Facebook Twitter

საქმე №ას-443-2024 26 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი გ.ფ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - 2007 წლის 14 ოქტომბერს დაბადებული ა.რ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2022 წლის 18 აგვისტოდან მის სრულწლოვნებამდე. მოპასუხეს უარი ეთქვა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს ქორწინებისა და თანაცხოვრების პერიოდში, 2007 წლის 14 ოქტომბერს, შეეძინათ შვილი ა.რ–ძე.

3.2. დაახლოებით 2008 წლიდან, მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ა.რ–ძე საცხოვრებლად დარჩა დედასთან და დღემდე იმყოფება ძირითადად მის კმაყოფაზე.

3.3. ა.რ–ძე არის შპს „ს–ის“ მეათე კლასის მოსწავლე. მისი სწავლის გადასახადი ყოველწლიურად შეადგენს 1800 ლარს (2022-2023 სასწავლო წელი).

3.4. ა.რ–ძე დამატებით მეცადინეობს მათემატიკის, ინგლისური ენისა და ისტორიის პედაგოგებთან, რომლის ხარჯებსაც ფარავს მოსარჩელე. მისი განმარტებით ა.რ–ძის სწავლის, კვების, ტრანსპორტირებისა და სხვა აუცილებელი საჭიროებებისათვის ხარჯი შეადგენს დაახლოებით 2000 ლარს. ნიშნადობლივია, რომ ამ გარემოებებს მოპასუხე არსებთად არ შედავებია.

3.5. მოსარჩელე დროებით იმყოფება და მუშაობს იტალიაში. მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 500 ევროს. ა.რ–ძე ცხოვრობს მოსარჩელის მშობლებთან, რომლებიც დედასთან ერთად მზრუნველობას უწევენ არასრულწლოვანს. აღნიშნული გარემოებები მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

3.6. მოპასუხემ შეიცვალა გვარი და ამ ეტაპზე მისი სახელი და გვარია გ.ფ–ძე. 2015 წლის 8 ივლისიდან გ.ფ–ძე ქორწინებაში იმყოფება მ.ხ–ძესთან, ცხოვრობს ქ. ქუთაისში, მეუღლესთან და შვილთან - 2016 წლის 17 დეკემბერს დაბადებულ ემილი ფხაკაძესთან ერთად.

3.7. აპელანტს შპს „ე.კ“-ის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები, 1606.45 აშშ დოლარისა და 273 ლარის ოდენობით, რის გამოც რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

3.8. დადგენილია, რომ აპელანტი 2018 წლიდან დასაქმებული იყო სხვადასხვა კომპანიაში და გაწეული ავტოსატრანსპორტო მომსახურებისათვის იღებდა ანაზღაურებას, რამაც 2022 წლის განმავლობაში, ოფიციალურად აღრიცხული სახით, შეადგინა 3901,55 ლარი. სააპელაციო საჩივარზე თანდართული სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითა და თავად აპელანტის განმარტებით, დადგენილია, რომ 2023 წლიდან მისმა ანაზღაურებამ თვეში 510.20 ლარი შეადგინა. ასევე, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი პირი, მას შესწევს უნარი საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლებით უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრიდათვის საჭირო აუცილებელი ხარჯის გაღება.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვანი 2007 წლის 14 ოქტომბერს დაბადებული ა.რ–ძე მთლიანად დედის კმაყოფაზე იმყოფება. მოპასუხეს შვილის რჩენა-აღზრდისათვის რაიმე ხარჯი ფაქტობრივად არ გაუწევია (რის მიზეზადაც მიუთითებს, რომ შვილთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდნენ მოწინააღმდეგე მხარე და მისი ოჯახის წევრები, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის). ამჟამად, ა.რ–ძე არის 15 წლის. არასრულწლოვანს ესაჭიროება მატერიალური მხარდაჭერა სრულფასოვანი განათლების მიღების, სკოლისგარეშე აქტივობების, კვების, ტანსაცმლით, სწავლისათვის აუცილებელი კლასგარეშე ლიტერატურითა და სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფისათვის, შესაბამისად, მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ფინანსური საჭიროებები მნიშვნელოვნად გაზრდილია, რის გამოც მათ გადახდას მხოლოდ დედა ვერ უზრუნველყოფს, შესაბამისად, არასრულწლოვნის მამას უნდა დაეკისროს შვილის აღზრდაში მონაწილეობისთვის ალიმენტის გადახდა.

4.1. სააპელაციო სასამართლომ, დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ არასრულწლოვანი ა.რ–ძის ასაკის გათვალისწინებით, მისი არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხისთვის ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება გონივრულია და ვერ გახდება ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრამდე სამი წლის განმავლობაში გადასახდელი ალიმენტის დაკისრების შესახებ, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

4.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სასამართლომ ალიმენტის ოდენობა განსაზღვრა არასრულწლოვნის საჭიროებებისა და შრომისუნარიანი მშობლის მატერიალურ შესაძლებლობას შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის საფუძველზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალიმენტის ეს ოდენობა მნიშვნელოვნად არ აღემატება საქსტატის მიერ დადგენილი, საშუალო მომხმარებლის ერთი თვის საარსებო მინიმუმს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (20.12.2022წ.) დაახლოებით 250 ლარს შეადგენდა.

4.3. აპელანტის მითითება, რომ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და კმაყოფაზე ჰყავს კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი, ვერ გახდება მშობლის უშუალო მოვალეობის - შვილს გაუწიოს სათანადო მატერიალური დახმარება, ,,შემსუბუქების’’ საფუძველი. აღნიშნულ დაკვნის საფუძველს სააპელაციო სასამართლოს აძლევს ის გარემოება, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი პირი და მას შესწევს უნარი, შრომითი საქმიანობით უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა.

5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არასრულწლოვანი შვილის - ა.რ–ძის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით თვეში 300 ლარის გადახდა მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენებს მოპასუხეს, როგორც ალიმენტვალდებულ პირს. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელად.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხისთვის ალიმენტის, ყოველთვიურად 125 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა მისი საშუალო ხელფასი და დაადგინა ყოველთვიურად 510,20 ლარი, როდესაც მისი ყოველთვიური ანაზღაურება 255,10 ლარს შეადგენს.

6.3. კასატორის განმარტებით, მას ჰყავს ორი ქალიშვილი და ორივეს თანაბრად ეკუთვნის მამის ყურადღება, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით.

6.4. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოვალეთა რეესტრში ყოფნა და კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილის ყოლა არ არის ალიმენტის შემცირების ან/და შემსუბუქების საფუძველი, რადგან მოპასუხე არის შრომისუნარიანი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად იქნა მიჩნეული შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. საკასაციო სასამართლო, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.

11. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).

12. სსსკ-ის თავი XLIII განსაზღვრავს საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებს. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი, ხოლო 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

13. გასაჩივრებული განჩინებით დავის საგანია მშობლის საალიმენტო ვალდებულების შესრულება, კერძოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის 125 ლარამდე შემცირება.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე შვილის საჭიროებებს. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

15. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.

16. ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის, სულ მცირე, საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.

17. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

18. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება, მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული, იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე. სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, ან/და გააჩნია საბანკო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

19. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესია ცხოვრების ისეთ დონით უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისთვის, რის გამოც ორივე მშობელის სტაბილურ თანადგომას საჭიროებს.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).

21. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იგი უზრუნველყოფილ იქნეს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა იყოს სიმბოლური და გათვალისწინებულ იქნას სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა. ამასთან, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლომ დაადგინოს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ მდგომარეობასთან ერთად, ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. ალიმენტი არ უნდა იყოს სიმბოლური და რეალურად უნდა უზრუნველყოს სარჩენი პირისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა (შეად: სუსგ-ებს: №ას-1610-1511-2012, 4.02.2013 წ.; №ას-495-469-2015, 1.07.2015 წ.; №ას-463-463-2018, 14.01.2020 წ; №ას-1355-2019, 25.02.2020 წ.; №ას-767-2021, 18.11.2021 წ.; №ას-358-2023, 27.06.2023 წ.; Nას-1023-2023, 16.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ.).

23. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ა.რ–ძე, დაახლოებით ერთი წლის ასაკიდან მთლიანად დედის კმაყოფაზე იმყოფება. მოპასუხეს (ბავშვის მამას) შვილის რჩენა-აღზრდისთვის რაიმე ხარჯი ფაქტობრივად არ გაუწევია. აღნიშნულის მიზეზად კასატორმა დაასახელა მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგობა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

24. არასრულწლოვანი ამჟამად არის 15 წლის და ესაჭიროება მატერიალური მხარდაჭერა სრულფასოვანი განათლების მიღების, სკოლისგარეშე აქტივობების, კვების, ტანსაცმლით, სწავლისთვის აუცილებელი კლასაგარეშე ლიტერატურითა და სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფისთვის, შესაბამისად, მისი რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი ფინანსური საჭიროებები გაზრდილია, რის გამოც მხოლოდ დედის მიერ გაღებული თანხები არ არის საკმარისი, შესაბამისად არასრულწლოვნის მამას უნდა დაეკისროს შვილის აღზრდაში მონაწილეობისთვის ალიმენტის გადახდა.

25. ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ა.რ–ძის ასაკის გათვალისწინებით, მისი არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხისთვის ყოველთვიურად 300 ლარის ალიმენტის დაკისრება გონივრულია.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის მითითებული ოდენობა განისაზღვრა არასრულწლოვნის საჭიროებებისა და შრომისუნარიანი მშობლის მატერიალური შესაძლებლობას შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობდა მნიშვნელოვნად არ აღემატება საქსტატის მიერ დადგენილ საშუალო მომხმარებლის ერთი თვის საარსებო მინიმუმს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის შეადგენდა დაახლოებით 250 ლარს.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია და კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილის ყოლა, არ შეიძლება იყოს მშობლის უშუალო მოვალეობის, შვილისთვის სათანადო მატერიალური დახმარების შემსუბუქების საფუძველი. მით უმეტეს, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი და მას შესწევს უნარი შრომითი საქმიანობით უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა.

28. საკასაციო სასამართლოს შეფასებით პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სწორად შეაფასეს, როგორც ალიმენტვალდებული მამის ფინანსური შესაძლებლობები, საკრედიტო და სხვა ვალდებულებების გავლენა მის გადახდისუნარიანობაზე, დედის შემოსავლები და ვალდებულებები, ასევე არასრულწლოვნის საჭიროებები.

29. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

30. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ მოტივაციასთან დაკავშირებით, რაც მისი დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების, როგორც კანონიერი და დასაბუთებული მართლმსაჯულების აქტის, უცვლელად დატოვების საფუძველია.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.ფ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.05.2024 წლის #88 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ნ. ბაქაქური