Facebook Twitter

№ას-486-2024

22 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სმოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.დ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.მ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ.დ–იას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა 50,10 მ2 ოფისი N3, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, …….., საკადასტრო კოდი N…….. და ეს უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა გ.მ–ნს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით ნ.დ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით ნ.დ–იას დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადი) მითითებით. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2024 წლის 17 მაისს.

2024 წლის 20 მაისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განაცხადება და საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით ნ.დ–იას გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) მითითებით. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2024 წლის 11 ივნისს.

2024 წლის 13 ივნისს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განაცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ ნ.დ–ია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და „შესაბამისად მის მიერ წარმოდგენილი სარჩელის ცნობას“. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ სადავო ბინასთან დაკავშირებული თაღლითობის გამო, ნ.დ–იას საგამოძიებო ორგანოში შეტანილი აქვს საჩივარი. კასატორი ითხოვს, რომ მხოლოდ მითითებული სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ მიიღოს საქართველოს უზენაესმა სასამართლო განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორ ნ.დ–იას გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით და დაევალოს მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) მითითებით. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს 2024 წლის 12 ივლისს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

2024 წლის 16 ივლისს (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც საბოლოო სამართლებრივი შედეგის მიხედვით ბინის კანონიერ მფლობელად ნ.დ–იას ცნობა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.დ–იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ამავე სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2024 წლის 12 ივლისს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს მ.ც–ას (იხ.: საფოსტო ბარათი - ტ.I, ს.ფ. 223-225; მინდობილობა ტ.I, ს.ფ 62-64).

სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 3 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 13 ივლისიდან და ამოიწურა ამავე წლის 15 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორაშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 15 ივლისის ჩათვლით, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. კასატორის ადვოკატმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა 2024 წლის 16 ივლისს, ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.დ–იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.დ–ია საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ნ.დ–იას (პ/ნ ……..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.დ–ას (პ/ნ …..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (საგადასახდო დავალება 11628179948, რეფერენს ნომერი 21251015646, გადახდის თარიღი 03.04.2024).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია