თვით მოითხოვა. შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელებას საბოლოოდ ითხოვს. შექმნილი მდგომარეობის სირთულე და არასტანდარტულობა ხარვეზის გამოსწორებისათვის დამატებით ვადას საჭიროებს.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით შპს „გ–ს“ (ს/ნ .....) და გ.მ–ს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება საჯარო შეტყობინების გზით ეცნობათ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით შპს „გ–ის“ (ს/ნ ........), შპს „გ–ის“ (ს/ნ ......) და გ.მ–ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

12.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

12.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024 წ. განჩინების ასლი (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი) გაეგზავნა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენელს გ.გ–ძეს სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ტ. 2, ს/ფ 271);

12.3. საქმეში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ 06.02.2024წ. განჩინების ასლი ჩაიბარა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) (სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით) წარმომადგენელმა გ.გ–ძემ პირადად (28.02.2024 წელს, რაც დაადასტურა ხელმოწერით- ტ. 2. ს.ფ 278). მიმღები პირის სახელი და გვარი, ჩაბარების თარიღი, პირადი ნომერი და ხელმოწერა გარკვევითაა მითითებული შეტყობინების ბარათზე. აპელანტი ვალდებული იყო, ხარვეზი შეევსო მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რაც მას არ გაუკეთებია;

12.4. რაც შეეხება შპს „გ–სა“ (ს/ნ ........) და გ.მ–ს, ვინაიდან მათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არ ჰბარდებოდათ სასამართლო შეტყობინებები, საჯარო შეტყობინების მეშვეობით ეცნობათ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი);

12.5. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების (გზავნილის) ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით;

12.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დადგენილია, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2024წ. განჩინების ასლი ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით და შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა;

12.7. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ;

12.8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

13. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენელმა ვ.ა–ძემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის განსაზღვრა მოითხოვა.

13.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ სესხის მიზნობრივად გამოყენებასა და დაბრუნებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა სესხის გამცემი, ანუ ერთი და იგივე პირი, ვინაიდან იგი ამავდროულად წილის მართვის მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო სესხის მიმღები კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე. აგრეთვე, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხის საპროცესო უფლებაუნარიანობის თაობაზე;

13.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ ცნო სააპელაციო საჩივრის წარმდგენის უფლებამოსილება და მოითხოვა დირექტორის, და არა პარტნიორის, მიერ გაცემული მინდობილობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენა;

13.3. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი ვერ გამოასწორა, ვინაიდან ჯერ არ იყო დასრულებული საქმის წარმოება მოსარჩელის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) სარეგისტრაციო მონაცემებში იმ ცვლილებების აკრძალვა, რომელიც გულისხმობდა შპს „გ–ში“ (ს/ნ ........) წილის მმართველად შპს „ოლ-ა ს–ოს“ რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებას. ამდენად, შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) დირექტორი - მოსარჩელე კომპანია მარწმუნებელ კომპანიასთან იმყოფებოდა დავის რეჟიმში და არ გასცემდა არც მინდობილობას და არც სახელმწიფო ბაჟს იხდიდა, ვინაიდან ორივე მხარეს ერთი და იგივე პირი წარმოადგენდა და მის ინტერესებში შედიოდა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........), რომელსაც თვითონვე მართავდა, ვალდებულებები დაჰკისრებოდა;

13.4. შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) მიერ ხარვეზის გამოსწორება მის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანაზე იყო დამოკიდებული (რითაც დირექტორის ცვლილება მოხდებოდა), რაც ვერ განხორციელდებოდა იმ დროისთვის მიმდინარე დავის დასრულებამდე;

13.5. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და რამდენჯერმე დააკმაყოფილა შპს „გ–ის“ (ს/ნომრით ........) შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა სამეწარმეო რეესტრში ცვლილების განხორციელება მაინც ვერ მოესწრო, რადგან დაგვიანდა სხვა საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა;

13.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების საფუძველზე 2024 წლის 10 აპრილს გამოიცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #ბ24039148/9 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შპს „გ–ში“ (ს/ნ ........) წილის მმართველის რეგისტრაცია და საზოგადოების დირექტორად აღდგენილ იქნა კომპანიის წილის 100 %-იანი მესაკუთრე ქართლოს ძელური. განხორციელებული ცვლილების საშუალებით შეიქმნა შესაძლებლობა, რომ შპს „გ–მა“ (ს/ნომრით ........) განახორციელოს საპროცესო წარმომადგენლობა და სახელმწიფო ბაჟი გადაიხადოს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

16. მოცემულ შემთხვევაში საკვლევი საკითხია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) დირექტორის მიერ გაცემული რწმუნებულება არ იყო წარდგენილი, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ რამდენჯერმე გაუგრძელა ვადა შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) და შესაძლებლობა მისცა ხარვეზი გამოესწორებინა, მხედველობაშია მისაღები შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენლის განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ ხდებოდა სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) 2024 წლის 13 მარტის განცხადებაზე, რომელშიც საწარმოს) წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მას გვიან ჩაჰბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (საქმე #ას-1437-2023, 16.01.2024 წ.), რის შემდეგაც შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) პარტნიორის უფლებამოსილება უნდა აღდგენილიყო. ამ განცხადებით შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენელმა იშუამდგომლა ხარვეზის ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება, რადგან უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, რასაც გარკვეული დრო სჭირდებოდა, ამ გზით კი შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) უფლებამოსილი წარმომადგენელი შეძლებდა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებას.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ო-ა ს–ოსა“ და შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი აღმოჩნდა ერთი და იგივე პირი - ე.ლ–კი სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) წარმომადგენლის შუამდგომლობა (ტ. 2, ს/ფ 279) ამ თვალსაზრისითაც.

19. შექმნილი სიტუაცია არაორდინარულია და საკასაციო სასამართლოს არ აძლევს იმის დაშვების შესაძლებლობას, რომ მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ (იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). ერთიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე (GOLDER v. THE UNITED KINGDOM).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შპს „გ–ი“ (ს/ნ ........) არის იურიდიული პირი და მას ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად სჭირდება მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც კომპანიის სასარგებლოდ იმოქმედებს, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ხარვეზის გამოსწორება შეეძლო მხოლოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, რაზედაც მართებულად მიუთითა სააპელაციო სასმაართლომ, როდესაც მხარეს ხარვეზი პირველად დაუდგინა, ხოლო ხარვეზის გამოსწორება კი უკავშირდებოდა, მოცემულ შემთხვევაში საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებას. კერძო საჩივარზე თანდართული მტკიცებულების მიხედვით, 2024 წლის 10 აპრილს გამოიცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #ბ24039148/9 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შპს „გ–ში“ (ს/ნ ........) წილის მმართველის რეგისტრაცია და საზოგადოების დირექტორად აღდგენილ იქნა კომპანიის წილის 100 %-იანი მესაკუთრე ქართლოს ძელური. განხორციელებული ცვლილების საშუალებით შეიქმნა შესაძლებლობა, რომ შპს „გ–მა“ (ს/ნომრით ........) განახორციელოს საპროცესო წარმომადგენლობა და სახელმწიფო ბაჟი გადაიხადოს.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის არგუმენტები საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შპს „გ–ის“ (ს/ნ ........) სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ........) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

თ. ზამბახიძე