Facebook Twitter

საქმე №ას-501-2020 20 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ღ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2020 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ.კ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ღ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა სატელევიზიო მედიასაშუალებების - ტელეკომპანია „იმედისა“ და „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით, აგრეთვე, საინფორმაციო პორტალების - „ინტერპრესნიუსისა“ (www.ipn.ge) და „ნიუსჯის“ (www.news.ge) მეშვეობით, სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი სახის ცნობების გამოქვეყნების გზით: სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 10.08.2015 წელს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ გაკეთებული განცხადებები: 1. „ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა კ–მა“; 2. „ადამიანი (გ.კ–ი), რომელიც არის ცნობილი ნარკომანი და კრიმინალი ჩვეულებრივი და თავზე ხელაღებული, წლების განმავლობაში ს–ის, ასე ვთქვათ მონა“; 3. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი (გ.კ–ი) იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ“ - არის სიცრუე და ცილისწამება და მოსარჩელის პატივისა და ღირსების, ასევე - მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადება.

1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება სიმბოლურად 1 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 04.09.2019 წელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2020 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, განჩინება ეფუძნება შემდეგს:

5.1. მოსარჩელე არის 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიით, 10.08.2015 წლის მდგომარეობით იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და წარმოადგენდა საჯარო პირს.

5.2. მოპასუხე 10.08.2015 წლის მდგომარეობით იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და წარმოადგენდა საჯარო პირს.

5.3. მოსარჩელე 10.08.2015 წელს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა თავის ავტომობილს და გადაადგილდებოდა სოფელ ქვიშხეთში, რა დროსაც შეაჩერეს შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მანევრირების წესების დარღვევის საბაბით. მოსარჩელეს პატრულის თანამშრომლებთან მოუვიდა შელაპარაკება, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მოსარჩელე და მის მანქანაში მყოფი ერთ-ერთი პირი, რომელსაც წარედგინა ბრალდება პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის.

5.4. 10.08.2015 წელს მასმედიასთან მიცემულ ინტერვიუში მოსარჩელემ განაცხადა შემდეგი: „ნება მომეცით საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო მომხდარი ინციდენტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიციელების ქმედება ატარებდა წინასწარ განზრახული პროვოკაციის ნიშნებს, ჩემს საქციელს - ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომას და გინებას გამართლება არ აქვს და გულწრფელად ვნანობ“.

5.5. ზემოაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით 10.08.2015 წელს მოპასუხემ, პრემიერ მინისტრმა, სატელევიზიო მედიასაშუალებებისათვის (საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა შემდეგი: „მე მინდა დავგმო ეს ფაქტი, ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი, სრულიად მიუღებელი ფაქტი, ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა კ–მა, ეს ცალსახად ასე ჩანს კარგად და თქვენ ნახეთ, საზოგადოებამ დღეს იხილა კადრები, თუ როგორ აგინებს, როგორ შეურაცხყოფს საქართველოს პოლიციას და ქართულ პოლიციას, ადამიანი, რომელიც არის ცნობილი ნარკომანი და კრიმინალი, ჩვეულებრივი და თავზეხელაღებული, წლების განმავლობაში ს–ის ასე ვთქვათ მონა, მე არ მინდოდა ამ სიტყვების ხმარება, მაგრამ ისინი იმსახურებენ ამას, იმიტომ რომ ჩემთვის აბსოლიტურად აღმაშფოთებელი იყო ის რაც ვნახე. მე მინდა მივმართო ქართულ პოლიციას, რომ მათ აბსოლუტურად პროფესიონალურად მოიქცნენ, მათ დაიცვან საკუთარი ღირსება და საკუთარი მუნდირი და ასე გააგრძელონ, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს, იქნება ეს კ–ი, იქნება ეს ჩვენი დეპუტატი, თუ იქნება ეს მინისტრი თუ სხვა;“ „არცერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს, იქნება ეს კ–ი, იქნება ეს ჩვენი დეპუტატი თუ იქნება ეს მინისტრი თუ სხვა. ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ქართულ პოლიციის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას განახორციელებს, ის იქნება რა თქმა უნდა კანონის შესაბამისად მკაცრად დასჯილი. ეს არის ჩემი პოზიცია და ამას მე მტკიცედ დავიცავ. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, ამ პროვოკატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართული პოლიციის სახელი შებღალონ, რომ მათი ეს მცდელობა დასრულდება კრახით, იმიტომ რომ ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, იქნება ეს კ–ი, თუ ნებისმიერი სხვა, ბ–ძე, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებენ და იწვევენ ჩვენს პოლიციელებს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას, ასეთი ღირსეული და პროფესიონალური მოქცევისათვის და მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველა ასეთი ფაქტი იქნება ბოლომდე გამოძიებული და ყველა კანონდამრღვევი იქნება დასჯილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთ ბოდვებს და ასეთ სისულელეებს არ მოიგონებდა“.

5.6. 10.08.2015 წელს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე №077100815001, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდებულის სახით დააკავეს მოსარჩელე, რომელიც იმავე დღეს გაათავისუფლეს და მის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება არ გამოტანილა.

5.7. 23.09.2015 წელს სისხლის სამართლის №077100815001 საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მოსარჩელის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 25-19, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელზეც 08.08.2019 წლის ცნობის შესაბამისად, შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

5.8. 12.08.2015 წელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულია ექსპერტიზის დასკვნა №0044732615, რომლის თანახმად, მოსარჩელისაგან საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდის) იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: ამფეტამინზე, ბუპრენორფინზე, მორფინზე, მეთადონსა და ტეტრაჰიდროკანაბინოლზე მიღებულია უარყოფითი შედეგი.

5.9. 12.08.2015 წელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულია ცნობა №4-022552, რომლის თანახმად, მოსარჩელე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზაში ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება.

5.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 06.10.2015 წლის ცნობის შესაბამისად, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მოსარჩელე არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.

5.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

5.12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „სპეციალური კანონი“) მე-7, მე-14 მუხლებით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სპეციალური კანონის მე-14 მუხლის ასამოქმედებლად, აუცილებელია, დადგინდეს, რომ მოპასუხის განცხადებები უშუალოდ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“.

5.13. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე მის მიერ გაკეთებული გამონათქვამების (1. „ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა კ–მა“; 2. „ადამიანი, რომელიც არის ცნობილი ნარკომანი და კრიმინალი ჩვეულებრივი და თავზე ხელაღებული, წლების განმავლობაში ს–ის, ასე ვთქვათ მონა“; 3. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ“) გაჟღერებისას არ უთითებს, რომ რომელიმე წყაროზე დაყრდნობით ავითარებს ამ აზრს, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, ეს იყო მისი პირადი აზრი, სუბიექტური შეფასება მოსარჩელის მიმართ, გამომდინარეობდა მისი პირადი წარმოდგენიდან, რომელიც შეექმნა 10.08.2015 წლის მოვლენების გამო და არის მსჯელობის, შეფასების შედეგი. შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის პირველივე აუცილებელი პირობა - ცილისწამება, ვინაიდან მოპასუხემ გაავრცელა არა არსებითად მცდარი ფაქტები, არამედ გამოთქვა პირადი აზრი და ადგილი ჰქონდა შეფასებით მსჯელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის მიერ 10.08.2015 წელს მოსარჩელის მისამართით გაკეთებული განცხადება არის შეფასებითი მსჯელობა.

5.14. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე საჯარო პირია და, სპეციალური კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო პირის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები მეტად ფართოა. მოპასუხე საჯარო პირია და მან განცხადებები გააკეთა მოსარჩელის - როგორც საჯარო პირის მიმართ. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებები წარმოადგენს იმ მოვლენების მწვავე და ერთგვარად უხეში ფორმით პოლიტიკურ შეფასებას, რასაც ადგილი ჰქონდა 10.08.2015 წელს.

5.15. მოპასუხის მიერ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გაკეთება, რომელიც ცილისწამებას გაუთანაბრდებოდა, არ დადასტურდა. შესაბამისად, სასამართლომ ნორმის დისპოზიციით განმტკიცებული მეორე ელემენტი - მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი აღარ გამოიკვლია და სამართლებრივად აღარ შეაფასა.

5.16. სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი არის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, რომლის დაკმაყოფილებასაც უკავშირდება მოსარჩელის მეორე მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მსგავსი ტიპის დავების განხილვის დროს დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს, რას წარმოადგენს მოპასუხის მიერ გაკეთებული სადავო გამონათქვამები - ფაქტებს თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს). რადგან აღნიშნული საკითხი დგინდება სამართლებრივი შეფასების გზით, სასამართლო ვალდებულია, იკვლიოს სარჩელის იურიდიული მართებულობა. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იყო შესაგებელი წერილობითი ფორმით, რომლითაც იგი სადავოდ ხდიდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და განმარტავდა, რომ მისი განცხადებები წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, რის გამოც არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.07.2019 წლისა და 04.09.2019 წლის საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის (არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე) საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის, მისი თავისუფალი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

9. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში „კონვენციის“) მე-10 მუხლით, ყველას აქვს უფლება, გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, მის შესაზღუდად შეფასების მაღალ სტანდარტებს იყენებს და ამის გასამართლებლად წონად დასაბუთებას მოითხოვს. შესაბამისად, ამ უფლების სხვა ღირებულებებთან დაპირისპირების დროს „სამართლიანი ბალანსის“ განსაზღვრისას, ეროვნულ სახელმწიფოთა შეფასების თავისუფლების არეალი ძალიან ფართო არასდროს არის, თუმცა, განსხვავებულია სხვადასხვა საზოგადოებრივ მიზნებთან მიმართებით (გოცირიძე ევა, გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის მიხედვით, თბილისი, 2008, გვ.128).

11. მოცემულ დავაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია, 10.08.2015 წელს სხვადასხვა მედიასაშუალებით მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები არის თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლით (სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი: პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან) დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. სხვაგვარად, წარმოადგენს თუ არა მოპასუხის გამონათქვამები ცილისწამებას (დიფამაციური შინაარსის განცხადებას), რომელმაც შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსარჩელის უფლებების დასაცავად. მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც სამოქალაქო კოდექსის, ასევე - სპეციალური კანონის ნორმები. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ე“ პუნქტი განსაზღვრავს, რომ ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

12. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს. სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა (სუსგ №ას-1337-2019, 02.03.2020წ.).

13. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე დავისას, იმის შეფასება, გავრცელებული განცხადება წარმოადგენს ფაქტს თუ აზრს ან შეილახა თუ არა მოპასუხის პატივი, ღირსება, ან საქმიანი რეპუტაცია, სამართლის საკითხია და მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონის ძალით დადასტურებულად მიიჩნევა თავად განცხადების გავრცელების ფაქტი მისი შინაარსის გათვალისწინებით, რომლის სამართლებრივი შეფასებაც სასამართლოს გადასაწყვეტია, ხოლო სასამართლო ამ შემთხვევაში არ არის შეზღუდული მხარის მითითებებით (სუსგ №ას-1179-1124-2013, 30.04.2015წ.).

14. მოსარჩელის მიერ მითითებულია და მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულადაა მიჩნეული შემდეგი გარემოებები (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ.1-19):

14.1. მოსარჩელე არის 2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიით;

14.2. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილედ, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილედ;

14.3. მოსარჩელესა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის 10.08.2015 წელს ადგილი ჰქონდა ინციდენტს, კერძოდ, მოსარჩელე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა თავის ავტომობილს და გადაადგილდებოდა სოფელ ქვიშხეთში საკუთარი სახლის მიმართულებით, ასევე სოფელში სახლებში უნდა დაეტოვებინა სუფრის რამდენიმე წევრი. 00:45 საათზე გააჩერეს შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მანევრირების წესების დარღვევის საბაბით;

14.4. მოსარჩელეს პატრულის თანამშრომლებთან მოუვიდა შელაპარაკება, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მოსარჩელე და მის მანქანაში მყოფი ერთ-ერთი პირი, რომელსაც წარედგინა ბრალდება პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის;

14.5. ინციდენტი გააშუქა მასმედიამ;

14.6. 10.08.2015 წელს მასმედიის საშუალებებისათვის მიცემულ ინტერვიუში მოსარჩელემ განაცხადა შემდეგი:

„ნება მომეცით, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო მომხდარი ინციდენტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიციელების ქმედება ატარებდა წინასწარ განზრახული პროვოკაციის ნიშნებს, ჩემს საქციელს - ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომას და გინებას გამართლება არ აქვს და გულწრფელად ვნანობ“;

14.7. ზემოაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით 10.08.2015 წელს მოპასუხემ, პრემიერ მინისტრმა, სატელევიზიო მედიასაშუალებებისათვის (საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა შემდეგი:

„ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა კ–მა. ეს ცალსახად, ეს ასე ჩანს კარგად და თქვენ ნახეთ, საზოგადოებამ დღეს იხილა კადრები, თუ როგორ აგინებს, როგორ შეურაცხყოფს საქართველოს პოლიციას, ადამიანი, რომელიც არის ცნობილი ნარკომანი და კრიმინალი ჩვეულებრივი და თავზე ხელაღებული, წლების განმავლობაში ს–ის, ასე ვთქვათ მონა, მე არ მინდოდა ამ სიტყვების ხმარება, მაგრამ ისინი იმსახურებენ ამას, ... დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. სხვა შემთხვევაში ასეთ ბოდვებს და სისულელეებს არ მოიგონებდა“;

14.8. მოსარჩელე ინციდენტის მომენტში არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ;

14.9. მოსარჩელე არ იმყოფება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზაში ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე;

14.10. მოსარჩელეს არასოდეს გაუკეთებია პრეზიდენტ ს–ის მიმართ მაამებლური გამონათქვამები.

15. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) საჯარო პირია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

16. მოსარჩელე და მოპასუხე სადავო განცხადებების გაკეთების დროს იყვნენ საჯარო პირები, კერძოდ:

16.1. მოსარჩელე იყო 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით, 10.08.2015 წლის მდგომარეობით იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს პარლამენტის წევრი არის თანამდებობის პირი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია)) და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს (სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997 წლის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).

16.2. მოპასუხე 10.08.2015 წლის მდგომარეობით იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს (სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997 წლის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).

17. სპეციალური კანონის მე-14 მუხლი ადგენს საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სტანდარტს და უშვებს აღნიშნულს ისეთ შემთხვევებში: თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელეა ვალდებული, დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობის არსებობა, კერძოდ: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას ან/და საქმიან რეპუტაციას; დ) მოპასუხემ წინასწარ იცოდა განცხადებული ფაქტის მცდარობის თაობაზე ან მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება მოპასუხის აშკარა და უხეშმა დაუდევრობამ გამოიწვია. ასევე, უნდა გაირკვეს, ხომ არ არსებობს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები.

18. მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან სადავოდაა გამხდარი შემდეგი წინადადებები: 1. „ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა კ–მა“; 2. „ადამიანი (გ.კ–ი), რომელიც არის ცნობილი ნარკომანი და კრიმინალი ჩვეულებრივი და თავზე ხელაღებული, წლების განმავლობაში ს–ის, ასე ვთქვათ მონა“; 3.“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი (გ.კ–ი) იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ“.

19. იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამები არის თუ არა ცილისმწამებლური განცხადება (რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია), უნდა გაირკვეს, იგი წარმოადგენს „არსებითად მცდარ ფაქტს“ თუ „აზრის“ კატეგორიას განეკუთვნება, ასევე, კონტექსტი და ის ვითარება, რაც წინ უძღოდა ამ განცხადებებს. აღნიშნული წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას და სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს მასზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც კი.

20. სადავო გამონათქვამების აზრისა თუ ფაქტისადმი კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მათი წარმოთქმის მთლიანი კონტექსტის მხედველობაში მიღების გარეშე. ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებებს კონტექსტის გარეშე ვერ მიენიჭება მნიშვნელობა, ვინაიდან მათი განცალკევებულად განხილვა გამოიწვევს გამონათქვამის შინაარსის დაკარგვას. შინაარსს კი სიტყვებსა და წინადადებებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს. საკასაციო სასამართლო მითითებული ამონარიდების შეზღუდული კონტექსტით ვერ შემოიფარგლება და მათ განცხადებასთან ერთიანობაში განიხილავს (შდრ. სუსგ №ას-547-2020, 14.12.2021წ.).

21. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით და პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლების საფუძველია.

22. გასათვალისწინებელია, რომ აზრი ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გადმოცემად დაუშვებელია, რადგან მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა (მესხიშვილი ქეთევან, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.259).

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“, ფართოდ განმარტებისას, გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან, როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ; №ას-928-868-2017, 17.01.2018წ.). სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ №ას-1477-1489-2011, 03.04.2012წ; №ას-569-540-2014, 11.03.2016წ; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.). აზრის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხაზგასასმელად აღსანიშნავია, რომ თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Lingens v. Austria (საჩივარი №9815/82), 08.07.1986წ., §46) და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Oberschlick v. Austria (საჩივარი №11662/85), 23.05.1991წ., §63) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირდეს, მაშინ, როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს, ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს, ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, (საჩივარი №19983/92), 24.02.1997წ., §42) (შდრ. სუსგ №ას-938-2020, 18.03.2021წ.).

24. ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ, როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი. ბერლინის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მოსარჩელის პიროვნების დამამცირებელი სუბიექტური ელემენტით დატვირთული კომენტარები მიიჩნია შეფასებად და განმარტა, რომ კომენტარების ფორმით გამოხატული ზიზღი და უპატივცემულობა, ვერც ერთად აღებული და ვერც ფაქტის შემცველი ე.წ. ფაქტობრივი ელემენტის მეშვეობით, ვერ შეფასდება ჭეშმარიტობის ან მცდარობის კრიტერიუმით (შდრ. ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში დიფამაციის თემაზე, №10 W 13/20, §22, იხ. ჟურნალში შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 11/2021, სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, გვ. 155, თამარ ერგემლიძის თარგმანი).

25. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის მიერ განცხადების გამოქვეყნებას წინ უძღოდა 10.08.2015 წლის ინციდენტი, რომლის დროსაც მოსარჩელე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, იგი შეაჩერეს შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მანევრირების წესების დარღვევის საბაბით, რასაც მოჰყვა შელაპარაკება და მოსარჩელის დაკავება. 10.08.2015 წელს მასმედიასთან ინტერვიუში მოსარჩელემ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და გამოთქვა ეჭვი, რომ „პოლიციელების ქმედება ატარებდა წინასწარ განზრახული პროვოკაციის ნიშნებს“.

26. მოპასუხის განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ მათში ასახული მსჯელობა ეფუძნებოდა 10.08.2015 წელს მომხდარ ფაქტს, რომელიც ვრცლად გააშუქეს მედიასაშუალებებმა, სადაც ორივე მხარის პოზიცია და ურთიერთბრალდებები (ორივე განცხადებაში საუბარია ე.წ. „პროვოკაციაზე“, კერძოდ, „ცალკეული პოლიციელების ქმედება ატარებდა წინასწარ განზრახული პროვოკაციის ნიშნებს“ (მოსარჩელე), „ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა კ–მა“(მოპასუხე)) დაფიქსირდა.

27. მოპასუხის განცხადებებში გადმოცემულია ამ ინციდენტის მიმართ თავად მისი სუბიექტური დამოკიდებულება, მოსარჩელის ქმედებების მწვავე, უხეში ფორმით შეფასება. საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ 10.08.2015 წლის მდგომარეობით მოსარჩელე იყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის წევრი, შესაბამისად, მის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები ფართოა. ასეთმა პირებმა კრიტიკა (ზოგჯერ დაუმსახურებელი) უნდა აიტანონ და ზიდონ ის ტვირთი, რაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე განწესებას ახლავს. თავის მხრივ, თანამდებობრივი პოზიციიდან გამომდინარე, მათ უამრავი საშუალება აქვთ კრიტიკაზე პასუხის გასაცემად (პოზიციის გამოსახატავად) (სუსგ №ას-989-2019, 28.06.2022წ.).

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკოსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში თავს შეგნებულად აყენებს, მისი სიტყვა და საქმე გარდაუვლად ხდება როგორც ჟურნალისტების, ისე მთლიანად, საზოგადოების დაჟინებული, გამომცდელი მეთვალყურეობის ობიექტი, ამიტომ პოლიტიკოსს მოთმინების უფრო მაღალი ხარისხის გამოჩენა მართებს (Lingens v. Austria (საჩივარი №9815/82), 08.07.1986წ., §42), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის თავად აკეთებს ისეთ საჯარო განცხადებებს, რომლებიც კრიტიკისკენ მიდრეკილია (Oberschlick v. Austria (საჩივარი №11662/85), 23.05.1991წ., §59; Mladina D.D. Ljubljana v. Slovenia (საჩივარი №20981/10) 17.04.2014წ. (საბოლოო გახდა 17.07.2014წ.), §40).

29. ზოგადად, თმენის ვალდებულება ვრცელდება პოლიტიკური კლასის ყველა წევრზე, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი (Tuşalp v. Turkey (საჩივარი №32131/08, №41617/08), 21.02.2012წ. (საბოლოო გახდა 21.05.2012წ.), §45; Axel Springer AG v. Germany (no. 2), (საჩივარი №48311/10), 10.07.2014წ. (საბოლოო გახდა 10.10.2014წ.), §67; Dickinson v. Turkey (საჩივარი №25200/11), 02.02.2021წ. (საბოლოო გახდა 31.05.2021წ.), §55), მინისტრი (Turhan v. Turkey (საჩივარი №48176/99), 19.05.2005წ. (საბოლოო გახდა 19.08.2005წ.), §25), მერი (Brasilier v. France (საჩივარი №71343/01), 11.04.2006წ. (საბოლოო გახდა 11.07.2006წ.), §41), პოლიტიკური მრჩეველი (Morar v. Romania (საჩივარი №25217/06), 07.07.2015წ. (საბოლოო გახდა 07.10.2015წ.)), პარლამენტის წევრი (Mladina D.D. Ljubljana v. Slovenia (საჩივარი №20981/10) 17.04.2014წ. (საბოლოო გახდა 17.07.2014წ.); Monica Macovei v. Romania (საჩივარი №53028/14), 28.07.2020წ. (საბოლოო გახდა 28.10.2020წ.)) თუ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე (Oberschlick v. Austria (no. 2) (საჩივარი №20834/92), 01.07.1997წ.) (გზამკვლევი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესახებ, გამოხატვის თავისუფლება, ბოლო განახლება 28.02.2023, ველი 248, გვ. 46, chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://ks.echr.coe.int/documents/d/echr-ks/guide_art_10_eng).

30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსაკუთრებით პრობლემურია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ განცხადება პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (Sürek v. Turkey (№1) (საჩივარი №26682/95), 08.07.1999წ., §61; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC] (საჩივარი №21279/02, №36448/02), 22.10.2007წ., §46; Brasilier v. France (საჩივარი №71343/01), 11.04.2006წ. (საბოლოო გახდა 11.07.2006წ.), §41).

31. როგორც უკვე აღინიშნა, განცხადებების გამოქვეყნებისას მოპასუხეც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი (პრემიერ-მინისტრი) იყო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამები, მათი შინაარსისა და გამოთქმის ერთიანი კონტექსტის გათვალისწინებით, წარმოადგენს, 10.08.2015 წლის ინციდენტიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ პოლიტიკური ოპონენტის - ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის წევრის, მისი ქცევის (არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, სამართალდამცველების გინება) ნეგატიურ შეფასებას. მოპასუხის განცხადებებში, რომლებიც შეიცავს სადავო გამონათქვამებს, გადმოცემულია მისი კომენტარი, სუბიექტური შეხედულება კონკრეტულ საკითხთან მიმართებით და შეუძლებელია, მიჩნეულ იქნეს რეალურ თუ მცდარ გარემოებად. აღნიშნულზე მეტყველებს განცხადებებში ასახული წინადადებების მთლიანი აზრი, რომელთაგან განყენებულად ვერ შეფასდება სადავო გამონათქვამები. სადავო გამონათქვამები გამოხატვის ერთიანი კონტექსტის გათვალისწინებით - „ეს ცალსახად, ეს ასე ჩანს კარგად“, „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. სხვა შემთხვევაში ასეთ ბოდვებს და სისულელეებს არ მოიგონებდა“ - შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება. ყოველივე აღნიშნული კი გამონათქვამების აზრად და არა ფაქტად მიჩნევას განაპირობებს. შესაბამისად, არ არსებობს პასუხისმგებლობის ისეთი წინაპირობაც, როგორიცაა განცხადებების მცდარობის თაობაზე მოპასუხის წინასწარი ინფორმირებულობა ან მათი გავრცელება მოპასუხის აშკარა და უხეში დაუდევრობით.

32. გამოხატვის თავისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის თვითრეალიზაცია - გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის განვითარების და მთლიანად საზოგადოების პროგრესის აუცილებელი საფუძველია, სწორედ ის ქმნის საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების გაზიარების პერსპექტივას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39). გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ და ფუნქციურ ელემენტს წარმოადგენს, ის საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. [...] ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობისა და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

33. იმავდროულად, თავისუფალი სიტყვა იმით ფასობს, ანუ სწორედ იმაში გამოიხატება სიტყვის თავისუფლება, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებსა თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასათვის მისაღებია, დადებითად აღიქმება, მთლიანად საზოგადოების ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის, უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არ ითვლება საჩოთიროდ, არამედ მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათაღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკასა და სარკაზმსაც. ასეთია ტოლერანტობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლებიც დემოკრატიის საზრდოობისთვის შეუცვლელი წყაროა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40).

34. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სასურველ, უწყინარ ან ნეიტრალურ „ინფორმაციებსა“ და „იდეებს“, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან შემაშფოთებელია (Nilsen and Johnsen v. Norway (საჩივარი №23118/93), 25.11.1999წ., §43; Matalas v. Greece (საჩივარი №1864/18), 25.03.2021წ., §38). აზრის გამოხატვის თავისუფლებაში მოიაზრება ისეთი განცხადებისა და გამოთქმის უფლებაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია (Castells v. Spain (საჩივარი №11798/85), 23.04.1992წ., §42). შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy and others v. France (საჩივარი №64915/01), 29.06.2004წ.). ამდენად, შესაფასებელია გამოხატვის ფორმა და ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა (შდრ. სუსგ №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.).

35. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამები მათი მიზნისა და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რაც მას საზოგადოებაზე შესაძლოა, მოეხდინა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმდენად გადაჭარბებულად, რომ გამართლებული იყოს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. რადგან არ დადგინდა კანონით დაცული უფლების დარღვევა, ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის მითითება მისთვის მორალური ზიანის მიყენების თაობაზე. სადავო გამონათქვამები ექცევა ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში და გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას.

36. პალატა მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განისაზღვროს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ დადასტურდეს. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (საჩივარი № 5493/72), 7.12.1976წ.; Stoll v. Switzerland ([GC] (საჩივარი №69698/01), 10.12.2007წ., §101; Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] (საჩივარი №48876/08), 22.04.2013წ., §100; Morice v. France [GC] (საჩივარი №29369/10), 23.04.2015წ., §124; Balaskas v. Greece (საჩივარი № 73087/17), 05.11.2020წ., §36) (შდრ. სუსგ №ას-625-593-2014, 20.05.2016წ.). მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მწვავე საჭიროების დამადასტურებელი რაიმე გარემოება წინამდებარე საქმეში არ გამოკვეთილა.

37. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დავა გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, სხვაგვარად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შეზღუდვა ხელყოფდა შეხედულებების თავისუფლების არსს იმის გათვალისწინებითაც, რომ სადავო გამონათქვამები სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებული აზრის გამოხატვაა. რადგან სადავო გამონათქვამები, როგორც შეფასებითი მსჯელობა, ცილისწამებად ვერ მიიჩნევა, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

38. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

39. საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.კ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2020 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი