საქმე №ა-3798-შ-94-2024 22 ივლისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ფ.
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ბ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 14.05.2018 წლის გადაწყვეტილება 538 FH13/18 VU
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებით 538 FH13/18 VU (შემდგომში "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება" ან "14.05.2018 წლის გადაწყვეტილება") მ.ბ–ძეს (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე") ე.ფ–ის (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი") (დაბადებული 03.10.2006 წელს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველ თვე გადაწყვეტილებაში მოცემული ცხრილის და დაანგარიშების წესის შესაბამისად. ასევე განისაზღვრა ალიმენტის დავალიანების ოდენობა.
2. 14.05.2018 წლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
3. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში "კანონი") 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
5. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მხოლოდ ცნობის შესახებ (აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნა არ არის დაყენებული). გაურკვეველია, მიკუთვნებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მხოლოდ ცნობის იურიდიული ინტერესი.
6. ასევე, შუამდგომლობიდან და მასზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 22.06.2018 წლის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში და მოსარჩელედ ე. ფ–ის ნაცვლად მიეთითა შუამდგომლობის ავტორი. 22.06.2018 წლის გადაწყვეტილებაში ასევე განმარტებულია მისი გასაჩივრების წესი. შუამდგომლობას არ ერთვის მტკიცებულება მასზე, რომ 22.06.2018 წლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
7. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს მხოლოდ 14.05.2018 წლის გადაწყვეტილების ცნობას. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილშიც საჭიროებს დაზუსტებას.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
9. შუამდგომლობის შინაარსიდან და თანდართული მასალებიდან არ იკვეთება, რომ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი საქართველოა და შესაბამისად, არც საქართველოში მისი კონკრეტული მისამართია (ძირითადი ან ალტერნატიული) აღნიშნული. შუამდგომლობაზე თანდართულ მასალებში მოპასუხის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია გერმანია, ბერლინი. ასეთ პირობებში, გაურკვევლია შუამდგომლობით საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის მომართვის საფუძველი.
10. სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოპასუხის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი). კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შუამდგომლობა გადაეცემა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც გააჩნია წერილობითი პოზიციის წარმოდგენის და შუამდგომლობის ზეპირი ფორმით განხილვის მოთხოვნის უფლება. დავის საგნის შინაარსის და ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირება და შუამდგომლობაზე დართული მასალების გადაცემა შუამდგომლობის განხილვის მიზნით განსახორციელებელი კანონისმიერი ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული პროცედურის დაცვა შეუძლებელია.
11. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს/შუამდგომლობის ავტორს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
12. საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით (შდრ. სუსგ №ა-1190-შ-31-2024, 11.03.2024წ.; №ა-5643-შ-173-2023, 17.11.2023წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ფ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 14.05.2018 წლის გადაწყვეტილების 538 FH13/18 VU საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე