საქმე №ას-791-2024 1 აგვისტო, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ვ.ს–თი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.პ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.პ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ვ.ს–თის“ მოსარჩელე სს „ს.კ.პ–ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 31 ოქტომბრის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შეთანხმებიდან გამომდინარე, დაეკისრა 22001.30 ლარის გადახდა; შპს „ვ.ს–თის“ მოსარჩელე სს „ს.კ.პ–ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 19 დეკემბრის ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 21707.27 ლარის გადახდა; შპს „ვ.ს–თის“ მოსარჩელე სს „ს.კ.პ–ის“ სასარგებლოდ, 2019 წლის 18 დეკემბრის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით შპს „ვ.ს–თის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი.
6. 2024 წლის 17 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და წარმოადგინა მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტი. მხარეებმა მორიგების აქტის დედანი, ორივე მხარის უფლებამოსილი პირების ხელმოწერით დადასტურებული საბოლოო ვერსია წარმოადგინა 2024 წლის 29 ივლისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. მორიგებაზე ხელმოწერით კასატორი უარს ამბობს ზემოაღნიშნული დავის გაგრძელებაზე და აღიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ N2ბ/5413-23 საქმეზე 2024 წლის 24 აპრილის განჩინებას (შემდგომში - „განჩინება“) და მის საფუძველზე დაკისრებული თანხის ოდენობას, კერძოდ: დებიტორული დავალიანების ოდენობის ნაწილში - 45 708.57 (ორმოცდახუთი ათას შვიდას რვა ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ნაწილში - 1371.30 (ათას სამას სამოცდათერთმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, რაც ჯამურად შეადგენს 47 079.87 (ორმოცდაშვიდი ათას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარს.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
9. მხარეებს განემარტოთ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
11. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მორიგების აქტი, ერთი მხრივ, შპს ვ.ს–თისა (ს/ნ ......; შემდგომში - „კასატორი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის, გ.გ–ის სახით, და, მეორე მხრივ, სს ს.კ.პ–ი-ს (ს/ნ ......; შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის, მ.გ–ის სახით, (შემდგომში ერთობლივად - „მხარეები“), შორის შემდეგი პირობებით:
1. მუხლი 1. მორიგების აქტის საგანი
1.1. წინამდებარე მორიგების აქტის საგანია მხარეთა შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული დავის (სადაც კასატორს წარმოადგენს შპს ვ.ს–თი, ხოლო მოპასუხეს - სს ს.კ.პ–ი; საქმის N ას-791-2024; საქმის განმხილველი მოსამართლე - ეკატერინე გასიტაშვილი) ურთიერთშეთანხმებით დასრულება, წინამდებარე მორიგების აქტში მითითებული პირობებით.
2. მუხლი 2. მორიგების პირობები
2.1. წინამდებარე მორიგებაზე ხელმოწერით კასატორი უარს ამბობს ზემოაღნიშნული დავის გაგრძელებაზე და აღიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ N2ბ/5413-23 საქმეზე 2024 წლის 24 აპრილის განჩინებას (შემდგომში - „განჩინება“) და მის საფუძველზე დაკისრებული თანხის ოდენობას, კერძოდ: დებიტორული დავალიანების ოდენობის ნაწილში - 45 708.57 (ორმოცდახუთი ათას შვიდას რვა ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ნაწილში - 1371.30 (ათას სამას სამოცდათერთმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, რაც ჯამურად შეადგენს 47 079.87 (ორმოცდაშვიდი ათას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარს.
2.2. წინამდებარე მორიგებაზე ხელმოწერით კასატორი კისრულობს ვალდებულებას მორიგების აქტის 2.1. პუნქტში მითითებული ფულადი დავალიანება დაფაროს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გადახდის თარიღი
გადასახდელი თანხა
01.08.2024
11 770 ლარი
01.09.2024
11 770 ლარი
01.10.2024
11 770 ლარი
01.11.2024
11 769.87 ლარი
2.3. გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით შემდეგ საბანკო რეკვიზიტზე:
მიმღები : სს ს.კ.პ–ი სს საქართველოს ბანკი
ა/ა: GE71BG0000000622481900 GEL
დანიშნულება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებული N ას-791-2024 საქმის ფარგლებში მორიგებით განსაზღვრული თანხის გადახდა.
3. ზოგადი პირობები
3.1. შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის და/ან რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
3.3. წინამდებარე შეთანხმების 2.2. პუნქტით განსაზღვრული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე დამატებითი გაფრთხილების გარეშე, მიმართავს საქართველოს საერთო სასამართლოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების თანხის იძულებითი ამოღების მიზნით, გადახდილი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით.
3.4. შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) ეგზემპლიარად, რომელთაგან თითოეული გადაეცემა თითოეულ მხარეს, ხოლო მესამე ეგზემპლიარი საქართველოს საკასაციო სასამართლოს.
3.5. შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ორმხრივად ხელმოწერის და საკასაციო სასამართლოს მიერ დამტკიცების მომენტიდან.
4. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ყველა გადაწყვეტილება;
5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
მ. ერემაძე