Facebook Twitter

საქმე №ას-1198-2019 26 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – მ.მ–ნი

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით:

1.1. ნ.ე–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

1.2. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

1.3. ნ.ე–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა;

1.4. შეტანილ იქნა ცვლილება ნოტარიუს ნ.ბ–ძის მიერ 2005 წლის 26 ოქტომბერს ე.ჭ–ძის სახელზე გაცემულ N2-403 სამკვიდრო მოწმობაში და საგარეჯოს რაიონის, სოფელ ...... (საკადასტრო კოდი N......) თ.ჭ–ძის კუთვნილი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილზე ნ.ე–ძე (......) ცნობილ იქნა მემკვიდრედ და მესაკუთრედ;

1.5. ნ.ე–ძე (პირადი........) მდებარე უძრავი ქონების თ.ჭ–ძის კუთვნილი 1/2 ნაწილის 1/2 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ;

1.6. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ნ. ს–ძის მიერ 2013 წლის 18 ივნისს ე.ჭ–ძესა და მ.მ–ნს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №130602705) 1/2 ნაწილში;

1.7. ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 30 ივნისს ე.ჭ–ძესა და მ.მ–ნს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება (რეგისტრაციის N882011312258) 1/2 ნაწილში;

1.8. მ.მ–ნს და ე.ჭ–ძეს, ნ.ე–ძის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე, ნ.ე–ძის მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 930 (ცხრაას ოცდაათი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება;

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 22 ივლისს, განცხადებით მომართა მ.მ–ნის წარმომადგენელმა ნ.მ–ძემ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტზე მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლითაც ნ.ე–ძე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ....... (საკადასტრო კოდი N........) მდებარე უძრავი ქონების თ.ჭ–ძის კუთვნილი 1/2 ნაწილის 1/2 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

3. განმცხადებლის განმარტებით, ნ.ე–ძე წინააღმდეგია გადაწყვეტილებით მიკუთვნებული წილი საჯარო რეესტრში დაირეგისტრიროს, რადგან შემდეგ მ.მ–ნმა არ მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, ასევე, ქონებას არ მოეხსნას სარჩელის უზრუნველყოფის გამო გამოყენებული აკრძალვები, რის გამოც ხელი ეშლება ზ/მითითებული თანასაკუთრებაში არსებული ქონებით ინვესტორების დაინტერესებას. ასევე, ვერ ხერხდება მ.მ–ნის სახელზე კუთვნილი წილის, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრა, საჯარო რეესტრში აღრიცხვას (კორექტირებას), რადგან, თავის მხრივ, საჯარო რეესტრი მოითხოვს ნ.ე–ძის მიერ თავისი წილის გადაფორმების შესახებ განცხადებით მიმართვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მ.მ–ნის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ფუნქციური დატვირთვით, ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობის რეალურად აღსრულებაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის (იხ. სუსგ N ას-261-252-2012, 19.03.2012 წ.).

5. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-20.2 მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

6. განმცხადებლის მოთხოვნის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ.მ–ნზე სააღსრულებო ფურცელი ვერ გაიცემა, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტის მიხედვით, რომელზეც სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა მ.მ–ნმა, ნ.ე–ძე (პირადი N.......) ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ..........., (საკადასტრო კოდი N.........) მდებარე უძრავი ქონების თ.ჭ–ძის კუთვნილი 1/2 ნაწილის 1/2 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. შესაბამისად, სააღრსულებო ფურცელი უნდა გაიცეს ნ.ე–ძის მოთხოვნის შემთხვევაში და მასში უნდა მიეთითოს, რომ კრედიტორი არის ნ.ე–ძე, ხოლო მოვალე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

7. რაც შეეხება მ.მ–ნის მითითებას ნ.ე–ძის მხრიდან ზიანის მიყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცალკე დამოუკიდებელი დავის საგანი შესაძლოა გახდეს და უკვე გადაწყვეტილ დავაზე სააღსრულებო ფურცლის არაუფლებამოისლ პირზე, მოცემულ შემთხვევაში, განცხადების ავტორზე გაცემით ვერ აღმოიფხვრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 284-ე, 285-ე, 264.-3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ნის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

თ. ზამბახიძე