Facebook Twitter

23 ივლისი 2024 წელი

№ას-116-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ მ.ტ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ.კ–ვა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 07 ივლისს ლ.კ–ვამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ.ტ–ძის მიმართ, ქ. თბილისში, ........ მდებარე 29 კვ.მ. ფართის (ს/კ ..........) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული 29 მ2 დამხმარე ფართი, მდებარე ქ. თბილისში, ........ (ს/კ ........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე მ.ტ–ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2009 წლის 14 აგვისტოდან ლ.კ–ვას საკუთრებად საჯარო რეესტრში ნომერი ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 14მ2 ბინა N16 და 29მ2 დამხმარე ფართი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, .......

5.2. სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: გადაწყვეტილება NM15002001/3, დამოწმების თარიღი: 16/03/2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 29/07/2009, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 21-22; საკადასტრო გეგმებისთვის და სადავო უძრავი ნივთის აზომვითი ნახაზებისთვის იხ. ს.ფ. 23, 24, 25, 26.)

5.3. მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო 29მ2 დამხმარე ფართი მართლზომიერი საფუძვლის გარეშე მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაშია (იხ. სარჩელი, შესაგებელი/სააპელაციო საჩივარი, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

5.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილი იყო ისიც, რომ აპელანტი არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

5.4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის პოზიცია ურთიერთწინააღმდეგობრივი იყო, რადგან ერთი მხრივ ის სადავოდ ხდიდა მის მიერ სადავო ფართის მფლობელობის საკითხს, იმ საფუძვლით რომ სადავო ფართი საერთოდ არ არსებობდა, არ იძებნებოდა და შესაბამისად ვერც მის მფლობელობაში იქნებოდა. ხოლო მეორე მხრივ აპელანტი უთითებდა, რომ მის მიერ საპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავდა სადავო ფართზე (დამხმარე სათავსო) მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის/რეგისტრაციის შესაძლებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ დადგენილ გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ სადავო 29მ2 დამხმარე ფართის მესაკუთრე იყო მოსარჩელე, რაც დასტურდებოდა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ საჯარო რეესტრში საკუთრებად ასახული/რეგისტრირებული უფლების წარმოშობის საფუძვლები სააპელაციო პალატის განხილვის საგანი ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში ვერ იქნებოდა, რადგან ვინდიკაციური სარჩელის დაკმაფილებისათვის, სასამართლო ამოწმებს მხოლოდ შემდეგ გარემოებებს: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო ფართის ფლობა დასტურდებოდა მოპასუხის მიერ კვალიფიციური შედავების წარუდგენლობით, რის საფუძველზეც მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოება ჩაითვალა დამტკიცებულად. რაც შეეხება საკუთრების უფლებას, პალატამ მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დგინდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში კი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო მოსარჩელეზე. აპელანტის მიერ კი არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ საკუთრების უფლებას გააქარწყლებდა. სადავო ფართის ფლობის მართლზომიერებაზე კი რაიმე განმარტება ან მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია იმ მოსაზრების გამო, რომ აღნიშნული ფართი საერთოდ არ იძებნებოდა. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხემ/აპელანტმა ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და კანონიერად დააკმაყოფილა იგი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს და მიუთითებს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის მასალები/არ გამოითხოვა მოპასუხის მიერ მითითებული დოკუმენტები, რის გამოც მიიღო არასწორი და აღუსრულებელი გადაწყვეტილება.

კასატორის მითითებით, 29.06.1993 წლის #1304-26 პრივატიზების ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების ფართობები მისამართზე საერთოდ არ იძებნება, შენობის შიდა აზომვითი ნახაზები არ შეესაბამება მოსარჩელის მიერ ამჟამად მოთხოვნილ საცხოვრებელ ფართობსა და წარმოდგენილ ბინის შიდა აზომვით ნახაზებს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ გამოუთხოვია პრივატიზების ხელშეკრულების საფუძვლები ნოტარიუსთა პალატიდან და ქ.თბილისის არქივიდან. ფაქტის სინამდვილის დასადასტურებლად კი საჭირო იყო სააქივო მასალების გაცნობა, რისი შესაძლებლობაც მოპასუხეს არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ იშუამდგომლა სასამართლოში აღნიშნულის თაობაზე.

კასატორი ასევე სადავოდ ხდის მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მოპასუხე 7 წელია ცხოვრობს მითითებულ საცხოვრებელ ფართში და ამის საწინააღმდეგოდ უთითებს, რომ მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი არის 22 კვ.მ. და არა 29 კვ.მ და ის ამ ბინაში ცხოვრობს დაბადებიდან ანუ 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აღნიშნული ფართი გამოცალკევებულია და მას კავშირი არ აქვს სადავო უძრავ ქონებასთან.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

13. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას.

14. რაც შეეხება მოპასუხის ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია, რაც მოპასუხემ ვერ დაადასტურა (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სარჩელის უარყოფის საფუძვლად მითითებულ კასატორის პოზიციას, რომელიც შეეხება მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერებას და განმარტავს, რომ მითითებული არგუმენტი, ვერ დააბრკოლებს მოსარჩელის მიერ აღძრული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას. უფრო მეტიც, აღნიშნული, ვერ გახდება განსახილველი სარჩელის ფარგლებში განხილვის საგანი.

პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში განხილვის საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილის (რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა) საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, რაც ნიშნავს, რომ ქონება, სწორედ, მოსარჩელეს ეკუთვნის (ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობა). მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ მოპასუხემ, თავისი დისპოზიციური უფლების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეს ჩანაწერი და მისი წარმოშობის საფუძველი სადავო გახადა სასარჩელო წესით. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მართალია აღძრა შეგებებული სარჩელი, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 აგვისტოს განჩინებით შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა, ამავე განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნული უარი მას ხელს არ უშლიდა ამავე სარჩელით განმეორებით მიემართა სასამართლოსათვის განჩინებაში მითითებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მოპასუხემ კი არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენისა და არაკვალიფიციური შედავების განხორციელების გამო, ვერ შეძლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილება. მოპასუხის მარტივი შედავება „არ ვეთანხმები“, არ არის საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის და კასატორმა, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს (შდრ. სუსგ-ები: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-731-2019, 28.06.2019წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი