Facebook Twitter

საქმე №ა-3447-გან-10-2024 25 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - შპს „ფ–ა ..“

მოწინააღმდეგე მხარე/პირი, ვის უფლებამონაცვლედ ჩაბმასაც ითხოვს განმცხადებელი - ე.წ–ვა

განმცხადებლის მოთხოვნა - უფლებამონაცვლის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.12.2013 წლის გადაწყვეტილებით შპს „ფ–ა ..”-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ბ.ტ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, ……. პურის ქარხნისა და არსებულ სახლს შორის/ქ. თბილისი, …… მიმდებარედ, ს/კ ……-ის ½ ნაწილის მესაკუთრედ (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 149-161). გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2014 გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 43-59). გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.04.2015 წლის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, 23.12.2010 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მოსარჩელეს მოპასუხისგან ნატურით დაუბრუნდა ნასყიდობის საგანი - ქ. თბილისი, …….. პურის ქარხნისა და არსებულ სახლს შორის/ქ. თბილისი, ……. მდებარე უძრავი ქონების ს/კ …..-ის ½ ნაწილი და დადგინდა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ პირველ და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, სულ 4000 ლარის, ანაზღაურება (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 120-132).

4. მოსარჩელემ 26.06.2024 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და მოითხოვა მოპასუხის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლედ ე.წ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირი, ვის უფლებამონაცვლედ ჩაბმასაც ითხოვს განმცხადებელი" ან "განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარე") ცნობა. განცხადებას ერთვის:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 05.06.2024 წლის წერილი. მასში აღნიშნულია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქმეზე №ას-779-746-2014 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელზეც მოვალის გარდაცვალების გამო შეჩერდა სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე;

- 13.10.2023 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა N231437111.

5. განცხადებაზე წერილობითი პოზიცია წარმოადგინა პირმა, ვის უფლებამონაცვლედ ჩაბმასაც ითხოვს განმცხადებელი და განმარტა, რომ:

- კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში მიიღო მეუღლის დანაშთი სამკვიდრო, მათ შორის, მოსარჩელე საწარმოში მეუღლის კუთვნილი 50% წილი;

- პრაქტიკულად უჭირს პარტნიორის უფლებების რეალიზაცია მეორე 50% წილის მფლობელ პარტნიორ და იმავდროულად დირექტორ - ბ.კ–ძესთან გართულებული კომუნიკაციის გამო (არ პასუხობს წერილებს);

- გადაწყვეტილების აღუსრულებელი ნაწილი შეადგენს მხოლოდ 969,05 ლარს;

- გათვალისწინებით იმისა, რომ განმცხადებლის დირექტორის ქმედებები მასთან მიმართებით არ შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებლის მოთხოვნა უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე არ უნდა იქნეს გაზიარებული (იხ. 18.07.2024 წლის წერილობითი პოზიცია).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი დოკუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უფლებამონაცვლეობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

7. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ.: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019წ). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ.: სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ., პ.64).

8. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულია ქონებრივ დავაზე, სადაც უფლებამონაცვლეობა დასაშვებია. წარმოდგენილია 13.10.2023 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ პირი, ვის უფლებამონაცვლედ ჩაბმასაც ითხოვს განმცხადებელი, არის 13.01.2022 წელს გარდაცვლილი მოპასუხის მემკვიდრე პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - მეუღლე, რომელმაც საკუთრებაში სრულად მიიღო სამკვიდროში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ქონება, ქონებრივი უფლებები, მათ შორის საკუთრების მოწმობის მიღების უფლება უძრავ-მოძრავ ქონებაზე, საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ასევე სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებები, რაც გადაეცემა მემკვიდრეობით და რაზეც დასტურდება მამკვიდრებლის საკუთრების უფლება) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ-მიღებული სამკვიდროს ფარგლებში). სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მამკვიდრებლის სხვა მემკვიდრეებს, განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ არ წარუდგენიათ.

9. მეუღლის დანაშთი სამკვიდროს მიღების ფაქტი განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარემ წარმოდგენილ წერილობით პოზიციაშიც დაადასტურა. რაც შეეხება იქვე მითითებულ სხვა გარემოებებს (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დარჩენილი აღსასრულებელი ნაწილის სიმცირე; მოსარჩელის მეორე 50% წილის მფლობელ პარტნიორთან, დირექტორთან კომუნიკაციის სირთულე და მისი ქმედებები), პალატა არ მსჯელობს მათზე, რამეთუ უფლებამონაცვლეობის დადგენის ეტაპზე აღნიშნული არ არის სამართლებრივად რელევანტური და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც ვერ შეფასდება განცხადების დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებად.

10. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე საქმეში არსებობს მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენის მატერიალურსამართლებრივი და საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 92-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ფ–ა N“-ის განცხადება დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ბ.ტ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს მისი მემკვიდრე - ე.წ–ვა.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია