საქმე №ას-320-2024 23 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.რ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.01.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ.რ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, "სკოლა", „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა:
- სკოლის დირექტორის 2020 წლის 16 ოქტომბრის N1კ-164 ბრძანების ბათილად ცნობა; სკოლის დირექტორის 2021 წლის 20 აგვისტოს N1კ-99 ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის აღდგენა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობაზე; სკოლისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიურად, 2021 წლის 20 აგვისტოდან - 2022 წლის 01 იანვრამდე - 935 ლარის ოდენობით, 2022 წლის 01 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 1000 ლარის ოდენობით, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სკოლის დირექტორის 2021 წლის 20 აგვისტოს N1კ-99 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 20 აგვისტოდან - 2022 წლის 01 იანვრამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად 935 ლარის, ხოლო 2022 წლის 01 იანვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); სარჩელი, მოპასუხის დირექტორის 16.10.2020წ. N1კ-164 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.298-323). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.01.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ.3-37). სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე პალატის 11.07.2024 წლის განჩინებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.
6. 23.07.2024 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა შეადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე. მორიგების აქტი ხელმოწერილ იქნა, ერთის მხრივ, მოსარჩელისა და მეორეს მხრივ, მოპასუხის წარმომადგენლის - მ.გ–ის მიერ (იხ.: მინდობილობა მორიგების უფლებით, ტ.2, ს.ფ.341-342).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
8. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
9. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).
10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. სუსგ №ას-1504-2020, 22 აპრილი, 2021წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, დ.რ–სა (მოსარჩელე/კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) და მეორე მხრივ, სსიპ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლას (მოპასუხე/კასატორი) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორის 2021 წლის 20 აგვისტოს N1კ-99 ბრძანება.
1.2. დ.რ–ი აღდგენილ იქნას სსიპ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობაზე 2024 წლის 01 სექტემბრიდან.
1.3. დ.რ–ს მიეცეს განაცდური ხელფასი 2021 წლის 20 აგვისტოდან - 2024 წლის 01 აპრილამდე პერიოდის გათვალისწინებით, კერძოდ, 2021 წლის 20 აგვისტოდან - 2022 წლის 01 იანვრამდე პერიოდისთვის ყოველთვიურად 935 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით), 2022 წლის 01 იანვრიდან - 2023 წლის 01 იანვრამდე 1000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით), 2023 წლის 01 იანვრიდან - 2024 წლის 01 იანვრამდე 1100 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით) და 2024 წლის 01 იანვრიდან - 2024 წლის 01 აპრილამდე 1200 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით) ოდენობით.
2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები (სააპელაცო წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2022 წლის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში).
3. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-320-2024.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. სსიპ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლას (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ 27.02.2024 წელს საგადახდო მოთხოვნით #01097 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი და 26.03.2024 წელს საგადახდო მოთხოვნით #01570 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1233.75 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
რევაზ ნადარაია