საქმე №ას-655-2024 26 ივლისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.კ–ძე, ე.კ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქება, უძრავი ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ.კ–ძის (მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მჩუქებელი) სარჩელი დ.კ–ძის და ე.კ–ძის (მოპასუხეები, დასაჩუქრებულები) მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. რ.მ–ძემ, 2003 წლის 13 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით, უძრავი ნივთი - ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ........ (სადავო ბინა), აჩუქა მოსარჩელეს. ბინაზე აღირიცხა მოსარჩელის საკუთრების უფლება და იგი რეგისტრირებულია აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე 2004 წლიდან. 2012 წლის 26 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, ......., ს.კ. ....., მოსარჩელემ აჩუქა შვილებს - მოპასუხეებს. დასაჩუქრებულების არასრულწლოვანების გამო, მათ წარმომადგენელს ხელშეკრულებაში წარმოადგენდა დედა - ხ.დ–ი, მოსარჩელის მეუღლე. მოპასუხეების თანასაკუთრების უფლება საჩუქრად გადაცემულ უძრავ ნივთზე - მდებარე - ქ. თბილისში, ......., ფართობით 47.00 კვმ, ს.კ. ......, საჯარო რეესტრში აღირიცხა 2013 წლის 3 იანვარს. ქონების გაჩუქების მიუხედავად, მოსარჩელის რეგისტრაციის მისამართი 2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობითაც არის ბინის მისამართი - თბილისი, ........
3.2. მოსარჩელე და მისი მეუღლე ხ.დ–ი 2016 წლის 16 მაისს განქორწინდნენ. 2021 წელს, ავადმყოფობის შედეგად, ხ.დ–ი გარდაიცვალა.
3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ მოსარჩელე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით ირიცხებოდა პოლიციის რიგებში. იგი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა 1993 წლიდან 2004 წლის 12 ნოემბრამდე უწყვეტად, ხოლო 2005 წლის მაისიდან 2013 წლის 10 სექტემბრამდე - მცირე დროის გამოტოვებით. უკანასკნელად მუშაობდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, 2012 წლის 7 ნოემბრიდან 2013 წლის 22 მაისამდე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრატეგიული ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს მე-5 განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე. 2013 წლის 22 მაისიდან 2013 წლის 10 სექტემბრამდე – ამავე დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს მე-2 განყოფილების დაქვემდებარებული ქვედანაყოფის საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის თავმჯდომარის დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. მხარეთა განმარტებით, მოსარჩელე საქმის განხილვის დროისთვის უმუშევარია, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ცნობით, მოსარჩელეს 2020 წლის ოქტომბრიდან ცნობის გაცემის დღემდე - 2021 წლის 10 თებერვალი, ხელფასის და სხვა შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის ცნობით, ცნობის გაცემის დღისთვის 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით, მოსარჩელის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი და დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 00 ლარს. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით, 2020-2021 წლებში მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე თანხის ბრუნვა არ ფიქსირდება, მხოლოდ ერთ ანგარიშზე ასახულია 0.25 ლარის ოდენობით ნაშთის არსებობა.
3.4. მოსარჩელეს განსაზღვრული აქვს საერთო დაავადებით გამოწვეული, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, რაც დაუდგინდა 2020 წლის 3 დეკემბერს. მას დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი, როგორც მნიშვნელოვანად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეს, თვეში 162 ლარის ოდენობით, უვადოდ. დიაგნოზად მითითებულია: შაქრიანი დიაბეტი ტ. II, დეკომპენსირებული, ინსულინმომხმარებელი, ..., ორივე თვალის დიაბეტური არაპროლიფერაციული რეტინოპათია, ... ნევრასთენია, ... დიაბეტური ნეიროპათია, მარჯვენა ქვ. კიდურის ..., ..., დიაბეტური ... II (მეორე). ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 11.01.2023 წ. ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელეს დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეს, თვეში 197 ლარის ოდენობით.
3.5. მოწმეების: ლ.კ–ძის, ე.კ–ძის, ა.ბ–ის ჩვენებებით, მოსარჩელე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ....., ძმის ოჯახთან ერთად და დამოუკიდებლადაც, ეწევა სოფლის მეურნეობას.
3.6. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ნივთები. კერძოდ: ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ......... მდებარე 394 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ........, ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ........ მდებარე 5 413 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, შენობანაგებობებით, ს.კ. ...., ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ....... მდებარე 749 კვმ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ....., ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ........ მდებარე 5 005 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ...., ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ........ მდებარე 1 180 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ........, ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (თანაბარწილად) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 8 485 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: N1 განაშენიანების ფართით - 40.00 კვმ, N2 - განაშენიანების ფართით 281.20 კვმ, N3 (სასწორი) – 42.50 კვმ, N4 - განაშენიანების ფართით 528.00 კვმ, N5 - განაშენიანების ფართით 541.20 კვმ, N 6 - განაშენიანების ფართით 540.60 კვმ. ს.კ. ...., მ. კ–თან და რ.მ–თან ერთად თანასაკუთრებაში (თანაბარწილად) ფლობდა - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 1 393 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობით, განაშენიანების ფართით -237.80 კვმ, ს.კ. ....
3.7. საქმის მასალებშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელზე ხ.დ–ის (მოსარჩელის ყოფილი ცოლის) და მოპასუხეების მიმართ, სხვა მოთხოვნებს შორის, მოსარჩელეს უარი ეთქვა მასსა და მოპასუხეებს შორის 2012 წლის 26 დეკემბერს უძრავ ქონებაზე - მდებარე: ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, ......, ს.კ. .......... დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და გაუქმებაზე და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობაზე. გადაწყვეტილების დასაბუთებაში სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლზეც. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, თუმცა კი მიუთითებდა, რომ მას სხვა ქონება არ დარჩენია, მაგრამ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ასეთ შემთხვევაშიც კი, უძრავი ქონების არარსებობა თავისთავად არ ნიშნავს მჩუქებლის ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენას, რის გამოც მას აღარ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. სხვა გარემოებაზე კი, მისი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენასთან დაკავშირებით, მოსარჩელე თავად არ უთითებს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.“
3.8. მოსარჩელის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა 30.08.2016წ. N014219 შემაკავებელი ორდერი შემდეგი პირობებით: ა) მოხდეს მოძალადე მ. კ–ძის (დაბ.: 11.09.1970 წ.: მის.: თბილისი, ვარკეთილის 3, ......., პირადი N ........) იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი - ხ.დ–ი (დაბ.: 10.11.1966, ს/ მის.: გორი, ......, მცხ.: თბილისი, ვარკეთილის 3, ......., პირადი N .........) ცხოვრობს; ბ) აეკრძალოს მოძალადე მ.კ–ძეს მსხვერპლთან - ხ.დ–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის - ყოფილი მეუღლის დასაცავად, გამოწერილია მას შემდეგ, რაც მოსარჩელე განქორწინდა. აღნიშნულის მიუხედავად, თვით მოსარჩელემ დაადასტურა და მოწმეთა ჩვენებითაც დგინდება, რომ განქორწინების შემდეგ მოსარჩელე განაგრძობდა სადავო ბინაში ცხოვრებას, ყოფილ მეუღლესა და შვილებთან - მოპასუხეებთან ერთად.
3.9. მოსარჩელის მამა, მოპასუხეების ბაბუა - ლ.კ–ძე გარდაიცვალა 2021 წლის 15 აგვისტოს ლაგოდეხში.
4. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შვილებს არ სურთ მამასთან ურთიერთობა, არ ესაუბრებიან ტელეფონზე. მას არ აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი/ბინა, ცხოვრობს ძმის სახლში და, ამის მიუხედავად, შვილები უარს აცხადებენ მამასთან ურთიერთობაზე, არ აძლევენ მის საკუთრებაში არსებული ბინებიდან თუნდაც ერთ-ერთში ცხოვრების უფლებას, გამოხატავენ დიდ უმადურობას მშობლის მიმართ.
4.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ როგორც პირადი შეხვედრებისას, ისე სატელეფონო კომუნიკაციისას მოპასუხეებთან, ამ უკანასკნელთა მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის უმადურობის გამოხატვას, თუნდაც მცირედ შეურაცხყოფას ან უხეშ დამოკიდებულებას ადგილი არასოდეს ჰქონია. ის გარემოება, რომ მოპასუხეებს არ სურდათ მამასთან ურთიერთობა და თუნდაც სატელეფონო საუბარი, მძიმე შეურაცხყოფად და დიდ უმადურობად ვერ იქნება დაკვალიფიცირებული.
4.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმის შესწავლის შედეგად, დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება, მსგავს სიტუაციაში კი, სწორედ მას ეკისრებოდა ვალდებულება სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ ემტკიცებინა დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან/და დიდი უმადურობის გამოვლინება, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები კი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად ვერ განიხილება.
4.3. რაც შეეხება აპელანტის მიერ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მითითებულ გარემოებას, რომ დარჩა უსახლკაროდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ითხოვს გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნებას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 529-ე, 526-ე, 530-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეების: ლ.კ–ძის, ე.კ–ძის და რ.მ–ძის ჩვენებებით დგინდება, რომ მოსარჩელე ამჟამად ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ....., დედისა და ძმის ოჯახთან ერთად, ჰყავს მეგობარი, რომელთანაც ეწევა ერთობლივ საოჯახო მეურნეობას (ძმისშვილმა მოსარჩელის მეგობრის ხსენებისას, მასზე მიუთითა, როგორც „ნ. ბიცოლა“). მოსარჩელე არ არის შრომისუუნარო, მას შეუძლია მიწის დამუშავება, მოსავლის - ბაღჩეულის: ბადრიჯნის, წიწაკის მოყვანა, რაც მისთვის შემოსავლის წყაროც არის.
4.4. სამედიცინო შემოწმების დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეს აქვს შაქრიანი დიაბეტი და მასთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემა, ამავდროულად, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეს, დაენიშნა სოციალური პაკეტი. შესაბამისად მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება იყოს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
4.5. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ნივთები. კერძოდ: ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის 16 წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 394 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. …, ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 5 413 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით, ს.კ. ……., ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 749 კვმ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ….., ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 5 005 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. …….., ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 1 180 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ……, ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (თანაბარწილად) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 8 485 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: N1 განაშენიანების ფართით - 40.00 კვმ, N2 - განაშენიანების ფართით 281.20 კვმ, N3 (სასწორი) – 42.50 კვმ, N4 - განაშენიანების ფართით 528.00 კვმ, N5 - განაშენიანების ფართით 541.20 კვმ, N 6 - განაშენიანების ფართით 540.60 კვმ. ს.კ. …...
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს არაერთი უძრავი ქონების მესაკუთრეს, სარგებლობს ყოველთვიურად სოციალური პაკეტით, გარდა ამისა, როგორც თავად აპელანტიც აღნიშნავს, მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, მონაწილეობს სასოფლო-სამეურნეო საქმეებში, ამასთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობს ახლო ნათესავებთან. შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია საკუთარი თავის რჩენა და მითითებული გარემოებები გამორიცხავს მოსარჩელის მძიმე მდგომარეობაში არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული არც ერთი ქონება არ არის საცხოვრებელი დანიშნულების, თავისთავად არ ნიშნავს მჩუქებლის ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენას, რის გამოც მას აღარ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მაშინ როცა მოწმეთა ჩვენებებითაც დადასტურდა, რომ თვითონ მოსარჩელე არ არის იმგვარ მძიმე მდგომარეობაში, რომ არ შეეძლოს საკუთარი თავის რჩენა. ცხოვრობს დედასთან და ძმის ოჯახთან ერთად, მათთან ერთად ეწევა საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, მონაწილეობს მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება მის კმაყოფაზე მყოფი პირების არსებობა.
4.7. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონება მდებარე ლაგოდეხის რაიონი სოფელი ....., ს/კოდით ….. არ წარმოადგენს მოსარჩელის თანასაკუთრების საგანს, რადგან აღნიშნული ქონება ერთპიროვნულად აღრიცხულია ე.კ–ძის სახელზე, განმარტა, რომ მოსარჩელე, მ.კ–ძესთან და რ.მ–ძესთან ერთად წარმოადგენდა უძრავი ქონების მდებარე: ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 1 393 კვმ არასასოფლო- 17 სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობით, განაშენიანების ფართით -237.80 კვმ, ს.კ. ……, თანამესაკუთრეს, საჯარო რეესტრის 2022 წლის 07 აპრილის ამონაწერის მდგომარეობით. 2022 წლის 28 აპრილის და 2022 წლის 29 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ერთპიროვნულად ე.კ–ძის სახელზე. ამდენად, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის მიერ თავისი სურვილისამებრ იქნა გაჩუქებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ მოსარჩელე არ იმყოფება მძიმე მდგომარეობაში და მისი ნებით გადაეცა საცხოვრებელი სახლი მთლიანად საკუთრებაში მის რძალს, ე.კ–ძეს.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ, მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენისა და უბინაოდ დარჩენის ფაქტი, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
5. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე არსებითად სწორია, დასაბუთებულია, რაც სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
6.2. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეები უარს აცხადებენ მოსარჩელის, ავადმყოფი, შშმ სტატუსის მქონე, შემოსავლისა და საკთარი საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი მამის საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და მასთან რაიმე სახის ურთიერთობებზე. აღნიშნული გარემოებები დასტურდება, როგორც საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ისე მოპასუხეების მიერ.
6.3. სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა გარემოება, რომ მოსარჩელის მდგომარეობა გამორიცხავს მის მიერ დამოუკიდებლად შრომითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო შემოწმების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელეს საერთო დაავადებიდან გამომდინარე განსაზღვრული აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, შესაბამისად არ არის დამოუკიდებლად შრომისუნარიანი და სჭირდება სპეციალურად შექმნილი პირობები ან დამხმარე საშუალებები. კასატორს არ შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა და თავის რჩენა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე საქმის განხილვის დროისთვის უმუშევარი იყო, სადაო ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ დაკარგა სამსახური და მისი მუდმივი შემოსავლის ერთადერთი წყაროა სოციალური დახმარება, დღეის მდგომარეობით 197 ლარი. აღნიშნული შემოსავალი სასამართლომ არასწორად მიიჩნია დამოუკიდებელ შემოსავლად. მითითებული სოციალური პაკეტი დანიშნული აქვს როგორც მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც დამოუკიდებლად მუშაობა არ შეუძლია.
6.4. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს სატელეფონო საუბრის გარდა არ უცდია შვილებთან პირადი ურთიერთობის აღდგენა. კასატორის მტკიცებით, საქმეზე დართული საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურითა და მოპასუხეთათვის გაგზავნილი პირადი წერილით, ასევე სოციალურ ქსელზე მიმოწერის ამსახველი ამონაბეჭდით დასტურდება, რომ მოსარჩელე ცდილობდა შვილებთან ურთიერთობის აღდგენას, მათ შემორიგებას, თუმცა მოპასუხეებს აღნიშნულზე დადებითი რეაქცია არ ჰქონიათ.
6.5. კასატორის განმარტებით, მოპასუხეებმა უმადურობა გამოიჩინეს როგორც მამის, ისე მათი ბებიის და გარდაცვლილი ბაბუის მიმართ, როდესაც მოსარჩელის მამის სამძიმარზე არ მივიდნენ.
6.6. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დაადგინა გარემოება, რომ მოპასუხეებს სადავო ქონების გარდა თანასაკუთრებაში ერიცხებათ კიდევ ორი უძრავი ქონება, მათ შორის ერთ-ერთი მდებარეობს თბილისში. ყველა მათგანი მიღებული აქვთ მშობლებისგან მემკვიდრეობთ. დღეის მდგომარეობით, სადავო ქონების გარდა, მოპასუხეების საკუთრებაშია მოსარჩელისა და მისი ყოფილი მეუღლის, ხ.დ–ის მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს. მოპასუხეთაგან დ.კ–ძის საკუთრებაში, ზემოხსენებული და სადავო ქონების გარდა, ირიცხება მოსარჩელისა და მისი ყოფილი მეუღლის ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება ქალაქ გორში, ...... ქუჩაზე. მოპასუხეები თანაბარ წილებს ფლობენ შპს „დ“-ში, რომელიც ეწევა სტომატოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას, შესაბამისად მათ აქვთ შემოსავლის წყარო.
6.7. კასატორის შეფასებით მითითებული გარემოებები მნიშვნელოვანია საქმისთვის, ვინაიდან ისინი ადასტურებს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სრული აქტივის შეძენაში მოსარჩელის მონაწილეობას, რაც მოპასუხეებისთვის ცნობილია და მიუთითებს მათ უმადურობაზე. ამასთან, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულებს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
6.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს (მოსარჩელეს) ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
9. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
10. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ჩუქების ხელშეკრულებას გაუქმების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მისი მდგომარეობის დამძიმებასა და დასაჩუქრებულების უმადურობაზე. შესაბამისად დავის საგანია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რომელიც გამომდინარეობს სსკ-ის 524-ე (ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხობით), 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ), 530-ე (თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში) მუხლებიდან.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების გადაცემის ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანია ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს (იხ. სუსგ-ები Nას-221-213-2012, 24.07.2012წ; N ას-823-2021, 13.04.2022წ. N 1595-2022, 31.03.2023წ; ას- N ას-1448-2023, 20.05.2024წ.)
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივსამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას (იხ. სუსგ-ები N ას-582-2021, 14.07.2021წ.; N ას-246-2022, 31.10.2022წ.; N ას-1603-2022, 20.04.2023წ.). მითითებული ნორმის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მთხოვნის წარმოშობისთვის აუცილებელ წინაპირობებს: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. აღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელი სსკ-ის 529-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილია გააუქმოს ჩუქების ხელშეკრულება დასაჩუქრებულისთვის შესაბამისი შეტყობინებით.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ-ები: Nას-1235-1176-2014, 24.02.2015წ.; №ას-246-2022, 31.10.2022წ.; №ას-1603-2022, 20.04.2023წ.; №ას-1500-2023, 27.06.2024წ.).
15. საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებაში ##/2/155, საქართველოს მოქალაქეები – გ.მ–ძე და ა.ს–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ასეთად კი 529-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას. ამიტომაც არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმადაც საკუთრება როგორც სიკეთე მეტ ფასეულობას წარმოადგენს, ვიდრე ზნეობრივი ქცევა როგორც ღირებულება. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სამართალი ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას. ამ საფუძვლით ჩუქების გაუქმება ერთობ მიღებული წესია სამართლის სხვადასხვა სისტემებში. ის, თუ კონკრეტულად რითი გამოიხატება დასაჩუქრებულის მხრიდან სამართლებრივად მნიშვნელოვანი გასაკიცხი მოქმედების განხორციელება, ეს კონკრეტული ფაქტის საქმეა და თითეოული გარემოების შეფასებით სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე უნდა დადგინდეს.
16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ შვილებს არ სურთ მამასთან ურთიერთობა, არ ესაუბრებიან ტელეფონზე. მას არ აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი/ბინა, ცხოვრობს ძმის სახლში და, ამის მიუხედავად, შვილები უარს აცხადებენ მამასთან ურთიერთობაზე, არ აძლევენ მის საკუთრებაში არსებული ბინებიდან თუნდაც ერთ-ერთში ცხოვრების უფლებას და გამოხატავენ მშობლის მიმართ დიდ უმადურობას.
17. საქმის მასალების თანახმად, მოწმეებმა - რ.მ–ძემ, მ.ტ–ძემ, რ.მ–ძემ, ლ.კ–ძემ, ე.კ–ძემ, ა.ბ–მა სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკთხვისას ვერ გაიხსენეს, რომ მოსარჩელე მათი თანდასწრებით ცდილობდა მოპასუხეებთან ტელეფონით დარეკვას და ისინი არ პასუხობდნენ. მოწმეებმა გადმოსცეს მოსარჩელის სიტყვები, რომ იგი ცდილობდა შვილებთან დარეკვას, მაგრამ ისინი არ ესაუბრებოდნენ. მოწმეებმა ვერ დაასახელეს რაიმე ფაქტი, გარდა სატელეფონო საუბრის მცდელობისა, რაც მოწმობს, რომ მოსარჩელე ცდილობდა შვილებთან პირად ურთიერთობას.
18. მოსარჩელის დედამ - რ.მ–ძემ სასამართლოს განუმარტა, რომ არაერთხელ დაურეკა დ.კ–ძეს, რომელმაც ტელეფონი გაუთიშა. ამასთან, ე.კ–ძესთან არც დაურეკავს. ბებიამ ჩვენებაში გამოხატა მხოლოდ ის პრეტენზია, რომ როდესაც მისი ოჯახის წევრები: შვილი - მ–ის ძმა და რძალი ჩავიდნენ ხ.დ–ის პანაშვიდზე, მოწმის შვილიშვილებმა მათ ყურადღება არ მიაქციეს. აღნიშნულის საწინააღმდეგო განმარტა მოწმედ დაკითხულმა ე.კ–ძემ - მოსარჩელის ძმის ცოლმა, ვინც პირადად იმყოფებოდა პანაშვიდზე. მისი განმარტებით, პანაშვიდზე რომ მივიდა მოპასუხეებთან, მათგან იგრძნო, რომ გაუხარდათ მისასამძიმრებლად მისული მოწმე რომ დაინახეს. მოწმე რ.მ–ძის ჩვენებით - მოსარჩელის მამა- ლ–ნი სანამ დაიღუპებოდა, მასთან ურთიერთობდა და ის შესწრებია, რომ ლ.კ–ძე წუხილს გამოხატავდა, რომ ბავშვებს ურეკავდა, მაგრამ არ პასუხობდნენ.
19. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ როგორც პირადი შეხვედრებისას, ისე სატელეფონო კომუნიკაციისას მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის უმადურობას, თუნდაც მცირედ შეურაცხყოფას ან უხეშ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. ის გარემოება, რომ მოპასუხეებს არ სურთ მამასთან ურთიერთობა და თუნდაც სატელეფონო საუბარი, მძიმე შეურაცხყოფად და დიდ უმადურობად ვერ შეფასდება.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მათი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ თითოეული მათგანის იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ-ები №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.; №ას-280-2021, 28.11.2022წ.; №ას-1133-2022, 28.09.2023წ.; №ას-1288-2023, 28.02.2024წ.). შესაბამისად, მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის, დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა (იხ. სუსგ N ას-1215-2018, 29.03.2019წ.; №ას-520-2021, 9.03.2023წ.).
21. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, მას არ გააჩნია საცხოვრებელი და შემოსავალი რის გამოც მძიმე მდგომარეობაშია და ითხოვს გაჩუქებული ნივთის დაბრუნებას.
22. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დაკითხული მოწმეების: ლ.კ–ძის, ე.კ–ძის და რ.მ–ძის ჩვენებებით დგინდება, რომ მოსარჩელე ამჟამად ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონ სოფელ ....., დედისა და ძმის ოჯახთან ერთად, ჰყავს მეგობარი, რომელთანაც ეწევა ერთობლივ საოჯახო მეურნეობას (ძმისშვილმა მოსარჩელის მეგობრის ხსენებისას, მასზე მიუთითა, როგორც „ნინო ბიცოლა“). მოსარჩელე არ არის შრომისუუნარო, მას შეუძლია მიწის დამუშავება, მოსავლის - ბაღჩეულის: ბადრიჯნის, წიწაკის მოყვანა, რაც მისთვის შემოსავლის წყაროც არის. სამედიცინო შემოწმების დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეს აქვს შაქრიანი დიაბეტი და მასთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემა, ამავდროულად, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეს, დაენიშნა სოციალური პაკეტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორი არის შრომისუნარიანი, შეუძლია საოჯახო მეურნეობაში მუშაობა და იღებს შემოსავალსაც. შესაბამისად, მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება იყოს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
23. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ნივთები. კერძოდ: ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილი8ა 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 394 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ......., ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 5 413 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, შენობანაგებობებით, ს.კ. ......, ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 749 კვმ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ....., ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 5 005 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ......., ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (მ.კ–ძის წილია 1/6) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 1 180 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ......, ე.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრებაში (თანაბარწილად) - ლაგოდეხის სოფ. ..... მდებარე 8 485 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით: N1 განაშენიანების ფართით - 40.00 კვმ, N2 - განაშენიანების ფართით 281.20 კვმ, N3 (სასწორი) – 42.50 კვმ, N4 - განაშენიანების ფართით 528.00 კვმ, N5 - განაშენიანების ფართით 541.20 კვმ, N 6 - განაშენიანების ფართით 540.60 კვმ. ს.კ. .......
24. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე არის არაერთი უძრავი ქონების მესაკუთრე, სარგებლობს ყოველთვიურად სოციალური პაკეტით. ამასთან, როგორც კასატორიც ადასტურებს, ავადმყოფობის მიუხედავად, მონაწილეობს სასოფლო-სამეურნეო საქმეებში, ასევე იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობს ახლო ნათესავებთან. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობით სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს შეუძლია საკუთარი თავის რჩენა და გამორიცხავს მოსარჩელის მძიმე მდგომარეობაში ყოფნას.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული ქონებების არასაცხოვრებელი დანიშნულება, თავისთავად არ ნიშნავს მჩუქებლის ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენას, რის გამოც მას აღარ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მაშინ როცა მოწმეთა ჩვენებითაც დადასტურდა, რომ თვითონ მოსარჩელე არ არის იმგვარ მძიმე მდგომარეობაში, რომ არ შეეძლოს საკუთარი თავის რჩენა. ცხოვრობს დედასთან და ძმის ოჯახთან ერთად, მათთან ერთად ეწევა საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, მონაწილეობს მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში. ამასთან საქმის მასალებით არ დასტურდება მის კმაყოფაზე მყოფი პირების არსებობა.
26. სსკ-ის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 526-ე და 530-ე მუხლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე განმარტა: ,,მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას შეუძლია ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვოს სსკ-ის 530-ე და არა 526-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 526-ე მუხლი კი ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 530-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც“ (იხ. სუსგ №ას-257-247-2013, 10.07.2013წ.)
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით ვერ დაადასტურა მოპასუხეების მხრიდან დამსაჩუქრებლის მიმართ, მძიმე ფორმის უმადურობა და შეურაცხყოფა, ვერც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისი მდგომარეობის ისეთი დამძიმება, რაც შეიძლება გამხდარიყო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. ამასთან, თითოეული დასახელებული ნორმა მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველია, რომელიც კონკრეტული ფაქტობრივი წინაპირობების საფუძველზე უნდა შემოწმდეს, რაც სავსებით სწორად, მტკიცების ტვირთის მართებული განაწილებით გამოიკვლიეს, დაადგინეს და შეაფასეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, რასაც ეთანხმება საკასაციო სასამართლო.
29. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
30. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
ნ. ბაქაქური