Facebook Twitter

საქმე №ას-662-2024 26 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გგანჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან ბენეფიციარი) სარჩელი სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, გარანტი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელემ 2021 წლის 16 აგვისტოს, გამოაცხადა ტენდერი სსიპ ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის N52-ე; სსიპ - ქალაქ თბილისის N55-ე; სსიპ - ქალაქ თბილისის N126-ე; სსიპ - ქალაქ თბილისის N218-ე და სსიპ - ქალაქ თბილისის N151-ე საჯარო სკოლების გარე სტადიონების რეაბილიტაცია/მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ივერმშენი-2“ (შემდეგში: პრინციპალი), რომელთანაც ხელშეკრულება 2021 წლის 28 სექტემბერს დაიდო. სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 50 კალენდარული დღე - 2021 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

3.2. მოპასუხესა და პრინციპალს შორის, 2021 წლის 24 სექტემბერს, დაიდო საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გარანტმა უზრუნველყო პრინციპალის სახელშეკრულებო ვალდებულებები ბენეფიციარის წინაშე და გასცა საბანკო გარანტია - 16 249.29 ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 2022 წლის 5 მარტი იყო.

3.3. მხარეთა შორის 2021 წლის 24 სექტემბერს დადებულ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებაში 2022 წლის 25 იანვარს და 2022 წლის 15 თებერვალს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მითითებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა, საბოლოოდ, 2022 წლის 15 მაისის ჩათვლით განისაზღვრა. იმავდროულად, საბანკო გარანტია შეიცავდა საგანგებო ჩანაწერს, რომ ,,ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან აღარ მიიღება“.

3.4. პრინციპალმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ობიექტების დასრულება ვერ უზრუნველყო, რის გამოც 2022 წლის 23 თებერვალს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 28 თებერვალს ეცნობა.

3.5. მოსარჩელეს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში მოპასუხისათვის საგარანტიო თანხის გაცემის შესახებ წერილობითი ფორმით მოთხოვნა არ ჩაუბარებია, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხისათვის საგარანტიო თანხის მოთხოვნის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი.

3.6. მოპასუხეს მოსარჩელისათვის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ აუნაზღაურებია.

3.7. თბილისის საქალაქო სასამართლომ სადავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ საგარანტიო თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არამართლზომიერია.

4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით შესაფასებელი იყო ბენეფიციარის მიერ გარანტისგან საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მოთხოვნის საფუძვლიანობა. აპელანტის პრეტენზიის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც, მისი განმარტებით, მოპასუხისთვის საბანკო გარანტიის თანხის გადახდის თაობაზე მოთხოვნის ჩაბარების ფაქტი დასტურდებოდა.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის 2021 წლის 24 სექტემბერს დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებაში 2022 წლის 25 იანვარს და 2022 წლის 15 თებერვალს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მითითებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად საბოლოოდ 2022 წლის 15 მაისის განისაზღვრა.

6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ სარჩელზე დართული მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა არა თუ 2022 წლის 2 მარტს, არამედ საბანკო გარანტიის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, კერძოდ, 2022 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში მოპასუხისთვის საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნის კანონით დადგენილი წესით წარდგენის ფაქტი.

7. ზემოხსენებულ გარემოებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ბენეფიციარის მიერ გარანტის სახელზე 2022 წლის 2 მარტს შედგენილ წერილზე, რომლითაც ბენეფიციარმა გარანტისგან მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 16 249,29 ლარის ანაზღაურება. ასევე, მოსარჩელის მიერ მოპასუხის სახელზე 2022 წლის 2 სექტემბრის წერლიზე, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელეს 2022 წლის 2 მარტს წარედგინა მოთხოვნა საბანკო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში საბანკო გარანტიის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ბენეფიციარისთვის წარედგინათ.

8. აპელანტის მტკიცებით, მოპასუხისათვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის თაობაზე მოთხოვნის ჩაბარების ფაქტს საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 2 მარტისა და იმავე წლის 2 სექტემბრის წერილები ადასტურებს, კერძოდ, 2022 წლის 2 სექტემბრის წერილით დასტურდება ის გარემოება, რომ ეს წერილი მოპასუხესთან გაგზავნილია. აპელანტმა ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მასთან მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვა და სააგენტოს დირექტორის მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდგომ დოკუმენტი ავტომატურად გადადის გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრში და ბარდება ადრესატს; მისი მითითებით, არ ყოფილა შემთხვევა, დოკუმენტი მიმღებს არ ჩაბარებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო დოკუმენტი, სააგენტოს იურიდიული მისამართის ცვლილების გამო, მოპასუხეს ფოსტის მეშვეობით კი არ გაეგზავნა, არამედ სააგენტოს მძღოლს გადაეცა წასაღებად.

9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის აღნიშნული მოსაზრება და განმარტა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ დოკუმენტები რეალურად შედგენილია არ ადასტურებს ადრესატისათვის მისი ჩაბარების ფაქტს; იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ისინი ბეჭედდასმული და ხელმოწერილია ელექტრონულად გამგზავნი სააგენტოს დირექტორის მიერ, მოპასუხის მხრიდან ჩაბარების უარყოფის პირობებში, ადრესატისატვის ჩაბარების ფაქტი დადასტურებულად ვერ იქნება მიჩნეული. ასევე, თავისთავად ჩაბარებაზე ვერ მიუთითებს მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტის მიერ იმავე საკითხზე წერილის განმეორებით შედგენა.

10. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანია აპელანტის განმარტება, რომ გარანტს საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნის თაობაზე წერილი მძღოლის მეშვეობით გაეგზავნა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, სახეზე უნდა იყოს დოკუმენტი, რომელიც გარანტის მიერ გზავნილის ჩაბარებას დაადასტურებდა, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის. საყურადღებოა მხარეთა შორის დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების პირობაც, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე ბენეფიციარის მხრიდან აღარ მიიღება. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრედიტორის მიერ მოთხოვნის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში წარდგენის ფაქტის დადასტურებას და, ამ მხრივ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიან განაწილებას.

11. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტი იმის თაობაზე, რომ მან, როგორც ბენეფიციარმა, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში - 2022 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, გარანტს წარუდგინა მოთხოვნა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საგარანტიო თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

12.2. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორი სარგებლობს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით, რომლის მეშვეობითაც ხდება ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების სკანირება, ელექტრონულ სისტემაში გაშვება, მათი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ასახვა და სისტემაში ასახული კორესპონდენციის გაგზავნა უშუალო ადრესატთან. ამასთან, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე, შეუძლებელია არ მიეწოდოს სისტემაში ასახული დოკუმენტი, ვინაიდან ნებისმიერი ხელმოწერილი დოკუმენტი ელექტრონულად აისახება „გასაგზავნი“ დოკუმენტების კატეგორიაში და უპირობოდ მიეწოდება ადრესატს.

12.3. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა, სააგენტოს 2022 წლის 2 სექტემბრის კორესპონდენცია, რომლითაც ბენეფიციარი გარანტისგან განმეორებით მოითხოვდა 2022 წლის 2 მარტის წერილით წარდგენილი მოთხოვნის შესრულებას და საგარანტიო თანხის ჩარიცხვას.

12.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

16. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).

17. საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 24 სექტემბერს დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებაში 2022 წლის 25 იანვარს და 2022 წლის 15 თებერვალს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მითითებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად, საბოლოოდ 2022 წლის 15 მაისი განისაზღვრა.

18. საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში მოპასუხისთვის საგარანტიო თანხის გაცემის შესახებ წერილობითი ფორმით მოთხოვნა არ ჩაუბარებია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხისთვის საგარანტიო თანხის მოთხოვნის ჩაბარების დამადსატურებელი რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი.

19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ მხოლოდ დოკუმენტების რეალურად შედგენის ფაქტი, არ ადასტურებს ადრესატისთვის მათ ნამდვილად ჩაბარებას. კასატორის მტკიცება, რომ სადავო წერილები ბეჭედდასმული და ხელმოწერილია ელექტრონულად იმავე სააგენტოს დირექტორის მიერ, არ ადასტურებს ადრესატისათვის მიღებას იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მოსარჩელის განმარტების პასუხად უარყოფს დოკუმენტის ჩაბარებას, შესაბამისად, ამ გზით დოკუმენტის ჩაბარების ფაქტის დადასტურება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო, რაც მან ვერ დაძლია და ამის შესახებ მართებულად იმსჯელეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ გარანტს საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნის წერილი მძღოლის მეშვეობით გაეგზავნა, უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტით, რომელიც გარანტის მიერ გზავნილის ჩაბარებას დაადასტურებდა, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის.

20. კასატორი ჩაბარების დამადასტურებლად მიუთითებს მის მიერ იმავე საკითხზე განმეორებით 2022 წლის 2 სექტემებერს შედგენილ წერილზე. საკასაციო სასამართლოს შეფასებით 2022 წლის 2 სექტემბერს განმეორებით შედგენილი წერილის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ჩაითვლება 2022 წლის 2 მარტს შედგენილი წერილის ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებლად და საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში გარანტორისათვის თანხის მოთხოვნად.

21. მოსარჩელემ სარჩელზე დართული მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ ადრესატს საბანკო გარანტიის ანაზღაურების მოთხოვნა კანონით დადგენილი წესით წარუდგინა, არათუ 2022 წლის 2 მარტს, არამედ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, 2022 წლის 15 მაისის ჩათვლით. მითუმეტეს, რომ საბანკო გარანტია შეიცავდა საგანგებო ჩანაწერს, რომ ,,ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან აღარ მიიღება“. აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში წარდგენის ფაქტის დადასტურება, რაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების ფარგლებში სწორედ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა.

22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 885-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია; ბენეფიციარის მიერ გარანტორისათვის ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წერილობითი ფორმით წარდგენა საჭირო არ არის, თუ ბენეფიციარსა და გარანტორს შორის არსებობს შეთანხმება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღების თაობაზე; ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

23. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო გარანტია არააქცესორული ბუნებისაა, ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებელია, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის აუცილებელია, საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ: 1. ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს; 2. მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი გამომდინარეობს სსკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართულინ დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ (იხ. სუსგ-ები №ას-1705-2018, 15.02.2019წ.; N-1681-2019, 22.05.2020წ.)

24. სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული ამ გარემოებების არსებობის უარყოფა (იხ. სუსგ-ები Nას-559-2019, 4.12.2019წ.; №ას-1311-2023 25.01.2024წ.; №ას-483-2023 18.10.2023წ.; №ას-1606-2023, 10.04.2024წ.; Nას-1448-2023, 20.05.2024წ.)

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტი იმის თაობაზე, რომ მან, როგორც ბენეფიციარმა, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში - 2022 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, გარანტს წარუდგინა მოთხოვნა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საგარანტიო თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ, დოკუმენტბრუნვის სისტემაში მომზადებული წერილის ადრესატისათვის ჩაბარება არ დასტურდება საქმეში მოთავსებული არც ერთი მტკიცებულებით და კასატორიც ვერ მიუთითებს ასეთზე.

26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია კასატორის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ნ. ბაქაქური