Facebook Twitter

საქმე №ას-1441-2023 18 ივლისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ა.კ." (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების დადებულად აღიარება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ბ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი აპელანტი ან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „ა.კ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია ან მეორე აპელანტი) წინააღმდეგ, შრომითი ხელშეკრულების დადებულად აღიარების, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის გადაწყვეტილება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით (2020 წლის 5 დეკემბრიდან 2021 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდისთვის) დაეკისრა 24 832,4 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) გადახდა; დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნები, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარებისა და პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2020 წლის 1 აპრილს, შრომითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით გაფორმდა. მოსარჩელე სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე დაინიშნა და მისი შრომის ანაზღაურება თვეში 2 000 ლარს შეადგენდა, ხელფასის გადახდა თვეში ერთხელ, ყოველი თვის 5 რიცხვში წარმოებდა (ს/ფ 24-33);

3.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2020 წლის 1 აგვისტოს, გაფორმდა შეთანხმება 2020 წლის 1 აპრილს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელე გადაყვანილი იქნა ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი 2 500 ლარით განისაზღვრა. 2020 წლის 1 აპრილის შრომითი ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი (ს/ფ 34-35);

3.3. მოსარჩელეს (დასაქმებულს) 2020 წლის 30 დეკემბრის ელექტრონული წერილით ეცნობა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ, 2020 წლის 2 ოქტომბრიდან მასთან აღარ გაგრძელებულა შრომითი ხელშეკრულება. დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ, გათავისუფლების ბრძანების დროს მოქმედი ორგანული კანონის რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ს/ფ 36).

4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობა არის, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, იგი მოცემულია სშკ-ის 37-ე მუხლში (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლაა.

5. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავოა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა - დამსაქმებელს მიაჩნია, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო 2020 წლის 1 ოქტომბერს შეწყდა, ხოლო დასაქმებულს მიაჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ, რასაც უკავშირებს ორ გარემოებას: 1. 2020 წლის 1 აგვისტოს გაფორმებულ შეთანხმებას ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე გადასვლის შესახებ და 2. გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდგომ შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივ გაგრძელებას.

6. სშკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 6 თვისა, დაიდოს. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით მხოლოდ წერილობითი ფორმით იდება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანია ხელშეკრულების მხარეებისათვის დროის მიცემა, რათა მათ ერთმანეთის შესახებ წარმოდგენები შეექმნათ. კანონმდებელი უშვებს გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების გაფორმებას ვადიანი ხელშეკრულების სახით. აღნიშნული ვადის განმავლობაში დამსაქმებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მას არ ევალება გარკვეული წინაპირობების დაცვის ვალდებულება. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება სშკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ 2020 წლის აგვისტოს ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე დანიშვნით დამსაქმებელმა გამოხატა მოსარჩელესთან უვადო ხელშეკრულების გაფორმების ნება. 1 აგვისტოს შეთანხმებაში მითითებულია, რომ ცვლილება შევიდა მოსარჩელესთან 2020 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების იმ ნაწილში, რომლითაც დასაქმებული გადაინიშნა სხვა პოზიციაზე და განესაზღვრა ხელფასი, სხვა დანარჩენ ნაწილში ხელშეკრულების პირობები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად 2020 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელის სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და ხელფასის მატებისა, მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის პირობა ისევ ძალაში დარჩა. შესაბამისად, ხელშეკრულება მოქმედებდა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე.

8. სააპელაციო სასამართლომ არც მოპასუხის (დამსაქმებლის) მტკიცება გაიზიარა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ხელფასს 2020 წლის 10 დეკემბრამდე ურიცხავდა. მოპასუხის განმარტება, რომ ოქტომბრის თვის შემდგომ იგი მოსარჩელეს უხდიდა არა ხელფასს, არამედ წახალისების მიზნით ურიცხავდა თანხას, რათა დასაქმებულს სწრაფად და ხარისხიანად განეხორციელებინა ქონების გადაბარების პროცესი, დაუსაბუთებელია და არც საქმის მასალებით დასტურდება. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არალოგიკურად მიიჩნია ხელშეკრულების შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისათვის თანხის გადახდა ჩაბარებული ქონების დასაბრუნებლად და გადაბარების პროცესის წარმატებით დასასრულებლად. ამასთან, ამონაწერში მოპასუხის მიერ ჩარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებულია ხელფასი (ს/ფ 22), რაც კიდევ უფრო არადამაჯერებელს ხდის მოპასუხის პოზიციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების დასრულების შემდგომ, დამსაქმებლისათვის გადაცემული ქონების დაბრუნება ისედაც შედიოდა დასაქმებულის ვალდებულებაში (ხელშეკრულების 12.4 პუნქტი).

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულება არ გაგრძელებულა და შეწყდა ვადის გასვლით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ასეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება ვერ მოახერხა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ (01.10.2020წ.), მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად გაგრძელდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ საავადმყოფო ფურცელზე (ს/ფ 131), რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2020 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში, მოსარჩელე საავადმყოფო ფურცელზე გადავიდა. აღნიშნულ დოკუმენტში მოსარჩელეს სამუშაო ადგილად მითითებული აქვს მოპასუხე კომპანია. დაუსაბუთებელია, რაში სჭირდებოდა მოსარჩელეს საავადმყოფო ფურცლის გახსნა ნოემბრის თვეში, თუ 2020 წლის ოქტომბრიდან ისედაც შეწყვეტილი ჰქონდა შრომითი ურთიერთობა და აღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ (01.10.2020 წ.), მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ფაქტობრივად გაგრძელდა.

11. სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახამდ, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება წერილობითი ხელშეკრულება შრომითი ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობს შეთანხმება ხელშეკრულების ვადაზე. სადავოობისას, სასამართლო ვალდებულია დაადგინოს ზეპირი ხელშეკრულების მოქმედების ვადა მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების გზით და კანონის შესაბამისად.

12. სშკ-ის მე-6 მუხლის 12 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; დ1) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას; (ამოქმედდა 2021 წლის 1 სექტემბრიდან); ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

13. ვინაიდან არ არსებობდა კანონით განსაზღვრული პირობები 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისათვის, ასევე უვადო ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობისა და მხარეთა შორის ინტერესების დაბალანსების კუთხით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ხელშეკრულება 1 წლის ვადით დადებულად. აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეს დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ აქვს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

14. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა სასამართლომ გაგრძელებულად მიიჩნია 2021 წლის 2 ოქტომბრამდე, შესაბამისად, მითითებულ პერიოდამდე მოპასუხის მიერ მოსარჩელის გათავისუფლება უკანონოა და არამართლზომიერი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააბათილა დამსაქმებლის გადაწყვეტლება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

15. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენასთან დაკავშირებით, კერძოდ, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვალა 1 წლით, 2021 წლის ოქტომბრამდე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროს ეს ვადა ამოწურული იყო, აღარ არსებობდა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

16. შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტით მოპასუხემ მოსარჩელეს წაართვა შესაძლებლობა, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო შესაბამისი შრომითი ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება მისი მიუღებელი ხელფასით სამსახურში აღდგენამდე. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს იძულებითი განაცდურის სახით მართებულად დაეკისრა მიუღებელი ხელფასის 24 832, 4 ლარის ანაზღაურება.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე დამსაქმებელმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

17.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

17.3. მოსარჩელე დასაქმებულმა შეგებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

17.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

17.5. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა უვადო იყო, რაც დასაქმებულისათვის ზეპირსიტყვიერად იყო ცნობილი. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვადიანი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

17.6. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს დასაქმებულის სამსახურში აღუდგენლობის გამო მისთვის კომპენსაციის (1 წლის ხელფასი - 30 000 ლარი) მინიჭების საკითხზე უნდა ემსჯელა სშკ-ის 48.9-ე მუხლზე დაყრდნობით.

17.7. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი, ასევე, სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დასაქმებულის შეგებებული საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და, შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო, მოსარჩელეს კომპენსაცია უნდა მიეკუთვნოს.

18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის, რაც არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.

19. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს.

20. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

21. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; N ას-1677-2018, 5.07.2022წ; N ას-309-2022. 7.07.2022წ; N ას-471-2022, 8.07.2022წ; N ას-582-2022, 16.09.2022წ; N ას-808-2021, 10.06.2022წ; N ას-34-2022, 21.06.2022წ; N ას-1114-2022, 23.12.2022წ: N ას-1573-2022, 17.03.2023წ.).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება,“ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

23. მოცემულ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი (გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქცია), რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, ამავე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამდენად, დასახელებული ნორმებით, კანონმდებელი დასაქმებული პირის უფლებრივი რესტიტუციის საკითხს (პირვანდელ სამუშაოზე აღდგენას, ან მომდევნო ალტერნატიული რიგითობით ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფას, ან კომპენსაციას), უკავშირებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას, ამასთან, სშკ-ის 58-ე მუხლით დადგენილია, რომ ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმების გამოყენება იმით არის განპირობებული, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, მხარეთა შორის გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების შემდეგ სულ მცირე 1 წლით გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის დროს გამოიყენება ორგანული კანონის 29.09.2020წ. N 7177 რედაქცია, რომელიც 5.10.2020წ.-დან ამოქმედდა.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (იხ. სუსგ-ები №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.; №ას-252-2023, 8.06.2018წ.; Nას-523-2023, 6.07.2023წ.; Nას-146-2023, 11/04/2023წ.; Nას-1284-2023, 26.12.2023წ.; Nას-1392-2023, 25.01.2024წ.). ამასთან, უნდა შეფასდეს არა ბრძანების მიღების შემდეგ, თუნდაც სამართალწარმოების პროცესში, მოგვიანებით გამოვლენილი თუ წარმოდგენილ მტკიცებულება, არამედ მხოლოდ ის, რაც ცნობილი იყო დამსაქმებლისათვის გადაწყვეტილების მიღებისას და რასაც იგი დაეყრდნო ამგვარი ნების გამოვლენის დროს. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, ასევე, სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არ ყოფილა ცნობილი და რომელსაც არ დაყრდნობია დამსაქმებელი სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი. საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა შექმნის დამსაქმებლის მხრიდან, უფლების ბოროტად გამოყენების მუდმივ საფრთხესა და სამომავლო რისკებს, შემდგომ მტკიცებულებათა მოპოვებით გაამყაროს მიღებული გადაწყვეტილება. დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაში იყო როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე სსკ-ის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

25. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, შესაბამისად სადავოა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან და დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ნაწილში უარყოფს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს (იხ. ამ გადაწყვეტილების 11-16 პუნქტები) და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში ცვლის.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259).

27. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმებული მოპასუხე დამსაქმებელთან 1-წლიან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა და ის უკანონოდ გათავისუფლდა, შესაბამისად დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არამართლზომიერად არის მიჩნეული. სშკ-ის 48-ე მუხლი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესს, ხოლო ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით „სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“, მე-9 ნაწილის თანახმად კი „დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ-ები Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; Nას-931-881-2015., 29.01.2015წ. Nას-1083-1020-2015, 15.04.2016წ.; Nას-703-2023, 20.10.2023წ.; Nას-1521-2023, 31.02.2024წ.).

29. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე კომპანიაში დაკავებულ პოზიციაზე აღდგენას, რაც შეუძლებელია ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელის სამუშაო ადგილზე აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობს. მოსარჩელე ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებთან ერთად ითხოვს კომპენსაციის - 30 000 ლარის დაკისრებას (სამუშაოზე აღდგენის სანაცვლოდ). შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს წარმოდგენილი მოთხოვნის ფარგლებში მოსარჩელის უფლებრივ რესტიტუციაზე, რაც სშკ-ის 48.9-ე მუხლითაა მოწესრიგებული.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით იძულებითი განაცდური განიმარტება იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რასაც დასაქმებული მიიღებდა იმ შემთხვევაში, დამსაქმებელს არამართლზომიერად რომ არ დაერღვია მისი უფლებები. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების საფუძვლის ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლით კი თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

31. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად, კომპენსაციის დაკისრებას ითხოვს. იძულებითი განაცდურის განსაზღვრისთვის კი არსებითი მნიშვნელობის მქონეა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის - შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობისა და შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენა. მხარეთა შორის არსებული გარიგების ამ ორ პირობათაგან, უდავოა, რომ დასაქმებული კომპანიაში დასაქმებული იყო 1 წლის ვადით, მისი შრომის ფიქსირებული ანაზღაურება ყოველთვიურად 2 500 ლარს შეადგენდა.

32. იმის გათვალისწინებით, რომ სრული უფლებრივი რესტიტუცია - პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა შეუძლებელია, გამოვლენილია დასაქმებულის არამართლზომიერი გათავისუფლების გამო, მის სასარგებლოდ, დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების წინაპირობაც. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებს ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგს (სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი) იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება, მისი დასაქმების პერსპექტივა და სხვა.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ საქმეში განმარტავს, რომ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (იხ. სუსგ-ები Nას-727-680-2017, 15.09.2017წ.; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ.). ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ზოგადი მიზანი და ორიენტირი არის ის რომ მან დაფაროს დროის ის მონაკვეთი (მინიმალურად), რაც საჭირო იქნებოდა ახალი სამსახურის მოსაძებნად. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 48.8-ე მუხლი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ. სუსგ-ები №ას-1623-2018, 29.01.2019 წ.; Nას-1203-2022, 23.12.2023წ.; Nას-552-2023, 20.06.2023წ.) .

34. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (იხ.სუსგ-ები №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.; Nას-1421-2020, 5.03.2021წ.; ას-361-2022, 10.06.2022წ; ას-1163-2022, 15.02.2023წ.; ას-523-2023, 6.07.2023წ.). მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის დარღვეული უფლებების აღდგენის, მისი უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილების შემდგომ (ძალაშია 2020 წლის 5 ოქტომბრიდან) ამოქმედებული 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, რომელიც განსხვავებით მანამდე მოქმედი რედაქციისგან კომპენსაციის დაკისრებასთან, როგორც პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურების სახესთან, ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრებასაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამდენად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, რა თქმა უნდა, უპირველესია დასაქმებულის უფლების დაცვა, რათა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამართლიანი ბალანსის აღდგენა მოხდეს. ამასთან, იძულებითი განაცდურის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თანადროულად, კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს გონივრული, არ ქმნიდეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო 1 წლით, რომელიც უკანონოდ, ვადამდე შეწყდა. მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით) მიეკუთვნა იძულებითი განაცდურის სახით (2020 წლის 5 დეკემბრიდან 2021 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 24 832,4 ლარი (ხელზე ასაღები თანხა), რომლის გადახდა დამსაქმებელს (მოპასუხეს) დაეკისრა. შესაბამისად, დასაქმებულს მისი მოთხოვნის ფარგლებში, უნდა აუნაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტისათვის სშკ-ის 48.8-ე და 48.9-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომლის გონივრულ და სამართლიან ოდენობად სასამართლო, კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში - დასაქმებულის ასაკის, კვალიფიკაციის, ხელფასის ოდენობის, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის, სხვაგან დაუსაქმებლობის, დაკისრებული იძულებითი განაცდურის, ასევე, სამოქალაქო ბრუნვაში სამართლიანობის, წონასწორობის, უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპების გათვალისწინებით - მიიჩნევს 1 000 (ათასი) ლარს.

35. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციის საფუძველზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დასაბუთებულად მიიჩნია დასაქმებულის შეგებებული საკასაციო საჩივარი და მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააუქმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი მართლმსაჯულების აქტი.

36. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 411-ე, 257.1, 264.3-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ბ.გ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინების ნაწილობრივ შეცვლით (კომპენსაციის დაუკისრებლობის ნაწილში) მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ბ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მის სასარგებლოდ, შპს „ა.კ–ს“ დაეკისროს შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის გამო კომპენსაცია - 1000 (ათასი) ლარი;

4. დანარჩენ ნაწილში ბ.გ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი (შესაბამისად სარჩელი) არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება;

5. შპს „ა.კ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციაში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური