საქმე №ა-5707-შ-175-2023 23 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ.უ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ითხოვს შუამდგომლობის ავტორი - თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ალანიის №3 მაგისტრატი სასამართლოს 12.04.2023 წლის გადაწყვეტილება 2023/570
მოთხოვნა, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – მეურვეობის დაწესება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ალანიის №3 მაგისტრატი სასამართლოს 12.04.2023 წლის გადაწყვეტილებით 2023/570 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება“) ვ.უ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შუამდგომლობის ავტორი“) განცხადება დაკმაყოფილდა, კერძოდ, კ.უ–ძე (დაბადებული 22.09.1996 წელი) მიჩნეულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად და მის მეურვედ დაინიშნა შუამდგომლობის ავტორი. თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ალანიის №3 მაგისტრატი სასამართლოს ცნობით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 23.05.2023 წელს.
2. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. განმცხადებლის განმარტებით, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა სჭირდება სამეურვეო პირისათვის პასპორტის ასაღებად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში „ხელშეკრულება“) 23-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცესი რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს ცნობა და აღსრულება. ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციისას, შემსრულებელი მხარე გადაწყვეტილებას არსებითად კი არ განიხილავს არამედ მხოლოდ მის ამ ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში.
5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი განცხადება, კ.უ–ძე (დაბადებული 22.09.1996 წელს) მიჩნეულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად და მის მეურვედ დაინიშნა თავად შუამდგომლობის ავტორი. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამეურვეო პირს ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლია საკუთარი თავის და საქმეების მართვა, ფაქტობრივად და კანონიერად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ჩატარებული მოკვლევის, სამედიცინო დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების ერთად შეფასების შედეგად კ.უ–ძე აღიარებულ იქნა მეურვის საჭიროების მქონე პირად.
7. ამდენად, გადაწყვეტილების შინაარსით შეიძლება დავასკვნათ, რომ გადაწყვეტილებით დადგენილი კ.უ–ძის სამართლებრივი სტატუსი მეტად შეესაბამება ქმედუუნარობას (მეურვის მიერ სამეურვეო პირის ნების ჩანაცვლება ყველა სფეროში), რაც საქართველოში მოქმედებდა სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში ტექსტში სსკ) 20.03.2015 წლის ცვლილებებამდე, თუმცა, მეურვე დანიშნულია თავად სასამართლოს მიერ, როგორც ეს მხარდაჭერის დაწესების დროს ხდება.
8. სამოქალაქო საქმეთა პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა 20.03.2015 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ქმედუუნარობის ინსტიტუტის რეფორმა განახორციელა და შემოიღო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის (მხარდაჭერის მიმღები) ცნება, რომელიც ასევე ქმედუნარიანად მიიჩნია [სსკ-ის 12.4. მუხლი: ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში]. მხარდაჭერის ინსტიტუტის შემოღება უკავშირდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014 წლის №2/4/532,533 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ქმედუუნარობა ინდივიდუალიზებული პროცესია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიზანი უნდა იყოს ქმედუუნარო პირების დახმარება გადაწყვეტილების მიღების საკითხში და არა ყველა სფეროში მათი ნების სრული ჩანაცვლება. მეურვეების უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებშიც ადამიანს არ გააჩნია ნების ფორმირების შესაძლებლობა, ხოლო ქმედუუნარო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათი შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მეურვის თანხმობით (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014 წლის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, II-40).
9. სახელმწიფო ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში პოზიტიური მოქმედებებით უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტერესების დაცვა. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირის მეურვით უზრუნველყოფა ამ ვალდებულების ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს. ამასთანავე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობა ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებში წარმოდგენილია ფართო სხვადასხვაობითა და ფრაგმენტაციით. გარკვეულ შემთხვევებში, მეურვის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც პირს აქვს სათანადო უნარი, მოახდინოს ნების ფორმირება და მისი სახელით გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლებელია, ეს ნება ადეკვატურად იქნეს ასახული და გათვალისწინებული (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014 წლის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, II-33,34).
10. როგორც უკვე აღინიშნა (იხ. პუნქტი 7), მოცემულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კ.უ–ძეს ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლია საკუთარი თავის და საქმეების მართვა, ფაქტობრივად და კანონიერად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.
11. ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა (გადაწყვეტილებათა ცნობა მეორე მხარის მიერ შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობისას: ა) თუ გადაწყვეტილება, გამოტანილი ერთ–ერთი მხარის მიერ, საბოლოოა და ექვემდებარება აღსრულებას მის ტერიტორიაზე; ბ) თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში; გ) თუ პირი, რომელიც გამოძახებულია სასამართლოში, ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით გაფრთხილებული იყო ამის შესახებ უწყების ჩაბარების გზით; დ) თუ პროცესის მხარეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით, აგრეთვე შესაბამისი წესით ეცნობათ სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ ჰყოლოდათ წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ თავად მოკლებულ იყვნენ თავის დაცვის ან სარჩელის წაყენების შესაძლებლობას; ე) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე, იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ვ) თუ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე მიზეზებით შემსრულებელ მხარის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომელიც ცნობს და აღასრულებს მას. ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოხდება შემდეგ შემთხვევებში: 1. ასეთი კანონი გამოყენებულ იქნა მართებულად; 2. იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობა, რომელიც ცნობს და აღასრულებს გადაწყვეტილებას პრინციპულად არ განსხვავდება მეორე მხარის კანონმდებლობისაგან. 3. ასეთი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება იმ მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებს და საჯარო წესრიგს, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება). საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
12. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მიუხედავად საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმის შედეგად შემოღებული მხარდაჭერის ინსტიტუტის განსხვავებული სამართლებრივი შინაარსისა, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, რათა კ.უ–ძეს არ წარმოექმნას დაბრკოლება იმ უფლებათა განხორციელებაში, რომლისთვისაც მოთხოვნილია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა (შდრ. სუსგ Nა-2812-შ-76-2023, 30.10.2023წ.; Nა-4575-შ-131-2023, 28.09.2023წ.; Nა-575-შ-18-2022, 02.03.2022წ.; Nა-2815-შ-77-2023, 20.07.2023წ.; Nა-4575-შ-131-2023, 28.09.2023წ.; Nა-5065-შ-155-2019, 02.03.2020წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-20 მუხლით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.უ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ქ. ალანიის №3 მაგისტრატი სასამართლოს 12.04.2023 წლის გადაწყვეტილება 2023/570, რომლითაც კ.უ–ძე (დაბადებული 22.09.1996 წელი) მიჩნეულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად და მის მეურვედ დაინიშნა 14.08.1978 წელს დაბადებული ვ.უ–ძე.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია