¹ბს-100-94(კ-07) 1 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. თბილისის მერის 20.04.07წ. ¹06/23668 განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
27.06.03წ. სს ,,თ-მ" ქ. თბილისის საკრებულოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში და ქ. თბილისის საკრებულოს 18.03.03წ. დადგენილების იმ ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც თავისი მხრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 09.10.97წ. ¹20.30.1186 დადგენილება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 09.10.97წ. ¹20.30.1186 დადგენილება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო და მისი ბათილად ცნობა დასაშვები იყო მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 09.10.97წ. აქტი მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ძალაში შესვლამდე, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ზაკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნულ მუხლში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება სს ,,თ-ს” მიერ განხორციელდა, კერძოდ, კომპანიამ დადგენილი წესით მოიპოვა საკუთრების უფლება 09.10.97წ. აქტით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე. მოპასუხემ აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს 18.03.03წ. ¹9 დადგენილება მიღებული იქნა ზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევით. სადავო აქტის მიღებისას დარღვეული იქნა ზაკ-ის მე-13 მუხლი, ვინაიდან სს ,,თ-თვის” არ ყოფილა ცნობილი აღნიშნული აქტის მისაღებად გამართული ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე, კომპანიას არ ჰქონია შესაძლებლობა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარედგინა. მოსარჩელის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დადგენილების დასახელების თანახმად, ადმინისტრაციული აქტი მიღებულია სს ,,ს-ის" ქონების თაობაზე, ხოლო ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტი შეეხება სს ,,თ-თვის" მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემას. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საკრებულომ დაარღვია აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში მითითებული უნდა იქნეს ის ორგანო, რომელშიც შესაძლებელია ამ აქტის გასაჩივრება. დარღვეული იქნა ასევე ზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავს არც გასაჩივრების წესს და არც ამ დადგენილების დასაბუთებას. მასში არ არის მითითებული ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მიუხედავად მათი მიმართვისა, თბილისის საკრებულოდან შესაბამისი განმარტება ვერ იქნა მიღებული. უცნობია, რომელი გარემოებანი, ფაქტები, მტკიცებულებები და არგუმენტები დაედო საფუძვლად სადავო აქტის გამოცემას.
მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტი მიღებული იქნა ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. საკითხის განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ......... კავშირმა წერილით მიმართა და მოითხოვა ......... ¹7-ში არსებული ყოფილი ......... სახლის სს ,,ს-ის" საწესდებო კაპიტალში შეტანის მართლზომიერების შემოწმება. საკითხის შესწავლის მიზნით მოძიებული და შესწავლილი იქნა უძრავი დოკუმენტაცია, მომზადდა მოხსენებითი ბარათი, რომელიც გაეგზავნათ მხარეებს, მათ შორის მოსარჩელეს. მოსარჩელის განცხადებით, გასაჩივრებული აქტი მიღებული იქნა ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ" და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" კანონების შესაბამისად” აქტი არ ეწინააღმდეგება ზაკ-ის 218-ე მუხლის მოთხოვნებს.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 24.03.04წ. განჩინებით მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ......... კავშირი (ს.ფ. 51-52).
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 03.05.04წ. გადაწყვეტილებით სს ,,თ-ს" სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს 18.03.03წ. ¹9 დადგენილების მე-3 მუხლის ის ნაწილი, რომლის ძალითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 09.10.97წ. ¹20.30.1186 დადგენილება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 03.05.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულომ და მასამე პირმა _ საქართველოს ........ კავშირმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.03.05წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერია.
ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.05წ. განჩინებით ქ. თბილისის საკრებულოს სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება შეწყდა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ........ კავშირმა. სააპელაციო პალატის 06.01.06წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.03.06წ. განჩინებით საქართველოს ......... საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 18.11.05წ. განჩინება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე ქ. თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, აგრეთვე, შპს “ჯ-ის” წარმომადგენლებმა სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს. მესამე პირის საქართველოს ......... კავშირის თავმჯდომარე და წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.10.06წ. განჩინებით საქართველოს ......... კავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 03.05.04წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 09.10.97წ. ¹2030.1186 დადგენილებით მიღებული იქნა მიწათსარგებლობისა და ქალაქმშენებლობის საქმეთა კომისიის წინადადება და სს ,,თ-ს” 99 წლის ვადით დაუმაგრდა ......... ¹7, კერძოდ, 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 17.10.97წ. ქ. თბილისის მერიასა და სს ,,თ-ს” შორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 09.10.97წ. ¹20.30.1186 დადგენილების საფუძველზე დადებული იქნა იჯარის ხელშეკრულება 99 წლის ვადით, მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის უფლებით. ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა თბილისის მიწის ნაკვეთების საიჯარო ხელშეკრულების საქალაქო წიგნში. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, იჯარის გამცემი ადასტურებდა, რომ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საკუთრებას. იჯარის გამცემი უფლებამოსილი იყო, დამოუკიდებლად გაეცა იჯარით იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი თავისუფალი იყო გირაოსაგან, ყადაღისაგან და მესამე პირების მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის უფლებისა და პრეტენზიისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში იჯარის გამცემს პასუხი უნდა ეგო მოიჯარის წინაშე ამით გამოწვეული ზიანისათვის მიუღებელი მოგების ჩათვლით. შეტანილი ცვლილებების შედეგად ხელშეკრულების 7.1 მუხლი ჩამოყალიბდა ახლებური სახით, რომლის თანახმად, წინამდებარე იჯარის ხელშეკრულების თაობაზე წარმოშობილ შესაძლო დავებს მხარეები გადაწყვეტდნენ ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში ასეთი დავები გადაწყდებოდა შვეციის სამეფოს ქ. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ. საჯარო რეესტრის საქმეში არსებული ამონაწერის თანახმად, 19.02.99წ. თბილისში, ......... ¹7, 4211 კვ.მ მიწის ნაკვეთი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძოსაკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 09.10.97წ. ¹20.30.1186 დადგენილების, არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 29.10.97წ. გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის, სს ,,ე-ს” 04.02.99წ. ¹1-05/70 წერილის, სს ,,ლ-ს" 06.01.99წ. ¹2 წერილის საფუძველზე აღრიცხული იქნა სს ,,თ-ის" საკუთრებად. სს ,,ს-ის" შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 18.03.03წ. ¹9 დადგენილების მე-3 პუნქტით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დადგენილება, მათ შორის 09.10.97წ. ¹20.30.1186 დადგენილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 18.03.03წ. დადგენილება წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინიტსრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო ქ. თბილისის საკრებულოს ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, კოლეგიურ საჯარო დაწესებულებამ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ზაკ-ის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დაცვა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტი გამოიცა ზაკ-ის 52-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მასში მითითებული არ იყო ის ორგანო, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა აქტის გასაჩივრება, ადმინისტრაციული აქტი ასევე არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას და მითითებას იმ საკანონმდებლო ნორმებზე, რომელთა საფუძველზეც იქნა იგი გამოცემული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქ. თბილისის მენიციპალიტეტის კაბინეტის 09.10.97წ. ¹20.30.1186 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელეს დაუმაგრდა ........... ¹7-ის მიწის ნაკვეთი, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის მიერ განხორციელებული იქნა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულომ სასამართლოს ვერ წარუდგინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ნორმების გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რისი ვალდებულებაც მას ასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ეკისრებოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთის განკარგვა მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ. სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 27.05.05წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ......... საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის სარჩელი სს ,,თ-ს" მიმართ ქ. თბილისში, ......... ¹7-ის 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს ,,ჯ-ის" შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს .......... საერთო ეროვნულ შემოქმედებით კავშირს დაევალა ქ. თბილისში, ............ ¹7-ში ადრე არსებული დანგრეული ,, ......... სახლი" მოეხსნა თავის ბალანსიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 19.10.05წ. ¹ას-958-1235-05 განჩინებით საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ. კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის 15.06.93წ. ¹05.0836 გადაწყვეტილებით შეიქმნა სს ,,ს-ი", რომელმაც რეგისტრაცია 05.08.93წ. გაიარა. ქ. თბილისის მერიის, როგორც დამფუძნებლის, შენატანი საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა საზოგადოებისათვის უძრავი ქონების გადაცემით და გასაშენებელი ან სხვა ტერიტორიის ხანგრძლივვადიანი (20 წლიანი) სარგებლობის უფლებით, მათ შორის, ........ სახლი .......... ¹7-ში. მოპასუხე სს ,,თ-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო სს ,,ს-ი", რომელსაც 24.02.94წ. ¹05-1060 დადგენილებით ......... ¹7-ში მიეცა ასაშენებელი ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის დამკვეთის სტატუსი, რის შემდეგაც ქ. თბილისის მერიასთან გააფორმა ¹815 ხელშეკრულება 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით აღების შესახებ. შემდგომში სს ,,თ-ამ" მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის დამაგრება, საიჯარო ხელშეკრულებით 99 წლის ვადით გადაცემა და პირველი 20 წლის განმავლობაში იჯარის ქირისაგან განთავისუფლება. აღიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 09.10.97წ. ¹@20.30.1186 დადგენილებით. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული აღნიშნული დადგენილება, როგორც ადმინისტრაციული გარიგების გაფორმებისათვის გამოხატული ნება. ამ დადგენილების საფუძველზე სადავო ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა სს ,,თ-ის" სახელზე. საჯარო რეესტრში ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვის საფუძვლად მიეთითა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლი კერძო საკუთრების უფლებას ანიჭებდა საქართველოს მოქალაქეს, კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი. მოპასუხე კომპანიას, კასატორის განცხადებით, მიწის ნაკვეთი მიწის სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით არ ჰქონია გამოყოფილი _ იგი კომპანიას მუნიციპალიტეტის კაბინეტის 09.10.97წ. დადგენილების საფუძველზე გამოეყო.
კასატორის განცხადებით, მოპასუხემ ისარგებლა უკანონო შეღავათით ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის საფუძველზე მოახდინა სადავო მიწის ფართობის თავის სახელზე აღრიცხვა მაშინ, როცა მიწის ამ ნაკვეთზე არსებული ნაგებობა .........-ის სახლი წარმოადგენდა ისტორიული და კულტურულ ძეგლს და შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, გასხვისებას არ ექვემდებარებოდა.
კასატორის აზრით, ქ. თბილისის საკრებულოს 18.03.03წ ¹9 დადგენილება არ ეწინააღმდეგება ზაკ-ის 218-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნული აქტით ბათილად გამოცხადებული აქტები აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ მათი მიღების პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას და ზოგ შემთხვევებში მათ შესრულებაში იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 09.10.97წ. დადგენილებით მოპასუხეს 99 წლით გადაეცა იჯარით მიწის ნაკვეთი და საიჯარო ქირისაგან იგი 20 წლით გათავისუფლდა. კასატორის განმარტებით, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა მიწის ნაკვეთის 99 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემას არ ითვალისწინებდა, ხოლო 20 წელი საიჯარო ქირისაგან განთავისუფლება, უნდა ჩაითვალოს ინდივიდუალურ საგადასახადო შეღავათად. კასატორის აზრით, აღნიშნული ქმედება არის უფლებამოსილი პირების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და ვერ წარმოშობს დაინტერესებული მხარის მიმართ კანონიერი ნდობის უფლებას. კასატორმა სსკ-ის 391-ე, 394-ე, 397-ე მუხლების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.06წ. განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.02.07წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს მიეცათ საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით წარმოედგინათ მოსაზრებები.
23.04.07წ. საკასაციო პალატამ მიიღო კასატორის 20.04.07წ., ¹06/23668 განცხადება, რომლითაც უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა ქ. თბილისის მერიის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, განმცხადებელმა ქ. თბილისის მერიამ განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, უარი საკასაციო საჩივარზე არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მერის 20.04.07წ. ¹06/23668 განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს კასატორის ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.