Facebook Twitter

¹ბს-10-10(კ-07) 4 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ა-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 19 აპრილს ი. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ პენსიის დანიშვნისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა 1997 წლის 1 იანვრიდან. კანონის ამოქმედების დღიდან უნდა დაფინანსებულიყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პენსიონერთა პენსია. საქართველოს მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა 1997 წლის 5 მარტს ხელი მოაწერა ¹04-02-15/458 ,,მითითებას“, რომლითაც ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, პენსიების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, უშიშროების სამინისტროს დაევალა პენსიონერებისთვის გადაანგარიშებული პენსიების გაცემა იმავე წლის მარტიდან. იანვარ-თებერვლის პენსია მას საერთოდ არ მიუღია. პენსიაში გავიდა 1991 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის (მე-2 განყოფილება) განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდებით, პენსია დაენიშნა 731.17 მანეთის ოდენობით, შემდგომში პენსიას იღებდა რუბლებში, კუპონებსა და ლარებში. პენსიაში გასვლის წინ 1991 წელს მისი თანამდებობრივი განაკვეთი იყო 1000 მანეთი. მთლიანი ხელფასი შეადგენდა 1512 მანეთს. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 აგვისტოს ¹549 ბრძანებულებით კონტრდაზვერვის სამმართველოს ...... თანამდებობრივი განაკვეთი დამტკიცდა 95 ლარის ოდენობით. თანამდებობრივი განაკვეთის ოდენობა დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა ხელფასების ზრდასთან. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივლისის ¹280 ბრძანებულებით საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1996 წლის იანვარში კონტრდაზვერვის განყოფილება გადაიქცა სამმართველოდ, შემდეგში იგი იწოდებოდა დეპარტამენტად და ასევე მოიხსენიება იგი პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომლითაც დეპარტამენტის ..... თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი შეადგენდა 260 ლარს. მისთვის პენსია უნდა გადაენგარიშებინათ 1997 წლის დასაწყისში სამმართველოს ..... თანამდებობრივი განაკვეთიდან, რაც არ მომხდარა. 1997 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის სექტემბრამდე განიცადა მატერიალური ზიანი, კერძოდ: 1997 წლის განმავლობაში 656,12 ლარი; 1998 წლიდან 1999 წლის თებერვლის ჩათვლით 428,46 ლარი; 1999 წლის მარტიდან 2002 წლის ოქტომბრამდე 1385,46 ლარი; 2002 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის სექტემბრამდე 276 ლარი. პენსიების გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად. კანონის უხეში დარღვევით, მის პენსიას, ნაცვლად დეპარტამენტის .....თანამდებობრივი განაკვეთის 260 ლარისა, შეეფარდა სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს განყოფილების .... თანამდებობრივი განაკვეთი, 160 ლარი. თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად (უკანონოდ) იქნა ცნობილი ფინანასთა მინისტრის 1997 წლის 5 მარტის ¹04-02-15/458 ,,მითითება“, მისი მიღების მომენტიდან, რადგან იგი მიღებული იყო ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით. გადაანგარიშების მოთხოვნით ორჯერ უშედეგოდ მიმართა ფონდის სამხედრო პენსიონერთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.

მოსარჩელის მოსაზრებით, 2004 წლის 1 სექტემბრიდან პენსია უნდა გადაუნგარიშდეს კანონის მოთხოვნათა დაცვით, შემდეგნაირად: თანამდებობრივი განაკვეთი _ 260.00 ლარი; სამხედრო წოდების სარგო _ 8,65 ლარი, % დანამატი _ 94,15 ლარი, ულუფა _ 59 ლარი. სულ _ 42,80X0,85% = პენსია 358.43 ლარი. 2004 წლის 1 სექტემბრიდან მისი პენსია უნდა იყოს 358,43 ლარი და არა 243,61 ლარი. 2004 წლის 1 სექტემბრიდან 2005 წლის აპრილის ჩათვლით უნდა აუნაზღაურდეს პენსიებს შორის განსხვავება 114,75 ლარი, რაც 8 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 918 ლარს. სულ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა უნდა აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზიანი 3663,61 ლარის ოდენობით, როგორც პენსიის არასწორი გადაანგარიშების შედეგი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დავალებოდა 2004 წლის 1 სექტემბრიდან პენსიის გადაანგარიშება მისი ახალი ხელფასიდან 421.69 ლარიდან 358.43 ლარის ოდენობით, დანამატების გარეშე. ასევე უნდა ანაზღაურებოდა 1997 წლის 1 იანვრიდან დღემდე მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი საერთო თანხით 3663 ლარი და 61 თეთრი.

2005 წლის 28 ივნისის სხდომაზე მოსარჩელე ი. ხ-მა და მისმა წარმომადგენელმა ი. ც-ემ დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს პენსია გადაანგარიშებულიყო მისი ახალი ხელფასიდან 421,68 ლარიდან 358,43 ლარის ოდენობით, დანამატების გარეშე. ანაზღაურებოდა 1997 წლის 1 იანვრიდან დღემდე მიყენებული ზიანი საერთო თანხით 3663,61 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა: ი. ხ-ი სამხედრო სამსახურიდან პენსიაზე დათხოვნილ იქნა, როგორც ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მე-2 განყოფილების ....., ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით. პენსია დანიშნული ჰქონდა 1991 წლის 16 ოქტომბრიდან დადგენილი სარგოს მიხედვით. Aამ სარგოებიდან გადაუანგარიშდა პენსია 1992-1994 წლებში. 1997 წლის მარტიდან პენსია დაენიშნა ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 05 მარტის ¹04-02-15/458 მითითების მე-4 პუნქტით უშიშროების მინისტრის 1997 წლის 31 მარტის ¹1019 ბრძანების შესაბამისად. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პენსიის გადაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არსებული თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურების პროცენტული დანამატისა და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოების ინდექსაცია კანონის 45.,,ბ“ მუხლით, პენსიების გადასინჯვა ხორციელდება სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას-სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით. მითითებული ნორმა (45-ე მუხლი) არ ითვალისწინებს სტატუსის ცვლილებას და ყოფილი და დღეისათვის არსებული თანამდებობის გათანაბრებას, რაც მოპასუხის მოსაზრებით სარჩელს ხდიდა უსაფუძვლოს.

იმავე სასამართლოს 2005 წლის 08 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ა-მა მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ პენსიის დანიშვნისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა 1997 წლის 1 იანვრიდან. კანონის ამოქმედების დღიდან უნდა დაფინანსებულიყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს პენსიონერების პენსიები. საქართველოს მაშინდელი ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 5 მარტის ¹04-02-15/458 ,,მითითებით“, ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უშიშროების სამინისტროს დაევალა პენსიონერებისთვის გადაანგარიშებული პენსიების გაცემა იმავე წლის მარტიდან. მოსარჩელის მითითებით, 1997 წლის იანვარ-თებერვალში ფონდმა მას დააკლო 280,82 ლარი, რაც ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. პენსიაში გავიდა 1987 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მე-.... განყოფილების მე-..... ქვეგანყოფილების ..... თანამდებობიდან, პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდებით. პენსია დაენიშნა 250 მანეთის ოდენობით. მომდევნო წლებში პენსიას იღებდა გაზრდილი ოდენობით რუბლებში, შემდეგ კუპონებში და ბოლოს 6 ლარის ოდენობით. 1997 წლის კანონმა ვერ გადაწყვიტა ძველი პენსიონერებისათვის ახალი პენსიების დანიშვნის მექანიზმი. უშიშროების სამინისტრომ მას შეუფარდა მე-.... ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობრივი განაკვეთი 75 ლარი. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2004 წლის 1 სექტემბრიდან. სამხედრო პენსიების კანონის 45-ე მუხლით უნდა გადაანგარიშებულიყო სამხედრო პენსიონერთა პენსიები, მათ შორის მისი პენსიაც. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის I განყოფილებიდან 2004 წლის ნოემბერში აცნობეს, რომ ახალი გაანგარიშებით მისი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი იქნებოდა ქვეგანყოფილების ..... თანამდებობრივი სარგო 140 ლარი და არა სამინისტროს სამმართველოში შემავალი განყოფილების .... თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი 190 ლარი, რაც იმით ახსნეს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად (უკანონოდ) იქნა ცნობილი ფინანასთა მინისტრის 1997 წლის 5 მარტის ¹04-02-15/458 მითითება სამხედრო პენსიებთან დაკავშირებით. სამხედრო პენსიების კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონის პირველ ,,ა“ პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეთა პენსიები გადაისინჯება შემდეგ შემთხვევაში: სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის მომატებისას სამხედრო სამსახურში ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატების გათვალისწინებით. შესაბამისად, მისი პენსია, როგორც ყოფილი მე-.... განყოფილების მე-..... ქვეგანყოფილების უფროსის უნდა იზრდებოდეს მემკვიდრის, მე-.... სამმართველოს მე-..... განყოფილების დღევანდელი უფროსის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის გაზრდის პირდაპირპროპორციულად, რის გამოც 1997 წლის იანვრიდან 2004 წლის სექტემბრამდე მასზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1997 წელს _ 397,71 ლარი, 1998 წელს _ 164,32 ლარი, 1999 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 სექტემბრამდე 815, 04 ლარი, სულ 1377,07 ლარი. 2005 წლის 10 იანვარს მან განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივლისის ¹280 ბრძანებულების შესაბამისად ახალი თანამდებობრივი განაკვეთით პენსიის გადაანგარიშების თაობაზე, რაზედაც პასუხად მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ პენსია გადაუანგარიშეს სამხედრო პენსიების კანონის 45-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივლისის ¹280 ბრძანებულების დანართის მე-10 პუნქტის, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდის 2004 წლის 13 ოქტომბრის ¹01/134-0 ბრძანების საფუძველზე.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ივლისის ¹280 ბრძანებულების შესაბამისად, იმავე წლის 01 სექტემბრიდან უნდა შეეფარდოს სახელმწიფო უშიშროების მაშინდელი სამინისტროს მე-.... სამმართველოს მე-..... განყოფილების ..... თანამდებობრივი განაკვეთი სამხედრო პენსიების კანონის 45-ე მუხლის სრული შესაბამისობით, რაც სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹960 ბრძანების დანართის მე-5 პუნქტით შეადგენს 190 ლარს. მისი პენსია უნდა გადაანგარიშდეს შემდეგნაირად: თანამდებობრივი განაკვეთი _ 190 ლარი, წოდების სარგო _ 8,65 ლარი, % დანამატი _ 89,39 ლარი, ულუფა _ 59,00 ლარი. სულ 294,98 ლარი. მისი პენსია 2004 წლის 1 სექტემბრიდან უნდა იყოს 294,98 ლარი. სულ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდმა უნდა აუნაზღაუროს მისი პენსიის არასწორად გადაანგარიშებისა და არასწორი გადაანგარიშების გამო მისთვის 1997 წლის იანვრიდან მიყენებული მატერიალური ზიანი 1808, 41 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაკისრებოდა 2004 წლის 1 სექტემბრიდან მისი პენსიის გადაანგარიშება 347.04 ლარიდან 294.98 ლარის ოდენობით, დანამატების გარეშე. ასევე უნდა ანაზღაურებოდა 1997 წლის 1 იანვრიდან დღემდე მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი საერთო თანხით 1808 ლარი და 41 თეთრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სარჩელი არ ცნო იმავე საფუძველებზე მითითებით, რაზეც უთითებდა ი. ხ-ან მიმართებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ. მოსარჩელე ი. ხ-ისა და მოსარჩელე ნ. ა-ის ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

მესამე პირმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებეზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ისა და ი. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი. ხ-მა და ნ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ი. ხ-ისა და ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეები წარმოადგენენ ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით (2006 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით ,,საპენსიო უზრუნველყოფის მქონე“) უზრუნველყოფას დაქვემდებარებულ პირებს.

,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის (2006 წლის 01 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით, პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არსებული თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების წელთა ნამსახურობის, პროცენტული დანამატისა და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგოების ინდექსაცია პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება დანამატი ფულად სარგოებზე, რომელიც გათვალისწინებულია მაღალმთიან და სხვა განსაკუთრებულ პირობებში სამხედრო სამსახურის გავლისას. ამ კანონის 45-ე მუხლის ( 2005 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქციით) თანახმად, ამ კანონის 1.,,ა-ზ“ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს პენსიები გადაესინჯებათ შემდეგ შემთხვევებში ა) ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოსახლეობის დანაზოგისა და ფულადი შემოსავლების ინდექსაციის გათვალისწინებით; ბ)სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას _ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიშობა პენსიების გადასინჯვის ორივე საფუძველი, პენსიათა გადასინჯვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლის გათვალისწინებით. აღნიშნული საფუძვლით პენსიების გადასინჯვა ხდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები პენსიების გადაანგარიშებას (გადსინჯვას) ითხოვენ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 45 ,,ბ“ მუხლის საფუძვლით, ხოლო მითითებული ნორმის (45.,,ბ“ მუხლი) საფუძვლით პენსიების გადასინჯვა უნდა მოხდეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სხვა ნორმატიული აქტი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას _ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით სამხედრო მოსამსახურეებს პენსიები გადასინჯვის წესი (45.,,ბ“ მუხლი), სარჩელის, აგრეთვე სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენისა და დავის სასამართლო წესით განხილვის მომენტისათვის არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2005 წლის 17 ივნისს შეტანილი ცვლილების თანახმად, ამ კანონის 45-ე მუხლი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრს, ხოლო 2005 წლის 23 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 01 იანვრიდან ამოღებულ იქნა ამ კანონის მე-10 და 45-ე მუხლები. მითითებული ნორმა (45-ე მუხლი) არ ითვალისწინებს პენსიაზე გასვლის მომენტისათვის არსებული (ყოფილი) და მოქმედი თანამდებობების და თანამდებობრივი სარგოების გათანაბრებასა და ამ საფუძვლით პენსიების გადასინჯვის ვალდებულებას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 1987 და 1991 წლებში მოქმედი ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამართლმემკვიდრეს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო), შესაბამისად 1987 და 1991 წლებში მოქმედი ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მე-.... განყოფილების, აგრეთვე მისი მე-.... განყოფილების მე-.... ქვეგანყოფილების უფლებამონაცვლე არ შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რაც სასამართლოს მითითებით, წარმოადგენს სარჩელზე უარის Yთქმის საფუძველს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ხ-მა და ნ. ა-მა.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

კასატორები საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდნენ იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სასარჩელო განცხადებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ა-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 18 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 30 იანვარს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა ნ. ა-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

2007 წლის 1 თებერვალს ნ. ა-მა და ი. ხ-მა მოსაზრებით მიმართეს საქართველოს უზენეს სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე მითითებით მოითხოვეს მათი საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ნ. ა-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. ა-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნ. ა-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ნ. ა-სა და ი. ხ-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.