12 ივლისი, 2024 წელი
№ას-1441-2023 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ა.კ." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.გ–ი(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების დადებულად აღიარება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ბ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან პირველი აპელანტი) სარჩელი შპს „ა.კ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, მეორე აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, შრომითი ხელშეკრულების დადებულად აღიარების, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის გადაწყვეტილება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით (2020 წლის 5 დეკემბრიდან 2021 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდისთვის) დაეკისრა 24 832,4 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) გადახდა; დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნები, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარებისა და პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2020 წლის 1 აპრილს, შრომითი ხელშეკრულება, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, გაფორმდა. მოსარჩელე სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე დაინიშნა და მისი შრომის ანაზღაურება თვეში 2 000 ლარს შეადგენდა, ხელფასის გადახდა, თვეში ერთხელ, ყოველი თვის 5 რიცხვში, წარმოებდა (ს/ფ 24-33);
3.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2020 წლის 1 აგვისტოს, გაფორმდა შეთანხმება 2020 წლის 1 აპრილს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელე გადაყვანილი იქნა ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი 2 500 ლარით განისაზღვრა. 2020 წლის 1 აპრილის შრომითი ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი (ს/ფ 34-35);
3.3. მოსარჩელეს (დასაქმებულს) 2020 წლის 30 დეკემბრის ელექტრონული წერილით ეცნობა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ, 2020 წლის 2 ოქტომბრიდან მასთან აღარ გაგრძელებულა შრომითი ხელშეკრულება. დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ, გათავისუფლების ბრძანების დროს მოქმედი ორგანული კანონის რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ს/ფ 36).
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობა არის, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, იგი მოცემულია სშკ-ის 37-ე მუხლში (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლაა.
5. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავოა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა - დამსაქმებელს მიაჩნია, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო 2020 წლის 1 ოქტომბერს შეწყდა, ხოლო დასაქმებულს მიაჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ, რასაც უკავშირებს ორ გარემოებას: 1. 2020 წლის 1 აგვისტოს გაფორმებულ შეთანხმებას ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე გადასვლის შესახებ და 2. გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდგომ შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივ გაგრძელებას.
6. სშკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 6 თვისა, დაიდოს. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით მხოლოდ წერილობითი ფორმით იდება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანია ხელშეკრულების მხარეებისათვის დროის მიცემა, რათა მათ ერთმანეთის შესახებ წარმოდგენები შეექმნათ. კანონმდებელი უშვებს გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების გაფორმებას ვადიანი ხელშეკრულების სახით. აღნიშნული ვადის განმავლობაში დამსაქმებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მას არ ევალება გარკვეული წინაპირობების დაცვის ვალდებულება. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დასაქმებულთან დადოს შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება სშკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ 2020 წლის აგვისტოს ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე დანიშვნით დამსაქმებელმა გამოხატა მოსარჩელესთან უვადო ხელშეკრულების გაფორმების ნება. 1 აგვისტოს შეთანხმებაში მითითებულია, რომ ცვლილება შევიდა მოსარჩელესთან 2020 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების იმ ნაწილში, რომლითაც დასაქმებული გადაინიშნა სხვა პოზიციაზე და განესაზღვრა ხელფასი, სხვა დანარჩენ ნაწილში ხელშეკრულების პირობები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად 2020 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელის სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და ხელფასის მატებისა, მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის პირობა ისევ ძალაში დარჩა. შესაბამისად, ხელშეკრულება მოქმედებდა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე.
8. სააპელაციო სასამართლომ არც მოპასუხის მტკიცება გაიზიარა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ხელფასს 2020 წლის 10 დეკემბრამდე ურიცხავდა. მოპასუხის განმარტება, რომ ოქტომბრის თვის შემდგომ იგი მოსარჩელეს უხდიდა არა ხელფასს, არამედ წახალისების მიზნით ურიცხავდა თანხას, რათა დასაქმებულს სწრაფად და ხარისხიანად განეხორციელებინა ქონების გადაბარების პროცესი, დაუსაბუთებელია და არც საქმის მასალებით დასტურდება. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, არალოგიკურად მიიჩნია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისათვის თანხის გადახდა ჩაბარებული ქონების დასაბრუნებლად და გადაბარების პროცესის წარმატებით დასასრულებლად. ამასთან, ამონაწერში მოპასუხის მიერ ჩარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებულია ხელფასი (ს/ფ 22), რაც კიდევ უფრო არადამაჯერებელს ხდის მოპასუხის პოზიციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების დასრულების შემდგომ, დამსაქმებლისათვის გადაცემული ქონების დაბრუნება ისედაც შედიოდა დასაქმებულის ვალდებულებაში (ხელშეკრულების 12.4 პუნქტი).
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულება არ გაგრძელებულა და შეწყდა ვადის გასვლით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ასეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება ვერ მოახერხა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ (01.10.2020წ.), მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად გაგრძელდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ საავადმყოფო ფურცელზე (ს/ფ 131), რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2020 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში, მოსარჩელე საავადმყოფო ფურცელზე გადავიდა. აღნიშნულ დოკუმენტში მოსარჩელეს სამუშაო ადგილად მითითებული აქვს მოპასუხე კომპანია. დაუსაბუთებელია, რაში სჭირდებოდა მოსარჩელეს საავადმყოფო ფურცლის გახსნა ნოემბრის თვეში, თუ 2020 წლის ოქტომბრიდან ისედაც შეწყვეტილი ჰქონდა შრომითი ურთიერთობა და აღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ (01.10.2020 წ.), მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად გაგრძელდა.
11. სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახამდ, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება წერილობითი ხელშეკრულება შრომითი ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობს შეთანხმება ხელშეკრულების ვადაზე. სადავოობისას, სასამართლო ვალდებულია დაადგინოს ზეპირი ხელშეკრულების მოქმედების ვადა მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების გზით და კანონის შესაბამისად.
12. სშკ-ის მე-6 მუხლის 12 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; დ1) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას (ამოქმედდა 2021 წლის 1 სექტემბრიდან); ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.
13. ვინაიდან არ არსებობდა კანონით განსაზღვრული პირობები 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისათვის, ასევე უვადო ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობისა და მხარეთა შორის ინტერესების დაბალანსების კუთხით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ხელშეკრულება 1 წლის ვადით დადებულად. აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეს დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ აქვს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
14. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა სასამართლომ გაგრძელებულად მიიჩნია 2021 წლის 2 ოქტომბრამდე, შესაბამისად, მითითებულ პერიოდამდე მოპასუხის მიერ მოსარჩელის გათავისუფლება უკანონოა და არამართლზომიერი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააბათილა დამსაქმებლის გადაწყვეტლება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
15. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენასთან დაკავშირებით, კერძოდ, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვალა 1 წლით, 2021 წლის ოქტომბრამდე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროს ეს ვადა ამოწურული იყო, აღარ არსებობდა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
16. შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტით მოპასუხემ მოსარჩელეს წაართვა შესაძლებლობა განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო შესაბამისი შრომითი ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება მისი მიუღებელი ხელფასით სამსახურში აღდგენამდე. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს იძულებითი განაცდურის სახით მართებულად დაეკისრა მიუღებელი ხელფასის 24 832, 4 ლარის ანაზღაურება.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე დამსაქმებელმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
17.2. კასატორის განმარტებით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გამოსაცდელი ვადის ამოწურვა გახდა და არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის გამოსაცდელი ვადის წარმატებით გადალახვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
17.3. კასატორის განმარტებით, დასაქმებულის სარჩელი ხანდაზმულია, სააპელაციო სასამართლომ კი ხანდაზმულობის ვადა არასწორად გამოთვალა.
17.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
22. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
23. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა შრომითსამართლებრივია და, სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი პრინციპისაგან განსხვავებით, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას. შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ-ები: N ას-98-94-2016, 26.07.2016წ; N ას-368-2019, 31.07.2019წ; N ას-1350-2019, 27.11.2019 წ; N ას-1061-2021, 18.02.2022 წ.). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
24. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
25. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).
26. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.).
27. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოიყენება ორგანული კანონის 29.09.2020წ. რედაქცია (ამოქმედდა 5.10.2020წ.-დან), მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი შედეგის მიღწევა ეფუძნება სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილს (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 58-ე მუხლს (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394-ე მუხლის პირველ ნაწილს (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408-ე მუხლის პირველ ნაწილს (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე მუხლს (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება).
28. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, შესაბამისად სადავოა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ კვალიფიკაციას შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან და დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 11-16 პუნქტები).
29. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხე დამსაქმებელთან 1-წლიან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა და ის უკანონოდ გათავისუფლდა, შესაბამისად დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არამართლზომიერად არის მიჩნეული.
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ გაგრძელებულად მიჩნევის თაობაზე. დასაქმებულის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ხელფასს 2020 წლის 10 დეკემბრამდე ურიცხავდა. მოპასუხის განმარტება, რომ ოქტომბრის შემდეგ იგი მოსარჩელეს უხდიდა არა ხელფასს, არამედ წახალისების მიზნით ურიცხავდა თანხას, რათა დასაქმებულს სწრაფად და ხარისხიანად განეხორციელებინა ქონების გადაბარების პროცესი, მართებულად არ იქნა გაზიარებული ქვემდგომი სასამართლოს მიერ. ამონაწერში მოპასუხის მიერ ჩარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებულია ხელფასი (ს/ფ 22), ამასთან,ხელშეკრულების დასრულების შემდეგ დამსაქმებლისათვის გადაცემული ქონების დაბრუნება ისედაც შედიოდა დასაქმებულის ვალდებულებაში (12.4 პუნქტი).
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება შრომითი ხელშეკრულების 1-წლიან ხელშეკრულებად მიჩნევის თაობაზე, რადგან არც 1 წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების დადება დასტურდება (რაც დამსაქმებელს უნდა დაემტკიცებინა) და არც - უვადო ხელშეკრულების (რაც დასაქმებულს უნდა დაემტკიცებინა) არსებობა. კასატორი ამ მიმართებულით საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულ შედავებას ვერ სთავაზობს.
32. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. შესაბამისად, დამსაქმებლისთვის კომპენსაციის დაკისრების საფუძვლის შეფასებას სასამართლო იწყებს იმ შემთხვევაში, თუკი საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდება, რომ დასაქმებულის პირვანდელ, ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია.
33. დადგენილია, რომ დასაქმებულის გათავისუფლება არამართლზომიერად იქნა მიჩნეული, დამსაქმებელს მართებულად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც მოიცავს იმ ოდენობის ხელფასს, რასაც დასაქმებული მიიღებდა შრომითი ურთიერთობა უკანონოდ რომ არ შეწყვეტილიყო.
34. სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მოპასუხეს შედავება წერილობით წარდგენილი შესაგებლით არ განუხორციელებია (იხ. ს.ფ 68-81). საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 27 მაისის სხდომაზე მოისმინა მხარეთა პოზიციები სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. 2022 წლის 27 მაისს მთავარი სხდომა გაიმართა (იხ. ს.ფ 133-145) (სსსკ-ის 215-ე მუხლი).
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არც სააპელაციო საჩივარში მიუთითებია. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის სასამართლოს სხდომას, მოპასუხემ განმარტა, მოცემულ დავაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2020 წლის 30 დეკემბრიდან, როდესაც ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოსარჩელეს გაეგზავნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება, ასევე - მოთხოვნილი დოკუმენტები. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ თავდაპირველად სარჩელი წარდგენილი იქნა 2021 წლის 21 იანვარს, რომლის განსახილველად მიღებაზეც ეთქვა უარი. მოსარჩელის წარმომადგენელმა ითხოვა ვადა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების წარმოსადგენად. სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ მის წარმოებაში იყო მოსარჩელის მიერ დასახელებული სარჩელიც, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად არ მიიჩნია დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა და საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემაზე მითითებით, დაადასტურა მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ პირველად სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2021 წლის 21 იანვარს. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა მოსარჩელის მიერ 2021 წლის 21 იანვარს წარმოდგენილი სარჩელის ასლსაც. ამის შემდეგ, საქმის ზეპირი მოსმენისას, მოპასუხე მხარეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია (იხ. 2022 წლის 27 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი).
36. ზემოთ მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად მიიჩნევს და მასზე დამატებით აღარ იმსჯელებს.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში) კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ა.კ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ა.კ–ს" (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2024 წლის 1 თებერვლის (წარდგენის თარიღი:31.01.2024) #1706714789 საგადახდო დავალებით გადახდილი 1241.6 ლარის 70% - 869.12 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური