Facebook Twitter

31 ივლისი 2024 წელი

№ას-635-2024 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.ჯ–ი, ჰ.ჯ–ი, ა.ჯ–ი, ფ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“, შ.ჰ–ი, ა.ბ–ი, ე.ბ–ი, ა.დ.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ჯ–იმ, ჰ.ჯ–იმ, ა.ჯ–იმ და ფ.ჯ–იმ სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოითხოვეს:

1.1 მოპასუხეებს შპს "ე–ი"-ს და შ.ჰ–ს სოლიდარულად დაეკისროთ ი.ჯ–ის, ჰ.ჯ–ის, ა.ჯ–ის, ფ.ჯ–ის სასარგებლოდ 357 500 აშშ დოლარის და 200 000 აშშ დოლარის (ჯამში 557 500 აშშ დოლარი) გადახდა;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი შ.ჰ.თ–სა და ა.ბ–ის შორის 2019 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება (........).

1.3. ბათილად იქნას ცნობილი ა.ბ–ისა და ე.ბ–ი, ა.დ.ს შორის 2019 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (..........).

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი შ.ჰ–სა და ე.ბ–ი, ა.დ.ს შორის 2019 წლის 03 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (...........).

1.5. უძრავი ქონებების მდებარე ქ.თბილისი, ........ (........) და ქ.თბილისი, ........ (.........) მესაკუთრედ აღირიცხოს შ.ჰ–ი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს „ე“-ს (ს/ნ ........) აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის - 557500 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) განკარგვა, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემისა. ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდოს უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეებს ე.ბ-სა (დაბ. 10/09/1985 CN: K34461431) და ა.დ.-ის (დაბ.29/05/1986 წ. CN:T47399899) აეკრძალათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მდებარე: ქ. თბილისი, ...... ს/კ .........; ქ. თბილისი, ......, ....... ს/კ ....... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით ი.ჯ–ის, ჰ.ჯ–ის, ა.ჯ–ის და ფ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.ჯ–იმ, ჰ.ჯ–იმ, ა.ჯ–იმ და ფ.ჯ–იმ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ კასატორებს - ი.ჯ–ის, ჰ.ჯ–ის, ა.ჯ–ის და ფ.ჯ–ის, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2024 წლის 19 ივნისს. 2024 წლის 02 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების წარმომადგენლის - ჯ.ქ–ის განცხადება (დოკუმენტების ფოსტაში ჩაბარების თარიღი 01 ივლისი), რომლითაც მან ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება ითხოვა, იმ მიზეზით, რომ მისი მარწმუნებლები საქართველოს მოქალაქეები არ არიან და მათთან კონტაქტის დამყარება ვერ მოახერხა, რის გამოც, ვერ შეძლო ხარვეზის შევსება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინებით, ი.ჯ–ის, ჰ.ჯ–ის, ა.ჯ–ის, ფ.ჯ–ის წარმომადენლის ჯ.ქ–ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა, კასატორებს - ი.ჯ–ის, ჰ.ჯ–ის, ა.ჯ–ის, ფ.ჯ–ის გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინება კასატორების წარმომადგენელს ჯ.ქ–ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით მიმდინარე წლის 12 ივლისს (იხ. სატელეფონო აქტი; მინდობილობა ტ.1; ს.ფ. 151-154)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინებით კასატორების წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; კასატორებს მიეცათ 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

12. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეეხებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას, კასატორს, ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 2024 წლის 12 ივლისს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად და მითითებულ დღეს განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღის ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 13 ივლისს და ამოიწურა 2024 წლის 22 ივლისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ჯ–ის, ჰ.ჯ–ის, ა.ჯ–ის, ფ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი