Facebook Twitter

საქმე № ა-1677-შ-42-2023 23 ივლისი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კერძო საწარმო "ა.ე.პ–ი"

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ბ–ი"

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 11.11.2022 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №63/2022)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 11.11.2022 წლის გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №63/2022) (შემდგომში "საარბიტრაჟო გადაწყვეტილება") შპს "ბ–ის" (შემდეგში - „საარბიტრაჟო მოპასუხე,“ „მოწინააღმდეგე მხარე“) კერძო საწარმო "ა.ე.პ–ის" (შემდეგში - „საარბიტრაჟო მოსარჩელე,“ „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა 804 161.50 აშშ დოლარის - მიწოდებული, მაგრამ გადაუხდელი საქონლის ღირებულების და 18 741.62 აშშ დოლარის - საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯების გადახდა, ჯამურად 822 903.12 აშშ დოლარის ოდენობით.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, ასევე შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების თარგმნისთვის გაწეული ხარჯის, 865 ლარის ანაზღაურება.

3. სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე იყო ინფორმირებული საარბიტრაჟო განხილვის შესახებ, თუმცა არ გამოცხადებულა საარბიტრაჟო სხდომაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სსსკ-ის 35612 მუხლის პირველი ნაწილით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 35620 მუხლის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

7. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

8. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდეგში "ნიუ იორკის კონვენცია"), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები (შდრ. სუსგ. Nა-4514-შ-125-2023, 30.04.2024წ.; Nა-1133-შ-29-2020, 22.02.2021წ.).

9. ნიუ იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20). ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ ჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის.

10. ნიუ იორკის კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შუამდგომლობის წარდგენის წესს:

კერძოდ, მხარემ, რომელიც ითხოვს ცნობასა და აღსრულებას, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვისას, უნდა წარადგინოს: ა) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი. წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს (ასევე იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის განსახილველად მიღების შესახებ).

11. ნიუ იორკის კონვენციის მე-5 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ მაშინ აღუდგება წინ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას, თუ არსებობს კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. აღნიშნული საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული ნიუ იორკის კონვენციაში. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა წამოსწიოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას თუ იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, სადაც მოითხოვება მისი ცნობა და აღსრულება, დაადგენს, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ან ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.

12. ნიუ-იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ მისი მე-5 მუხლიდან, გამომდინარეობს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები (დაწვრილებით იხ.: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.74,75). აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

13. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნეს ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2010წ., გვ.14.).

14. მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსარჩელე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევას, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 804 161.50 აშშ დოლარის - მიწოდებული, მაგრამ გადაუხდელი საქონლის ღირებულების და 18 741.62 აშშ დოლარის - საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯების გადახდა, ჯამურად 822 903.12 აშშ დოლარის ოდენობით.

15. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე (თბილისი, დიდუბის რაიონი, .........) ორჯერ გაეგზავნა შუამდგომლობის ასლი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით (ფოსტის მეშვეობით), მაგრამ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა. პირველი შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია, რომ "არ ჩაიბარა, გავარკვევ ვისიაო და სავარაუდოდ ოფისში მოვა", მეორეზე კი - "არავინ არ იმყოფებოდა." სასამართლომ გზავნილი მოწინააღმდეგე მხარის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ ელექტრონულ ფოსტაზეც გააგზავნა, რისი მიღებაც ადრესატს არ დაუდასტურებია.

16. ამის შემდგომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.06.2023 წლის განჩინებით ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოწინააღმდეგე მხარის მოძიება და მისთვის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარება, თუმცა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მომართვით და მისამართზე გამოცხადების ოქმით დგინდება, რომ გზავნილის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა. უკვე ამის შემდგომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.07.2023 წლის განჩინებით დადგინდა საარბიტრაჟო მოპასუხის ინფორმირება საჯარო პუბლიკაციის გზით (გასაჯაროების თარიღი: 7/24/2023).

17. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით მიიჩნევს, რომ არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავა წარმოადგენდა საარბიტრაჟო განხილვის საგანს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

18. სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 150 ლარის ოდენობით. რადგან წინამდებარე განჩინებით შუამდგომლობა კმაყოფილდება, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. მასვე უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. შუამდგომლობას ერთვის შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების თარგმანის (თარგმნის და მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმების) ხარჯის 864.92 ლარის ოდენობით გაწევის დამადასტურებელი მტკცებულებები (ს.ფ. 148-150), შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, სსსკ-ის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კერძო საწარმო "ა.ე.პ–ის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 11.11.2022 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №63/2022), რომლითაც შპს "ბ–ის" კერძო საწარმო "ა.ე.პ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა 804 161.50 აშშ დოლარის - მიწოდებული, მაგრამ გადაუხდელი საქონლის ღირებულებისა და 18 741.62 აშშ დოლარის - საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯების გადახდა, ჯამურად 822 903.12 აშშ დოლარის ოდენობით.

3. შპს "ბ–ის" კერძო საწარმო "ა.ე.პ–ის" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

4. შპს "ბ–ის" კერძო საწარმო "ა.ე.პ–ის" სასარგებლოდ დაეკისროს შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების თარგმნისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 864.92 ლარის ოდენობით.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მომხსენებელი: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია