Facebook Twitter

საქმე №ას-646-2024 12 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ო.ა-ს.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.ს–ი“ (მოპასუხე)

განმცხადებლების მოთხოვნა - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს „ო.ა-ს–ოს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ.მ–ს აეკრძალა შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა მდებარე: 1) თეთრიწყარო, დაბა ........, ბლოკი #..., ნაკვეთი #... (ს.კ. ....); 2) თეთრიწყარო, დაბა ........, ბლოკი #..., ნაკვეთი #... (ს.კ. ....); 3) თეთრიწყარო დაბა ........, ბლოკი #... (ს.კ. 84.......); 4) გარდაბანი, სოფელი .... (ს.კ. .....).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ო.ა-ს–ოს“ სარჩელი შპს „გ–ის“ (ს/ნ .....) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „გ–ს“ (ს/ნ ......) შპს „ო.ა-ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 178 692,77 ევროს, პროცენტის 116 363,46 ევროსა და პირგასამტეხლოს 9 648.33 ევროს გადახდა; შპს „ო.ა-ს–ოს“ სარჩელი შპს „გ–ის“ (ს/ნ .........), შპს „გ–ისა“ (ს/ნ .......) და გ.მ–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) და შპს „გ–ს“ (ს/ნ ......) შორის, 2016 წლის 19 აპრილს, დადებული და შპს „გ–სა“ (ს/ნ ......) და გ.მ–ს შორის 2019 წლის 6 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე, მდებარე: - თეთრიწყარო, დაბა ........, ბლოკი N..., ნაკვეთი N... (ს.კ. .......); - თეთრიწყარო, დაბა ........, ბლოკი N..., ნაკვეთი N... (ს.კ. ......); - თეთრიწყარო, დაბა ........, ბლოკი N... (ს.კ. ......); - გარდაბანი, სოფელი ...... (ს.კ. ....).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „გ–ის“ (ს/ნ ......), შპს „გ–ის“ (ს/ნ ......) და გ.მ–ის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით შპს „გ–ის“ (ს/ნ ........), შპს „გ–ისა“ (ს/ნ ....) და გ.მ–ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით.

5. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „გ–ის“ (ს/ნ ......) წარმომადგენელმა ვ.ა–ძემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის განსაზღვრა მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით შპს „გ–ის“ (ს/ნ ......) კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლოს, 2024 წლის 10 ივლისს, შპს „ო-ა.ს–ოს“ წარმომადგენელმა მ.ს–ამ შუამდგომლობით მომართა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის 2.1 პუნქტი) აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა შპს „გ–ს“ (ს/ნ ....) აეკრძალოს შემდეგი უძრავი ქონებების: 1) თეთრიწყარო, დაბა ........, ბლოკი #.., ნაკვეთი #.. (ს.კ. .....); 2) თეთრიწყარო, დაბა ........, ბლოკი #..., ნაკვეთი #... (ს.კ. .....); 3) თეთრიწყარო დაბა ........, ბლოკი #.... (ს.კ. ....); 4) გარდაბანი, სოფელი .... (ს.კ. .....) დაბრუნების შემდეგ არ გაასხვისოს და იპოთეკით არ დატვირთოს ეს ქონებები.

8. შპს „ო-ა. ს–ოს“ წარმომადგენელის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ამ გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში წარდგენის შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება საჯარო რეესტრის ყველა სარეგისტრაციო წარმოება, რასაც საფუძვლად ბათილი გარიგებები დაედო. შესაბამისად, შპს „ო-ა.ს–ოს“ ინფორმირების გარეშე აღნიშნული ქონებები აღირიცხება შპს „გ–ის“ (ს/ნ ...) საკუთრებაში. შპს „გ–ის“ (ს/ნ ....) მხრიდან კი არსებობს რისკი, რომ განახორციელოს იმგვარი ქმედებები, რომლებითაც ხელი შეეშლება საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო შპს „ო-ა.ს–ოს“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

9. შპს „ო-ა.ს–ო“ წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს შპს „გ–ისათვის“ (ს/ნ ....) უძრავი ქონებების (დეტალურად იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვას, მას შემდეგ, რაც ეს ქონებები შპს „გ–ის“ (ს/ნ ......) საკუთრებაში აღირიცხება.

10. წინამდებარე საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს „ო.ა-ს–ოს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ.მ–ს აეკრძალა შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა მდებარე: 1) თეთრიწყარო, დაბა ........, ბლოკი #..., ნაკვეთი #... (ს.კ. ....); 2) თეთრიწყარო, დაბა ........, ბლოკი #..., ნაკვეთი #.. (ს.კ. ....); 3) თეთრიწყარო დაბა ........, ბლოკი #.. (ს.კ. ....); 4) გარდაბანი, სოფელი ... (ს.კ. ....). აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

12. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამდენად, სსსკ-ი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას.

13. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

14. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019 წ.). იგივე სტანდარტი მოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაშიც.

15. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს მისი აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

16. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებიდან. ამგვარი შეფასებისას დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ №ას-449-431-2016, 07.07.2016 წ.).

17. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს - მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

18. სსსკ-ის 197-ე მუხლის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებაზე შესაძლებელია საჩივრის წარდგენა. საჩივარს განიხილავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების მიმღები სასამართლო და თუ მას არ დააკმაყოფილებს, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს უგზავნის.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც შპს „გ–მა“ (ს/ნ .....) კერძო საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით შპს „გ–ის“ (ს/ნ ....) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინება კანონიერ ძალაში არ შესულა. ასევე, კანონიერ ძალაში არ შესულა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.

20. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შპს „ო–ა.ს–ოს“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს განუხილველად, რითაც განმცხადებელს შესაძლებლობა არ ერთმევა კვლავ მიმართოს იმავე განცხადებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავდროულად, დაცული იქნება მოწინააღმდეგე მხარის საპროცესო უფლება, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების თაობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საფრთხე, რომელიც შპს „ო-ა.ს–ოს“ შეიძლება დაემუქროს მის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 194-ე, 284-ე, 264.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო.ა-ს–ოს“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, მ.ს–ას მიერ 11.07.2024 წლის #4228 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

თ. ზამბახიძე