Facebook Twitter

23 ივლისი 2024 წელი

№ას-724-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე.გ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2023 წლის 09 მარტს ლ.ს–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ე.გ–ვას მიმართ, ქ. თბილისში, ........, პირველ სართულზე მდებარე #70 ბინის (ს/კ ......) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ. ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

2. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

3. შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2023 წლის 19 მაისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე.გ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელე ლ.ს–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. თბილისში, ........., (ს/კ .......) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ე.გ–ვას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება..

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

7.1. მას შემდეგ რაც, უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად, შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებიდან და მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (ს.ფ. 43-45).

7.2. 2023 წლის 03 აპრილს, მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარმოადგინა მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დასტური (საფოსტო უკუგზავნილი), რომლითაც დგინდება, რომ 2023 წლის 25 მარტს გზავნილი პირადად ჩაბარდა მოპასუხეს (ს.ფ. 46-47).

7.3. შესაგებლის წარმოდგენისათვის დანიშნული ათდღიანი ვადა ამოიწურა 2023 წლის 04 აპრილს. შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი მიღებულია 2023 წლის 19 მაისს.

7.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ მოპასუხის 2023 წლის 16 ივნისის საჩივარს თან ერთვის სამედიცინო დოკუმენტაცია (ს.ფ. 75-95), კერძოდ: ფორმა №IV-100/ა; ცნობა №2860 ჯანმრთელობის მდგომარეობის მესახებ, რომლის მიხედვით, ე.გ–ვა სტაციონარში მოთავსდა 10.03.2022 წ. და გაეწერა 16.03.2022 წ. ფორმა №IV-100/ა; ცნობა №1803, რომლის მიხედვით, ე.გ–ვა სტაციონარში მოთავსდა 27.01.2023წ. და გაეწერა 31.01.2023წ.; პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები და სხვადასხვა სახის მკურნალობა, მათ შორის, კორონალური არტერიების ანგიოპლასტიკა სტენტის ჩადგმით კანქვეშა ტრანსლუმინალური მიდგომით. პაციენტს გაწერისას მიეცა სამკურნალო დანიშნულება. 31.01.2023წ. სამედიცინო დანიშნულება კლინიკა ჯერარსიდან. ფორმა №IV-100/ა; ცნობა №512 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, ე.გ–ვამ ამბულატორიას მიმართა 03.02.2023 წ. სადაც მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები, პაციენტი სტაციონარში არ მოთავსებულა; წარმოდგენილია ასევე სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბარათი #631, 03.03.2023 თარიღით, მონიშნულია უარი ჰოსპიტალიზაციაზე. ფორმა №IV-100/ა; ცნობა №7734 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ე.გ–ვა სტაციონარში მოთავსდა 01.06.2023 წ. 00:37 და გაეწერა 01.06.2023 წ. 08:00. ფორმა №IV-100/ა; ცნობა №7990 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ე.გ–ვა სტაციონარში მოთავსდა 02.06.2023წ. და გაეწერა 06.06.2023წ.

7.5. აპელანტი ე.გ–ვა სააპელაციო საჩივრით არ უარყოფს მისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების ფაქტს, არამედ მიუთითებს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მძიმე ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო შესაგებლის წარდგენა, თუმცა, მას საქმისადმი ინტერესი არ დაუკარგავს. ასევე აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის - ბინაზე მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნისა და გადაადგილების შეზღუდვის ფაქტის დადასტურება შეეძლოთ მის მიერ საჩივარში მითითებულ მოწმეებს.

7.6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მართლაც დასტურდებოდა, რომ ე.გ–ვას აქვს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები და საჭიროებს მკურნალობას, პერიოდულ გამოკვლევებს და სამედიცინო რეკომენდაციების შესრულებას, თუმცა, ამავდროულად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრულ ვადაში, მოპასუხე მხარის იმგვარი ავადმყოფობა, რაც შეუძლებელს გახდიდა თუ არა შესაგებლის წარმოდგენას, სასამართლოს ინფორმირებას მაინც, რომ მოპასუხეს დამატებითი ვადა ესაჭიროებოდა. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომაც აღნიშნა, მართალია საჩივარს ერთვოდა სამედიცინო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა მხარის ავადმყოფობას, მაგრამ არ მოიცავდა იმ პერიოდს, რომელიც შესაგებლის წარმოსადგენად ჰქონდა მხარეს განსაზღვრული. რაც შეეხება მოწმეებზე მითითებას, პალატა მიიჩნია, რომ თუნდაც ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორს კომუნიკაცია ჰქონდა მის მიერ დასახელებულ მოწმეებთან, ადასტურებდა, რომ მას შეეძლო რაიმე ფორმით, თუნდაც, ფოსტის, ან ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით დაკავშირებოდა სასამართლოს და ეცნობებინა მისი საჭიროებების შესახებ საპროცესო ვადის გაგრძელების კუთხით.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდები არ ემთხვეოდა სარჩელის ჩაბარებისა და შესაგებლის წარმოდგენის ვადას, კერძოდ, 2023 წლის 25 მარტიდან 10 დღიან პერიოდს და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ის გარემოება დასტურდებოდა, რომ სადავო პერიოდში მოპასუხე გადიოდა მკურნალობის ისეთ კურსს, რაც შეუძლებელს ხდიდა მის გადაადგილებასა და თავისი უფლებების დაცვას, მაგ: თუნდაც ადვოკატის დაქირავების კუთხით. ოპერაციის შემდგომ პერიოდად თავად ექიმის მიერ განისაზღვრა 1 თვიანი ვადა, რა დროსაც უნდა მომხდარიყო პაციენტის განმეორებითი კონტროლი, რაც მოიცავდა 2023 წლის 27 იანვრიდან ერთთვიან პერიოდს - მაქსიმუმ 2023 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, სარჩელი მხარეს ჩაბარდა 2023 წლის 25 მარტს ანუ ოპერაციის გაკეთებიდან 2 თვის შემდეგ, ხოლო საქმეში წარმოდგენილი რამდენიმე ფორმა N100-ით დგინდება, რომ 2023 წლის 03 თებერვლიდან 2023 წლის 01 ივნისამდე მოპასუხეს არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დასჭირებია ცუდად ყოფნის გამო და არც სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუმართვას დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ვიზიტით. ამდენად, სარჩელის ჩაბარებისა და შესაგებლის შემოტანის პერიოდზე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული იმგვარი პრობლემები, რაც შეუძლებელს გახდიდა, რომ მხარეს ვერ წარმოედგინა შესაგებელი.

რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100-ს (ს.ფ. 92-94), აღნიშნულით დასტურდებოდა, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა 2022 წლის 10 მარტიდან 2022 წლის 16 მარტის ჩათვლით პერიოდში, რა დროსაც ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და დაენიშნა მედიკამენტები, ასევე გაიცა რეკომენდაცია კარდიოლოგის მეთვალყურეობისა და D დიმერის კონტროლის თაობაზე. აღნიშნული პერიოდი შეეხებოდა 2022 წლის მარტის თვეს, შესაბამისად, იგი ვერ იქნებოდა სადავო პერიოდისთვის რელევანტური მტკიცებულება.

7.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ ათდღიან ვადაში სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობის საპატიო გარემოებას უტყუარად დაადასტურებდა, თუმცა, მოპასუხეს ასეთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

7.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სწორად შეაფასა მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (სსსკ-ს 230-ე მუხლი), ვინაიდან სარჩელში მითითებული და საქმეზე დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდნენ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. კერძოდ, დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული, რომელსაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მოპასუხე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდნენ სავინდიკაციო სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-172-ე მუხლების შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი იყო საფუძვლიანი და კანონიერად დააკმაყოფილა იგი.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, კერძოდ, მოპასუხეს გზავნილის ჩაბარების დროისათვის ჰქონდა უკიდურესად მძიმე სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც საპატიო მიზეზად უნდა ჩაეთვალა სასამართლოს. მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდებოდა საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხოლო სახლში მწოლიარე მდგომარეობა - მოწმეთა ჩვენებებით. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის იმ მსჯელობას, რომ თუ მას მოწმეებთან კომუნიკაცია შეეძლო, დასტურდებოდა, რომ მას რაიმე ფორმით შეეძლო სასამართლოსათვის ეცნობებინა მისი საჭიროებების შესახებ. ამის საწინააღმდეგოდ კი კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ დასახელებული საშუალებები (ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი) გამოიყენება იმ პირთა მიერ ვისაც აქვს შესაბამისი ტექნიკა, წვდომა ინტერნეტზე და თუნდაც სატელეფონო ანგარიში, რაც კასატორისათვის მიუწვდომელი იყო. რადგან ყოველივე ზემოაღნიშნული უფასოდ არ ხორციელდება. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო უძრავ ქონებას, აღნიშნულის დასადასტურებლად კი მიუთითებდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, რაც სათანადო მტკიცებულებად არ გამოდგებოდა. ყოველივე ეს კი გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც უცვლელად დარჩა როგორც იმავე, ასევე - ზემდგომი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი სწორედ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებების კანონიერებაა.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულებას და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ს.უ.ს.გ. №ას-964-929-16, 06.03.2017).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ნორმის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (სუსგ №ას-ას-538-511-2014, 24 დეკემბერი, 2015 წელი). ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (სუსგ №ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).

16. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია შემდეგი ერთ-ერთი გარემოების არსებობისას: სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება საჩივრის ავტორს.

17. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

18. კასატორი, მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებებს სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზმა განაპირობა, სახელდობრ, სასამართლო გზავნილის ჩაბარების პერიოდში იგი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო იმყოფებოდა სახლში მწოლიარე მდგომარეობაში. ამ მიზეზითა და მისი უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, მისი მოსაზრებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

19. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული, რომ მოპასუხეს სარჩელი, თანდართულ მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა. დადგენილია ასევე, რომ წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის საპროცესო ვადა, თუმცა მას შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.

20. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან შესაგებლის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა რომ განპირობებული იყო მოპასუხის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დგინდება, რომ ცნობებში აღნიშნული პერიოდები არ ემთხვეოდა სარჩელის ჩაბარებისა და შესაგებლის წარმოდგენის ვადას და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ის გარემოება დასტურდებოდა, რომ სადავო პერიოდში მოპასუხე გადიოდა მკურნალობის ისეთ კურსს, რაც შეუძლებელს ხდიდა მის გადაადგილებასა და თავისი უფლებების დაცვას, ან სასამართლოსათვის მიმართვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაგებლის წარსადგენად დანიშნული საპოცესო ვადის გაგრძელების შესახებ. ამდენად, სარჩელის ჩაბარებისა და შესაგებლის შემოტანის პერიოდზე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული იმგვარი პრობლემები, რაც შეუძლებელს გახდიდა, რომ მხარეს ვერ წარმოედგინა შესაგებელი. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილშიც, რომ თუნდაც ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორს კომუნიკაცია ჰქონდა მის მიერ დასახელებულ მოწმეებთან, ადასტურებდა, რომ მას შეეძლო რაიმე ფორმით, თუნდაც ფოსტის, ან ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით დაკავშირებოდა სასამართლოს და ეცნობებინა წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით და ასევე შეეძლო ეშუამდგომლა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად. ნიშანდობლივია, რომ შესაგებლის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე, მოპასუხეს არ მიუთითებია და ამგვარი გარემოების არსებობა საქმეში არსებული მასალებითაც არ დასტურდება.

21. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად ცნობას. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე ამართლებდა სარჩელით აღძრულ ვინდიკაციურ მოთხოვნას.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წ. განჩინება საქმეზე N 121-117-2016).

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე წერილობითი შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, დამტკიცებულად ჩაითვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.

23. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი (ს.უ.ს.გ. #ას-1569-2018. 13/05/2019)

24. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; ამას გარდა, საჭიროა იმ გარემოების გამოკვლევა ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ).

25. კონკრეტულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხისათვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება, კერძოდ, ჰქონდა გასაჩივრებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა მას არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

29. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.გ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი