Facebook Twitter

საქმე №ას-874-2024

26 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ლ–ამ“ (შემდგომში - „მიმწოდებელი“, „შემსრულებელი“, „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის (შემდგომში - „შემსყიდველი“, „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ უკანონოდ დაკავებული პირგასამტეხლოს 5 803 ლარის დაბრუნების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 803 ლარი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2023 წლის 10 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გლდანის რაიონში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების, უფასო სასადილოს ბენეფიციარების, უსინათლო მოქალაქეებისა და ომის ვეტერანებისათვის;

6.2. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 263 800 ლარით. ამ თანხიდან, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გლდანის რაიონში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების, უფასო სასადილოს ბენეფიციარების, უსინათლო მოქალაქეებისა და ომის ვეტერანებისათვის ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 258 822 ლარით, ხოლო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დიდი სამამულო ომის ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებისთვის – 4 793 ლარით;

6.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 10 ივნისის ჩათვლით;

6.4. მიწოდება სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო. ხელშეკრულების 3.2.1. ქვეპუნქტით, მიმწოდებელს აღდგომის ნობათი შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა არაუგვიანეს 2023 წლის 10 აპრილისა;

6.5. მიმწოდებელი ვალდებული იყო:

6.5.1. შემსყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტებით შევსებული სასაჩუქრე ნობათები: ა) აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით - 5 500 ნობათი, ნობათის შემადგენლობაში უნდა შესულიყო დანართი 1-ში მითითებული პროდუქტები (1.სააღდგომო პასკა, 2.კვერცხი ქათმის, 3.ღვინო წითელი (მშრალი), შოკოლადის კანფეტი, კარამელის კანფეტი, ნაღების კარაქი (არა სპრედი), ზეთი მცენარეული, ლობიო ხმელი, შაქარი, ხორბლის ფქვილი). მისაწოდებელი კვების პროდუქტები პლასტიკის (ბიოდეგრადირებადი) სახელურებიან თეთრ პარკში უნდა მოთავსებულიყო, არანაკლებ 25 კგ გამძლეობით, პარკზე დატანილი (დაპრინტული) უნდა ყოფილიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ლოგო და ბრენდირება მილოცვის ტექსტით (...) და დაკომპლექტებულიყო 5 500 სასაჩუქრე პაკეტად; დანართის მიხედვით, პასკის მახასიათებლები შემდეგი უნდა ყოფილიყო: 900 გრამი, შაქრის პუდრით, მინიმალური შემადგენლობა: ფქვილი (უმაღლესი ხარისხის), შაქარი, რძის ფხვნილი, პასკის სუნელების ნაკრები, მარილი, ქიშმიში, კვერცხი, საფუარი, მარგარინი, ზეთი (ვარგისიანობის ვადა მიწოდებიდან 15 დღე, ინდივიდუალურად შეფუთული ქაღალდის პარკში);

6.5.2. ხელშეკრულების 4.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მახასიათებლების შესაბამისი კვების პროდუქტები შესაბამისი შეფუთვით;

6.5.3. ხელშეკრულების 4.1.4 ქვეპუნქტის მიხედვით, უზრუნველეყო შესყიდვის ობიექტის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავდა მას დაზიანებისგან დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირების პროცესში, ასევე, უზრუნველეყო პროდუქტის ეტაპობრივი მიწოდება შემსყიდველთან შეთანხმებული რაოდენობით და საჭიროების შემთხვევაში, მიწოდების ადგილზე პროდუქტის შენახვა;

6.5.4. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველეყო წუნდებული საქონლის დაუყოვნებლივ შეცვლა ახლით;

6.5.5. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით, ხელშეკრულების შესრულების კონტროლს (ინსპექტირება) განახორციელებდენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები: მ.ჯ–ძე და ე.ე–ა;

6.5.6. ხელშეკრულების 6.3. პუნქტით, მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური შემოწმების პროცესში მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა; თუ მიმწოდებელი ვერ შეძლებდა წუნის გამოსწორებას, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა შესყიდვის ობიექტის მიღებაზე და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში (8.2);

6.5.7. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მიმწოდებელი არ წარადგენდა საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, შემსყიდველი ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაექვითა, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხებოდა დარჩენილი თანხა. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის საჯარიმო სანქციების გამოყენების დებულებები შეთანხმებულია მე-10 მუხლში;

6.6. ხელშეკრულების 10.2. პუნქტით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით;

6.7. ხელშეკრულების 10.3. პუნქტით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

6.8. ხელშეკრულების 10.7. პუნქტით, საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან;

6.9. ხელშეკრულების 14.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენება უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გაცემული სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის“ მიერ ხელშეკრულების ღირებულების 10 %-ის ოდენობით. გარანტიის პირობით, გამცემი კისრულობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის წინაშე მიმწოდებლის სახელით არაუმეტეს 26 380 ლარის უპირობოდ, გამოუთხოვადად გადახდას მიმწოდებლის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის წინაშე დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძველზე, ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე;

6.10. მოპასუხეს არ მოუთხოვია გარანტორისთვის საგარანტიო თანხის გადახდა;

6.11. მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენლებს შორის ხელშეკრულების პირობების თანახმად, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები გლდანის რაიონის სხვადასხვა ადგილას [უფასო სასადილოებში] სააღდგომო სასაჩუქრე ნობათების (შემადგენლობით: სააღდგომო პასკა, კვერცხი ქათმის, ღვინო (წითელი მშრალი), შოკოლადის კანფეტი, კარამელის კანფეტი, ნაღების კარაქი, ზეთი მცენარეული, ლობიოხმელი, შაქარი, ხორბლის ფქვილი) მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გადაცემის შესახებ;

6.12. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, 2023 წლის 10 აპრილს გაფორმდა ინსპექტირების ოქმები. საქმეში წარმოდგენილ ინსპექტირების ოქმებში ასახულია გლდანის რაიონში მდებარე უფასო სასადილოებში მიღებული სასაჩუქრე ნობათების მდგომარეობა:

6.12.1. გლდანის რაიონის ......, სასაჩუქრე კალათაში შემავალი პროდუქტი, პასკა, იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამო, კერძოდ, პასკა არ იყო სრულად გამომცხვარი, რამოდენიმე ცალი პასკის მთლიანობა იყო დარღვეული (შუაში იყო გაჭრილი). ოქმს ხელს აწერენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირები: მ.ჯ–ძე და ე.ე–უა;

6.12.2. მუხიანის ....... კორპუსში (........ ქუჩა) 2023 წლის 10 აპრილს სააღდგომო ნობათების დარიგებისას გამოვლინდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის ფაქტი, კონკრეტულად: სააღდგომო პასკა არ იყო სრულად გამომცხვარი, ამასთანავე პასკის ზედაპირი იყო შუაში გაჭრილი (აღნიშნულ სასადილოში დაზიანებული იყო 20 პასკა);

6.12.3. მუხიანის ........ მე-4 კორპუსში (.... გამზირი) გამოვლინდა, რომ სააღდგომო პასკები არ იყო სრულად გამომცხვარი (დამწვარი ზედაპირის), იყო შუაში გაჭრილი, დაზიანებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი პროდუქტი არ შეესაბამებოდა შემსყიდველის მოთხოვნებს. აქტში ასევე აღნიშნულია, რომ უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებმა უკმაყოფილება გამოხატეს სააღდგომო პასკის ხარისხზე, რამდენიმე მათგანმა უკან დააბრუნა გადაცემული პასკა;

6.12.4. გლდანის რაიონის ......... კორპუსში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის გადასაცემი სააღდგომო პასკის გადაცემისას გამოვლინდა ხელშეკრულებით გათვალსწინებული პირობების დარღვევის ფაქტი. სააღდგომო პასკა იყო ნახევრად გამომცხვარი, დამწვარი ზედაპირის, დეფორმირებული მასის, დაზიანებული. აღნიშნულ სასადილოში ამასთანავე გამოვლინდა გაცემული პასკების უკან დაბრუნების არაერთი ფაქტი. ბენეფიციარები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ პასკის ხარისხზე;

6.13. ინსპექტირების შედეგად დარღვევების გამოვლენის დღესვე, 2023 წლის 10 აპრილს, დღის 4:58 საათზე მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით აცნობა მოსარჩელეს შემდეგი: „გაცნობებთ, რომ გლდანის რაიონის უფასო კვების სასადილოებში (გლდანის რ- ის, ......., გლდანის რ-ის, ......, მუხიანის ........, მუხიანის .......) სააღდგომო ნობათების გაცემის დროს ზემოაღნიშნულ სასადილოებში განხორციელებული ინსპექტირებისას გამოვლენილ იქნა სააღდგომო ნობათთან დაკავშირებით დადებული №06.02.18.07-06.02.17.07/30/034 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტები. კერძოდ, თქვენ მიერ მოწოდებული სააღდგომო პასკები იყო დაზიანებული, ნახევრად გამომცხვარი, ამასთანავე პასკების მთლიანობა იყო დარღვეული. გთხოვთ, დროულად შეცვალოთ დაზიანებული სააღდგომო პასკები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიერ გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.“ წერილს ერთვოდა დანართები (ინსპექტირების აქტები და სხვა);

6.14. 2023 წლის 10 აპრილს განხორციელებული მიმოწერის მიხედვით მოსარჩელის დირექტორს - ვ.ზ–ს დილის 10:57 სთ-ზე ეცნობა პასკების მთლიანობის დარღვევის შესახებ შესაბამისი ფოტოების გაგზავნით (ს.ფ. 100). ასევე მიეთითა სხვა დარღვევების შესახებ (ს.ფ. 104). ამასთან, ამავე მიმოწერის ფოტოასლებით დასტურდება, რომ მოსარჩელის დირექტორმა 19 საათზე აცნობა მოპასუხეს, რომ პასკები მიიტანეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ადგილას და არავინ დახვდათ. იგივეს მიიტანდნენ დილით. 11 აპრილს დილით კი ისევ მოსთხოვა მოპასუხის წარმომადგენელმა მოსარჩელეს გამოეცვალათ დაზიანებული პასკები (ს.ფ. 105);

6.15. მოპასუხის ინსპექტირების და უფასო სასადილოების ბენეფიციართაგან მიღებული უკმაყოფილების გამომხატველი შეტყობინებების მიღების შედეგად, მოპასუხისთვის 2023 წლის 10 აპრილს დილის საათებიდან იყო ცნობილი მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ. გამოვლენილი წუნდებისა და პასკების შეცვლის საჭიროების თაობაზე მოსარჩელე მხარეს დილიდანვე ეცნობა. ამ გარემოების დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია ელექტრონული მიმოწერის ფოტოასლები;

6.16. 2023 წლის 13 აპრილს მოპასუხემ მოსარჩელეს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამგეობის მიერ მითითებულ მისამართებზე, რაიონის ტერიტორიაზე არსებულ უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის და ომის ვეტერანებისთვის 2023 წლის 10 აპრილს მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა 5 500 ცალი სასაჩუქრე პაკეტი, პაკეტის შემადგენლობაში 10 პროდუქტს შორის უნდა ყოფილიყო სააღდგომო პასკა (წონა 900 გრ. შეფუთული ქაღალდის პარკში, ვარგისიანობის ვადა მიწოდებიდან 15 კალენდარული დღე). ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირების მიერ 2023 წლის 10 აპრილს განხორციელებული ინსპექტირებისას გამოვლინდა N06.02.18.07-06.02.17.07/30/034 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტები, კერძოდ: ზოგიერთ სასაჩუქრე პაკეტში სააღდგომო პასკა იყო დაზიანებული, მთლიანობა დარღვეული, ნახევრად გამომცხვარი, პასკის გული იყო ჩაცომებული. აღნიშნულის შესახებ ოპერატიულად ეცნობა მიმწოდებელს. ასევე, 2023 წლის 11 აპრილს მუხიანის ...... მდებარე სასადილოს ერთ-ერთი ბენეფიციარი მივიდა მუხიანის საუბნო განყოფილებაში, უკან დააბრუნა პასკა და გამოთქვა უკმაყოფილება პასკის ხარისხთან დაკავშირებით. რაც ასევე დაფიქსირდა საუბნო განყოფილების თანამშრომლის მ.ჯ–ის მოხსენებით ბარათში. 2023 წლის 10-11 აპირლს შპს „ლ–ას“ მიერ უხარისხო სააღდგომო პასკა ჩანაცვლდა შესაბამისი რაოდენობის (150 ცალი) და ხარისხიანი სააღდგომო პასკით. გამგეობის მიერ მიწოდებულ ზემოაღნიშნულ მისამართებზე შპს „ლ–ას“ მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 4.1.2., 4.1.3., 5.1., 5.2., 5.3. პუნქტებით გათვალისწინებული პირობები;

6.17. 2023 წლის 19 აპრილის წერილით მოპასუხემ კიდევ ერთხელ აცნობა მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შესახებ. განუმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან სახეზე იყო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება და ერთი დღით ვადაგადაცილება. რის გამოც, ხელშეკრულების 10.2. პუნქტის შესაბამისად, ერიცხებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით - 5 276.00 ლარი და ერთი დღით ვადაგადაცილებაზე - 527.60 ლარი, სულ 5 803 ლარი. რაც მოპასუხის მიერ ბიუჯეტში უნდა გადახდილიყო 10 დღის ვადაში;

6.18. მოსარჩელემ საპასუხო წერილით (წერილის თარიღი არ დგინდება) მოპასუხეს მოსთხოვა ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება. ამასთან აღნიშნა, რომ 2023 წლის 19 აპრილის წერილით დაკისრებულ პირგასამტეხლოს არ ეთანხმებოდა, თუმცა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შეფერხება, ანაზღაურება შესაძლებელი იყო მომხდარიყო დარიცხული პირგასამტეხლოს თანხის გამოკლებით. იქვე დააზუსტა, რომ აღნიშნული განმარტება არ უნდა ყოფილიყო გაგებული, ისე, თითქოს მიმწოდებელი ეთანხმებოდა პირგასამტეხლოს დაკისრებას;

6.19. საბოლოოდ, მოსარჩელესთან ანგარიშსწორება განხორციელდა დაკავებული საჯარიმო სანქციის თანხის გამოკლებით.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და შემსყიდველს მინიჭებული ჰქონდა უფლება დაკისრებული პირგასამტეხლო დაეკავებინა მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან. შემსყიდველმა მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო 5 803 ლარი, რაც გამოაკლო მიმწოდებლისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ასანაზღაურებელ თანხას. დაკავებული 5 803 ლარიდან მიმწოდებელს ხელშეკრულების 10.2 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული აქვს პირგასამტეხლო - 5 276 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების 10.3. პუნქტის საფუძველზე - 527,6 ლარი.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიმწოდებელმა ვალდებულება შეასრულა სრულად, თუმცა ინსპექტირების აქტის საფუძველზე 150 პასკის შემთხვევაში გამოვლინდა ხარვეზი, რის თაობაზეც ეცნობა მიმწოდებელს. მოსარჩელემ იმავე დღეს, 2023 წლის 10 აპრილს გამოასწორა დადგენილი ხარვეზი და ახალი პასკების გადაცემით აღმოფხვრა ნაკლი. ერთი ობიექტის შემთხვევაში კი, ნაკლიანი 20 პასკა ახლით ჩაანაცვლა 2023 წლის 11 აპრილს. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, შემსყიდველმა მოსარჩელეს დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო როგორც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ისე ვადის გადაცილებისთვის.

10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ ნაკლიანი შესრულება პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო და მიუთითა ხელშეკრულების 5.3 პუნქტზე, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლზე. პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, აზრს კარგავს როგორც ხელშეკრულების 5.3. პუნქტის ჩანაწერი, ისე საკანონმდებლო რეგულირება, კერძოდ ლოგიკური საფუძველი ეცლება მიმწოდებლის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღებასა და ხარვეზის აღმოფხვრას, თუკი ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში, შესრულება მაინც არაჯეროვნად იქნება მიჩნეული.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ თითო პასკის ღირებულება შეადგენდა 5 ლარს, ხოლო 150 ხარვეზიანი პასკის (ჯამში 750 ლარის ღირებულების) მიწოდებისთვის მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 5 276 ლარი. ასეთ პირობებში, დამატებითი ხარჯის გაღება არალოგიკურია, თუკი მისი ძალისხმევის შედეგად არ აღმოიფხვრებოდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი გამოასწორებს ნაკლს და ახალი შესრულების, კერძოდ, ჩანაცვლებული გვაროვნული ნივთების ხარისხის მიმართ კრედიტორს პრეტენზია აღარ გააჩნია, ითვლება, რომ ხარვეზი აღმოფხვრილია, შესაბამისად შესრულება მიიჩნევა ჯეროვნად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ახალი პასკების მიწოდებით, რომელთა მიმართ პრეტენზია შემსყიდველს არ დაუფიქსირებია, მიმწოდებელმა გამოასწორა შესრულების ნაკლი და ითვლება, რომ არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნაკლის დაუყოვნებლივ გამოსწორების შესაძლებლობას თავად ხელშეკრულება ანიჭებდა მიმწოდებელ მხარეს.

13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 150 ხარვეზიანი პასკის ჩასანაცვლებლად, 20 პასკა შემსყიდველს ნაცვლად 2023 წლის 10 აპრილისა, 2023 წლის 11 აპრილს მიეწოდა. აღნიშნულ ფაქტს შემსყიდველი აფასებს არაჯეროვან შესრულებად, კერძოდ, შესრულების ვადის გადაცილებად, რისთვისაც მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 10.3. პუნქტის საფუძველზე - 527,6 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ სააღდგომო ნობათის, მათ შორის, პასკების მიწოდება უნდა მომხდარიყო 2023 წლის 10 აპრილს, შესაბამისად, დგინდება, რომ 11 აპრილს მიწოდებული პასკები 1 დღიანი ვადაგადაცილებითაა შესრულებული. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, რამდენადაც 12:00 საათზე გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე მიმწოდებელს ეცნობა 15:10 საათზე, მან იმავე დღეს შეძლო ხარვეზის გამოსწორება, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მოახერხა პასკების ადრესატისთვის გადაცემა, ადგილზე უფლებამოსილი პირების არყოფნის გამო. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არ ყოფილა განსაზღვრული 2023 წლის 10 აპრილს დღის რომელ მონაკვეთში უნდა მომხდარიყო სააღდგომო ნობათის მიწოდება. მიმწოდებლის წარმომადგენელმა ახალი პასკების მიწოდების თაობაზე შეტყობინება გააგზავნა 19:00 საათზე, რაც ვერ იქნება მიჩნეული დღის იმდენად გვიან მონაკვეთად, რომ ობიექტურად მოსალოდნელი ყოფილიყო უფასო სასადილოს დახურვა.

14. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „ვაიბერის“ ჯგუფის მიმოწერაში თავად გამგეობის წარმომადგენელმა განუმარტა მოსარჩელეს, რომ 20 ახალი პასკა მეორე დღეს, 11 აპრილს მიეწოდებინა. მართალია, აღნიშნული ტექსტი ვერ ჩაითვლება სახელშეკრულებო პირობის ცვლილების თაობაზე შეთანხმებად, თუმცა სააპელაციო პალატამ, ამ პირობებში, დამაჯერებლად მიიჩნია მოსარჩელის ის განმარტება, რომ მან ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში მოახდინა ხარვეზის გამოსწორება, თუმცა მიწოდება იმ მიზეზით ვერ განხორციელდა, რომ ლოკაციაზე არავინ დახვდა და ამასთან მიიღო თანხმობა, რომ შესრულება მეორე დღეს მომხდარიყო.

15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 150 ნაკლიანი პასკიდან 130-ის ახლით შეცვლა მოახდინა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო დარჩენილი 20 პასკის 1 დღის გადაცილებით მიწოდებაში მოსარჩელის ბრალეულობა არ იკვეთება, რაც სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავს მოვალის შესრულების ვადაგადაცილებულად მიჩნევასა და მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას.

16. ზემოაღნიშნული განმარტებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შემსყიდველს უსაფუძვლოდ აქვს დაკავებული ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 5803 ლარის ოდენობით, რომლის მოსარჩელისთვის გადახდის ვალდებულება ეკისრება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) საფუძველზე.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

18. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

18.1. კასატორმა მიუთითა ხელშეკრულების 4.1.7 და 5.3 ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნანი შესრულება და ერთი დღით ვადაგადაცილება, რის გამოც ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო - 5 276 ლარი, ხოლო 10.3 პუნქტის საფუძველზე, 527. 6 ლარი;

18.2. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ შორის, ხელშეკრულების პირობის დარღვევის შედეგებზე - პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის იმგავრი ინტერპრეტაცია, რომ გამგეობამ წუნდებული პროდუქციის მიღებით მზაობა გამოხატა, რომ თუკი მხარე საკუთარი ხარჯებით შეცვლიდა ნაკლიან პროდუქციას ახალი, ხარისხიანი პროდუქციით, ეს არ ჩაითვლებოდა ვალდებულების დარღვევად, არასწორია. სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვანი შესრულება იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მოსარჩელე ნობათებს უხარვეზოდ და წუნის გარეშე მიიტანდა უფასო სასადილოებში. მოცემულ შემთხვევაში, მიმწოდებელიც ადასტურებს, რომ სააღდგომო პასკების ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული;

18.3. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, წუნდებული პროდუქციის ჩანაცვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების წინაპირობაა და არა დარღვევის ფაქტის გაქარწყლებაა;

18.4. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, ასევე 319-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მართლზომიერად დაეკისრა პირგასამტეხლო.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებასა და რამდენად სწორად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოდ დაკავებული პირგასამტეხლოს უკან დაბრუნების შესახებ.

25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არაჯეროვანი შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნა ერთდროულად არ უნდა გამოყენებულიყო.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას, როგორიცაა ნაკლიანი შესრულების გამოსწორება, ფასის შემცირება, ხელშეკრულებიდან გასვლა თუ ზიანის ანაზღაურება.

27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (შემდგომში - „სსკ“) აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

28. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მიხედვით კი, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განასხვავებენ პირგასამტეხლოს ისეთ სახეებს, როგორიცაა საურავი და ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთი სახეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს ამ სახეს იცნობს. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 419 I მუხლის დანაწესი. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმამ კრედიტორის იმ ინტერესის ანაზღაურება უნდა მოახდინოს, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. შესაბამისად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში ჯარიმის განსაზღვრა ხდება იმ ოდენობით, რათა მან ვალდებულების დარღვევის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა მოახდინოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საურავი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც. საურავი ირიბი იძულებითი ხასიათის ღონისძიებაა: ვალდებულმა პირმა იცის, რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო გვიან შეასრულებს ვალდებულებას, მით მძიმე იქნება მისი ფინანსური ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1634-2019, 4 მარტი, 2020 წელი).

30. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ვალდებულების შესრულება და პირგასამტეხლოს გადახდევინების მოთხოვნის უფლება არ შეიძლება კუმულატიურად არსებობდეს და ისინი ალტერნატიულ მოთხოვნებს წარმოადგენენ. თუკი, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მაშინ კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდევინება მისი შესრულების სანაცვლოდ, მაგრამ, თუკი კრედიტორი მოინდომებს ვალდებულების შესრულებას, იგი კარგავს პირგასამტეხლოზე უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-780-737-2015, 22 ოქტომბერი, 2015 წელი). კანონმდებელი კრძალავს კრედიტორის მიერ მოვალისთვის იმ ვალდებულების შესრულების მოთხოვნას, რომლის შეუსრულებლობით (არაჯეროვანი შესრულებით) მოვალეს პირგასამტეხლო დაეკისრა.

31. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილი პირგასამტეხლოს გადახდევინებასთან ერთად კრძალავს არა შესრულების უნაკლო ნაწილის მიღების უფლებას, არამედ პირგასამტეხლოს დაკისრების თანადროულად შეუსრულებელი ან არასრულად შესრულებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე №ას-952-2021, 31 მაისი, 2022 წელი).

32. ხელშეკრულების 10.2. პუნქტით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით, ხოლო 10.3. პუნქტით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

33. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე უთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, ისე მიმწოდებლის მხრიდან შესრულების ვადის გადაცილებას.

34. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა (იხ. წინამდებარე განჩინების 6.12.1-6.12.4 პუნქტები), ასევე, სადავო არ არის რომ ნაკლიანი შესრულება შემსყიდველის მითითებისთანავე, ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად, დაუყოვნებლივ გამოსწორდა. კერძოდ, შემსრულებელმა გამგეობის მხრიდან ნაკლიან შესრულებაზე მითითებისთანავე, იმავე დღეს, 2023 წლის 10 აპრილს, გამოასწორა დადგენილი ხარვეზი და ახალი პასკების გადაცემით აღმოფხვრა ნაკლი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შემსყიდველმა შესრულების ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის დაყენებით და გამოსწორებული პასკების მიღებით, ამ ნაწილში, დაკარგა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

35. საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინების 18.2 პუნქტში აღნიშნულ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს“. ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების ფარგლებში შეთანხმებული პირობები კი იქცევა შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობად და მბოჭავია ურთიერთობის მხარეთათვის.

36. სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის გამოვლინებაც არის ზემოაღნიშნული მუხლი, განამტკიცებს მხარეთა კერძო ავტონომიას, რომელიც კერძო სამართლის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს. მის თანახმად კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, ისეთიც, რომელიც კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. კერძო ავტონომიის ფარგლები, როგორც წესი, განისაზღვრება კანონით და ეხება ან გარიგების ფორმას ან გარიგების შინაარსს (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარები წიგნი 3, გვ 57-58). თავის მხრივ, ნების ავტონომიის პრინციპი მხარეებს არ აძლევს საშუალებას შეცვალონ კანონით იმპერატიულად გათვალისწინებული პირობები.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სსსკ-ის 419-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების შესრულების კუმულატიურად მოთხოვნის შეუძლებლობას, მხარეებს არ აქვთ უფლებამოსილება, თავინთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი.

38. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მიზანი ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების თანაბარი დაცვა და იმ ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაა, რომელიც ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში იარსებებდა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საკანონმდებლო დათქმა იმის თაობაზე, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რათა მიღწეულ იქნას კანონის მიზანი - სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება. შესაბამისად, მიმწოდებლისათვის ნაკლიანი შესრულების გამოსწორების და პირგასამტეხლოს ერთდროულად დაკისრება, წინამდებარე პუნქტში განმარტებული მიზნის საწინააღმდეგო იქნება და დაარღვევს მიმწოდებლის უფლებებს.

39. რაც შეეხება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 20 პასკის შემთხვევაში, ახლით ჩაანაცვლება მართლაც 2023 წლის 11 აპრილს მოხდა, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიმწოდებელს აღნიშნული პასკები 2023 წლის 10 აპრილისთვის მზად ჰქონდა ობიექტზე მისატანად, მიიტანა და ადგილზე არავინ დახვდა.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული 20 პასკის შემთხვევაში, 12:00 საათზე გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე მიმწოდებელს ეცნობა 15:10 საათზე, მიუხედავად ამისა, მან იმავე დღეს შეძლო ხარვეზის გამოსწორება, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მოახერხა პასკების ადრესატისათვის გადაცემა, რამდენადაც ობიექტზე უფლებამოსილი პირები არ დახვდნენ. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არ ყოფილა განსაზღვრული 2022 წლის 10 აპრილს დღის რომელ მონაკვეთში უნდა მომხდარიყო სააღდგომო ნობათის მიწოდება. მიმწოდებლის წარმომადგენელმა ახალი პასკების მიწოდების თაობაზე შეტყობინება გააგზავნა 19:00 საათზე, ამ ნაწილში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 19:00 საათზე პასკების მიწოდება ვერ იქნება მიჩნეული დღის იმდენად გვიან მონაკვეთად, რომ ობიექტურად მოსალოდნელი ყოფილიყო უფასო სასადილოს დახურვა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შემსყიდველმა მიმწოდებელს მოსთხოვა ნაკლის დაუყოვნებლივ გამოსწორება. ამასთან, გასათვალისწინებელია მისაწოდებელი პროდუქტის სპეციპიკაც, პასკის დამზადებას დრო სჭირდება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვადის გადაცილება მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა. შესაბამისად, ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს დაკისრება.

41. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ თუ მიმწოდებელს/შემსრულებელს მიუხედავად ნაკლის გამოსწორებისა მაინც დაეკისრება პირგასამტეხლო, მისი მხრიდან დამატებითი ხარჯის გაღება, ხელშეკრულების ჯეროვნად შესასრულებლად, აზრს კარგავს, რაც სამოქალაქო ბრუნვაში ისეთი პრაქტიკის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომელიც წინამდებარე განჩინებაში განმარტებული „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპის საწინააღმდეგო იქნება, რამდენადაც შემსყიდველის/დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ნაკლიანად მიჩნევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების მოლოდინით, მიმწოდებელი/შემსრულებელი აღარ გაიღებს დამატებით ხარჯებს ნაკლის გამოსასწორებლად.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ხელშეკრულების არც 10.2 პუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობას ჰქონია ადგილი და არც 10.3 პუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობას, რაც ხელშეკრულების მითითებული პუნქტებისა და სსკ-ის 419-ე მუხლის საფუძველზე, გამორიცხავს დამკვეთის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მისი დაკავების უფლებას.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სსკ-ის 419-ე მუხლთან დაკავშირებით სუსგ საქმე №ას-1268-2020, 21 ივნისი 2022 წელი).

45. კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე