¹ბს-1009-962(კ-06) 28 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 20 მაისს რ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1995 წლიდან მუშაობდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში, საიდანაც გათავისუფლდა 2001 წლის 25 ივნისს, რეფორმასთან დაკავშირებით. მიუღებელი აქვს 1998-1999 წლების ხელფასი, სულ – 1428,18 ლარი, რაც დადასტურებულია საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ 2004 წლის 30 სექტემბერს გაცემული ცნობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას, როგორც საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის სამართალმემკვიდრეს დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების _ 1428,18 ლარის გადახდა.
2005 წლის 30 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადახდის ბრძანება, რომლითაც ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა რ. ს-ის სასარგებლოდ – 1428,18 ლარის გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, რომელშიც მიუთითებდა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადახდის ბრძანება არის უკანონო და იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის ¹262 ბრძანებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, 2001 წლის 25 ივნისიდან გაუქმდა რიგი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები, მათ შორის საჩხერის საგადასახადო ინსპექცია, რის საფუძველზეც ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს რ. ს-ე. სამსახურიდან დათხოვნილი საჯარო მოხელეებისათვის მიუღებელი სახელფასო დავალიანებების დაფარვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რის გამოც ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია ვერ იქნებოდა მოპასუხე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარე ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადახდის ბრძანების გაუქმებასა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, მისი, როგორც არასათანადო მხარის შეცვლას სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე – ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი. მოცემული საქმე კი განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების – 1428,18 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა საჩხერის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში და ამდენად, მოპასუხედ ჩართული უნდა ყოფილიყო ის ორგანო, რომელთანაც შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა იგი, შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც არასათანადო მოპასუხე, უნდა შეცვლილიყო სათანადოთი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დარღვევაა.
საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, აგრეთვე ,,შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლი, რადგან ეს ნორმები არ არეგულირებს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემის წესს. აღნიშნული პირდაპირაა რეგულირებული სპეციალური ნორმით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლებით და ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლებით, ასევე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებითYსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის ,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” ბრძანებულების მე-7 ნაწილით რეგლამენტირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება ქალაქისა და რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეების კანონმდებლობით დადგენილი სახელფასო დავალიანებათა დაფარვის შესახებ.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 2.2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჩხერის რაიონული საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონის ნორმები. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო – ხელფასი. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მუშას ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანახა ეძლევა დათხოვნის დღეს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ვინაიდან დასახელებული მუხლი და ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესს, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო პალატის განმარტებით, დავის საგანს არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანების დაფარვის წესის კანონიერება და შესაბამისად, სასამართლოს არც უნდა ემსჯელა აღნიშნულზე.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 20 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 8 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი საკომპენსაციო თანხის გაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ მიმდინარეობს სასამართლო დავები და ამ საკითხთან (აღნიშნული ნორმების სწორად გამოყენებასთან) მიმართებაში არ არის ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.
ასევე სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა მსგავს შემთხვევებში გამოყენებულ უნდა იქნეს შრომის კანონთა კოდექსის ნორმები თუ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის სპეციალური ნორმა 1341-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეზე კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორცილედეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად”, ანუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი დავალიანების გასტუმრება იმდაგვარად, რომ არ მოხდეს სხვა მიზნებისათვის განკუთვნილი ასიგნებების არადანიშნულებისამებრ გახარჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.