Facebook Twitter

№ას-672-2024 06 აგვისტო, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ვ.ძ–ი, ლ.კ–ვა, ნ.ძ–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ძე, მ.ძ–ი (ზ.ძ–ის უფლებამონაცვლეები) (მოპასუხეები)

მესამე პირი - დ.ძ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საკომლო ჩანაწერების საფუძველზე ქონების მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში მონაცემებში ცვლილების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.ძ–მა (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“), ლ.კ–ვამ (სახელისა და გვარის შეცვლამდე ლ.ძ–ი) (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“), ნ.ძ–მა (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“, პირველ და მეორე მოსარჩელეებთან ერთობლივად „მოსარჩელეები“, „კასატორები“) სარჩელი აღძრეს ზ.ძ–ის (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს:

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 11 მაისის სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N120486197, გაცემული ნოტარიუსის ლ.ო–ის მიერ, მ.ძ–ის სახელზე არსებული ქონებრივი აქტივის (სამკვიდროს აქტივი ) - 4/5 ნაწილში;

1.2. პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნეს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების:

- მდებარე: მცხეთა, სოფელი ……, საკადასტრო კოდი - ……., ფართი: 1000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილის მესაკუთრედ;

- მდებარე: მცხეთა, სოფელი ……, საკადასტრო კოდი - …….., ფართი: 1636კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ზედ არსებული შენობა-ნაგებობის 2/5 ნაწილის მესაკუთრედ;

- მდებარე: მცხეთა, სოფელი …….., საკადასტრო კოდი - …….., ფართი: 280 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილის მესაკუთრედ;

- მდებარე: მცხეთა, სოფელი …….., საკადასტრო კოდი - ....., ფართი: 5000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის 2/5 ნაწილის მესაკუთრედ;

1.3. მეორე მოსარჩელე ცნობილ იქნეს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების:

- მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი - ....., ფართი: 1000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

- მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი - ……., ფართი: 1636კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ზედ არსებული შენობა-ნაგებობის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

- მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი - ……, ფართი: 280 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

- მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი - ....., ფართი: 5000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

1.4. მესამე მოსარჩელე ცნობილ იქნეს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების:

- მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი - ....., ფართი: 1000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

- მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი - ……, ფართი: 1636კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ზედ არსებული შენობა-ნაგებობის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

- მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი - ….., ფართი: 280 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

- მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი - ....., ფართი: 5000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ;

1.5. შევიდეს ცვლილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებში და ზემოაღნიშნული წილები აღირიცხოს მოსარჩელეების სახელზე.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.09.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 179-195). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.01.2024 წლის საოქმო განჩინებით მოპასუხის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ი.მ–ძე და მ.ძ–ი (იხ.: ტ.2, ს.ფ. 103-113).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 132-147). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.06.2024 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს მიეცათ 10 დღე მის შესავსებად. ხარვეზის შევსების ვადაში კასატორებმა წარმოადგინეს განცხადება, რომლითაც იშუამდგომლეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ. ამავე პალატის 08.07.2024 წლის განჩინებით კასატორებს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 178-180).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.07.2024 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს - გ.ნ–ს მის მიერ წარმოდგენილ ხარვეზის ვადის გაგრძელების განცხადებაზე დართულ კონვერტზე მითითებულ მისამართზე (იხ.: ვადაში მოქმედი მინდობილობები საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით, ტ.2, ს.ფ.90-96; გზავნილი, ტ.2, ს.ფ.184) და ჩაჰბარდა პირადად 22.07.2024 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.2, ს.ფ.185).

8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

10. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 23.07.2024 წელს და ამოიწურა 01.08.2024 წელს. ამდენად, კასატორებს ხარვეზი 01.08.2024 წლის ჩათვლით უნდა შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის. კასატორების წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ (იხ.: სატელეფონო აქტი, ტ.2, ს.ფ.186).

11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-161-2024, 31.05.2024წ.; №ას-704-2024 18.07.2024წ.).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ძ–ის, ლ.კ–ვას და ნ.ძ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე