საქმე №ას-653-2024 26 ივლისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: მოსარჩელე, დაზღვეული ან მოსარგებლე) სარჩელი სს „ს.კ.ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 200 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სადაზღვევო კომპანიის მიერ შპს „G. I.-ის“ (დამზღვევის) სახელზე გაიცა ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისები NN FRI/BCI - 02777/21, FRI/BCI - 02740/20, FRI/BCI 02711/19, რომელთა თანახმადაც დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საწყობის ფუნქციონირებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წინაშე წარმოქმნილი ფინანსური რისკი; აღნიშნული პოლისების მოსარგებლეს (დაზღვეულს) წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი; სადაზღვევო პერიოდი - 04/04/2019-03/04/2020; 13/04/2020-12/04/2021; 13/04/2021-12/04/2022; ამავე ხელშეკრულებებით სადაზღვევო კომპანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდა გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაეხადა დაზღვეულისათვის (მოსარგებლისათვის) ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. სადაზღვევო თანხის ოდენობა 200 000 ლარს შეადგენდა;
3.2. საქმეში წარმოდგენილი დამზღვევი კომპანიის სახელზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, დამზღვევი კომპანია დაჯარიმდა საბაჟო სამართალდარვევისათვის. ჯარიმების ოდენობამ ჯამში 235 669,9 ლარი შეადგინა; გარდა აღნიშნულისა, დამზღვევი კომპანიის მიმართ გამოცემულია საგადასახადო მოთხოვნები, რომლითაც დარიცხული თანხის ოდენობა 241 887,82 ლარია;
3.3. მოსარგებლემ (მოსარჩელემ) 2022 წლის 7 აპრილს #21-10/32139 წერილით (დაზღვეულმა) სადაზღვევო კომპანიისგან მოითხოვა ფინანსური რისკების დაზღვევის N FRI/BCI - 02777/21 პოლისით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 200 000 ლარის ფარგლებში, მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. მოპასუხის 2022 წლის 21 აპრილის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ასანაზღაურებელი სადაზღვევო თანხის ზუსტი მოცულობის განსასაზღვრად საჭირო იყო წარედგინათ საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციები; ასევე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/დოკუმენტაცია საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დაკარგვის/განადგურების პერიოდის, მიზეზისა და მოცულობის/რაოდენობის მითითებით და ყველა სხვა სახის დოკუმენტი, რათა მომხდარიყო მოთხოვნის იდენტიფიცირება;
3.4. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 11/05/2022 წლის N21-10/42432 წერილით სადაზღვევო კომპანიას ეცნობა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია საბაჟო საიდუმლოება იყო; ამასთან, დაზღვეულს აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება სადაზღვევო პოლისით არ გააჩნდა. დაზღვეულმა (მოსარგებლემ) განმეორებით მოითხოვა N FRI/BCI - 02777/21 პოლისით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 200 000 ლარის ფარგლებში. სადაზღვევო კომპანიამ 2022 წლის 27 მაისის წერილით უარი განაცხადა დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე თანხის ანაზღაურებაზე.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 799-ე მუხლი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება); 836-ე მუხლი (დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის); 840-ე მუხლი (მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა მას წარუდგენს მოთხოვნას); 879-ე მუხლი (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე); 881-ე მუხლი (საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე); 882-ე მუხლი (საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული); 890-ე მუხლის პირველი ნაწილი (გარანტის უფლება მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია).
5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა და არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, კონკრეტულად სამართალდარღვევათა ოქმები, რომლებიც უსაფუძვლოდ არის მოთხოვნილი. კერძოდ, 2020 წლის 28 აგვისტოს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია 120152; 2020 წლის 10 ნოემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია 120812; 2020 წლის 14 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია 122518; 2020 წლის 23 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია 1123013; 2021 წლის 23 თებერვლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია 127687; 2021 წლის 2 აპრილის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია 134388; 2021 წლის 5 აპრილის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია 134530; მოცემულ პოლისებს აქვთ განსაზღვრული კონკრეტული მოქმედების პერიოდები და სამივე დამოუკიდებელი პოლისია, მაგრამ აუცილებელია განხილულ იქნეს ფინანსური რისკების დაზღვევის გენერალურ ხელშეკრულებასთან ერთად, რადგან იგი მისი განუყოფელი ნაწილია. სასამართლომ მოცემულ ნაწილში ყურადღება არ გაამახვილა საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებზე და არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნის ხანდაზმულობა. სადაზღვევო კომპანიამ ფინანსური დაზღვევის პოლისით ასანაზღაურებელი სადაზღვევო თანხის ზუსტი მოცულობის განსაზღვრისათვის, საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის დეკლარაციები მოითხოვა. ასევე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, მაგრამ აღნიშნული მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. მითითებული დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე სასამართლო სხდომაზე დაყენებული იქნა შუამდგომლობა, რაც არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას აანაზღაუროს სადაზღვევო თანხა იმის გამო, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი. ამასთან, მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ დოკუმენტაცია კონფიდეციალურია, რადგან დაზღვევის გაცემისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა და მის საფუძველზე თანხის ანაზღაურება იმ ნაწილში, სადაც მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30.10.2015 წ.). ამასთან, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ № ას-92-88-2016, 11.03.2016 წ.).
7. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
8. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011; ას-1129-2023).
9. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპალის (მოვალის) მიერ ბენეფიციარის (კრედიტორის) მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. სსკ-ის 879-ე (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) და 880-ე (საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას) მუხლების შესაბამისად, საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულად ვალდებულებას, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას აძლევს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს, წერილობით მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა (იხ. სუსგ Nას-1038-999-2016, 01.02.2017 წ.). საბანკო გარანტია სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ Nას-562-871-09, 20.10.2009 წ.; Nას-781-996-08, 17.03.2009 წ.). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას (იხ. სუსგ Nას-749-709- 2015, 25.09.2015 წ.).
10. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანებით დამტკიცებულია გარანტიის შესახებ ინსტრუქცია, რომელიც ითვალისწინებს გარანტიის გაცემის წესს.
11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს (საქმე №ას-272-272-2018).
12. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (სუსგ N ას-559-2019, 4.12.2019.).
13. სსკ-ის 50-ე და 327-ე მუხლების თანახმად, ორმხრივი ნების პირობებში, ხელშეკრულების არსებით პირობად განიხილება ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ის ნება, რომელზეც მიღწეულ იქნა შეთანხმება. ყოველი ხელშეკრულება ემსახურება კონკრეტულ მიზნებს. ხელშეკრულების შინაარსს განსაზღვრავს ის მიზანი და ეკონომიკური ინტერესი, რაც მხარეებს ამოძრავებს.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე აზრობრივი განმარტებიდან ცალსახად და მკაფიოდ დგინდება, რომ მზღვეველი (მოპასუხე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდა გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, გადაეხადა დაზღვეულისათვის (მოსარგებლისათვის) ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, მზღვეველმა იკისრა გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების ვალდებულება დაზღვეულისთვის ყოველგვარი მტკიცებულების გამოთხოვის გარეშე, წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის/აპელანტის მითითება, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი თანხის ასანაზღაურებლად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ხელშეკრულებაში მითითებული დათქმით მზღვეველს ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე უნდა გადაეხადა დაზღვეულისთვის გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
17.2. კასატორის განმარტებით, სსკ-ის 885.2-ე მუხლის თანახმად ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორის მიერ გაცემულ 2 პოლისს (FRI/BCI - 02740/20 და FRI/BCI 02711/19) ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენის დღეს, 2022 წლის 7 აპრილს გასული ჰქონდა გარანტიის მოქმედების ვადა. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის დროისათვის მოქმედი იყო მხოლოდ NN FRI/BCI - 02777/21 ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი;
17.3. კასატორის განმარტებით, ბენეფიციარს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რაში გამოიხატა პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა;
17.4. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა სამართალდარღვევათა ოქმებზე და არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნის ხანდაზმულობა.
17.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ მოპასუხის (მზღვეველის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
22. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
23. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
24. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სააპელაციო სასამართლოსეულ შეფასებებს, ასევე, განმარტებებს საბანკო გარანტიის იურიდიულ ბუნებასთან მიმართებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს: საბანკო გარანტია, მართალია, უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ მისი არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, იგი თვითონაა დამოუკიდებელი ვალდებულება (სსკ-ის 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
25. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სწორედ იმ გარემოებაზე უთითებს, რომ დამზღვევმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც მოსარგებლემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის საფუძველზე გარანტორისაგან საგარანტიო თანხის ანაზღაურება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ N ას-562-871-09, 20.10.2009წ, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებით და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. სუსგ №ას-1038-999-2016, 01.02.2017წ).
27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საბანკო გარანტიის გადახდევინებას ბენეფიციარის მხრიდან ჰქონდა წინაპირობა პრინციპალის (დამზღვევი კომპანიის) მიერ ვალდებულების დარღვევის სახით. გარანტორს, ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების პირობებში, წარმოეშვა საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება (სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი).
27.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ მოსარგებლის სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებზე და დამატებით აღნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანია დადგა იმ ვალდებულების შესრულების წინაშე, რაც მან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, გამოუწვევადად იკისრა. დამზღვევი კომპანიის სახელზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების თანახმად დამზღვევი კომპანია დაჯარიმდა, რისი რისკიც დაზღვეული იყო მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მიერ. მოსარჩელემ მოპასუხისაგან საგარანტიო თანხის 200 000 ლარის ანაზღაურება 2022 წლის 7 აპრილს მოითხოვა (NN FRI/BCI - 02777/21), ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის ვადა კი 2022 წლის 12 აპრილის ჩათვლით მოქმედებდა (ს/ფ 26-27). კასატორის პრეტენზია, რომ მოცემულ შემთხვევაში წინა ორ პოლისს, FRI/BCI 02711/19 და FRI/BCI - 02740/20 ვადა ჰონდა გასული არ არის მნიშვნელოვანი, რადგან NN FRI/BCI - 02777/21 პოლისის ფარგლებში 200 000 ლარის მოთხოვნის უფლება გააჩნდა დამზღვევს, რისთვისაც სადაზღვევო პრემია- 6000 ლარი გადახდილი ჰქონდა, რაც სადავო არ არის, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ როდესაც მოსარგებლემ (მოსარჩელემ) 2022 წლის 7 აპრილს #21-10/32139 წერილით (დაზღვეულმა) სადაზღვევო კომპანიისგან მოითხოვა ფინანსური რისკების დაზღვევის N FRI/BCI - 02777/21 პოლისით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 200 000 ლარის ფარგლებში, მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, მას მოპასუხის 2022 წლის 21 აპრილის წერილით ეცნობა, რომ ასანაზღაურებელი სადაზღვევო თანხის ზუსტი მოცულობის განსასაზღვრად საჭირო იყო წარედგინათ საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციები; ასევე კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/დოკუმენტაცია საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დაკარგვის/განადგურების პერიოდის, მიზეზისა და მოცულობის/რაოდენობის მითითებით და ყველა სხვა სახის დოკუმენტი, რათა მომხდარიყო მოთხოვნის იდენტიფიცირება; შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 11/05/2022 წლის N21-10/42432 წერილით სადაზღვევო კომპანიას ეცნობა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია საბაჟო საიდუმლოება იყო; ამასთან, დაზღვეულს აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება სადაზღვევო პოლისით არ გააჩნდა. დაზღვეულმა (მოსარგებლემ) განმეორებით მოითხოვა N FRI/BCI - 02777/21 პოლისით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 200 000 ლარის ფარგლებში. სადაზღვევო კომპანიამ 2022 წლის 27 მაისის წერილით უარი განაცხადა დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე თანხის ანაზღაურებაზე. შესაბამისად, განხორციელებულია სსკ-ის 799-ე, 836-ე, 840-ე, 879-ე, 881-ე, 882-ე, 890.1-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები, რაზედაც სავსებით მართებულად იმსჯელეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა და დააკმაყოფილეს სარჩელი.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
29. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორს (მოპასუხეს) არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ა–ს“ (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.06.2024 წლის #151 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
ნ. ბაქაქური