Facebook Twitter

საქმე №ას-493-2022 5 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ა–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – დ.ბ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე), უ.დ–ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარება, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა (ძირითადი სარჩელით), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ.ა–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში უ.დ–ვასა (შემდგომში - „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „პირველი მოპასუხე“) და დ.ბ–ის მიმართ (შემდგომში - ,,მეორე მოპასუხე" ერთად „მოპასუხეები“) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარებისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. პირველმა მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.

5. რ.ა–ძე ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, რ.ა–ძის სარჩელი უ.დ–ვასა და დად.ბ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. დ.ბ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: რ.ა–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა დ.ბ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: მდებარე: ქ. თბილისი, ......, საცხოვრებელი ფართი N10, სარდაფსართული, ფართი - 51.58 კვ.მ. ს/კ N....... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის მითითებით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

10.1. 2018 წლის 13 აგვისტოს უ.დ–ვას (იპოთეკარი) და რ.ა–ძეს (მესაკუთრე) შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც უ.დ–ვამ რ.ა–ძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით 32 000 ლარი ასესხა. ხელშეკრულების თანახმად სესხის დაბრუნების ვადად 2019 წლის 13 აგვისტო განისაზღვრა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის თანხის 0.15%-ის ოდენობით. იმავე ხელშეკრულებით მხარეებმა ხელშეკრულების გაგრძელების შესაძლებლობაც გაითვალისწინეს, რაც წერილობითი ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე უნდა განხორციელებულიყო. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ.ა–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., საცხოვრებელი ფართი N10, სარდაფსართული, ფართი - 51.58 კვ.მ. ს/კ ....... იპოთეკით უზრუნველსაყოფი მოცულობა განისაზღვრა 45000 ლარით, რითაც უზრუნველყოფილი იქნა სესხი 32000 ლარი, სარგებელი და აგრეთვე შესაძლო ზიანი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. (ტ.1.ს.ფ. 23-26; ს.ფ. 87)

10.2. რ.ა–ძემ დაარღვია 2018 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მას უ.დ–სთვის სესხით ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხა არ დაუბრუნებია (იხ. სარჩელის მე-3 და მე-5 ფაქტობრივი გარემოებები)

10.3. 2019 წლის 1 მაისს, რ.ა–ძესა და დ.ბ–ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც რ.ა–ძემ დ.ბ–ს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., საცხოვრებელი ფართი N10, სარდაფსართული, ფართი - 51.58 კვ.მ. ს/კ ......... ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 42000 ლარი.

10.4. უდავოა, რომ უ.დ–ვა და დ.ბ–ი არიან დედა-შვილი.

10.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2019 წლის 1 მაისს რ.ა–ძესა და დ.ბ–ს შორის უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. თბილისი, ......, საცხოვრებელი ფართი N10, სარდაფსართული, ფართი - 51.58 კვ.მ. ს/კ N ......) დადებული ხელშეკრულება ნამდვილია.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). ამდენად, „მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით... თვალთმაქცური გარიგების დროს კი, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ას-474-455-2016 განჩინება).

12. მეორე მოპასუხესთან 2019 წლის 1 მაისს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად, კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეებს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნება არ გამოუვლენიათ, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ერთადერთ მიზანს 2018 წლის 13 აგვისტოს რ.ა–ძესა და უ.დ–ვას შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების დაფარვა წარმოადგენდა. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, მხარეთა შორის დაიდო თუ არა სსკ-ის 56.2 მუხლით გათვალისწინებული თვალთმაქცური გარიგება, ანუ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა თუ არა იპოთეკით უზრუნველყოფილი სასესხო გარიგება. მითითებული ნორმის დისპოზიციის თანახმად, ამა თუ იმ ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევისათვის აუცილებელია, დადგინდეს კონტრაჰენტი მხარეების სუბიექტური დამოკიდებულება გარიგების შინაარსის ნამდვილობის მიმართ, კერძოდ, მხარეების მიზანი მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სხვა გარიგების დაფარვა უნდა იყოს. ამასთან, ხელშეკრულების ორივე მხარე ურთიერთშეთანხმებით, საერთო მიზნით უნდა მოქმედებდეს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, გარიგების ბათილობის საფუძვლად, ნასყიდობის ხელშეკრულებით სესხის და იპოთეკის დაფარვაზე აპელირებდა. საქმის მასალებით კი სესხის ხელშეკრულების გაგრძელების ფაქტი სარწმუნოდ არ დადასტურდა, ამის საპირისპიროდ კი შემძენზე ქონების გადასვლის შემდეგ ქონებაზე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა გაუქმდა, საგულისხმოა ასევე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საგნის ღირებულების და 2018 წლის 13 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით კასატორისთვის სესხად გადაცემული თანხის ჯამი ამ უკანასკნელის მიერ სარჩელში მითითებული სადავო ქონების ღირებულებას ემთხვევა.

13. მხარეთა შორის თვალთმაქცური გარიგების დადების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევისათვის შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ნასყიდობა კონსენსუალური ხელშეკრულებაა, რომლის ნამდვილობას სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებას უკავშირებს და ნივთის გადაცემას გარიგების ნამდვილობის განსაზღვრისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. ამ ტიპის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საკმარისია ორი ურთიერთშემხვედრი ნების გამოვლენა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორს პირველ მოპასუხესთან 2018 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე სესხად მიღებული ჰქონდა 32 000 ლარი ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვის პირობით, სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების პირობები დაირღვა, რამაც 2019 წლის 1 მაისს ხელშეკრულების დადება განაპირობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელეს 2018 წლის 13 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მოპასუხის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება გააჩნდა, თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ უ.დ–ვას მიმართ 2018 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონდა და სადავო ხელშეკრულების გაფორმებით დროის მოგებას ცდილობდა, რაც ერთი წელი მაინც იქნებოდა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის სხდომის ოქმი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ 2019 წლის 1 მაისის ხელშეკრულებით მხარეებმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება კი არ დაფარეს, არამედ 2018 წლის 13 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება სხვა შესრულების განხორციელების/მიღების გზით შეწყვიტეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია: 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ქონების მართლზომიერად ფლობის უფლების დადასტურება, ხოლო მოპასუხე/შეგებებული მოსარჩელე უძრავი ნივთის კანონიერი მესაკუთრეა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა დავის სამართლებრივი შედეგი - მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე.

15. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის კვალიფიკაციისათვის და რომელიც უნდა შეეფასებენა და არ შეაფასა, ან არასწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით არ დასტურება ის გარემოება, რომ გარიგება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა, ბათილია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის შეგებებული ვინდიკაციური სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა, რის საწინააღმდეგოდაც, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ. საქმე Nას-571-879-09, 30.04.2010 წ, საქმე N ას-265-265-2018, 31.10.18 წ, საქმე N ას-876-834-2013, 25.02.16 წ, საქმე Nას1360-2019, 28.02.2020წ.) არც დასაბუთებული პოზიცია არ არის წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

17. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი