საქმე №ას-804-2022 12 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ქ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ნ.გ–ი
მესამე პირი - დ.ბ–ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.04.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.06.2020 წლის გადაწყვეტილებით შპს „პ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ნ.ქ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“) და ნ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - დ.ბ–ია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე პირი“), დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის - 18064 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ეფუძნება შემდეგს:
1.1. 06.04.2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - ......., შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით .......
1.2. შეჯახების შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (სპეციალიზებული FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით - .......) მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეფასების დროისთვის არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ განისაზღვრა 16000 ლარით. მოსარჩელის მიერ გადახდილია ექსპერტიზის ჩატარების საფასური - 1920 ლარი და სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასური - 144 ლარი.
1.3. 05.01.2018 წელს შპს „მ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ლიზინგის გამცემი“), როგორც ლიზინგის გამცემსა და ნ.ქ–ს, როგორც ლიზინგის მიმღებს, შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, სადაც ლიზინგის საგანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალება: MERCEDES BENZ CLK 320, სახელმწიფო ნომრით ....... სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა ლიზინგის გამცემის სახელზე. ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მას შემდეგ, რაც ლიზინგის გამცემი მიიღებს სატრანსპორტო საშუალებას საკუთრებაში, ლიზინგის გამცემი წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ლიზინგის მიმღებს უფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს და აგრეთვე გამოისყიდოს სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ლიზინგის მიმღები კი იღებს სატრანსპორტო საშუალებას ლიზინგით.
1.4. 06.02.2018 წელს ლიზინგის გამცემს, ნ.ქ–სა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა ვალის გადაკისრების სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 05.01.2018 წელს გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში ლიზინგის მიმღების - ნ.ქ–ის ადგილი დაიკავა პირველმა მოპასუხემ და მასვე გადაეცა ლიზინგის მიმღების ყველა უფლება და ვალდებულება, მათ შორის ლიზინგის საგანი ფლობის, სარგებლობისა და მომავალში მისი გამოსყიდვის უფლება.
1.5. პირველმა მოპასუხემ 21.02.2018 წელს მეორე მოპასუხის სასარგებლოდ გასცა მინდობილობა, სადაც განისაზღვრა მეორე მოპასუხისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლები.
1.6. სატრანსპორტო საშუალება MERCEDES_BENZ CLK 320, სახელმწიფო ნომრით .... რეგისტრირებულია ლიზინგის გამცემის სახელზე.
1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2019 წლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის - 18064 ლარის, ლიზინგის გამცემისთვის დაკისრების შესახებ.
1.8. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე მუხლი), ხოლო სარჩელი მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში სსკ-ის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილს ეფუძნება. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული. თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე - არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი).
1.9. მოცემულ შემთხვევაში, 06.02.2018 წლის სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, პირველმა მოპასუხემ ჩაანაცვლა ნ.ქ–ი და გახდა ლიზინგის მიმღები. თავის მხრივ, პირველმა მოპასუხემ 21.02.2018 წელს მეორე მოპასუხის სასარგებლოდ გასცა მინდობილობა, სადაც განისაზღვრა მეორე მოპასუხისთვის გადაცემული უფლებამოსილებების ფარგლები, თუმცა დავის განხილვის დროისთვის ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მხარეს (ლიზინგის მიმღებს) კვლავ პირველი მოპასუხე წარმოადგენს.
1.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.04.2019 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ლიზინგის გამცემისთვის ზიანის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სადაც მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის გამცემს სატრანსპორტო საშუალების გადაცემის უფლებამოსილება გადაცემული აქვს პირველი მოპასუხისთვის, ლიზინგის გამცემი აღარ განიხილება მფლობელად და პასუხისმგებელ პირად. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა პირდაპირ მფლობელთან ერთად ეკისრება ლიზინგის მიმღებს, ვინაიდან ლიზინგის მიმღები მესაკუთრის მსგავსად ფლობს ნივთს, აღიჭურვება ნივთის მესაკუთრის უფლებებში.
1.11. მიუხედავად პირველი მოპასუხის მიერ მეორე მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული მინდობილობისა, არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარ ზიანზე პირველი მოპასუხის პასუხისმგებლობაც. მანამ, სანამ პირველი მოპასუხე წარმოადგენს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მხარეს, იგი მიიჩნევა ლიზინგის საგნიდან, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად. თავის მხრივ, მეორე მოპასუხე, ამავე მინდობილობის საფუძველზე, მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალების ამჟამინდელ მფლობელად და მასაც პირველ მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად ეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარ ზიანზე.
1.12. კონკრეტულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობა შეფასებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით და შეადგენს 16000 ლარს. აღნიშნულს ემატება საექსპერტო მომსახურების ხარჯი - 1920 ლარი და სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის ხარჯი - 144 ლარი. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხეებს შედავება არ განუხორციელებიათ. ამდენად, მოპასუხეებს სრული მოცულობით უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ პირველმა მოპასუხემ მისთვის თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.04.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.06.2020 წლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. სააპელაციო პალატის მითითებით, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევისას, ისე სააპელაციო საჩივრის განხილვის მდგომარეობითაც, ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მხარეს (ლიზინგის მიმღებს) კვლავ პირველი მოპასუხე წარმოადგენს. დადგენილია, რომ ზიანის გამომწვევი ავტომანქანის მოსარგებლე, პირდაპირი მფლობელი მეორე მოპასუხე, ამ ავტომანქანის იურიდიული მფლობელის (არაპირდაპირი მფლობელი), პირველი მოპასუხის ნების საფუძველზე ახორციელებდა ზიანის გამომწვევი სატრანსპორტო საშუალების მფლობელობას. შესაბამისად, არ არსებობს გარემოებები, რომლებიც მოსარჩელისთვის ამ ავტომანქანით მიყენებულ ზიანში პირველი მოპასუხის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავდა. ვიდრე პირველი მოპასუხე წარმოადგენს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მხარეს, იგი მიიჩნევა ლიზინგის საგნიდან, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროდან, მომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ლიზინგის საგნით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ლიზინგის მიმღების, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს არაპირდაპირი მფლობელის, პასუხისმგებლობის კანონიერება.
8. ლიზინგი ფინანსური ინსტიტუტია და მხარეთა შორის რისკების განაწილების მოქნილი ინსტრუმენტია. მისი პრაქტიკული დანიშნულება ყველაზე უკეთ იმით გამოიხატება, რომ ლიზინგი ცალკე უფლების ობიექტია (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 1, 25. იხ: gccc.tsu.ge). ლიზინგის ხელშეკრულება, ტრადიციულად, განიხილება ან არატიპურ ქირავნობად, ან - ხელშეკრულების დადების თავისუფლების შედეგად ფორმირებულ ხელშეკრულების განსაკუთრებულ ტიპად (sui generis) (Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, Einf v §535, Rn. 37,38), რომელიც ნაწარმოებია ქირავნობის სამართლიდან, მაგრამ განსხვავდება ქირავნობისაგან. ზოგ ქვეყანაში ლიზინგის მოსაწესრიგებლად იყენებენ ნასყიდობის, სესხისა და მომსახურების სამართლის ნორმებს. ლიზინგის სამართლებრივი კონსტრუქცია კომპლექსურია და დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან (ენცო ლ. ვიალი, საქართველოს ახალი კანონი ლიზინგის შესახებ - კრიტიკული ანალიზი, ქართული სამართლის მიმოხილვა 5/2002-4, გვ. 524; Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, Einf v §535, Rn. 37-39).
9. ლიზინგის ხელშეკრულების ანალიზისას მნიშვნელოვანია მისი პრინციპების გაცნობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ე.წ. ოტავის კონვენცია ((შემდგომში „კონვენცია“) იხ. UNIDROIT CONVENTION ON INTERNATIONAL FINANCIAL LEASING (Ottawa, 28 May 1988)), რომლის მიზანიც ლიზინგის ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო (მართალია, კონვენცია მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ვრცელდება, მასში გათვალისწინებული პრინციპები არ კარგავს მნიშვნელობას ქვეყნის შიგნით ადგილობრივად განხორციელებული კონტრაჰირებისას). კონვენციით:
- ლიზინგის საგნის ხარისხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მიმწოდებელს ეკისრება;
- ლიზინგის გამცემი პასუხს არ აგებს ლიზინგის საგნის გამოყენებით გამოწვეული გარდაცვალების, ჯანმრთელობის თუ ქონების დაზიანების შემთხვევებში;
- ლიზინგის გამცემის ინტერესები დაცულია ლიზინგის მიმღების გაკოტრებისას (იხ. UNIDROIT CONVENTION ON INTERNATIONAL FINANCIAL LEASING (Ottawa, 28 May 1988) (https://www.unidroit.org/instruments/leasing/convention/).
10. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ლიზინგი არის ისეთი გარიგება, რომლითაც ერთი მხარე (ლიზინგის გამცემი) მეორე მხარის (ლიზინგის მიმღების) მითითებით დებს მესამე მხარესთან (მომწოდებელთან) ხელშეკრულებას, რომლითაც ლიზინგის გამცემი ყიდულობს მანქანებს, სატრანსპორტო საშუალებებს ან სხვა მოწყობილობებს ლიზინგის მიმღების მიერ მოწონებული პირობებით, რამეთუ ეს შეეხება მის ინტერესებს და დებს ლიზინგის ხელშეკრულებას ლიზინგის მიმღებთან, რომლის ძალითაც უფლებას აძლევს ლიზინგის მიმღებს, გამოიყენოს შეძენილი მოწყობილობები განსაზღვრული დროის განმავლობაში, შეთანხმებული საზღაურის გადახდით. კონვენციაში მოცემულია ასევე მისი გამოყენების სფერო, სალიზინგო ხელშეკრულების დამახასიათებელი ნიშნები, ხელშეკრულების საგანი, ფორმა, მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ. (ზურაბ ძლიერიშვილი, ლიზინგის სამართლებრივი რეგულირება, ქართული სამართლის მიმოხილვა 5/2002-4, გვ. 506,508).
11. აქვე უნდა აღინიშნოს კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ შემუშავებული 13.11.2008 წლის რომის მოდელური კანონი, რომელიც მოიცავს ლიზინგის რეგულირების სფეროში არსებულ მოწინავე წესებსა და საუკეთესო გამოცდილებას, აერთიანებს საერთო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სისტემებისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს. ამასთან, მოდელური კანონით უფრო მეტად დაიხვეწა ოტავის კონვენციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპები. მოდელური კანონის მიხედვით, ლიზინგად განიხილება ხელშეკრულება, რომლითაც ლიზინგის მიმღები ირჩევს ლიზინგის საგანსა და მიმწოდებელს; ლიზინგის გამცემი ყიდულობს ლიზინგის საგანს ლიზინგის ხელშეკრულების მიზნებისთვის და მიმწოდებლისთვის ეს ცნობილია; ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი საზღაური შეიძლება მოიცავდეს ლიზინგის საგნის ან მისი ნაწილის ამორტიზაციის ხარჯებს. ასევე, ლიზინგის მიმღებმა შეიძლება ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე შეისყიდოს ლიზინგის საგანი ან მისი ნაწილი (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 2, 11,12 იხ: gccc.tsu.ge). 12. ქართულ სამართალში ლიზინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დებულებები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც განსაზღვრავს ლიზინგის ხელშეკრულებას, როგორც ტრანზაქციას, რომლის ფარგლებშიც ლიზინგის გამცემი ვალდებულია, გადასცეს კონკრეტული ქონება ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში ხელშეკრულებაში მითითებული ვადით, ქონების შესყიდვის უფლებით ან მის გარეშე. გარდა ამისა, ლიზინგის მიმღები ვალდებულია, კონკრეტული პერიოდულობით გადაუხადოს ლიზინგის გამცემს იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც შეისყიდის ან სხვაგვარად მიიღებს ქონებას; ბ) ლიზინგის გამცემი შეიძენს ლიზინგით გასაცემ ქონებას, ხოლო მიმწოდებელი ინფორმირებული იქნება ამის შესახებ (ლევან გოთუა, საქართველოში ფინანსური ლიზინგის განვითარების სამართლებრივი პრობლემები, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 3/2021, გვ. 50). ლიზინგის კონცეფციის მიხედვით, მოგების მისაღებად არ არის აუცილებელი ქონებაზე საკუთრების უფლების ფლობა. შესაბამისად, ლიზინგის ხელშეკრულების მიზანი ლიზინგის საგნით სარგებლობის უფლების რეალიზაციით გამოიხატება (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 68, იხ: gccc.tsu.ge).
13. რაც შეხება ე.წ. ფინანსური (საფინანსო) ლიზინგისა და ოპერატიული ლიზინგის გამიჯვნას, როგორც წესი, პირველი ნივთის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის (სრული ამორტიზაციის) ვადით იდება, მეორე კი - აღნიშნულზე ნაკლები ვადით (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 63,65, იხ: gccc.tsu.ge; Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, Einf v §535, Rn. 39,40). ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში არაერთგზისაა გამოყენებული ტერმინი ფინანსური ლიზინგი. ინგლისურ ენაში ტერმინ "ფინანსურის" მითითება აუცილებელი გახდა ლიზინგის ქირავნობისაგან (იჯარისაგან) გასამიჯნად ("ლიზინგის" ეკვივალენტი ინგლისურ ენაში არის ტერმინი "finance lease"), ქართულ ენაში კი ასეთი აუცილებლობა არ არსებობს (ლიზინგი და ქირავნობა სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება). ამასთან, "ფინანსური ლიზინგი" ლიზინგის კლასიფიკაციის დროს იხმარება (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 22,23).
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ:
15.1. 05.01.2018 წელს ლიზინგის გამცემსა და ნ.ქ–ს, როგორც ლიზინგის მიმღებს, შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, სადაც ლიზინგის საგანს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციასაც მოჰყვა შემდგომში ავტოსაგზაო შემთხვევა;
15.2. 06.02.2018 წელს ლიზინგის გამცემს, ნ.ქ–სა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა ვალის გადაკისრების სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 05.01.2018 წელს გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდაპირველი ლიზინგის მიმღების ადგილი დაიკავა პირველმა მოპასუხემ;
15.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2019 წლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის - 18064 ლარის, ლიზინგის გამცემისთვის დაკისრების შესახებ.
16. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას მასზე, რომ ვიდრე პირველი მოპასუხე წარმოადგენს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მხარეს, იგი მიიჩნევა ლიზინგის საგნიდან, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროდან, მომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად და მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად ვერ შეფასდება მეორე მოპასუხეზე მინდობილობის გაცემის ფაქტი. ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, მფლობელობის გადაცემა იმგვარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებაა, რომელიც დელიქტური ვალდებულებისაგან ათავისუფლებს მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრეს და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 999-ე მუხლის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები (საქმე №ას-1453-1373-2017, 09.03.2018 წელი).
17. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ: 05.01.2018 ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 10.5. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ: ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთოს სატრანსპორტო საშუალება ან მისი ნაწილი. ლიზინგის მიმღების მიერ სატრანსპორტო საშუალების მესამე პირისთვის გადაცემისას, ლიზინგის მიმღები პასუხიმგებელია ამ პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებაზე, რაც გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის, მოსარგებლისათვის, მფლობელისა და მესაკუთრისათვის. აგრეთვე, ლიზინგის მიმღები რჩება სრულიად პასუხისმგებელი ლიზინგის გამცემის წინაშე ხელშეკრულების პირობათა შესრულებისათვის. ამავე ხელშეკრულების 10.6. პუნქტით კი, ლიზინგის მიმღები ვალდებულია აანაზღაუროს დაკისრებული ადმინისტრაციული ან სხვა ფულადი ჯარიმები და სხვა გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებასთან ან რომელთა დაფარვა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, მოსარგებლეს, მფლობელსა და მესაკუთრეს.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი მფლობელი, ისე - არაპირდაპირი მფლობელი. კანონმდებლობა მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელთა მიმართ პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც ნივთის სპეციფიკური თვისებებიდან - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.) - გამომდინარეობს (სუსგ №ას-1240-2022, 02.02.2023წ.).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 904 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 632.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.ქ–ს (პირადი ნომერი: .........) უკან დაუბრუნდეს თ.კ–ძის (პირადი ნომერი: ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 904 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 13.07.2022წ.) 70% – 632.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია