საქმე №ა-4055-შ-104-2024 7 აგვისტო, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ც–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ს–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საფრანგეთის რესპუბლიკის, სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საფრანგეთის რესპუბლიკის, სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით ი.ც–ძესა და გ.ს–ძეს შორის, 2014 წლის 7 იანვარს, სიღნაღში (საქართველო) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. ი.ც–ძემ, 2024 წლის 26 ივლისს, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საფრანგეთის რესპუბლიკის, სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. განქორწინების თაობაზე, უცხო ქვეყნის სასამართლოს, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლოს მხარეებმა ერთობლივად მიმართეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ი.ც–ძის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ი.ც–ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. განქორწინების თაობაზე, უცხო ქვეყნის სასამართლოს, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლოს მხარეებმა ერთობლივად მიმართეს.
7. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც ი.ც–ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
10. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ც–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საფრანგეთის რესპუბლიკის, სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ც–ძესა და გ.ს–ძეს შორის, 2014 წლის 7 იანვარს, სიღნაღში, (საქართველო) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ნ. ბაქაქური