საქმე №ას-726-2024 27 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი–ო“
გასაჩივრებული განჩინება – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2023 წლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბმა ,,ი–ომ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „ამხანაგობა“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“) და ნ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის 13.05.2019 წლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N190518745), 23.01.2020 წლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N200074708) და 20.10.2020 წლის კრების ოქმები; აღნიშნული კრების ოქმების საფუძველზე პირველი მოპასუხისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემული, ჯამში, 20.16 კვ.მ (ს/კ .......) და 12.92 კვ.მ (ს/კ .........) დამხმარე ფართები დაბრუნდა მოსარჩელის საკუთრებაში. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ პროცესის ხარჯები.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. 15.11.2023 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხეებს აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოს შესრულება და ნებისმიერი ტიპის კონსტრუქციის ჩადგმა 20.16.კვ.მ (ს/კ ........) და 12.92 კვ.მ (ს/კ .......) დამხმარე ფართებზე და მათ მიმდებარედ. განმცხადებლის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ამხანაგობისთვის მიკუთვნებულ ფართებში პირველმა მოპასუხემ მშენებლობის მიზნით განათავსა სამშენებლო მასალები. იგი აპირებს ამოაშენოს კედელი და ხელი შეუშალოს ამხანაგობის წევრებს ისარგებლონ საერთო საკუთრებაში არსებული ფართით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2023 წლის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხეებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება 20.16.კვ.მ (ს/კ .....) და 12.92 კვ.მ (ს/კ .....) დამხმარე ფართებზე (და/ან მათ მიმდებარედ). სასამართლოს განმარტებით, სარჩელზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და წინამდებარე განჩინებით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება განპირობებულია დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაცვის აუცილებლობით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.11.2023 წლის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.02.2024 წლის განჩინებით საჩივარი 16.11.2023 წლის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (სუსგ №ას-1580-2019, 19.12.2019წ.; ას-1249-2018, 30.11.2018წ).
11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
12. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (გ. კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი 2018, გვ.148).
13. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.
14. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82).
15. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს 16.11.2023 წლის განჩინება, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება იმ ფართებში (და/ან მათ მიმდებარედ), რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდა მოსარჩელის საკუთრებაში. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკმაყოფილა არაკანონიერი სარჩელი. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ ეტაპზე არ ხდება სარჩელის საფუძვლიანობის შეფასება, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. აღნიშნულის შესახებ საბოლოო დასკვნა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს, რაც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის განხილვის ეტაპზე არ წყდება. განსახილველ შემთხვევაში პალატა იზიარებს სასამართლოს დასკვნას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
16. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერი და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ხ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.11.2023 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია