საქმე №ა-4675-შ-135-2023 23 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ტ.ძ–ა (ქორწინებამდელი გვარი ი.)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჭ–ძე
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ქ. კიევის სვიატოშინის რაიონული სასამართლოს 20.10.2022 წლის გადაწყვეტილება (საქმე N2/759/3095/22)
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. უკრაინის, ქ. კიევის სვიატოშინის რაიონული სასამართლოს 20.10.2022 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N2/759/3095/22) (შემდეგში "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") ტ.ი–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შუამდგომლობის ავტორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- ზ.ჭ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე, „მოწინააღმდეგე მხარე“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის, გ.ზ. ძე ი–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "ბავშვი" (დაბ. 10.03.2021წ.)) რჩენისთვის ყოველთვიურად 6000 უკრაინული გრივნის ოდენობით 20.04.2022 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ბავშვის დედის რჩენისთვის ყოველთვიურად 2000 უკრაინული გრივნის ოდენობით 20.04.2022 წლიდან ბავშვის მიერ სამი წლის ასაკის მიღწევამდე.
2. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. მანვე წარმოადგინა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კერძოდ, 20.01.2023 წელს ო.ძ–თან ქორწინების მოწმობა, რითიც დასტურდება, რომ ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ მას მიეკუთვნა და ამჟამად მისი გვარია - "ძ.".
4. უკრაინის, ქ. კიევის სვიატოშინის რაიონული სასამართლოს 04.04.2023 წლის ცნობებით დგინდება, რომ: უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 21.11.2022 წელს; გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული; მოპასუხე საქმის განხილვის შესახებ იყო სათანადოდ ინფორმირებული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინება, შუამდგომლობა და თანდართული მასალები შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორის დახმარებით მოწინააღმდეგე მხარეს ჩაჰბარდა პირადად, 11.02.2024 წელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
7. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში „საერთაშორისო ხელშეკრულება") პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა. საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
9. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
10. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
11. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას), ისე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
12. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა შვილის სარჩენად მის სრულწლოვანებამდე მოპასუხისთვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების ცნობის, აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
13. რაც შეეხება შუამდგომლობას ბავშვის დედის რჩენისთვის ალიმენტის, ყოველთვიურად 2000 უკრაინული გრივნის ოდენობით, 20.04.2022 წლიდან ბავშვის (დაბ. 10.03.2021წ.) მიერ სამი წლის ასაკის მიღწევამდე (ანუ 10.03.2024 წლამდე) დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე, - საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების ნაწილობრივ ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.
14. კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს (შდრ. საქმე №ა-415-შ-28-07, 30.04.2007წ; №ა-2845-შ-70-2013, 09.12.2013წ.; №ა-693-შ-19-2012, 27.03.2015წ.; №ა-840-შ-16-2021, 20.05.2021წ.).
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-1186-ე მუხლები არეგულირებს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობას. 1186-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება მოისპობა, თუ აღარ არსებობს 1182-ე და 1183-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სარჩოს მიმღები მეუღლე ხელახლა დაქორწინდა. ამდენად, ნორმით განსაზღვრული წინაპირობების გაუქმებასთან ერთად, ასევე სარჩოს მიმღების ხელახლა დაქორწინებისას, სარჩოს მოთხოვნა უქმდება ავტომატურად, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. მარჩენალს შეუძლია აღარ გადაიხადოს სარჩო შემდგომი პერიოდისათვის. სარჩოს მიმღების ხელახალი ქორწინება, როგორც სარჩოს მოთხოვნის გამაქარწყლებელი საფუძველი, მოქმედებს უგამონაკლისოდ. მოცემული გადაწყვეტა არის პირადი პასუხისმგებლობის პრინციპის გაგრძელება. მეორე, ხელახალი ქორწინებით მეუღლე წყვეტს ყოველგვარ კავშირს წინა ქორწინებასთან, წინა მეუღლესთან და ვეღარ მიუთითებს ამ წინა ქორწინებით განპირობებულ რჩენის საჭიროებაზე (რუსიაშვილი/ქვაშბაია/ბატიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, ჭანტურია/რუსიაშვილი (რედ.), 2021 წელი, მუხლი 1186, ველი 1,2; შენგელია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, ჭანტურია (რედ.), 2000 წელი, მუხ.1186, გვ.151).
16. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობას ერთვის უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კერძოდ, 20.01.2023 წელს მოსარჩელის ო.ძ–თან ქორწინების მოწმობა. შესაბამისად, მოპასუხისთვის ბავშვის მიერ სამი წლის ასაკის მიღწევამდე (ანუ 10.03.2024 წლამდე) ბავშვის დედის რჩენისთვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს და გადაწყვეტილება ამ ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას 20.04.2022 წლიდან არა ბავშვის მიერ სამი წლის ასაკის მიღწევამდე, არამედ სარჩოს მიმღების/ბავშვის დედის ხელახლა დაქორწინებამდე, ანუ 20.01.2023 წლამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების 41-43-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ.ძ–ას (ქორწინებამდელი გვარი ი.) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. უკრაინის, ქ. კიევის სვიატოშინის რაიონული სასამართლოს 20.10.2022 წლის გადაწყვეტილება (საქმე N2/759/3095/22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს შემდეგი სახით:
2.1. ზ.ჭ–ძეს ტ.ძ–ას (ქორწინებამდელი გვარი ი.) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა შვილის, გ.ზ. ძე ი–ის (დაბ. 10.03.2021წ.) რჩენისთვის ყოველთვიურად 6000 უკრაინული გრივნის ოდენობით 20.04.2022 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
2.2. ზ.ჭ–ძეს ტ.ძ–ას (ქორწინებამდელი გვარი ი.) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ბავშვის დედის რჩენისთვის ყოველთვიურად 2000 უკრაინული გრივნის ოდენობით 20.04.2022 წლიდან 20.01.2023 წლამდე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია