Facebook Twitter

საქმე №ას-505-2022 11 დეკემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

1. შპს ,,მ–სა" (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი) და ჭიათურის მინიციპალიტეტის მერიას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი) შორის 2019 წლის 19 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N46, რომელიც ითვალისწინებდა გზების მობეტონების სამუშაოების შესრულებას. ხელშეკრულების ღირებულება - 117'584.17 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა საბოლოოდ 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით განისაზღვრა, რამაც N1 შეთანხმებით, გადაიწია და საბოლოოდ განისაზღვრა 2019 წლის 13 ივნისის ჩათვლით. (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 და მე-8 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).

2. 2019 წლის 13 მარტს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,მ–ს'' შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N67 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გზების მობეტონების სამუშაოების შესრულებას. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 148'906 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების დადებიდან 84 კალენდარული დღის განმავლობაში, 2019 წლის 5 ივნისის ჩათვლით, რამაც N1 შეთანხმებით, გადაიწია და საბოლოოდ განისაზღვრა 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი - 2019 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო 2019 წლის 9 აგვისტოს N2 შეთანხმების აქტით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2019 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით

3. 2019 წლის 26 ივლისს, მხარეებს შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც შესრულებული სამუშაოების ოდენობამ შეადგინა 19'044,17 ლარი. სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი იქნა 2019 წლის 8 ოქტომბერს, თანხით 95'115,21 ლარის ოდენობით. სულ, N46 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულია 114'159,38 ლარის სამუშაოები.

4. 2019 წლის 4 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ოდენობამ შეადგინა 142'925,06 ლარი. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ სამუშაოები შესრულებულია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

5. მხარეთა შორის დადებული N46 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა გადაცილებულია 117 დღით, N67 ხელშეკრულებით -131 დღით. N46 და N67 ხელშეკრულების 12.2 მუხლით განსაზღვრულია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის წერილის შესაბამისად, შპს ,,მ–ი'' N67 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაჯარიმებულია 53'010,54 ლარით, ხოლო N46 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 27'279,53 ლარით.

6. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს, 2019 წლის 19 თებერვლის N46 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24'575.53 ლარის, ხოლო 2019 წლის 13 მარტის N67 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 51'343,57 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

8. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს (მერია) შპს ,,მ–ის“ სასარგებლოდ, N46 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 23'272,28 ლარის გადახდა, ხოლო N67 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 47'393,26 ლარის გადახდა. სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტს (მერია), შპს ,,მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 2119,97 ლარის გადახდა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 700 ლარის გადახდა.

9. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა;

11. განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

12. კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება და უზენაესმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,მ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდება. კასატორი განმარტავს, რომ შპს ,,მ–ი" ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების თანდართული კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მეწარმემ გამოცხადებულ ტენდერში თავისი ხელმოწერით დაადასტურა შეთავაზებული პირობები. გამარჯვებული სუბიექტი შესაბამის გვერდზე ტვირთავს კალენდარულ და თანხობრივ გეგმა-გრაფიკს. შემსყიდველი ორგანიზაციის - ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხდება კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის შემოწმება, როგორც თანხობრივ ასევე, კალენდარულ ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ მომწოდებლმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება უნდა იყოს სრულ თანხვედრაში ატვირთული კალენდარულ და თანხობრივ გეგმა-გრაფიკთან. ამავდროულად მომწოდებელმა თვითონ წარმოადგინა აღნიშნული თანხობრივი და კალენდარული გეგმა-გრაფიკი და თვითონვე განსაზღვრა თითოეულ სამუშაოზე შესრულების ვადები. ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი გულისხმობს - „მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით“. მომწოდებელის სამუშაოს ჩატარების პროცესები დასტურდება და ასახულია კონკრეტული ფარული სამუშაოს ასახვის დოკუმენტში და მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული საექსპერტო კომპანიის "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ დასკვნაში. აღნიშნული დოკუმენტში, სამუშაოებზე დანიშნული ზედამხედველის/მონიტორინგის ჯგუფის მიერ დასტურდება კონკრეტული სამუშაოების დაწყების და დასრულება/ჩატარების თარიღები, კონკრეტული დღის განმავლობაში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ჩაშლილ რამდენიმე პოზიციაზე. წარმოდგენილ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილში კალენდარულ და თანხობრივი გეგმა - გრაფიკში მეწარმეს თავადვე გაწერილი ჰქონდა ერთი და იგივე პერიოდში რამდენიმე განსახორცილებელი სამუშაო პროცესი და შესაბამისად, ყოველი ვადაგადაცილება აისახა თითოეულ პოზიციაზე ცალ-ცალკე, ვინაიდან მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი კალენდარული და თანხობრივი გეგმა გრაფიკი შედგება კონკრეტული სამუშაოებისაგან, რომლებზეც გაწერილია შესრულების ვადები და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა მომწოდებლის დაჯარიმება გეგმა-გრაფიკით გაწერილ თითოეულ სამუშაოზე გადაცილებული დღეების მიხედვით. ფარული სამუშაოების დამოწმების დოკუმენტის წარმოდგენაც ხდება მომწოდებლის მიერ შუალედური ან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის.

12.1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია კანონმდებლობით დაშვებულ ყველა საშუალებას იყენებს მეწარმეთა ინტერესების გასათვალისწინებლად, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, არაერთხელ განახორციელა ვადების გადაწევა გარკვეული დროით, რასაც თვით მოსარჩელეც არ უარყოფს. შემსყიდველი ორგანიზაციის კომისია ამოწმებს სამუშაოების მოცულობების შესრულებას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ხოლო დარღვევის შემთხვევაში ხდება მომწოდებლის დაჯარიმება გეგმა-გრაფიკით გაწერილ თითოეულ სამუშაოზე გადაცილებული დღეების მიხედვით.

13.2. კასატორის მტკიცებით, შემსყიდველ ორგანიზაციას არ დაურღვევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. მხარეებს შორის პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმებული პირობები შეტანილია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგი ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებებს და, განსახილველ შემთხვევაში, მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

16. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).

17. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).

18. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, სსკ-ის 420-ე მუხლთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება სასამართლოს კომპეტენციაა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხა შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა, აქვე აღნიშნავს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის, ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და ვადაგადაცილების დღეების მიხედვით, დაწესებული ადეკვატური ოდენობა. პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის და ის არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ შემსყიდველი იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.1%, არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს ,,მ–მა'' ვადის დარღვევით შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის წინაპირობა. განსახილველ შემთხვევაში, 2019 წლის 19 თებერვლის N46 ხელშეკრულების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 114'159,38 ლარის გათვალისწინებით, მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო ოდენობა - 0,1% და 117 ვადაგადაცილებულ დღეზე დაანგარიშებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 13'355,55 ლარს (114'159.38x0.1%x117) და 2019 წლის 13 მარტის N67 ხელშეკრულების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 142'925,06 ლარის გათვალისწინებით, მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო ოდენობა - 0,1% და 131 ვადაგადაცილებულ დღეზე დაანგარიშებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 18'722,52 ლარს (142'925.06x0.1%x131). შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,მ–ისათვის“ აღნიშნულ პირგასამტეხლოს ოდენობაზე (13'355,55 ლარი და 18'722,52 ლარი) მეტი ოდენობით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკავების საფუძველი. ამდენად, პირგამსატეხლოს თანხა უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის (N46 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24'575.53 ლარი, ხოლო N67 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 51'343,57 ლარი) ოდენობას და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,მ–ის" სასარგებლოდ დაეკისროს, 2019 წლის 19 თებერვლის N46 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 11'219,98 ლარის (24'575,53-13'355,55) გადახდა, ხოლო 2019 წლის 13 მარტის N67 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 32'621,05 ლარის (51'343,57-18'722,52) გადახდა, სულ - 43'841,03 ლარი;

20. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომელიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებშიც ხდება წარმომადგენლის ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-818-784-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-184-2020 10 ივნისი, 2020 წელი; საქმე №ას-923-889-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ წარმომადგენელს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ№ას-444-423-2015, 30.10.2015წ.).

22. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეზე კასატორის წარმომადგენლის მხრიდან მარწმუნებლის ინტერესების წარმოდგენა გარკვეული დროისა და ინტელექტუალური რესურსის დახარჯვას მოითხოვდა, რაც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარმომადგენლის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), საკასაციო სასამართლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ მოპასუხეს დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით.

23. "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "უ" ქვეპუნქტის თანახმად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ,,მ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,მ–ის" სასარგებლოდ დაეკისროს, 2019 წლის 19 თებერვლის N46 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 11 219,98 ლარის გადახდა, ხოლო 2019 წლის 13 მარტის N67 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 32 621,05 ლარის გადახდა. სულ - 43 841,03 ლარი;

5. ჭიათურის მუნიციპალიტეტს მერიას შპს ,,მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 700 ლარის გადახდა.

6. ჭიათურის მუნიციპალიტეტს მერიას შპს ,,მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1315,23 ლარის გადახდა.

7. მოსარჩელე შპს ,,მ–ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 2887,02 (1283,12+1603,90) ლარის გადახდა, შემდეგი ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი