Facebook Twitter

საქმე №ა-6282-შ-188-2023 23 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ნ.ი გიზი

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ე.ბ. ოღლი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხატაის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილება (საქმის ნომერი 2(011)-5468/2022)

დავის საგანი – გაზრდილი ოდენობით ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხატაის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი 2(011)-5468/2022) (შემდეგში "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") ი.ნ.ი გიზის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შუამდგომლობის ავტორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხატაის რაიონული სასამართლოს 12.03.2018 წლის (საქმის ნომერი 2(011)-2856/2018) გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ ი.ე.ბ. ოღლიზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე, „მოწინააღმდეგე მხარე“) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14.06.2011 წელს დაბადებული ი.ი.ე. ოღლის სარჩენად მის სრულწლოვანებამდე ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 193 მანეთის ოდენობით.

2. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, ვინაიდან მოპასუხე იმყოფება საქართველოში.

3. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებიდან დასტურდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, თუმცა სასამართლოსათვის მოსაზრება არ წარუდგენია და არც გამოუცხადებლობის მიზეზი შეუტყობინებია.

4. სასამართლოს 31.07.2023 წლის ცნობით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 19.12.2022 წელს. ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.12.2023 წლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობის თაობაზე გზავნილი ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაჰბარდა. ამის შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.01.2024 წლის განჩინებით გზავნილის ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სანიმისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს, თუმცა გზავნილი ვერ ჩაჰბარდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადებულ უბნის უფროს ინსპექტორს სახლი დახვდა დაკეტილი. ამის შემდგომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.02.2024 წლის განჩინებით დადგინდა მოპასუხის ინფორმირება საჯარო პუბლიკაციის გზით, რაც განხორციელდა კიდეც (გასაჯაროების თარიღი: 3/5/2024). მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

7. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

8. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულებით (შემდგომში "საერთაშორისო ხელშეკრულება"). საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სახელმწიფო ნოტარიატის ორგანოებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა. საერთაშორისო ხელშეკრულების 42-47 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები. საერთაშორისო ხელშეკრულების 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის, სახელმწიფო ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოების გადაწყვეტილებების ცნობა, ხოლო ქონებრივი ხასიათის საქმეებზე, ცნობა და აღსრულება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.

10. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

11. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის/ცნობაზე უარის საფუძვლები მოცემულია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ან აღსრულება ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: 1) გადაწყვეტილება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იგი იქნა გამოტანილი, კანონიერ ძალაში შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას; 2) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სათანადო წესით იქნა შეტყობინებული იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ხოლო პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში, ჰქონდა წარმომადგენლობის შესაძლებლობა. 3) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ადრე არ იყო გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე დავის საფუძველზე და იმავე მხარეებს შორის ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის სასამართლოს მიერ ადრე არ იყო აღძრული წარმოება ამ საქმეზე; 4) ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ხოლო ხელშეკრულებით გაუთვლისწინებელ შემთხვევებში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე არ განეკუთვნება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება), ისე საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში.

12. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 43-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ნ.ი გიზის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხატაის რაიონული სასამართლოს 28.10.2022 წლის გადაწყვეტილება (საქმის ნომერი 2(011)-5468/2022), რომლითაც ი.ნ.ი გიზის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხატაის რაიონული სასამართლოს 12.03.2018 წლის (საქმის ნომერი 2(011)-2856/2018) გადაწყვეტილებით ი.ნ.ი გიზის სასარგებლოდ ი.ე.ბ. ოღლიზე დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14.06.2011 წელს დაბადებული ი.ი.ე. ოღლის სარჩენად მის სრულწლოვანებამდე ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 193 მანეთის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია