Facebook Twitter

№ას-575-2024 22 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებლები – ქ.ყ–ი, შპს „ა–ბა“

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ყ–ი

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2024 წლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – განცხადების განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2023 წლის განჩინებით გ.ყ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე") შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ქ.ყ–ისა და შპს „ა–ბის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები", „განმცხადებლები“) მიმართ სარჩელზე შეწყდა წარმოება (ტ.1, ს.ფ. 110-113). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტ.1, ს.ფ. 133-138).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 01.05.2023 წლის განჩინების ბათილად ცნობა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2023 წლის განჩინებით განცხადება განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 215-220). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.12.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2023 წლის განჩინება; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2023 წლის განჩინება და მოსარჩელის კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების შედეგად საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტ.1, ს.ფ. 312-325).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2024 წლის განჩინებით მოპასუხეების შუამდგომლობები საქმის წარმოების შეჩერებისა და კერძო საჩივრის (სარჩელის) განუხილველად დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2023 წლის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტ.1, ს.ფ. 411-420). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2024 წლის განჩინებით კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2024 წლის განჩინებაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 414-ე, 419-ე მუხლებზე დაყრდნობით განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

7.2. ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს, გასაჩივრებული გაჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართეს მოპასუხეებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 13.05.2024 წლის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. სასამართლომ გამოითხოვა საქმე, რომელიც წარმოდგენილ იქნა 10.07.2024 წელს.

9. განმცხადებლებმა მიუთითეს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და განმარტეს შემდეგი:

9.1. არსებობს 13.05.2024 წლის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან კერძო საჩივრით უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა „კერძო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე უარისა“ და „საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე უარის თქმის შესახებ“ სააპელაციო სასამართლოს 16.02.2024 წლის განჩინებები და არა 16.02.2024 წლის შემაჯამებელი განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და რომელიც აღარ საჩივრდება.

9.2. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ის გახდა, რომ 16.02.2024 წლის განჩინებით გადაწყვეტილია როგორც შუამდგომლობები, ასევე კერძო საჩივრის ბედი. ზემოაღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და მის შესახებ განმცხადებლებისთვის ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს განჩინების ჩაბარების შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

10. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.

11. სსსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.).

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 16.02.2024 წლის სხდომაზე ზეპირი მოსმენით იხილავდა მოსარჩელის კერძო საჩივარს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2023 წლის განჩინებაზე, ასევე მოპასუხეების შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერებისა და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 16.02.2024 წლის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, წარმოების შეჩერებისა და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა; დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, ანუ გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; განჩინებით განიმარტა, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

14. 18.03.2024 წელს მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2024 წლის განჩინებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა კერძო საჩივრის არსებითად განხილვის, დაკმაყოფილების წინაპირობა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებოდნენ კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარს და კერძო საჩივრის არსებითად განხილვას, მის დაკმაყოფილებას მიიჩნევდნენ უკანონოდ. შესაბამისად, კერძო საჩივრის ობიექტი იყო კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.

15. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეჩერებისა და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარი ცალკე კერძო საჩივრით არ საჩივრდება (სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და რადგან ეს შუამდგომლობები დაყენებული იყო კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე, ვერც შემაჯამებელ განჩინებასთან ერთად მოხდებოდა მათი კანონიერების შემოწმება (სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება), როგორც ეს სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის დროსაა შესაძლებელი (სსსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად). უკვე აღინიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2024 წლის განჩინებით გაუქმდა განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

16. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებლები ვერ უთითებენ გარემოებას, რაც შეიძლება არსებითად/შინაარსობრივად იქნეს განხილული სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში. განმცხადებლის უსაფუძვლო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან შეუსაბამო მსჯელობა ვერ მიიჩნევა გარემოებად, რასაც სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი უკავშირებს საქმის წარმოების განახლებას. შესაბამისად, არარელევანტურია განცხადების დასაშვებობის სხვა საფუძვლების შემოწმება.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (სუსგ №ა-5157-ბ-18-2019, 24.12.2019წ.).

19. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (სუსგ №ას-342-2019, 25.04.2019წ.).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს საქმის წარმოების განახლებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა. სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, შესაბამისად, არ დგას მისი დაბრუნების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 429-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2024 წლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ქ.ყ–ისა და შპს „ა–ბის“ განცხადება დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე